Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   400 წლის მერეც, ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ

400 წლის წინ ირანის შაჰმა აბას I-მა ქართველები  (ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად, 130 ათასი სული) მშობლიური მიწიდან აყარა და ირანის გზას გაუყენა. ქართველთა ნაწილი გზაში დაიღუპა, გადარჩენილები კი სხვადასხვა პროვინციაში დაასახლეს. გადასახლებულთაგან ზოგი ირანელ მოსახლეობას შეერია, ფერეიდანში ჩასახლებულმა ქართველებმა კი ენაც შეინარჩუნეს და მშობლიური ადათ-წესებიც. რაოდენ დიდია მათში მშობლიური ენის სიყვარული და ქართველობის განცდა, ფერეიდნელი ქართველის, ფერეიდუნ-შაჰრის უნივერსიტეტის პროფესორ საიდ (გიორგი) მულიანის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი.

წინაპრებზე რა იცით-მეთქი, ვკითხე და საიდმა ასეთი რამ მიამბო: "ჩემი წინაპრები ვგონებ, მოლაშვილები ყოფილან. არ ვიცი, საიდან ვარ წარმოშობით, მაგრამ ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ირანში ძირითადად კახეთიდან, კერძოდ, სიღნაღიდან წაიყვანეს ქართველები. გადაუსახლებიათ მარტყოფიდანაც. ამიტომაც არის ირანში ქალაქი, რომელსაც ქართულად მარტყოფი ჰქვია, ირანულად კი -  ფერეიდუნ-შაჰრი. იქაურ უნივერსიტეტში ისტორიას ვასწავლი. ირანში 2 ქალაქი (თორელი და ფერეიდუნ-შაჰრი) და 7 სოფელია ქართველებით დასახლებული. დედაც ქართველი მყავს და მეუღლეც. ჩვენს ოჯახშიც სასაუბრო ენა ქართულია. ჩემი 8 წლის შვილი ტარიელი კარგად ლაპარაკობს ქართულად. შარშან კალიგრაფიის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი ჩაატარა და ჩემმა შვილმა გაიმარჯვა - თავის ტოლებში პირველი ადგილი დაიკავა. ჩემი მეუღლე ირინე იოსელიანია. 

- იოსელიანი? 

- დიახ. იოსელიანები ბევრნი არიან ირანში. იქ ქართულ გვარებს დაბოლოებები შეეცვალა (მაგალითად, მიქელაძეები მიქელანები გახდნენ), ერთადერთი გვარი, რომელიც არ შეცვლილა, იოსელიანია, რადგან მისი დაბოლოება ირანულს ჰგავს. 

როცა ისპაანის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემს ერთ პროფესორს ძალიან უყვარდა საქართველო. ბევრს გვიყვებოდა ქართველების მონაწილეობაზე ირანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი სეფიანთა დინასტიის დროს. ერთხელ მითხრა, სტატია გაამზადე ამ საკითხზეო. იმდენი მასალა მოვიძიე, რომ წიგნის გამოცემა გადავწყვიტეთ სახელწოდებით "ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურასა და ცივილიზაციაში". ამ წიგნის ქართულად თარგმნა დასრულდა და მალე საქართველოშიც დაიბეჭდება. ასევე ჩემს წიგნში "ქართველთა და სომეხთა როლი სეფიანთა დინასტიაში" მოცემულია ქართველებისა და სომხების შედარება და აღწერილია მათი საქმიანობის სფეროები...

შაჰ-აბასის დროს ირანში მოღვაწეობდა ორი ქართული გვარი - სააკაძეები და უნდილაძეები. ორივე გვარი დაწინაურებული იყო შაჰის კარზე - გუბერნატორები და ქალაქის მმართველები იყვნენ. უნდილაძეებში ყველაზე ცნობილი ალავერდი-ხანი იყო. მან ისპაანში ცნობილი 33-თაღიანი ხიდი ააშენა.  

სააკაძეებიდან ცნობილი იყო ალი-ყული სააკაძე. სეფიანთა კარზე დაწინაურებულ ამ ორ ქართულ გვარს, სამწუხაროდ, ერთმანეთში დაუნდობელი ბრძოლა ჰქონდა. ერთმანეთს ეცილებოდნენ შაჰის კარზე გავლენის მოპოვებაში. ამ დაპირისპირებისას უნდილაძეებმა სძლიეს სააკაძეებს, მაგრამ შაჰ-აბასის გარდაცვალებისა და ტახტზე მისი შვილიშვილის, შაჰ-სეფის ასვლის შემდეგ სააკაძეები აღზევდნენ. შაჰის ბრძანებით უნდილაძეები ამოხოცეს და ამაში სააკაძეებიც მონაწილეობდნენ. სეფიანთა დინასტიის დროს ქართველები სამხედრო და სამთავრობო სტრუქტურებში იყვნენ, სომხები კი სავაჭროში.

ირანში წესი იყო, ვინც სამხედრო და სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობდა, უსათუოდ მუსლიმანი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც გამაჰმადიანდნენ იქაური ქართველები, სომხები კი ქრისტიანებად დარჩნენ, რადგან ვაჭრებისთვის აუცილებელი არ იყო რელიგიის შეცვლა. ირანში მცხოვრები სომხები დღესაც ქრისტიანები არიან და თავიანთი ეკლესიები აქვთ. ქართველები კი ყველა მაჰმადიანია. 

ღვთისკენ მიმავალი გზა სხვადასხვაგვარია, მთავარია, რომ იქაური ქართველები ქართველებად დარჩნენ, ქართული სული და ენა არ დაკარგეს. 400 წლის მერეც ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ. აქაურ ქართველებს რომ თანამედროვე ქართული ენა შეესწავლათ, "ქართულ-სპარსული თვითმასწავლებელი" (დედაენა) შევქმენი. 

- თქვენი ოცნების საქართველოს ჰგავს ის საქართველო, რომელიც ნახეთ?

- ვინც აქ ჩამოდიოდა, დაბრუნებული ბევრს გვიყვებოდა საქართველოზე, ჩამოჰქონდათ სურათები, ქართული მხატვრული ფილმები. "ხარება და გოგია", "გიორგი სააკაძე" საქართველოში ჩამოსვლამდე ვნახე. ჩვენთან ძალზე პოპულარულია გურამ პატარაიას ფილმი ფერეიდანზე. საქართველოდან ჩამოსულები სამშობლოს საოცრად ლამაზსა და მწვანეში ჩაფლულს გვიხატავდნენ. მცენარეულით მდიდარი სამშობლო სამოთხედ წარმომედგინა. პირველად საქართველოში "ქართული დიასპორის დღეს", 2005 წელს ჩამოვედი და ჩემი მოლოდინი გამართლდა. ირანში არ არის ისეთი ჰავა, როგორიც საქართველოშია. ფერეიდუნ-შაჰრი ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზეა, ზამთარი მკაცრი და უხვთოვლიანი იცის. არ არის იმდენი სიმწვანე, როგორიც აქ, საქართველოში. გამახარა იმ სითბომ და სიყვარულმა, რომელიც სამშობლოში მივიღე. მთავაზობენ სპარსული ვასწავლო ზოგიერთ უნივერსიტეტში. თუ ჩემს სამშობლოს გამოვადგები, სიამოვნებით ჩამოვალ სამუდამოდ. 

- ირანში უყვართ ქართველები? 

- ირანელები ქართველებს სანდო ხალხად მიიჩნევენ. ისპაანის ბაზარში იმდენად ენდობიან ქართველებს, გამყიდველს ქართველმა რომ უთხრას, საქონელი გამატანე და ფულს ხვალ მოგიტანო, გაატანს. ჩვენებურები სიტყვის პატრონებად ითვლებიან.  

- ქართული ენა არ იზღუდება? 

- 40 წლის წინ იყო საშიშროება, რომ ენა დაგვეკარგა, რადგან საბჭოთა კავშირის დროს ქართველობას ეჭვით უყურებდნენ, რატომ უნდათ ქართული წერა-კითხვის ცოდნა, რატომ აქვთ ქართული წიგნებიო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ახალგაზრდობამ იცის თანამედროვე ქართული ენა, ირანში ქართული წიგნებიც იბეჭდება. იმედია, ღვთის წყალობით ქართული ენა ფერეიდუნ-შაჰრიში დავიწყებას არ მიეცემა. 

 

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/41222-400-tslis-merec-chven-qarthulad-vlaparakobth.html

13-09-2011

 


იზო რიკაძე   

ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"

(გამოდის ორშაბათობით)








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი