Trke - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   აფხაზთა სამეფო

“აფხაზთა” სამეფო  - VIII  - X სს.

(მოკე ისტორიული ნარკვევი)

 

აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბება განპირობებული იყო VII-VIII საუკუნეების მანძილზე გან­ვითარებული საერთაშორისო და საში­ნაო პოლიტიკური ფაქტორებით. ერთი მხრივ, არაბთა ბატონობის გაძლიერებამ ქართლში და, მეორე მხრივ, ბიზანტიის დასუსტე­ბამ, იქ მიმდინარე საშინაო-პოლიტიკურმა და საეკლესიო განხეთქილებამ[1] საქართ­ველოს ისტორიულ რეგიონებში ხელსაყრელი პირობები შექმნა ახალი ქართული პოლიტიკური ერთეულების წარმოშობისათვის.

ფაქტობრივად, VIII საუკუნის შუა ხანებში ქართულ პოლიტიკურ სამყაროში საფუძ­ველი ჩაე­ყარა ახალ პროცესს, რომელიც იმავე საუკუნის 80-90 იან წლებში ახალი ქართული პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბებით დასრულდა. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში საფუძველი ჩაეყარა კახეთის სამთავროსა და ჰერეთის სამეფოს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა დასავლურ-ქართული სახელმწიფო _ ეგრის-აფხაზეთის („აფხაზთა“ სამეფო). მოგვიანებით, სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არაბთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის ერისმთავარის აშოტ ბაგრატიონის ძალისხმევით წარმოიშვა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, როგორც მას ბიზანტიური წყაროები უწოდებენ  „ქართველთა საკურაპალატო“.

ეგრის-აფხაზეთის („აფხაზთა“ სამეფოს) საფუძველი ჩაუყარა  აფხაზთა ერისთავის ლეონ I-ის ძმისწულმა ლეონ II-მ, რომელმაც  თავი გაითავისუფლა ბიზანტიის ვასალო­ბისაგან და მეფის ტიტული მიიღო. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, „ხოლო რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა, სახელით ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომლისად მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იო­ვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ. და შემდგომად ამისსა ჯუანშერიცა მიიცვალა.“[2] ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკური რეალობა ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ლეონ II-ს, დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის, მით უფრო, რომ მას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მხარს უჭერდა ხაზართა ხაკანი. აფხაზთა სამეფო მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს და თანდათანობით აფარ­თოებდა საზღვრებს როგორც აღმოსავლეთის, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთის მი­მართულებით.

ისტორიული წყაროების მიხედვით, VIIIს. 80-იან წლებში დასავლეთ საქართ­ველოს გაერთიანება აფხაზთა ერისთავის მეთაურობით ნებაყოფლობითი პოლიტიკური აქტი იყო[3]. ლეონ II-ის ამ ნაბიჯს ქართული წყაროები უარყოფით კონტექსტში არ მოიხსენიებს, რადგან აფხაზეთი, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ის­ტორიული რეგიონები, საუ­კუ­ნეების მანძილზე, ჯერ კოლხეთის (ეგრისის) სამეფოს, ხოლო შემდეგ ქართლის (იბერიის), ეგრისის (ლაზიკის), ხოლო ბოლოს ისევ ქართლის სამეფოს (საერისმთავროს) ნაწილი იყო. ამჯერად, VIIIს. 80-იან წლებში მთელი დასავლეთ საქართველო გაერთიანდა აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში. როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, სტეფანოზ III-ის მემკვიდრის _ არჩილის ეპოქაში საქართველო ერთიან ქვეყანას წარმოადგენდა და არჩილი მეფის ტიტულს ატარებდა[4]. ბუნებრივია, ასეთი ერთიანობა ემყარებოდა ქვეყნის მთლიანობის ძველ ტრადიციებს, რომელიც პოლიტიკური მემკვიდრეობის სახით შემდეგში ლეონ II-მ მიიღო და მოხ­ერხებულად გამოიყენა კიდეც დასავლურქართული სახელმწიფოს შექმნის საქმეში.  

VIIIს. შუა ხანებიდან ვიდრე 80-იან წლებამდე, თანდათანობით ფართოვდება ტერმინ „აფხაზეთის“ მნიშვნელობა და ბოლოს იგი გავრცელდა აფხაზთა ერისთავების მიერ გაერთია­ნე­ბ­ულ დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.[5] ნიშანდობლივია, რომ მოგვიანებით ერთიან ქართულ სამეფოს უცხოელი ავ­ტორები უწოდებენ  „აფხაზეთს”, ხოლო საქართველოს მეფეებს “აფხაზთა მეფეებად” მოიხსენიებენ.[6]

VIIIს. II ნახევარში ქართველი მწერლის იოანე საბანის ძის ცნობით, დასავლეთ საქართველოს განაგებს “მთავარი აფხაზეთისა”,[7] ანუ ლეონ II-ს VIII საუკუ­ნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველო გაერთიანებული აქვს, მაგრამ მეფის ტიტულს ჯერ კიდევ არ ატარებს. ამ კონტექსტში საყურადღებოა აფხაზთა ერისთავის ტიტულის ევოლუცია. ლეონ II თავდაპირველად ატარებდა „ერისთავის“, შემდეგ „მთავრის“, ხოლო ბოლოს „მეფის“[8] ტიტულს. ლეონის ტიტულის ევოლუცია პირდაპირ­პროპორციულია მისი ხელისუფლების თანდათანობითი გავრცელებისა მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია აზრი იმის შესახებ, რომ ლეონ II-მ ბიზანტიის იმპერატორის ვასალიტეტისაგან თავის განთავისუფლება მოახერხა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიზანტიაში შიდაპოლიტიკური მდგომარეობა დაი­ძაბა.[9] მკვლევართა დიდი ნაწილი თვლის, რომ ლეონის პოლიტიკური აღზევება და ანტი­ბიზანტიური პოლიტიკური კურსი[10] უნდა დაწყებულიყო ბიზანტიის იმპერატორის ირინეს ზეობის დროს _ 797-802 წლებში.[11]

აფხაზთა სამეფოს საზღვრების საკითხიც არაერთგზის არის შესწავლილი მკვლე­ვართა მიერ. მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული შეხედულებანი. როგორც აღინიშნა, „აფხაზთა სამეფოს“ ტერიტორია მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს. დაარსების დროს მისი აღმოსავლეთი საზღვარი ლიხის ქედამდე აღ­წევდა, ჩრდილოეთი საზღვარი _ ნიკოფსიამდე და ჯიქთა სამფლობელოებამდე.  დასავლეთით მას შავი ზღვა ეკვროდა. რაც შეეხება სამხრეთის საზღვრებს, იგი დღესაც სადავო საკითხს წარმოადგენს. VIII საუკუნის მწერალი იოანე საბანისძე „ტრა­პეზუნტს“ აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში განიხილავდა. მისი ცნობით, „ნეტარი ჰაბო უფროისღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანაი იგი სავსეჲ ქრისტეს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკვიდრად იპოვების საზღუართა მათთა. რამეთუ საზღვარი მათდა არს ზღვაჲ იგი პონტოისაჲ, სამკვიდრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა, ტრაპეზუნტისაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარაჲსაჲ და ნაფსაჲს...”[12]. ს. ჯანაშიას მოსაზრებით, ტრაპიზონი არ შედიოდა აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში[13]. აღნიშნული მოსაზრება გაზიარებული იქნა ზ.ანჩაბაძისა და მ.ლორთქიფანიძის მიერ[14]. კ.კეკელიძის აზრით, ტრაპეზუნტი შედიოდა აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში, რასაც იოანე საბანისძის ცნობის გარდა სხვა წყაროებიც ადასტურე­ბენ: კერძოდ, 787 წლის საეკლესიო კრების აქტებს ხელს აწერს „ქრისტეფორე, ეპისკოპოსი ფაზისისა ანუ ტრაპიზონისა“[15]; VIII საუკუნის II ნახევრის ბიზანტიელი მწერლის ეპიფანე კონსტანტინოპოლელის თხზულებაში დადასტურებულია გამოთქმა „ლაზეთის ქალაქი ტრაპეზუნტი“. ამასვე ადასტურებს სომხური უსახელო „გეოგრაფიის“ ცნობა, რომ დასავლეთ საქართველოს ფარგლებში შედიოდა ქალაქები: ათინა, რიზე და ტრაპე­ზუნტი[16]. აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით, პ. ინგოროყვამ სამართლიანად გაიზიარა კ. კეკელიძის მოსაზრება აფხაზთა სამეფოს სამხრეთი საზღვრების შესახებ. ახლახან ეს მოსაზრება გაიზიარა შ. გლოველმაც.[17] კონსტანტონოპოლის სამწყსოში შემავალი ეკთეზისების მიხედვით, ლაზიკის ეპარქიის სამიტროპოლიტო ქალაქად ტრაპეზუნტის მხოლოდ IX საუკუნის მიწურულს დასახელება არ უნდა იყოს საკმარისი არგუმენტი იოანე საბანისძის ცნობის გასაბათილებლად. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ ტრაპეზუნტის პოლემონის პონტოს სამწყსოში დასახელება არ ასახავს პოლიტიკურ სიტუაციას და იგი საეკლესიო დაქვემდებარების მაუწყებელ წყაროს წარ­მოადგენს. მაგალითად, პოლიტიკური თვალსაზრისით, VIII საუკუნის I მეოთხედში სტეფანოზ III, როგორც ზემოდ ვნახეთ, „ქართველთა და მეგრელთა ერისმთავრის“ ტიტულს ატარებდა და იგი ფლობდა ქართლსაც და ეგრისის მნიშვნელოვან ნაწილსაც. ქართლში უკვე არსებობდა დამოუკიდებელი სამოციქულო ეკლესია მცხეთის საკათალიკოსოს სახით, ხოლო სტე­ფანოზ III-ის სამფლობელოს მეორე საკმაოდ დიდი ნაწილი _ ეგრისი, ეკლესიურად ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის სამწყსოს ეკუთვნოდა. ანუ პოლიტიკური ხელისუ­ფლების გავრცელების არეალი ამ შემთხვევაში არ ემთხვეოდა საეკლესიო იურისდიქციის გავრცელების არეალს. მაშასადამე, კონსტანტონოპოლის ეკთეზისები ვერ გა­მოდგება „აფხაზთა სამეფოს“ ტერიტორიული საზღვრების დასაზუსტებლად.

დავუბრუნდეთ პ. ინგოროყვას მოსაზრებას, რომელმაც იოანე საბანისძის ზემოთხსე­ნებული ცნობა შეაჯერა ანონიმი სომხური გეოგრაფიის მონაცემებთან. ამ წიგნის 1881 წლის რუსულ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ „კოლხეთი არის ქვეყანა აზიისა და მდე­ბარეობს პონტოს ზღვიდან სარმატიამდე, და მდინარე დრაკონიდან ვიდრე კავკასიის მთამდე და მის შტომდე [ლიხამდე], რომელიც ჰყოფს მას ივერიისაგან. . . . იგი განიყ­ოფება ოთხ მცირე ქვეყნად: მარგველი, ეგრევიკი, ლაზი,  ჭანი, რომელ არს ხალტეთი [ხალდია]. . . აქვს ხუთი ქალაქი: იანი, კოტა, როდოპოლისი, ათინა, რიზონი და სხვა მრავალნი ნავთსადგურნი, ე. ი. ზღვის სანაპირო დაბა-ქალაქნი, რომელთა შორის არს ტრაპეზუნტი.“[18] ამ ოთხი ერთმანეთისაგან განსხვავებული წყაროს: იოანე საბანისძის,  სომხური „გეოგრაფიის“, ეპიფანე კონსტანტინოპოლელისა და 787 წლის საეკლესიო კრების ცნობების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ტრაპეზუნტი გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც ნამდვილად შედიოდა ჯერ აფხაზთა სამთავროს, ხოლო შემდეგ აფხაზთა სამეფოს შემადგენლო­ბაში.

„აფხაზთა სამეფოს“ წარმოქმნისთანავე, ლეონ II_მ გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნის საერისთავოებად დაყოფას და სამეფოს ტერიტორიულ _ ადმინისტრაციულ მოწყობას. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ლეონ II-მ აფხაზთა სამეფო დაყო რვა საერისთავოდ: ცხომის, ეგრისის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, სრულიად არგვეთის ცენტრით შორაპანში, ვაკის ცენტრით ქუ­თაისში და საკუთრივ აფხაზეთის.[19]3 ყველა საერისთავოს თავისი ტერიტორია ჰქონდა და განსაზღვრული იყო მისი ფარგლები. ლეონ მეორემ ერისთავები “დასუა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი, ჯიქეთი, ვიდრე ზღუამდე და ხაზართა მდინარემდე; დასუა ცხომს და მისცა ეგრის იქით ანაკოფია ალანითურთ; დასუა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავ­ლეთი ცხენის წყლამდე; ვინაჲთგანა ამასვე ლეონს მოერთნენ ოძრახოს წილნი, ჭოროხის სამჴრეთისანი და განუდგნენ ოძრახოს ერისთავსა, უწოდა გურია და დასუა მუნ ერისთავი თჳისი; დასუა რაჭა-ლეჩხუმისა; დასუა სუანეთისა; შორაპნისავე, რიონისა და ხანის-წყლის აღმოსავლეთისა ლიხამდე სრულიად არგუეთისა; დასუა ქუთათისს ვა­კისა, ოკრიბისა და ხანის-წყლის დასავლეთისა გურიამდე და რიონის დასავლეთის ცხენისწყლამდე.“[20] ლეონ მეორის მიერ გატარებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწ­ყო­ბა შინაარსით მსგავსებას ავლენს ფარნავაზის მიერ ქართლის სამეფოს დაარსე­ბის დროს გატარებულ ადმინისტრაციულ რეფორმასთან. ფარნავაზის მსგავსად, სამეფო ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, ლეონიც შეეცადა ადგილებზე შეექმნა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი საერისთავოების სახით, რომლებსაც მეფის ერთგული მოხელეები ჩაუყენა სათავეში. საკუთრივ აფხაზეთი, როგორც ვხედავთ „აფხაზთა სამეფოში“ შემავალი მხოლოდ ერთ-ერთი საერისთავოა.

ლეონ მეორის მიერ გატარებული სახელისუფლებო ღონისძიებებიდან აღსანიშნავია აფ­ხა­ზ­თა სამეფოს დედაქალაქად ქუთაისის გამოცხადება. ვახუშტის მიხედვით, „ამანვე აღაშენა ქუთათისი ქალაქი და ციხე და ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა, ვითარცა ანა­კოფია, ჰყო ტახტად მეორედ ესე ქუთათისი“. ეს პოლიტიკური აქტი იყო ლოგიკური გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯებისა, რომლებიც მანამდე გადაიდგა. გეოგრაფიულად და პო­ლი­ტი­კუ­რადაც ქუთაისი უკვე „აფხაზთა სამეფოს“ ცენტრი იყო და, ბუნებრივია, ეს ქმედება განაპირობა ამ ქალაქის მნიშვნელოვანმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. ეს მოვლენა, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო იმ ისტორიულ ტრადიციასთან, რომელიც ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფოდან მომდინარეობდა, როცა ქუთაისი დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ის­ტორიული წყაროების მიხედვით, ლეონ მეორესთვის აქ ისეთივე მშობლიური გარემოა, როგორც ანაკოფიის მიდამოებში. თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში ეს პოლიტიკა შეფასებულია, როგორც აფხაზთა მეფეების ექსპანსია აღმოსავლეთის მი­მართულებით.[21] თუ ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ გადმოიტანა ლეონ მეორემ თავისი სამეფოს დედაქალაქი “დაპყრობილ” ტერიტორიაზე, მისთვის მტრულად განწყო­ბილი და “დაპყრობილი” ხალხის გარემოცვაში?

საყურადღებოა, ის ფაქტიც, რომ ლეონ მეორის “ექსპანსიას” დასავლეთ საქართ­ველოში “მატიანე ქართლისაჲს” უცნობი ავტორი ქართული სახელმწიფოე­ბრიობისათვის დადებით ისტორიულ მოვლენათა ჭრილში განიხილავს. იგი კეთილგანწყობითა და მოწიწებით მოგვითხრობს აფხაზთა მეფეების სახელმწი­ფოებრივ საქმიანობაზე. ზ. პაპასქირი აცხადებს, რომ ერთადერთი ახსნა ქართ­ველ მემატიანეთა კეთილგანწყობისა “აფხაზი” მეფეების ე.წ. „დამპყ­რობლური“ პოლიტიკისადმი შეიძლება ვეძიოთ მხოლოდ იმაში, რომ ისინი მათში არა „უცხოელ დამპყრობლებს“, არამედ ისეთივე ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს ხედავდნენ, როგორადაც მიაჩნდათ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები.[22]2 უფრო მეტიც, „ექსპანსიის“ შემთხვევაში ქართველი მემატიანეები შეეცდებოდნენ ოდნავი გულისწყრომა მაინც გამოეხატათ „დამპყრობელი“ ლეონის პოლიტიკის მიმართ, როგორც ამას აკეთებდნენ ქართველი მემატიანეები დამპყრობელთა შემოსევებისა და არაკეთილმოსურნე მეზობლების პოლიტიკის გაშუქებისას. 

ქუთაისის „აფხაზთა სამეფოს“ დედაქალაქად გამოცხადებასთან მჭიდროდ არის და­კავშირებული „აფხაზთა მეფეთა“ ეთნიკური წარმომავლობის საკითხი. XIII ს. სომეხი ავტორის ვარდან არეველცის მიხედვით, აფხაზთა მეფეები ვახტანგ გორგასალის შთამომავ­ლები არიან[23]. მკვლევარები _ პ. უვაროვა[24], დ. ბაქრაძე[25], დ. გულია[26] და სხვები თვლიდ­ნენ, რომ „აფხაზთა“  მეფეები  ეთნიკური ბერძნები იყვნენ. რუსი მეცნიერი ვ.ლატიშევი მათ ბაგრატიონთა საგვარეულოს აკუთვნებდა.[27] აფხაზი ისტორიკოსები ზ. ანჩაბაძე, შ. ინალ-იფა, მ. გუნბა, ო. ბღაჟბა, ს. ლაკობა[28] და სხვები თვლიან, რომ ისინი აფხაზები იყვნენ. მ. ლორთქიფანიძის აზრით, „აფხაზთა მე­ფეები“ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საქმიანობით ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ.[29] მსგავს შეხედულებას ადასტურებს „აფხაზთა“ მეფეთა ეპიგრაფიკული მასალა და სხვა ისტორიული წყაროები. მათი შესწავლის საფუძველზე შეიძლება და­ვასკვნათ, რომ „აფხაზთა“ მეფეების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი იდენტობის მაჩვენელი არის ის მატერიალური და სულიერი კულტურა, აგრეთვე სახ­ელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ. აქედან გამომდინარე, მათი ეროვნული იდენტიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ სამყარო­სთან. შესაბამისად, „აფხაზთა“ მეფეები შუა საუკუნეების შესანიშნავ ქართველ პოლიტიკურ მოღ­ვაწეთა გალერეას მიეკუთვნებიან.[30]  ზ.პაპასქირი თვლის, რომ ვინც უნდა ყოფილიყვნენ „აფხაზთა“ მეფეები ეთნო-ტომობრივად, ისინი თავიანთი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდნენ საერთო-ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ სამყაროს, თუმცა არ გამორიცხავს მათ აფხაზურ-აფსუურ წარმოშობას.[31] ეთნიკურად „აფხაზთა მეფეებს“ ეგრისის პატრიკიოსების შთამომავლებად მიიჩნევდა პ. ინგოროყვა.[32] ამ მოსაზრების პირდაპირი დადასტურებაა Xს. სომეხი ავტორის იოანე დრასხანაკერტელისა და ფსევდო შაპუხ ბაგრატუნის მიერ აფხაზთა მეფის (კონსტანტინე III-ის) მოხსენიება პირველ შემთხვევაში „ეგრისის მეფედ“, მეორე შემთხვევაში _ „ლაზთა მეფედ“.[33]4        

„აფხაზ მეფეთა დივანის“ მონაცემებზე დაყრდნობით, პ. ინგოროყვას მოსაზრება ახ­ალი არგუმენტებით გაამყარეს თ. ბერაძემ და მ. სანაძემ, რომლებმაც ეგრისის პა­ტრიკიოსებისა და აფხაზთა მეფეთაЁ დივანში წარმოდგენილი გენეალოგიის შეჯერე­ბის საფუძველზე, „ლეონიდების“ დინასტიის წარმომავლობა დამაჯერებლად დაუ­კავშირეს ეგრისის პატრიკიოსის სერგი ბარნუკის ძის სამემკვიდრეო ხაზს.5 ამ მოსაზრე­ბის სასარგებლოდ მეტყველებს „აფხაზთა მეფეთა“ სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი პოლიტიკა, რომლის საფუძველზე ისინი თა­ვად ახდენენ თვითიდენტიფიკაციას.  აუცილებლად ყურადსაღებია, ის ფაქტიც, რომ ქუთაისის სატახტო ქალაქად გამოცხადება ვერანაირად ვერ ჯდება ёდამპყრობლის, „უცხოელის“ მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის კონტექსტში. როგორც ითქვა, ლეონ მეორისათვის ქუთაისიც და ანაკოფიის მიდამოებიც ერთნაირად მშობლიური გარემოა. Mმან ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა და დედაქალაქი კოლხეთის/ეგრისის ისტორიულ ცენტრში გადაიტანა. ლეონის დროს ქუთაისი გაფართოვდა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები, აიგო ახალი თავდაცვითი სიმაგრეები და სასახლის ნაგებობანი.6

ლეონ მეორის ეთნიკური ვინაობა კარგად ჩანს მის მიერ გადადგ­მული სხვა პოლიტიკური ნაბიჯებითაც, ასევე იმ დამოკიდებულებით, რომელსაც იგი ავლენდა დანარჩენი  ქართული პოლიტიკური სამყაროსადმი. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია  ლეონ II-ის ურთიერთობა და მხარდაჭერა ქართლის ერისმთავარ ნერსესადმი, ტახტის მემკვიდრის დინასტიური ქორწინება ტაო-კლარჯეთის ბაგრა­ტიონებთან და ა. შ. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ვახუშტის ზემოთ მოყვანილ შემდეგ ცნობას: „ვინაჲთგანა ამასვე ლეონს მოერთნენ ოძრახოს წილნი, ჭოროხის სამჴრეთისანი და განუდგნენ ოძრახოს ერისთავსა, უწოდა გურია და დასუა მუნ ერისთავი თვისი” [34]. ეს ცნობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ გურიისა და ჭოროხის მოსახლეობა სა­კუთარი ნებით ირჩევს აფხაზთა სამეფოს იურისდიქციაში შესვლას. შესაბამისად, ლეონ მეფე მათთვის უცხო და თანაც „დამპყრობელი“ კი არ იყო, არამედ ეთნიკურად და კულტურულ-სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ახლობელი, ხოლო აფხაზთა სამეფო - საიმედო თავშესაფარი არაბთა  ბატონო­ბისაგან თავდასაცავად. 

2006 და 2007 წწ. აფხაზი ავტორების ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას მიერ გამოცემულ შრომებში, უგულვებელყოფილია როგორც ისტორიული წყაროების ცნობები, ასევე  წინა ეპოქის ისტორიკოსთა თითქმის ყველა შეფასება „აფხაზთა“ სამეფოს წარმოშობისა და საეკლესიო პოლიტიკის შეს­ახებ.  „აფხაზთა“ სამეფოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იერსახე, მოსახლოების ეთ­ნიკური შემადგენლობა და „აფხაზთა“ მეფეების ეთნიკური კუთვნილება კარგად ჩანს მათ მიერ გატარებულ საეკლესიო პოლიტიკაში, რომელიც აშკარად ანტი­ბიზანტიურ და ამავე დროს პროქართულ ხასიათს ატარებდა. 

ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას ნაშრომები ფართოდ მიმოიხილავენ „აფხაზთა“ სამეფოს  პერიოდს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავტორების ყურადღების მიღმა „დარჩა“   ისეთი უმნიშვ­ნე­ლო­ვ­ანესი საკითხი, როგორიცაა „აფხაზთა“ მეფეების საეკლესიო პოლიტიკა. უფრო მეტიც, თუ აფხაზური ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ავ­ტორიტეტი ზ. ანჩაბაძე ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აფხაზეთი იყო „ქრისტესმოყვარული“ ქვეყანა და მისი მმართველები „ქრისტეს მეგობრები“ იყვნენ,[35] თანამედროვე აფხაზ ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ „აფხაზთა სამეფოს“ საეკლესიო და სარწმუნოებრივი პოლიტიკა განხილვის საგანიც არ უნდა გახდეს, რადგან ამ მხრივ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. მათი მტკიცებით, „აფხაზთა“ სამეფოს დამაარსებლის ლეონ II-ის პიროვნების ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია ხაზარმა დედამ, იგი მხოლოდ წარმართულ რელიგიურ ტრადიციებს სცემდა პატივს და მისდევდა იუდაისტურ სარწმუნოებას, რომელიც ხაზარებმა IX საუკუნეში სახელმწიფო რე­ლიგიადაც კი გამოაცხადეს[36]. როგორც ვხედავთ, ლეონ II-ის სახელმწიფოე­ბრივი და რელიგიურ-სარწმუნოებრივი სახის წარმოსაჩენად მოთხრობილია არა წყაროებში დაფიქსირებული რეალური ისტორიული ფაქტები და წარმოდგენილია არა რეალური ისტორიული სურათი, არამედ ავტორების დაუსაბუთებელი ვარაუდი, რომლითაც მკითხველს  უნდა შეექმნას წარმოდგენა, რომ „აფხაზთა“ სამეფო და „აფხაზი“ მეფეები სარწმუნოებრივი თვალსაზრისით შორს იყვნენ ქრისტიანობისაგან, და შესაბამისად, ქართული სამყაროსაგან. შესაძლებელია, _ წერენ ავტორები, _ ლეონ II სწორედ ამიტომ აქცევდა ნაკლებ ყურადღებას ქრისტიანობას და სავარაუდოდ, მისი მეფობის დროს უნდა გაჩენილიყო „რელიგიური სინკრეტიზმის” ნიშნები აფხაზთა სამეფოში. ამის არგუმენტად ავტორებს მოჰყავთ ლიხნის სასახლის ჩრდილოეთ კედელზე ამოკვეთილი ჯვარი, რომელიც ექვსქიმიან ვარსკვლავშია ჩაწერილი[37]. საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ მსგავსი სიმ­ბოლიკა ხშირად გვხვდება ქრისტიანული სამყაროს ხელოვნებაში და მათ შორის საქართველოს სხვა რეგიონებშიც. უფრო მეტიც, ეს ქართული ორნამენტული ხელოვნე­ბისათვის დამახასიათებელი სიმბოლოა. მაგალითად, მსგავს ნიმუშებს ვხვდებით როგორც დასავლეთ საქართველოს, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მცირე ფორმის ორნამენტებში და ეს თავის დროზე შესწავლილი აქვთ რ. შმერლინგს[38], ლ. ხრუშკოვას [39] და სხვებს.

ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა, ეხებიან რა სარწმუნოებრივ საკითხებს წერენ, რომ აფხაზები განსაკუთრებულ პა­ტივს სცემდნენ ჭექა-ქუხილის ღმერთს, ასევე გავრცელებული იყო თაყვანისცემა ხეე­ბისადმი (განსაკუთრებით მუხისადმი) და ა.შ.[40] ამ მოსაზრებით აფხაზი ავტორები უარყოფენ ისტორიოგრაფიაში მიღებულ მთელ რიგ დებულებებს აფხაზთა სამეფოს რელიგიურ - სარწმუნოებრივი მდგომარეობისა და აფხაზი მეფეების საეკლე­სიო პოლიტიკის შესახებ, რომელიც კარგად არის შესწავლილი ზ. ანჩაბაძის, მ. ლორთქიფანიძის, პ. ინგოროყვას, ზ. პაპასქირის ზემოთდასახელებულ ნაშრომებში. უკანასკნელ ხანს გამოიცა ა. ჯაფარიძის, ბ. კუდავას, ჯ. გამახარიას, თ. ქორიძის, შ. გლოველის, ლ. ახალაძის[41] და სხვათა ნაშრომები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ აფხაზთა სამეფო ფეოდალური ეპოქის ქრისტიანული სახელმწიფო იყო და აფხაზი მეფეები განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში. ამის ნათელი არგუმენტია ის აქტიური საეკლესიო მშენებლობა, რომელსაც აფხაზთა მეფეები ეწეოდნენ საქართველოს თითქმის მთელსს ტერიტორიაზე. უფრო მე­ტიც, ისინი აქტიურად იყვნენენ ჩართული მეზობელი კავკასიელი ხალხების გაქრისტი­ანების საქმეში. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ წარმართული ღვთაებებისადმი აფხაზთა თაყვანისცემის ფაქტები უფრო გვიანი შუა საუკუნეების, კერძოდ, XVII-XVIII საუკუნეე­ბის, ან თუნდაც XIX საუკუნის რეალობაა და არა აფხაზთა სამეფოს  ეპოქისა, როდე­საც „აფხაზთა მეფეთა“ სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა ქრისტიანული მრწამსის განმტკიცება-გაძლიერების საქმეს.

აფხაზთა სამეფოს წარმართულ _ რელიგიური იდეოლოგიური სახის წარმოჩენა ავ­ტორებს დასჭირდათ იმ მცდარი დასკვნის გამოსატანად, რომლის თანახმად აფხაზთა და ხაზართა ადრე შუა საუკუნეების სახელმწიფოებს ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტები როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური თვალსაზრისით, აგრეთვე იმის დამადასტურებლად, რომ თანამედროვე აფხაზებში შემორჩენილ წარმართობას ისტორიული საფუძველი აფხაზთა სამეფოს წიაღში მოუძებნონ. 

თითქმის ყველა ნაშრომი, რომელიც ოპონირებას უწევს ქართულ ისტორიოგრაფიას, გვერდს უვლის აფხაზთა მეფეების რელიგიურ-სარწმუნოებრივ პოლიტიკას. ქართული და უცხოენოვანი წერილობითი წყაროები - ნარატიული თხზულებები, საეკლესიო საბუთები და ეპიგრაფიკული ძეგლები - არგუმენტირებულად ასაბუთებენ მათ სარწმუნოებრივ იდენტიფიკაციას. ამ წყაროების ანალიზი საფუძველს გვაძლევს ახლებურად გავიაზროთ „აფხაზთა“ მეფეების საეკლესიო პოლიტიკის საკითხები.

„აფხაზთა“ სამეფოს საეკლესიო პოლიტიკაში შეიძლება გამოვყოთ ორი პერიოდი: პირველი ეტაპზე _ VIII საუკუნის 90-იანი წლებიდან ვიდრე IX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისამდე, „აფხაზთა“ მეფეები გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევდნენ სახელმწიფოებრივი მშენებლობის საკითხებს. კერძოდ, ამ დროს ლეონ II-ის, თეოდოსი II-ისა და დემეტრე II-ის ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო ბიზანტიის საიმპერა­ტორო კარისაგან და საეკლესიო გავლენისაგან განთავისუფლებისაკენ, რათა მოეპოვე­ბინათ სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა. IX საუკუნის შუახანებიდან მდგო­მარეობა იცვლება _ „აფხაზთა“ მეფეებს პოლიტიკური თვალსაზრისით ხელსაყრელი დრო დაუდგათ, რათა გაეტარებინათ უფრო აქტიური პოლიტიკა, როგორც ქართული ეკლესიის, ასევე დანარჩენი ქართული მიწების გაერთიანების თვალსაზრისით. ეს მის­წრაფება ახალ ფაზაში გადავიდა და აშკარად ჩანს გიორგი I_ის, ბაგრატ I-ის, კონ­სტანტინე III_ის, გიორგი II_ისა და  ლეონ III_ის საეკლესიო და სახელმწიფოე­ბრივ პოლიტიკაში. აფხაზთა მეფეების საეკლესიო პოლიტიკაში რამდენიმე მიმართულება გამოიყოფა:

1. პირველი და ძირითადი ამ პოლიტიკაში იყო კონსტანტინოპოლის  საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან  თანდათანობით გამოსვლა.

2. საეკლესიო  მშენებლობის გაფართოება  და ახალი საეკლესიო ცენტრების დაარსება.

3. ქართულ ავტოკეფალურ ეკლესიასთან გაერთიანებისკენ სწრაფვა

4. მეზობელი ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების გაქრისტიანებისათვის ბრძოლა და ამ მიმართულებით  სახელმწიფო საზღვრების უფრო საიმედოდ დაცვის უზრუნველყოფა.[42]

ქართული წყაროები - „მატიანე ქართლისაჲ,“ სუმბატ დავითის ძე, ვახუშტი, ქართული ეპიგრაფი­კული ძეგლები და, რაც მთავარია, ისეთი ბერძნული წყარო, როგორიცაა კონსტანტინოპოლის სამწყსოში შემავალი კათედრების ნუსხები, ანუ ე.წ. “ეკთეზისების” ცნობები ერთიანობაში იძლე­ვიან ამ საკითხებზე წარმოდგენას. თავის დროზე ამ პრობლემას არერთი მკვლევარი შე­ეხო და კვლევის შედეგები შეჯამდა კიდეც მ.ლორთქიფანიძის ნაშრომში, რომელშიც დასაბუთდა, რომ დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისა და პოლიტიკურად ბიზანტიის გავლენისაგან გამოსვლის შემდეგ შეუძლებელი იყო ბიზანტიის საეკლესიო ჰეგემონიის მოთმენა. ეგრის-აფხაზეთის სახ­ელმწიფოს ქართული პოლიტიკა აქტიურად აყენებდა ეკლესიურად მცხეთასთან, საერთოქართულ სახელმწიფოსთან გაერთიანების საკითხს. ბრძოლა ხანგრძლივი და მძიმე იყო და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მსგავსად ბიზანტიისაგან საეკლესიო გამოყოფაც თანდათან ხორციელდებოდა.[43] პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღების­თანავე „აფხაზთა მეფის“ წინაშე მთელი სიმწვავით დადგა ეკლესიის დამოუკიდებლო­ბის საკითხი; ბიზანტიის საიმპერატორო კარისადმი დაპირისპირებული ლეონ II ვერ შეძლებდა საკუთარი საეკლესიო პოლიტიკის გატარებას მანამ, ვიდრე „აფხაზთა სამე­ფოს“ ეკლესია კონსტანტინოპოლის სამწყსოს წარმოადგენდა. გარდა ამისა იმპერია შეეცდებოდა, ეკლესიის საშუალებით გავლენა მოეხდინა დასავლურქართული სახელმ­წიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და მორჩილებაში ჰყოლოდა ის. ვახუშტი ბა­გრატიონის მიხედვით, აფხაზეთის სამეფო ეკლესიურად სწორედ ლეონ II-ის დროს გამოეყო კონსტანტინოპოლის სამწყსოს: „ამისგანვე საგონებელ არს განთავისუფლება აფხაზთა კათალიკოზისა, ნებითავე ბერძენთათა”.[44] როგორც ჩანს, აფხაზეთის პოლიტიკური და­მოუკიდებლობა, _ წერს მ. ლორთქიფანიძე, _ უშუალოდ უკავშირდება აფხაზეთის ეკ­ლესიის გამოყოფას ბიზანტიის ეკლესიისაგან[45]. ამ პერიოდში ლეონ მეორისთვის ბიზან­ტიას წინააღმდეგობა ვერ უნდა გაეწია გართულებული შიდაპოლიტიკური და საგარეო ვითარებიდან გამომდინარე. შესაძლოა, მას ხელს აძლევდა კიდეც „აფხაზთა სამეფოსთან“ კარგი ურთიეთობის შენარჩუნების ფასად, დროებით დაეთმო დასავლეთ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა. მით უფრო, რომ ზღვისპირა ზოლში გარკვეული პერიო­დის განმავლობაში შენარჩუნდა კონსტანტინოპოლის საეკლესიო იურისდიქცია. და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, „აფხაზთა სამეფო“ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის პი­რობებში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ძალა იქნებოდა იმპერიისათვის.

სრული საეკლესიო დამოუკიდებლობის მისაღწევად საჭირო გახდა შემდგომი ნაბი­ჯების გადადგმა. ამ ისტორიულ ფაქტზე მიუთითებს „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობაც: „ამან ბაგრატ გააჩინა და განაწესა კათალიკოსი აფხაზეთს ქრისტეს აქეთ ყ‘ ლ“[46] (ანუ 830 წელს). ე. ი. წყაროს მიხედვით, ტაო-კლარჯეთის მფლობელი ბაგრატ I კურაპალატი მხარს უჭერს დასავლეთ საქართველოში საკათალიკოსოს ანუ ბიზანტიისაგან და­მოუკიდებელი ეკლესიის შექმნას. როგორც ჩანს, ეს პროცესი ხანგრძლივი და  რთული იყო და ამ საქმეში ქართველი მეფე-მთავრები აფხაზთა მეფეების მხარდამჭერებად გა­მოდიოდნენ. რაც შეეხება აფხაზთა საკათალიკოსოს გაერთიანებას მცხეთის საყდარ­თან, ეს საეკლესიო რეფორმის მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო.

ლეონ II-ის გარდაცვალების შემდეგ „აფხაზთა სამეფო“ ტახტზე ერთმანეთის მონაცვლეობით ადიან მისი ვაჟები: თეოდოსი II (806-825 წწ.), დემეტრე II (825-861 წწ.) და გიორგი I (861-868 წწ.).

თეოდოსი II გამეფდა 806 წელს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ლეონ მეფემ ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დაიჭირა თადარიგი და გაძლიერებული ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ წრეებთან თავისი კავშირები დინასტიური ქორწინებით  გაამყარა[47]. ამ დროს „აფხაზთა სამეფო“ ჯერ კიდევ სახელმწიფოებრივი მშენებლობის ეტაპზე იყო და ის ნაკლებად აქტიურობდა აღმოსავლეთისაკენ სამეფო საზღვრების გაფართოების საქმეში, სამაგიეროდ, აშოტ ბაგრატიონთან ერთად გამოდის ერთიანი კოალიციით კახეთის ქორეპისკოპოსის _ გრიგოლის წინააღმდეგ ბრძოლაში.  გარდა იმისა, რომ ტაო-კლარჯეთის სამთავროსა და „აფხაზთა სამეფოს“ შორის დინასტიურ-ნათესაური ურთიერთობები არსებობდა, ეს ერთიანობა საერთო ქართული ინტერესებითაც იყო გა­მოწვეული, რადგან „ბრძოლა ქართლსა ზედა“, ანუ ქართლის დაუფლება ნიშნავდა პირველობას საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. ეს მისწრაფება პირველად სწორედ აშოტ ბაგრატიონისა და თეოდოსი აფხაზთა მეფის  ერთობლივი ბრძოლის პროცესში გამოჩნდა.

ძალზე მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ისტორიულ წყაროებში აფხაზთა მეფეების მიერ წარმოებული საეკლესიო მშენებლობის შესახებ არა მარტო აფხაზთა სამეფოს ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს დანარჩენ ისტორიულ რეგიონებში, რომლებსაც თანდათანობით იერთებდნენ „აფხაზთა“ მეფეები. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მატიანე ქართლისაჲს“ და ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მონა­ცემები, რომლებზეც „აფხაზთა“ მეფეთა სამშენებლო წარწერებია დაცული. ქრო­ნოლოგიურად ყველაზე ადრეული ცნობა აფხაზთა მეფეების საეკლესიო მშენებლობის  შესახებ დაცულია X საუკუნის ქართველი მწერლის გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, რომელიც ეხება აფხაზთა მეფის დემეტრე II–ის (825-861წწ.) თხოვნით გრიგოლ ხანძთელის მიერ სამეფოს ტერიტორიაზე სოფ. უბეში ტაძრის აგე­ბის ისტორიას. ნიშანდობლივია, რომ გიორგი მერჩულე განსაკუთრებული პატივისცემითა და მოწიწებით აღ­წერს აფხაზთა მეფის დემეტრე II-ის, როგორც ქრისტიანი და სარწმუნოებისათვის თავდადებული მეფის სახეს. „წმიდაო მამაო, - მიმართავს დემეტრე მეფე გრიგოლს, - აჰა, იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ მაქუს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შენებაჲ. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და, სადაცა სიწმინდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშენოთ ადგილი იგი.“ როგორც ვხედავთ, აფხაზთა სამეფოს ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობის იდეა დემეტრე II-ს ეკუთვნოდა და სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო გრიგოლ ხანძთელმა ტაძრის აგება: „მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მე­ფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბჱ“.  ამ ისტორიულ მოვლენაზე მიუთითებს უბისის ტაძრის წარწერა, რომელშიც დემეტრე მეფე (825-861წწ.) არის დასახ­ელებული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს წარწერა დათარიღებულია XII ს. 40-იანი წლებით[48], სარწმუნოა, რომ იგი IX ს. წარწერაა  და მასში დემეტრე აფხაზთა მეფე იყო დასახელებული და არა დავით აღმაშენებლის ვაჟი საქართველოს მეფე დემეტრე I (1025-1056წწ.), რომლის დროსაც რესტავრაცია ჩაუტარდა ამ ტაძარს და  წარწერის „მეფე დემეტრე“ გაიგივებული იქნა დემეტრე I ბაგრატიონთან. ამ შემთხვევაში ნარატიული და ეპიგრაფიკული წყაროების შეჯერების საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აღნიშნული ტაძრის მშენებლობა დემეტრე II (825-861წწ.) აფხაზთა მეფის ზეობის წლებით თარიღდება.

დემეტრე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 861 წელს, მიუხედავად იმისა, რომ  მას დარჩა მცირეწ­ლოვანი შვილი _ ბაგრატი, აფხაზთა სამეფო ტახტი დაიკავა მეფის ძმამ გიორგი I-მა (861-868წწ.). როგორც ჩანს, გიორგის გამეფება ბაგრატის მცირეწ­ლოვანებით იყო გამო­წ­ვე­ული. მსგავსად წინამორბედებისა, გიორგი პირველიც აქტიურ სახელმწიფოებრივ და საე­კ­ლე­სიო პოლიტიკას აგრძელებდა. იგი აფხაზთა მე­ფეებს შორის პირველია, ვინც ბრძოლა დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოს შემოერთე­ბისათვის და აქტიურად ჩაერთო იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებსაც „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორმა “ბრძოლა ქართლსა ზედა“ უწოდა. თუ IX საუკუნის დასაწყისში „აფხაზთა მეფე” აშოტ ბაგრატიონს ეხმარებოდა ქართლისათვის წარმოებულ ბრძოლაში, ამჯერად IX საუკუნის მეორე ნახევრიდან, გაძლიერებული აფხაზთა მე­ფეები ცდილობენ თავად ჩაერთონ ამ ბრძოლაში. აფხაზთა სამეფოს ჩარევა შიდა ქართლის საქმეებში IX საუკუნის 60-იანი წლებიდან სრულიად რეალურ სახეს იღებს და ქართლისათვის ბრძოლას არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მნიშვნელობაც მიეცა. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, რომ აფხაზთა მეფე, რომელიც იბრძვის როგორც შიდა ქართლზე გამავალი, ისე დარიალის გზისათვის, ამავე დროს ცდილობს ხელში ჩაიგდოს ბარდავიდან საქართველოსაკენ მიმავალი გზის მონაკვეთი, რომელიც ალაზნის აყოლებით გავაზზე გადის.[49] მომდევო ხანებში აფხაზთა მეფეები აფართოებენ ბრძოლას, ამჯერად სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. 

გიორგი I (861_868წწ.) „აფხაზთა“ მეფის სახელი დაცულია არმაზში (ქსნის ხეობაში), ერთ-ერთი ეკლესიის საამშენებლო წარწერაში, რომელიც დათარიღებულია გიორგი მე­ფის ზეობის წლებით, კერძოდ, 864 წლით. წარწერაში ვკითხულობთ: “ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თ/ა ღ(მრ)თისაჲთა, მე, გ(იორგ)[ი] [არმაზელმა] მ(ა)მ(ა)ს(ა)ხლ(ისმა)ნ დ(ა)[ვ(ი)წყ]/ე წ(მიდა)ჲ ეკ(ლე)ს(ია)ჲ ქრ(ო­ნი)კ(ონ)სა, პდ, ჴ(ე)ლმწ(ი)ფ(ობა)სა/ გ[იორგი]სა.”[50]3

IX საუკუნის 60-იან წლებში, 864 წლისათვის, როცა საფუძველი ჩაეყარა ტაძრის მშე­ნებ­ლო­ბას, „ხელმწიფის“ ტიტულს ქართული პოლიტიკური ერთეულების ლიდერებიდან მხოლოდ „აფ­ხაზთა“  მეფეები ატარებდნენ. ბუნებრივია, წარწერაში დასახელებული „ჴელმწიფე“  უნდა იყოს „აფხაზთა” მეფე გიორგი I.

თავის დროზე არმაზის წარწერის „გიორგი მეფის“ იდენტიფიკაცია მოხდა გიორგი აფხაზთა მეფესთან, რადგან სწორედ ამ დროს, 864 წლის მახლობელ ხანებში, გიორგი I განაგებდა აფხაზთა სამეფოს ქართლითურთ.[51] ამაზე მიუთითებს სხვა წყაროც, კერძოდ, „მატიანე ქართლისაჲ“: „გამოვიდა გიორგი აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დე­მეტრესი, ძე ლეონისი, დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას ძე დემეტრესი“.[52] მატიანის ეს ცნობა გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. მ. ლორთქიფანიძის აზრით, ამ პერიოდიდან ტაო-კლარჯეთის მმართველები ვერ ახერხებენ დამოუკიდებელ ბრძოლას ქართლისათვის, რითაც ისარგებლა „აფხაზთა“ სამეფომ და იგი ქართლის შემოერთებისათვის ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო[53], რასაც გიორგი I-ის მიერ ქართლის „აფხაზთა“ სამეფოს საერისთავოდ გამოცხადება მოჰყვა. მოგვიანებით, აფხაზთა სამე­ფომ დროებით დაკარგა შიდა ქართლი, მაგრამ უდავოა, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო არმაზის ტაძრის მშენებლობა, რომლის საამშენებლო წარწერაში ასახვა ჰპოვა აფხაზთა მეფეების მიერ დაწყებულმა ბრძოლამ ქართული მიწების გაერთიანებისათ­ვის[54]

საყურადღებოა, რომ ამ პოლიტიკას აფხაზი ავტორები ს. ლაკობა და ო. ბღაჟბა ჩვეულებრივ „დაპყრობით“ პოლიტიკას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ასეთი პოლიტი­კით აფხაზმა მეფეებმა უბრალოდ განავრცეს აფხაზური ეთნოსის განსახლების არე­ალი. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გიორგი I გვევლინება არა მარტო პოლიტიკური საზღვრების გაფართოების მომხრედ (შიდა ქართლის შემოერ­თება), არამედ საეკლესიო პოლიტიკის აქტიურ გამტარებლადაც (არმაზის ტაძრის მშე­ნებლობა ქართლში),  ანუ ქართლი მისთვის „დაპყრობილი“ ქვეყანა კი არ არის, არა­მედ მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ტერიტორია, სადაც მეფის მხარდაჭერით საეკლე­სიო მშენებლობა მიმდინარეობს. სავარაუდოა, რომ სწორედ გიორგი I უნდა იყოს  საეკლესიო რეფორმის მეორე ეტაპის დამწყები, რომელიც დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსო ტახტთან გაერთიანებას ისახავდა მიზნად. ეს გაერ­თიანება ერთბაშად არ მომხდარა და, როგორც ჩანს, იგი ბაგრატ I-ის (881-893 წწ.) ეპო­ქაში დასრულდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გიორგი I არის პირველი მეფე, რომელმაც გააფართოვა პოლიტიკური საზღვრები აღმოსავლეთის მი­მართულებით. ცხადია, საეკლესიო ერთიანობის იდეა, რომელიც მანამდეც არსებობდა,  ამის შემდეგ გაცილებით უფრო აქტიური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც მყარი გახდებოდა. რეალურად სწორედ ამ დროს უნდა დაწყებუ­ლიყო მცხეთის ტახტთან „აფხაზთა საკათალიკოსოს“ გაერთიანების პროცესი. როგორც ჩანს, გიორგი I-ის მიერ დაწყებული საეკლესიო რეფორმის მეორე ეტაპი შეაფერხა აფხაზთა სამეფო ტახტზე დინასტიურმა ცვლილებებმა 868-881 წლებში, მაგრამ სამეფო ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ბიძის მიერ დაწყებული საქმე, როგორც უკვე ითქვა, წარმატებით დაგვირგვინდა ბაგრატ I-ის ეპოქაში. 

868 წელს უშვილო გიორგი I გარდაიცვალა. აფხაზთა სამეფო ტახტი არსებული მემ­კვი­დ­რე­ობის წესით ეკუთვნოდა გიორგი I-ის ძმის დემეტრე II-ის ვაჟს _ ბა­გრატს, რომელსაც გიორგი I-მა ქართლის ერისთავობა უბოძა[55]. ამიერიდან აფხაზთა სამეფოში ტრადიციად და­მ­კ­ვიდრდა, რომ ტახტის მემკვიდრეები მამის სიცოცხლეში ჯერ ქართლის  ერისთავები ხდებოდნენ. ბაგრატი ქართლის ერისთავად ჩანს გიორგის მეფობის უკანასკნელ წლებში, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ „აფხაზთა სამეფო“ ტახტი დროებით ხელში ჩაიგდო სხვა დინასტიამ. 868 წელს სამეფო ტახტი დაიკავა იო­ანე შავლიანმა, ხოლო ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ ბაგრატმა თავი ბიზანტიას შეა­ფარა. შავლიანების დინასტია სამეფოს 20 წლის განმავლობაში 881 წლამდე განაგებდა. ამ პერიოდში აფხაზთა სამეფომ ვერ შეძლო შიდა ქართლის შენარ­ჩუნება და იგი კახეთის მეფეებმა დაიმორჩილეს. 881 წელს ბაგრატ უფლისწულს ბი­ზანტიამ რეალური დახმარება აღმოუჩინა და “მოსცნა ბერძენთა მეფემან ლაშქარი, და მოგზავნა ზღვითდა ნავით შემოვიდა აფხაზეთად, მოკლა (ბაგრატმა _ ავტ.) ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი”. ბაგრატი აფხაზთა სამეფოს ისტორიაში შევიდა ბაგრატ I-ის სახელით. მისი მეფობის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა „აფხაზთა სამეფო“. პოლიტიკური მოსაზრებით ბაგრატ I დაქორწინდა ადარნასე შავლიანის ქვრივზე, რომელიც იყო გუარამ მამფალის ასული. ამ დროს დასავლურქართულმა სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო სამხრეთქართული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა. IX საუკუნის 80-იანი წლებიდან ბიზანტიის მხარდაჭერით აფხაზთა სამეფოს ტახტზე განმტკიცებული ბაგრატი ეხმარება  ბიზანტიაში გახიზნულ თავის ცოლისძმას, გუარამ მამფალის ვაჟს, ნასრს. მან გამოიყვანა ნასრი ბიზანტიიდან, “მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრმა შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრხეს, ჯუარციხე და ლომ­სიანთა.“[56] ბაგრატის ეს ჩარევა ამჯერად წარმატებული ვერ აღმოჩნდა, მაგრამ მომ­დევნო საუკუნეში მისი შთამომავალი ლეონ III უკვე სერიოზულ პოლიტიკურ საყრდენს ფლობდა სამხრეთ საქართველოში და მის მნიშვნელოვან ნაწილს, კერძოდ, ჯავახეთს დაეუფლა. 

ბაგრატ I-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტის მემკვიდრეობის წესი კვლავ გასწორდა და ტახტი კარგა ხნის მანძილზე მამიდან უფროს შვილს გადაეცემოდა. 893 წელს გამეფდა ბაგრატის ვაჟი და კანონიერი მემკვიდრე _ კონსტანტინე III (893-922 წწ). ის უფრო აქტიურ პოლიტიკას ატარებდა  საქართველოს გაერთიანების მიმართულებით. IX_X საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა სამეფომ დაკარგა შიდა ქართლი, რომელსაც დროებით დაეუფლა ადგილობრივ ფეოდალთა წარჩინებული ფენა, მაგრამ 904 წელს კონსტანტინე III-მ შეძლო, აღედგინა თავისი ძალაუფლება შიდა ქართლში და უფლისციხეში კვლავ თავისი ერისთავი დასვა.

912 წელს ამიერკავკასია დალაშქრეს არაბებმა საჯი ამირას აბულ-კასიმის მეთაურობით. მათი მთავარი მიზანი სომეხთა მეფის სუმბატ ბაგრატუნის დამორჩილება იყო. სუმბატმა მტერს ვერ გაუწია წინააღმდეგობა და თავი მოკავშირე „აფხაზთა“ მე­ფის კონსტანტინე III-ის სამფლობელოს შეაფარა. აბულ-კასიმმა დალაშქრა ქართლი, რომელიც ამ დროს „აფხაზთა“ სამეფოს ნაწილი იყო. ვერც კონსტანტინე III-მ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა მტრისათვის. „შემოვიდა ქართლად (აბუსაჯისძე), მოაოხრა ქართლი...“ და რათა არ გამაგრებულიყო ქართლში „მოარღჳინეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ“[57]. მართალია, დასავლეთ საქართველო გადაურჩა ამ შე­მოსევებს, მაგრამ აფხაზთა მეფემ, როგორც ჩანს, ახლად გამაგრებული  უფლისციხის კედლები დაანგრია, რათა იქ არაბები ვერ გამაგრებულიყვნენ. აბულ-კასიმის წასვლის შემდეგ კონსტანტინე III-მ კიდევ უფრო გაააქტიურა თავის პოლიტიკა აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკემ მიიწვია კონსტანტინე III ჰერეთში სალაშქროდ. კვირიკე კახთა მეფემ და კონსტანტინე III-მ ჰერეთი დალაშქრეს, რომლის შემდეგ აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში გადავიდა ორი სიმაგრე ჰერეთში: არიში და გავაზი. ამ ისტორიულ მოვლენებს ეხმაურება ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც, ძირითადად, მოგვითხრობენ კონსტანტინე მეფის მიერ წარმოებული საეკ­ლესიო მშენებლობის შესახებ, მაგრამ გვერდს ვერ უვლიან აღნიშნული პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებს. 

კონსტანტინე III-ის ინიციატივით აიგო ერედვისა და სამწევრისის ტაძრები, რასაც ამ ტაძრებზე დაცული საამშენებლო წარწერები მიუთითებენ. ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის ფასადებზე  1943 წელს რ. მეფისაშვილმა პირვე­ლად გაშიფრა და ამოიკითხა ეკლესიის მთავარი საამშენებლო წარწერა, რომელიც მო­თავსებულია ტაძრის სამხრეთის ფასადის მრგვალი სვეტის ზედა ნაწილის ირგვლივ:

“[სახ]ელითა ღ(მრთისა)ჲთა მ[ამისა, ძისა და] სუ[ლისა  წმიდისაჲთა], მეოხებითა წმ(ი)დ(ი)სა ღ(მრ)თი[სმშ]ობელისაჲთა, [შეწევნითა წ(მი)დ(ი)სა გი](ორგი)სითა, ჴელმწი­ფობასა ღ(მრ)თ(ი)ვდამყარ[ე]ბულისა წმიდ[ი]სა კ[ოსტანტი]ნე მეფისასა, რ(ომე)ლ(მა)ნ  ბრძანა  და ჩავიდა  ჰერე/თს [შ]იგან, ჰერთა  მეფ[ე]ჲ გა(ა)[ქ]ცია  და მუნით  მშუიდო­ბით იქცა, ცისკრად ალავერდს ილოცა, [მ]წუხ(რ) ბრეძას გადაჰჴთა, მეორედ კ(უ)ლა ავიდა, ვეჯინ/ისა ციხე დალეწა; ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა, მთავა/რე[ბი]სკო[სო]ბასა  სანატრელისა ყ(უარყუარ)ესა, ჯ(უა)რითა მისითა; გაზრახ­ვითა  ნიქოზ/ე[ლი]სა _ სანატრ[ე]ლისა სტეფანე ებისკოსისაჲთა, ძალითა, შეწევნითა  მოყუას/თაჲთა, მე თ(ევდორ)ე თაფლაჲსძემან დავდე საძირკველი _წელნი იყ(უ)ნეს ხფი, ქორონიკ[ონსა რკვ].[58]

წარწერაში იკითხება ეკლესიის მშენებლობის დაწყების თარიღად _ხფი _906 წელი, თუმცა მასში დასახელებული  ისტორიული მოვლენები ოდნავ გვიან მოხდა. აღნიშნული მოვლენები ზუსტ ასახვას პოულობენ სხვა ისტორიულ წყაროებში, კერძოდ, “მატიანე ქართლისაჲს” ავტორი წერს, რომ აბულ-კასიმის მეორედ ლაშქრობის შემდეგ “უჴმო კვირიკე ქორეპისკოპოსმან კოსტანტი აფხაზთა მეფესა, ჩავიდა ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჯინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედათ კერძო და კჳრკე  ქვე­მოთ. და ვითარ მისწუდეს  წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა პარასკევის ჯუარსა, მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი და კვირიკეს ორჭობი. ვითარ დაიზავნეს და შემოიქცეს. მოვიდა კოსტანტი, ილოცა  ალავერდს წმ. გიორგის წინაშე, შემოსა ხატი მისი ოქროთა. ხოლო ლაშქარი მისი უმრავლესი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კჳირიკე ქორეპისკოპოსმან და წარვიდა ქვეყნად თჳისად.”[59]. როგორც ვხედავთ, ორივე წყარო, წარ­წერა და მატიანეც ერთი და იმავე მონაცემებს გვაწვდის კონსტანტინე „აფხაზთა“ მე­ფის მიერ ჰერეთს ლაშქრობის შესახებ. აღნიშნული ლაშქრობა მატიანის მიხედვით, საქართველოში აბულ კასიმის ლაშქრობის, ე.ი. 914 წლის შემდეგ მოხდა. მაშასადამე,  ერედვის წმ.გიორგის ეკლესიის მშენებლობა კონსტანტინე მეფის ინიციატივით, ხუროთმოძღვარ თევდორე თაფლაჲსძეს 906 წელს დაუწყია და 914 წლის შემდეგ დას­რულებულა.

ყურადღებას იქცევს კონსტანტინე მეფისა და კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსის ჰერეთში ერთობლივი ლაშქრობის ისტორიის ცალკეული დეტალები, რომელშიც მემა­ტიანე ხაზგასმით აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს მეფის დამოკიდებულებას აღმოსავლურქართული სიწმინდეების მიმართ. „აფხაზთა“ მეფეს ამ დროს მყარად უჭირავს შიდა ქართლი, რომელსაც მის მიერ დასმული ერისთავი უფლისციხიდან განაგებდა, მაგრამ ჰერეთს ლაშქრობის შემდეგ კონსტანტინემ მიიღო „არიში და გავაზნი“[60]. ამიერიდან, პრაქტიკულად ისტორიული ქართლი მთლიანად (გარდა თბი­ლისის საამიროსი, რომლის ტერიტორია თანდათან მცირდებოდა) „აფხაზთა” მეფეს დაემორჩილა, რაც „აფხაზთა” მეფეთა მიერ IX საუკუნის 60-იან წლებში საფუძველჩაყ­რილი პოლიტიკის _ ქართული მიწების  გაერთიანებისათვის  ბრძოლის  ერთი ბრწყინ­ვალე ფურცელი იყო.

კონსტანტინე III-ის საეკლესიო საამშენებლო საქმიანობის შესწავლის თვალსაზ­რისით მნიშვნელოვანი წყაროა სამწევრისის წარწერა, რომელიც წარმოადგენს მა­მასახლის დომნინოსისა და გიორგი თუალოჲსძის წარწერას კონსტანტინე მეფის მოხ­სენიებით:

“† ზ(ედ)ა წელსა კ-ს კოსტანტინე მეფისა მე, დომნინოს, სამწევრისა ჯუარისა მა­მასახლისმან და გი/ორგი თუალოჲსძემან მოვიღეთ რუვი ესე ჯუარად./ და არავი[ნ] არს სხუაჲ მო[მ]ხუმარე და [უფალი] რუვისა ამის, გარნა/ პატიოსანი ჯუარი და გიორგი, ვინ ესე აღმოიკითხოს მე, დომნინოს, მონაჲ ჯუარისაჲ, [ლოცვასა მომიჴსე­ნეთ და თუალოჲს]ძეცა/ გ(იორ)გი ქ(რისტე)მ(ა)ნ შე(ი)წყ(ალე)ნ. ამენ. იყავნ.”[61]

წარწერა დათარიღებულია კონსტანტინე მეფის ზეობის მე-20, ე.ი. 912 წლით. თუ გა­ვითვალისწინებთ, ერედვის წმ.გიორგის ეკლესიის წარწერისა და „მატიანე ქართლი­საჲს“ ზემოთ მოყვანილ მონაცემებს, სწორედ ამ პერიოდში ფლობდა „აფხაზთა“ მეფე კონსტანტინე III ქართლის მნიშვნელოვან ნაწილს.

ზოგადად, არმაზის, ერედვის, სამწევრისის ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე “აფხაზთა” მეფეების დასახელება არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ ადგილობრივი საერო და საეკლესიო ფენის წარმომადგენლებისთვის სავალდებულო იყო მეფის ზეობის წლებით დაეთარიღებინათ დიდი მშენებლობები.[62] რასაკვირველია, ეს ვერ მოხდებოდა „დამპყ­რობელი“ მეფის პირობებში.

საყურადღებო ფაქტია, რომ აფხაზი ავტორები ს. ლაკობა და ო. ბღაჟბა  იცნობენ სამწევრისისა და ერედვის წარწერებს, თუმცა ერთ-ერთი მათგანის (ერედვის) ლოკალი­ზაციას შეცდომით კახეთში ახდენენ[63]2. ავტორების აზრით, ეს მიუთითებს, რომ კონ­სტანტინემ ქართლი დაიპყრო, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ ბრძოლა ქართლისათვის მიმ­დინარეობდა აფხაზთა და სომეხთა სამეფოებს შორის. ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას წიგნში არსად არ არის ნახსენები „ქარ­თველთა სამეფო”, ან კახეთის სამეფო. მკითხ­ველს შთაბეჭდილება რჩება, რომ თანამედროვე საქართველოს აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი მაშინ სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო და ბრძოლა მიმდი­ნარეობდა აფხაზურ და სომხურ სამეფოებს შორის.[64] აფხაზი ავტორები იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტსაც, რომ ეს ეპიგრაფიკული მასალა _ აფხაზთა მეფეთა წარწერები ქართულ ენაზეა დაცული და არსად  არ ახსენებენ, რატომ წერ­დ­ნენ ისინი თავიანთი საქმიანობის შესახებ ქართულად და არა ბერძნულად, ან აფხაზურად? მა­შინ, როცა  კონსტანტინე II_ის ბერძნულენოვან წარწერაზე საგანგებოდ ჩერდებიან და ეს ერ­თა­დერთი წარწერა აღმოჩნდა არგუმენტი იმის, „დასასაბუთებლად”, რომ „აფხაზთა” მეფეები ბერ­ძნულად აწარმოებდნენ სამეფო კანცელარიის საქმიანობას. 

დავუბრუნდეთ ისევ კონსტანტინე III-ს, რომელიც ცდილობდა გაემაგრებინა თავისი პოზიციები ქართლსა და კახეთში. ამ მიზნით კონსტანტინე III დინასტიური ქორწინებით დაუკავშირდა კახეთის ქორეპისკოპოსს, რითაც შეძლო ზურგი გაემაგრებინა თავისი პოლიტიკის შემდგომი გაფართოების პირობებში. კონსტანტინე III შეეცადა ალანთა კარის მიმდებარე ქვეყნების დამორჩილებას, ანუ მან სცადა ქართლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადამავალი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის გზა გაეკონ­ტროლებინა. სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის ცნობით: „ეგრისის მეფე კონსტანტინემ . . . შეკრიბა ჯარი და გაემართა ჩრდილოეთის მხრით  კავკასიის მთის ხევებით, რათა გუგართა ქვეყანა და ალანთა კარის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა თავის ხელქვეით დაემორჩილებინა”[65]. აფხაზთა მეფის ამ განზრახვას, დრასხანაკ­ერტელის ცნობით, წინ აღუდგა სომეხთა მეფე სუმბატ ბაგრატუნი. მართალია, კონ­სტანტინე III ამ ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ვერც სუმბატმა შეძლო ალანთა კარის მიმდებარე ტერიტორიის დაკავება.

როგორც ჩანს, კონსტანტინე III_ს ალანთა კარის (დარიალის)  ხელში ჩაგდების გარდა სხვა უფრო ფართო მიზნებიც ჰქონდა. „აფხაზთა სამეფოს“ ისტორიაში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვანი ადგილი უჭირავს ალანთა გაქრისტიანების საკითხს. ბიზანტიის იმპერია აქტიურად ცდი­ლო­ბდა ოსეთში ქრისტიანობის გავრცელებას, მაგრამ ეს პრობლემა IX_X საუკუნეებამდე კვლავ გადაუჭრელი იყო. მართალია, ოსები ქრისტიანობას ადრი­დანვე იცნობდნენ, მაგრამ მიუ­ხედავად ამისა, ქრისტიანობა აქ ფეხს ვერ იკიდებდა. IX საუკუნიდან ოსების გაქრისტიანება შედარებით წარმატებით წარიმართა.[66] ბიზანტიის იმპერიისა და გაძლიერებული „აფხაზთა” სამეფოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსეთზე გავლენის მოპოვებას. მ. ლორთქიფანიძის აზრით, ბიზანტიის იმპერია და „ეგრის_აფხაზეთი ერთნაირად ცდილობდნენ ოსთა დამორჩილებას და ამ მიზნით, ორივე სახელმწიფო იყენებდა იდეოლოგიურ საშუალებას, ქრისტიანულ სარწმუნოებას და ცდილობდა ქრისტიანობის შეტანასა და გავრცელებას ალანებში.[67] „აფხაზთა” სამეფოს ალანებისა და საერთოდ, ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების მიმართ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზნები და მისწრაფებები ამოძრავებდა. კერძოდ, ეს უნდა ყოფილიყო „აფხაზთა” სამეფოს ჩრდილოეთი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კონსტანტინე III, სწორედ ამ მიმართულებით წარმართავდა თავის ღონისძიებებს, კერძოდ, მისი მხარ­დაჭერით ალანთა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად გაიგზავნა არქიეპისკოპოსი. ეს, რა თქმა უნდა, ბიზანტიის ინტერესებშიც შედიოდა, ამიტომ კონსტანტინე მეფის ამ ღონისძიებას, როგორც ჩანს, ბიზანტიის მმართველი წრეები და ბერძენი პატრიარქიც იწონებდნენ. ამ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს ბიზანტიის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის (914-925წწ.) წერილები გიორგი II „აფხაზთა“  მეფისადმი[68], საიდანაც ირკვევა, რომ ალანებში ქრისტიანობის  შეტანის საქმე კონსტანტინე III-ის დროს დაწყებულა. კონსტანტინე მეფის ინტერესები ალანებისადმი ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როცა მან ალანთა კარის (დარიალის) შემოერთება გადაწყვიტა, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ შეძლო. როგორც ვხედავთ, ეს ბრძოლა იმ დიდი პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც ითვალის­წინებდა ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების მხრიდან „აფხაზთა“ სამეფოს საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებას და, შესაბამისად, იქ ქრისტიანობის ქადაგებას, რაც მნიშვნელოვანი იდეოლოგიური დასაყრდენი იქნებოდა „აფხაზთა” სამეფოსათვის.

კონსტანტინე III-ის მიერ წამოწყებული დიდი პოლიტიკის გამგრძელებელი ჩანს მისი ვაჟი გიორგი II (922-957წწ.). გამეფების პირველ წლებში გიორგი II-ს ტახტს ეცილებოდა თავისი ძმა ბაგრატი, რომელიც მალე გარდაიცვალა და გიორგიმ „დაიპყრა სრულიად აფხაზეთი“. ამ პერიოდისათვის „სრულიად აფხაზეთი“ ეწოდებოდა არა მარტო საკუთ­რივ აფხაზეთს, ან მთელ დასავლეთ საქართველოს, არამედ აფხაზთა სამეფოს მთელ ტერიტორიას შიდა  ქართლითა და ჰერეთითურთ.

გიორგი II აფხაზთა მეფეს წყაროები ახასიათებენ, როგორც ეკლესიათა მაშენებელს, ღვთისმოსავსა და გლახაკთა მოწყალეს. „მატიანე ქართლისაჲს“ უცნობი ავტორის სიტყვებით, „იყო იგი სრული ყოვლისა სიკეთისა, სიმჴნითა და ახოვანებითა; ღმრთის-მოყუარე იყო, უმეტეს მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხვი და მდაბალი, და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული.”[69]  მსგავს დახასიათებას გვაწვდის ვახუშტი ბაგრატიონიც: „ესე გიორგი მეფე იყო ღუთისმოშიში და მოყუარული, ჰაერო­ვანი, მჴნე, ახოვანი, მოწყალე, უხვი, ეკლესიათა მაშენებელი და ქურივ-ობოლთა შემწყ­ნარე“[70].3 ალბათ, ნაკლებად წარმოსადგენია, რომელიმე ქვეყნის მემატიანეს მეზობელი ხალხის “დამპყრობელი” მეფე ასეთი დახასიათებით წარედგინოს შთამომავლებისათვის. ქართველი მემატიანეების ამგვარი დამოკიდებულება “აფხაზთა” მეფეების მიერ წარმოე­ბული, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე საეკლესიო პოლიტიკისადმი, როგორც ზემოთ ითქვა, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ მათ ეთნიკურ ვინაობაზე, ადგილსა და როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

IX საუკუნის II ნახევრიდან ბიზანტიის იმპერიის საშინაო და საგარეო მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში თავისი ძველი გავლენის აღდგენა ვერ მოახერხა. ამიერიდან ბიზანტიის იმპერიამ დასავლეთ საქართველოს მი­მართ ტაქტიკა შეიცვალა და შეეცადა ფორმალური გავლენა მაინც შეენარჩუნებინა საქართველოს ამ ნაწილზე. “ამ დროს ქართველთა ყმობა, – წერს ივ. ჯავახიშვილი, _ მხოლოდ გარეგნული  ყოფილა და უფროს-უმცროს სამეფოთა შორის კავშირს უფრო უდრიდა ვიდრე ნამდვილს პოლიტიკურ დამოკიდებულებას”.[71] მიუხედავად ამისა, ამ ფორ­მალურ დამოკიდებულებას იმპერიის მესვეურები კარგა ხნის მანძილზე დიდი გულ­მოდგინებით იცავდნენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქრისტიანული ქვეყნების მეფეების მიმართ. ნიშანდობლივია „აფხაზთა” მეფეებისადმი ბოძებული ტიტულატურა და მიმართვის წესი. გიორგი II აფხაზთა მეფეს ბიზანტიის იმპერიის პატრიარქი ნიკო­ლოზ მისტიკოსი „ექსუსიასტს”, ან „ბრწყინვალე ექსუსიასტს” უწოდებდა, მაგრამ არასოდეს უწოდებდა მას „მეფეს”. მიუხედავად იმისა, რომ „აფხაზთა” მეფეებს ამ ტიტულით არ მოიხსენიებდნენ, ბიზანტია მათ მაინც დამოუკიდებელ ხელისუფლად თვლიდა. ნიკოლოზ მისტიკოსი გიორგი II-ის „მეფური ღირსების” შესახებაც ლაპარაკობს და არსად არ მიმართავს მას „მეფის” ტიტულით. ეს ფაქტი, მაშინ როცა ბიზანტიის პა­ტრიარქი კავკასიის არცერთ მეფესა და მთავარს „მეფის” ტიტულით არ მოიხსენიებს, გიორგი II-ის დიდ ავტორიტეტსა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე მიუთითებს.

ნიკოლოზ მისტიკოსის წერილებიდან ჩანს, რომ ბიზანტიას სურს, „აფხაზთა“ სამეფომ გააგრძელოს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ დაწყებული პოლიტიკა, პირველ წერილში პატრიარქი გიორგი II-ს შეახსენებს თავისი მამის საქმიანობას და ურჩევს, ეს გზა მანაც გააგრძელოს. „შენ საკმაოდ შეგნებული და გონიერი ხარ და მამაშენის საქმიანო­ბასაც იცნობ, რომ ადამიანთა ხსნისათვის, ღვთის დიდი სახელის დიდებისათვის, სა­ზოგადოდ... შენი მოღვაწეობით გვერდში ამოუდგე მას”[72] (იგულისხმება ალანთა არქიეპისკოპოსი). ნიკოლოზ მისტიკოსის სხვა წერილებიდან კარგად ჩანს, რომ გიორგი II „აფხაზთა” მეფემ წარმატებით გააგრძელა მამის საქმე და უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ალანებში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. „შენ ღვთის ცნების მიხედვით, დიდი ამაგი დასდე და განანათლე ალანიის მმართველი და ყველა ისინი, ვინც მასთან ერთად ღირსი გახდა წმინდა ნათლისღებისა”, _ წერს ბიზანტიის პა­ტრიარქი.[73]2 როგორც ჩანს, “აფხაზთა” მეფე უშუალოდ მონაწილეობდა ალანთა მთავრისა და მისი ახლობლების გაქრისტიანების საქმეში[74]

„აფხაზთა” მეფეების მიერ წარმოებული ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა მიმართული იყო „აფხაზთა” სამეფოს პოლიტიკური გავლენის გავრცელებისაკენ ამ რეგიონში და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამავე დროს დაკავშირებული იყო ჩრდილოეთის მხრი­დან სამეფოს სა­ზ­ღ­ვ­რების უსაფრთხოების განმტკიცებასთანაც. ამ ფაქტზე მიუთითებს ქარ­თული მარ­თლმ­ა­დი­დებლური ტაძრების არსებობა დასავლეთ საქართველოდან ოსეთში გადასასვლელ გზებზე  და ქართული ქრისტიანული ტერმინოლოგია, რომელიც დადასტურებულია ოსურ ენაში.[75]

გარდა „მატიანე ქართლისაჲსა“ და ნიკოლოზ მისტიკოსის წერილებისა, გიორგი II-ის სარწმუნოებრივი პოლიტიკა სხვა წყაროებითაც დასტურდება. მაგალითად, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, როგორც ლაპიდარული, ისე ჭედური წარწერები მოგვითხრობენ გიორგი II-ის საქმიანობაზე ამ მიმართულებით. გიორგი II–ის ეპოქაში მისივე ინიცია­ტივით აიგო ჭყონდიდის, ხოფისა (ხვაფის) და ქიაჩის ტაძრები.  აღნიშნული ინფორმაცია დაცულია ზემოთხსენებულ ქართულ წარწერებში. 

ჭყონდიდის (მარტვილის) ტაძრის მშენებლობის ისტორიას მოგვითხრობს „მატიანე ქართლისაჲ”: „აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი.[76]” მატიანეში დაცულ ინფორმაციას ტაძრის მშენებლობის შესახებ ეწინააღმდეგება ტაძრის დღევანდელი დათარიღება. გ. ჩუბინაშვილისა და ნ. ალადაშვილის სპეციალური გამოკვლევებით დაზუსტდა, რომ ჭყონდიდის ტაძარი  აგებული უნდა იყოს VII საუ­კუნეში.[77] ტაძრის წარწერების შესწავლის საფუძველზე, ვ. სილოგავა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სწორია „მატიანე ქართლისაჲს” ცნობა გიორგი II აფხაზთა მეფის მიერ ჭყონდიდში საეპისკოპოსო კათედრის დაარსების შესახებ, მაგრამ ტაძარი აგებუ­ლია VII საუკუნეში, გიორგი II აფხაზთა მეფემ გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა: განახლდა და შეკეთდა ტაძარი, აიგო საეპისკოპოსო სახლი და სხვა ნაგე­ბობანი.[78]7 რაც შეეხება ტაძრის საამშენებლო წარწერას, იგი მოგვითხრობს 996 წელს ბაგრატ III-ის (978-1014წწ.)  მიერ სანათლავის აგების ისტორიას.

გიორგი II-ის მიერ აგებულია ხოფის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გუდაუ­თის რაიონში, რომლის საამშენებლო წარწერა მოგვითხრობს:

“[†] აღ(ა)შენა წ(მიდა)ჲ ე[სე ეკლესიაჲ] [. . .] მ(ა)მ(ადმ)თ(ა)ვ(ა)რმ[ან], [.] მ(ე)ფ(ო)ბ(ა)სა გ(იორგ)ჲ(ს)სა, ოდ(ე)ს [და]იბადა [გ(უა)რ(ა)ნდ(უ)ხტ] [. . . .] მ(ი)სა. წ(მიდა)ო  ნ(ი)კ(ო)ლ(ო)ზ, მ(ეო)ხ ეყავ წ(ინაშ)ე ქ(რისტე)სა.”[79]

წარწერის შინაარსი გვაუწყებს, რომ ხოფის ტაძარი იმთავითვე წმ. ნიკოლოზის სახელზე  ყოფილა აგებული. რაც შეეხება წარწერის დათარიღებას, ვ. სილოგავას ვა­რაუდით, წარწერის პალეოგრაფია XII საუკუნისაა და „წარწერაში დასახელებული გიორგი მეფე შეიძლება სრულიად საქართველოს მეფედ _ გიორგი მესამედ (1156-1184წწ.)  მივიჩნიოთ, ამის მიხედვით წარ­წერა 1156-1178  წლებით თარიღდება.”[80] მაგრამ წარწერის პირველგამომცემლის ა. ავიძ­ბას მონაცემებით, ხოფის წარწერაში მისი აღმოჩენის დროს იკითხებოდა ქალის სახელი გუარანდუხტ[81] (ლ. შერვაშიძის წაკითხვით), რაც ცვლის წარწერის დათარიღების ადრეულ ვარიანტს. ცნობილია, რომ გურანდუხტი, ეგრის-აფხაზეთის მეფე  გიორგი II –ის (922-957წწ.) ასული, გათხოვილი  იყო ტაო-კლარჯეთში „ქართველთა მეფის”  ბაგრატ II ბაგრა­ტიონის (958-994წწ.) შვილზე გურგენზე. წარწერა გურანდუხტის დაბადების ნიშნად არის ამოკვეთილი ხოფის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ფასადზე, რომლის მშენე­ბლობა ასულის დაბადებისას უნდა დაესრულებინა გიორგი მეორეს; ამდენად, წარწერაში დასახელებული მეფე გიორგი II არის „აფხაზთა” მეფე, რომლის ინიცია­ტივით აიგო ხოფის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი.

ქართული ჭედური წარწერები მოგვითხრობენ გიორგი II-ის მიერ ქიაჩის ტაძრისადმი განსაკუთრებით მდიდარი შეწირულების შესახებ. კერძოდ, მან ქიაჩის ტაძარს შესწირა ვერცხლის საცეცხლური და სამწერობელი, რომელსაც ქიაჩის ხატსაც უწოდებენ[82]. ვერცხლის საცეცხლურზე ვკითხულობთ: “† წ(მიდა)ო ეკლესიაო, მეოხ მეყავ მე, გ(იორგ)ი მეფესა წ(ინაშ)ე  ღ(მრთ)ისა”.[83]

გ. ჩუბუნაშვილმა ვერცხლის საცეცხლურის შესწავლის შემდეგ აღნიშნა,  რომ ეს არის ადრეული ქართული ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში და წარწერაში დასახელებული გიორგი მეფე არის „აფხაზთა” მეფე გიორგი II.

ქიაჩის ხატზე დაცული წარწერაც მოგვითხრობს, რომ იგი დამზადებულია გიორგი მეფის ინიციატივით. 

„ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა  ღ(მრ)თისაჲთა, მე,  გ(იორგ)I მ(ე)ფ(ე)მ(ა)ნ,  დავსხენ  ესე სამწერ­ობელნი წ(მი)დასა ამას ეკლესიასა ქიაჩს სალოცველად სულისა ჩემისათჳს. მღვდელნო, რაჟამს შესწირვიდეთ ხორცსა და სისხლსა ქრისტესა და ლოცვას მომიხ­სენეთ, ამენ. წმიდაო ღმრთისმშობელო,  მეოხ  მეყავ წინაშე ძესა შენისა და ღმრთისა ჩვენისა მე, გიორგი მეფესა.”[84]

ქიაჩის ხატი (სამწერობელი) გ. ჩუბინაშვილმა ვერცხლის საცეცხლურთან ერთად ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით შეისწავლა და X საუკუნის I ნახევრით, გიორგი II-ის მეფობის წლებით დაათარიღა.

როგორც ვხედავთ, აფხაზთა სამეფოს სახელმწიფოებრივი და საეკლესიო პოლიტიკა, რომელსაც ჯერ კიდევ IX საუკუნის 60-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი გიორგი I-მა და შემდეგ უფრო გაფართოვდა ბაგრატ I-ისა და კონსტანტინე III–ის მეფობის დროს, ახალ ფაზაში გადადის გიორგი II-ის ეპოქაში, რომლის მოღვაწეობის ხანა არის „აფხაზთა” სამეფოს არსებობის მანძილზე ყველაზე წარმატებული ხანა. X საუკუნის სომეხი ის­ტორიკოსი უხტანესი ამ პერიოდის „აფხაზთა” სამეფოს შესახებ წერდა, თუ როგორ გაფართოვდა და განვითარდა ეს ქვეყანა, გავრცელდა პონტოს ნაპირებზე და მისი საზღვრები აღწევდა სომეხთა და ალვანთა საზღვრებამდე, . . . ეს ტომი თავის თავდაპირველ ქვეყანაში იბერებს უწოდებდა თავის თავს, ხოლო აქ ჰქვიათ ქართ­ველები. და ამ ქვეყანას ჰქვია აფხაზეთი[85]. უხტანესის ეს ცნობა პირდაპირი დადასტურებაა იმ ფაქტისა, რომ აფხაზთა სამეფოს მოსახლეობას ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. აფხაზი ისტორიკოსები, მათ შორის ო. ბღაჟბა  და ს. ლაკობა[86], ცდილობენ გააყალბონ თანამედროვე აფხაზეთის ისტორია და ხშირად იშველიებენ უხტანესის მოტანილი ცნობის მხოლოდ პირველ ნაწილს, მეორე ნაწილს კი, სადაც  აფხაზეთის ვრცელი სახელმწიფოს  მოსახლეობის ეთნიკური ვინაობაა მითითებული, მკითხველს უმალავენ[87].

აფხაზთა მეფის გიორგი II-ის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ბრძოლა კახეთის შემოერთებისათვის. ფადლა ქორეპისკოპოსის გარდა­ცვა­ლე­ბის შემ­დეგ კახი ფეოდალების ერთმა ნაწილმა არ აღიარა კვირიკე II-ის (929-976წწ.) ხელისუ­ფლება და გადაწყვიტეს, კახეთი გიორგი II აფხაზთა მეფისათვის გადაეცათ. „შემდგო­მად გადგეს აზნაურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა. გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოსწუა და ასწყვიდა. . . და კუალად დადგა ატენს და ძე მისი ლეონ იყო ერისთავად ქართლისა”[88]. კახეთისათვის ბრძოლაში, როგორც მატი­ანის ავტორი გვამცნობს, მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო ქართლი, სადაც გიორგის უფროსი ვაჟი ლეონი ერისთავად იჯდა. კვირიკე ქორეპისკოპოსმა გიორგი მეფეს თავისი ძმა შურტა მიუგზავნა, რომელმაც „აფხაზთა” მეფეს გადასცა ციხეები უჯარმა, ბოჭორმა,  ლოწობანი და ნახჭევანი. ამ ციხეების აღება გიორგი მეფემ იოლად შეძლო. ნახჭევანის აღების შემდეგ „ვითარ იხილა კვირიკე ქორეპისკოპოსმან, რამეთუ არარა იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა, და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა”[89]. როგორც ჩანს, გიორგი მეფემ კვირიკე ქორეპისკოპოსი შეიპყრო, რო­მელმაც  სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა და გიორგი მეფეს კახეთი დაულოცა. მიუხედავად იმისა, რომ ქართლის ერისთავს _ ლეონს არ სურდა ცოცხალი გაეშვა კვირიკე ქორეპისკოპოსი, გიორგიმ შვილს არ უსმინა და იგი ცოცხალი დატოვა. უფრო მეტიც, შეიწყნარა კვირიკეს თხოვნა და გაზაფხულამდე მას ბოჭორმის ციხე დაუტოვა. ამასობაში კვირიკესთან ქართლის აზნაურების ჯგუფი მოვიდა და დახმარება აღუთქვეს გიორგი მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა დახმარებით „კუალად ეუფლა კვირიკე მამულსა თვისსა”, წერს „მატიანე ქართლისაის” ავტორი.

მიუხედავად ამისა, გიორგი მეფემ მაინც გააგრძელა ბრძოლა კახეთის შემოერთე­ბისათვის. მისი ძირითადი პოლიტიკა, საქართველოს გაერთიანე­ბისაკენ იყო მიმართული და, ბუნებრივია, რომ კახეთს თავს ვერ დაანებებდა. 956 წლის ახლო ხანებში გიორგი მეფემ კახეთის შემოსაერთებლად თავისი ვაჟი _ ლეონ ქართლის ერისთავი გაგზავნა. „კუალად გაგზავნა ლაშქარი თვისი, და ძე მისი ლეონ უჩინა წინამძღურად. და მივიდა და მოწუა კახეთი, და მასვე ლაშქრობასა შინა მოარ­თუეს ამბავი: მიცვალება დიდისა და ღმრთის-მოყუარისა გიორგი მეფისა”.[90] როგორც ვხედავთ, ლეონმა შეძლო მამის დავალების შესრულება, მაგრამ გიორგის გარ­დაცვალებამ აიძულა დროებით გადაედო კახეთის შემოერთების საკითხი. მან სასწრა­ფოდ ზავი დადო კვირიკე ქორეპისკოპოსთან და ქუთაისს დაბრუნდა.

957 წელს აფხაზთა სამეფოს ტახტი დაიკავა ლეონ III-მ (957-967წწ.). წყაროების მიხედ­ვით, გიორგი II-ს ოთხი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდა: ლეონი, დემეტრე, თეოდოსი, ბა­გრატი და გურანდუხტი. აფხაზთა მეფემ ორი ვაჟი - თეოდოსი და ბაგრატი, თავიდანვე ბიზანტიაში გაგზავნა, რათა მისი სიკვდილის შემდეგ ძმებს შორის ტახტისათვის ბრძოლა არ ატეხილიყო, “რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არ იყოს მათ შორის ბრძოლა და ჴდომა”[91]5. მიუხედავად ამისა, თეოდოსი მაინც დაბრუნებულა, რომელსაც, როგორც ჩანს, ტახტზე სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა.  957 წელს ლეონს ტახტზე ასვლისას წინააღმდეგობანი არ შეხვედრია და მან ენერ­გიულად გააგრძელა მამის პოლიტიკა; გამეფებისთანავე განაახლა ბრძოლა ქართლის დანარჩენი მიწების შემოერთებისათვის. ლეონმა თავისი მეფობის პირველ წლებშივე შეძლო ჯავახეთის შემოერთება და იქ თავისი ერთგული მოხელის ზვიად მარუშიანის ერისთავად დასმა. ამ ისტორიულ ფაქტს ადასტურებს კუმურდოს ტაძრის წარწერა.

“შ(ე)წ(ე)ვნ(ი)თა ღ(მღთ)ის(ა)ჲთა, იოვ(ა)ნე/ ებ(ი)სკ(ო)პ(ო)სმ(ა)ნ  დ(ა)დვა ს(ა)ძ(ი)რკვ(ე)ლი ამ(ი)ს/  ეკლეს(იი)ს(ა)ჲ ჴ(ე)ლითა  ჩ(ე)მ  ც(ო)დვ(ი)ლისა  ს(ა)კოც(ა)რის(აჲ)თა,/  ლეონ  მეფისა  ზჱ  _ ად(ი)დ(ე)ნ  ღ(მერთმა)ნ, ქრ(ო)ნ(ი)კ(ო)ნსა / რპდ, თ(უეს)ა მ/აჲს(ს)ა  ა,/ დღესა  შ(ა)ფ(ა)თსა, ა  მთუარი/ს(ა)სა, ერისთვობ(ა)სა  ზჳი­ასსა; ესე  ბ(ა)/ლა(ჰ)ვ(ა)რი  მ(უნ)  და/ჲდვა; ქ(რისტ)ე, შე(ე)წ(ი)ე  მ(ო)ნ(ა)სა  შ(ე)ნსა, ა(მე)ნ.”[92]

წარწერის ტექსტში მოცემულია თარიღი რპდ _ 964 წელი. დამათარიღებელ  არგუ­მენტად  ლეონ მეფის მოხსენიებაც შეიძლებოდა. როგორც წარწერიდან ირკვევა, აფხაზთა მეფე ლეონ მესამე დაახლოებით 964 წლისათვის, ანუ თავისი მეფობის მე-7 წელს უკვე ფლობდა ჯავახეთსაც, სადაც მის ხელისუფლებას ზვიად ერისთავი წარმოადგენდა. ისტო­რიოგრაფიაში  მიღებულია აზრი იმის შესახებ, რომ „აფხაზთა” მეფეები ქართლთან ერთად ჯავახეთსაც ფლობდნენ. ნარატიული წყაროებიდან ჩანს, რომ ეგრის-აფხაზეთის მეფეები  თავიანთ ძალაუფლებას საქართველოს სამხრეთი მიმართულები­თაც ავრცელებდნენ.კუმურდოს ტაძრის საამშენებლო წარწერა ამის ნათელი დადასტურებაა.

ლეონ III აქტიურ პოლიტიკას ატარებდა კახეთის შემოერთებისათვის. ლეონმა „კუალად იწყო მტერობად კჳირიკეს და ძებნად კახეთისა; გაილაშქრა სპითა დიდითა. ჩადგა არაგჳის პირსა, ასწყჳიდა მუხნარი ხერკი, და ბაზალეთი”, მაგრამ, მემატიანის სიტყვებით, მეფე ამ ლაშქრობის დროს დასნეულდა, „შეიქცა გარე და მოკუდა”.[93] როგორც ვხედავთ, ლეონ III-მ ვერ შეძლო მამის მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა „აფხაზთა” სამეფოს საზღვრები სხვა მიმართულებით, კერძოდ, სამხრეთ-აღმო­სავლეთით გააფართოვა.

ისევე როგორც გიორგი მეფეს,  ლეონ III-საც ისტორიული წყაროები ახასიათებენ, როგორც ქრისტესმოყვარე, ეკლესიათა მაშენებელსა და ქვრივ-ობოლთა მფარველ მე­ფეს. „მატიანე ქართლისაჲ”-ს ცნობით, „განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი მსგავსად მამისა მისისა. იყო იგიცა ღმრთის-მოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლე­სია მოქჳისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა”[94]. ზემოთაღნიშნული წყაროები  მიუთითებენ, რომ ლეონ III წარმატებით აგრ­ძელებდა მისი წინაპრების მიერ დაწყებულ სახელმწიფოებრივ და საეკლესიო პოლიტიკას. მან ააგო მოქვის, კუმურდოს, წირქოლის ტაძრები, ხობის ეკლესია. კუმურდოს, წირქოლისა და ხობის ეპი­გრაფიკულ ძეგლებში დაცულია ინფორმაცია ამ ტაძრების მშენებლობის შესახებ. მა­გალითად, წირქოლის ტაძრის წარწერაში ვკითხულობთ: „დანიელი იტყუის: მიჴ/სენ / მე,  უ(ფალ)ო, [პ]ირის(ა)გ(ა)ნ  ლომთა/[ჲსა,  იჴსენ  სასჯელისაგან,  გ(ა)ბრ(იე)ლ  მთ(ა)ვ(ა)რანგ(ე)ლ(ო)ზ/ო,  ლ(ე)ონ  მე/ფე.”;  ხოლო ხობის ტაძრიდან შემორჩენილია ჭედური წარწერა ღვთისმშობლის ხატზე, რომელშიც ასევე ლეონ მეფის სახელი იკითხება: „† ყ(ოვ)ლ(ა)დ  წ(მიდა)ო  ღ(მრ)თისმშ(ო)ბ(ე)ლო,  მეოხ  ეყავ  წ(ინაშ)ე ქ(რისტ)ესა  ს(უ)ლსა ლეონ  მეფის(ა)”.[95]

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აფხაზი ავტორები ს. ლაკობა და ო. ბღაჟბა თავიანთ შრომებში გვერდს უვლიან გიორგი II-ისა და ლეონ III-ის მიერ განხორ­ციელებულ სახელმწიფოებრივ ღონისძიებებს და ამაოდ ცდილობენ მათ წარმოჩენას „დამპყრობელ” აფხაზ  მეფეებად.

967 წელს ლეონ III-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა დემეტრე III (967-975წწ.), რო­მელსაც ტახტს ეცილებოდა ბიზანტიიდან დაბრუნებული ძმა თეოდოსი. ძმის წი­ნააღმდეგ მებრძოლ თეოდოსის, მართალია, მესხი აზნაურები უჭერდნენ მხარს, მაგრამ  დემეტრემ იგი შეიპყრო და თვალები დასთხარა. როგორც ჩანს, უსინათლო („მწუხარე”) თეოდოსი შემდეგშიც განაგრძობდა ბრძოლას ტახტისათვის, რადგან დემეტრეს ბევრი მოწი­ნააღმდეგე ჰყოლია. ასეთ პირობებში 975 წ. დემეტრე III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა უსინათლო და უშვილო თეოდოსი, რომლის ერთადერთი მემკვიდრე იყო თეოდოსის დისშვილი, გიორგი II „აფხაზთა” მეფის შვილიშვილი ასულის მხრიდან და „ქართველთა“ მეფის ბაგრატ II „რეგუენის”  შვილიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი. X საუკუნის 70-იანი წლებიდან „აფხაზთა” სამეფოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც საქართველოს გაერთიანებით დასრულდა.

„აფხაზთა“ სამეფოს კულტურულ-სარწმუნოებრივი იერსახის წარმოსაჩე­ნად უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს  დასავლურქართულ ეკლესიაში მოღ­ვაწე საეკლესიო პირების, „აფხაზთა“ მეფეებისა და ადგილობრივი მოსახლეო­ბის დაკვეთით შესრულებულ დამწერლობის ნიმუშებს, რომლებიც მხოლოდ ქართულ ენაზე, ქართული დამწერლობითაა შესრულებული[96].

როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების საქართველოში ქართული მწიგნო­ბრობისა და კულტურის ცენტრებს ქრისტიანული ეკლესია წარმოადგენდა. ეკ­ლესია იყო ძირითადი ძარღვი, საიდანაც იწყებოდა  ქართული კულტურისა და მწიგნობრობის, ქართული სულიერების სათავეები. VIს.  საქართ­ველოში საფუძველი ჩაეყარა სამონასტრო ცხოვრებას. განსაკუთრე­ბულ აღმავლობას განიცდის იგი VIII საუკუნიდან ტაო-კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ ეკლესია-მონასტრებში, რომლებიც გადაიქცნენ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად, სადაც მიმდინარეობდა ორიგინალური და თარგმნილი საერო თუ სასულიერო ლიტერატურის შექმნა, ხელნაწერთა განახლება; აქვე ჩამოყალიბდა ხატწერისა და ფერწერის შესანიშ­ნავი სკოლები, სხვადასხვა კალიგრაფიული მიმდინარეობანი და ა. შ. „აფხაზთა” სამეფოში გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული საეკლესიო ცენტრების იდეოლოგიურ გავლენაზე და კულტურულ-სარწმუნოებრივ ერთობაზე მი­უთითებს „აფხაზთა” მეფის დემეტრე II-ის მიერ გრიგოლ ხანძთელის მოწვევა უბისის მონასტრისა და საეკლესიო ცენტრის დასაარსებლად. ეს კულტურული ერთიანობა ტრადიციულად შემდეგშიც გაგრძელდა. რადგან „აფხაზთა” მეფეე­ბის ინიციატივით დაარსებული ახალი საეკლესიო ცენტრები უბე, არმაზი, მარტვილი, ხოფი, მოქვი, წირქოლი, ხობი, სამწევრისი, ერედვი ქართული მწიგ­ნობრობის, განათლებისა და კულტურის მნიშვნელოვან კერებს წარმოადგენდ­ნენ არა მარტო „აფხაზთა“ სამეფოს ეპოქაში, არამედ მომდევნო საუკუნეებშიც ხშირად წამყვანი კულტურული ტენდენციების მატარებლებად და ახალი კულ­ტურული წამოწყებების ინიციატორებად გვევლინებიან. 

ცხადია, ამ მოვლენას სათავე დაუდო „აფხაზთა” სამეფოს პოლიტიკურმა და სარწმუნოებრივმა დამოუკიდებლობამ. მისი მოპოვებისა და განმტკიცე­ბისათვის ბრძოლაში „აფხაზთა” მეფეებს გვერდით ედგნენ ბიზანტიის გავლენისაგან თავისუფალი ეკლესია და დასავლეთ საქართველოს მოსახ­ლეობა, რომელმაც შეძლო არა მარტო საეკლესიო და სახელმწიფოებრივი სუ­ვერენიტეტის მოპოვება, არამედ ბრძოლა განაახლა დანარჩენი ქართული მიწე­ბის შემოერთებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათ­ვის.

გამომდინარე აქედან, ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ „აფხაზთა“ სამე­ფოში მოღვაწეობდნენ ქართული კულტურის გამოჩენილი წარმო­მადგენლები, საეკლესიო და საერო პირები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით უკვდავყვეს საკუთარი სახელები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფისა და მთარგმნელის, სტეფანე სანანოჲსძის სამწერლო მოღვაწეობა მარტვილის ტაძარში, რომელიც გიორგი II-ის დროს გადაიქცა ქართული კულტურის მნიშვნელოვან კერად. იმავე გიორგი II-ის მფარველობით სარგებლობდა დიდი ქართველი ჰიმნოგრაფი, შესანიშ­ნავი „აღდგომის საგალობლების” ავტორი იოანე მინჩხი.[97] „აფხაზთა” სამეფოს მკვიდრი იყო მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობის „აბუკურას” ავტორი[98]. კონ­სტანტინე „აფხაზთა” მეფის დაკვეთით ქართულ ენაზე დაიწერა „აფხაზთა” მე­ფეთა დივანი”[99], რომელიც წარმოადგენს ეგრის-აფხაზეთის მეფეთა VIII-X საუ­კუნეების მატიანეს.

„აფხაზთა” სამეფოს სახელმწიფო და საეკლესიო ენა, ასევე სამწერ­ლობო კულტურა მხოლოდ ქართული იყო, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, როგორც ზემოთმოყვანილი ფაქტები, ასევე „აფხაზთა” მეფეების დაკვეთით შეს­რულებული ყველა წარწერა, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია და რომლებიც ქართული ასომთავრული დამწერლობით არის შესრულებული. ამ ფაქტს აღნიშ­ნავს თითქმის ყველა მკვლევარი, ვინც კი ოდესმე შეხებია ამ სამეფოს ის­ტორიას[100], მათ შორის აფხაზი ავტორებიც[101]. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხს საგანგებოდ უვლიან გვერდს თანამედროვე აფხაზური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები მ. გუნბა ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა. საგულისხმოა, რომ აფხაზეთში დამწერლობის განვი­თარების ისტორიას ერთ-ერთი პირველი ნაყოფიერად იკვლევდა ხ. ბღაჟბა (ო. ბღაჟბას მამა). მისი დასკვნით, „აფხაზთა სამეფო” წარ­მოადგენდა დასავლურქართულ სახელმწიფოს, რომლის სახელმ­წიფო და საეკლესიო ენა ქართული იყო[102].  დ. გულიას აზრით კი, არსებული „მრავალრიცხოვანი მეცნიერულად შემოწმებული ფაქტები უცილობლად მეტყველებენ, რომ აფხაზები ყოველთვის ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ საერთო ისტორიული და კულტურული ცხოვრებით, რომ აფხაზები, კაცმა რომ თქვას, იგივე ქართველები არიან...

უცილობლად დადგენილია, რომ უკვე IX ს-ის შუა ხანებიდან ქართული ენა არის დამწერლობის, სახელმწიფო და კერძო საქმისწარმოების, ყოველდღიური საეკლესიო ცხოვრებისა და ღვთისმსახურების ერთადერთი ენა.”[103]

დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორი­აზე სადამწერლობო კულტურის განვითარების თვალსაზ­რისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება „აფხაზთა” სამეფოს ეპოქიდან შემორჩენილ ეპიგრაფიკულ მასალას. მათმა შესწავლამ და პალეოგრაფიულმა შედარებამ საქართველოს სხვა ისტორიული რეგიონების დამწერლობათა ნიმუშებთან აშკარად გამოკვეთა აფხაზეთის მოწინავე კულტურულ-ისტორიული ტენდენ­ციები. მაგალითად, იგი პირველი ეხმაურება ასომთავრულში მიმდი­ნარე ცვლილებებს. ამის დასტურია ის, რომ მთელ დასავლეთ საქართველოში ყველაზე ადრეული ქართული ასომთავრული დამწერლობის ნიმუში სა­კუთრივ აფხაზეთის, კერძოდ, გუდაუთის რაიონში მსიგხვას მთის ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ამ მხარეში საფუძველი ჩაეყარა ქართული სადამწერ­ლობო კულტურის ერთ-ერთ შესანიშნავ კიდურწაისრული დამწერლობის კალი­გრაფიულ სკოლას, რომელიც აქედან გავრცელდა დანარჩენ საქართველოში[104]

ზემოთაღნიშნული მასალა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საქართ­ველოს ეს ისტორიული მხარე _ აფხაზეთი ქართული კულტურის გავრცელების არეალს კი არ წარმოადგენდა, არამედ თავად იყო ამ კულტურის შემოქმედი და ორ­განულად  ჩართული ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სამყაროში, როგორც ქართლი, კახეთი, ოდიში ან რომელიმე სხვა ისტო­რიული რეგიონი[105].

პროფ. ლია ახალაძე


ბიბლიოგრაფია

[1] იგულისხმება ბიზანტიის ეკლესიაში მიმდინარე ხატმებრძოლობა, რომელმაც გახლიჩა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსადმი დამოკიდებული ეკლესიების ერთობა. ფრანგი ისტორიკოსის შარლ დილის სიტყვებით, “ეს ბრძოლა  უმაგალითო სიშმაგის, მძვინვარების, უკიდურესი სისასტიკის სათავედ იქცა და იმპერიაში არნახული შინააშლილობა გამოიწვია.” შარლ დილი. ბიზანტიის იმპერიის ისტორია. ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგაძემ. თბ., 1989, გვ. 62;

[2] მატიანე ქართლისაჂ,  წიგნში ქართლის ცხოვრება, ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედ­ვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955. გვ. 251;

[3] მ. ლორთქიფანიძე.  ეგრის-აფხაზეთი. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2,  თბ., 1973.  გვ. 418;   

[4] ამ ცნობას ადასტურებს “მატიანე ქართლისაჲ”, ლეონტი მროველის “წმიდა არჩილის წამება”, ჯუანშერი და ვახუშტი ბაგრატიონი. იხ.:  М. Лорткипанидзе. Абхазское царство.  В книге: Разыскания  по истории Абхазии/ Абхазия, Тб., 1999. გვ. 155;  

[5] პ. ინგოროყვა.  გიორგი მერჩულე, გვ. 119-120; М. Лорткипанидзе. Абхазское царство,  გვ. 155;

[6] აღნიშნულ საკითხზე იხილეთ: ნ. ლომოური. საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში. _ საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, წიგნში: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993. გვ. 82, 83; გ. ჯაფარიძე. ქართველებისა და საქართველოს არაბული სახელწოდებები. _ საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, გვ.132,134; ზ. პაპასქირი. აფხაზეთი - საქართველოა. თბ., 1998, გვ. 141-142; ზ.პაპასქირი. ნარკვევები..., ნაკვ. ტ.  I, თბ., 2004.  გვ. 67-68;

[6] იოანე საბანისძე. წამება წმიდისა აბოსი. - : საქართველოს სამოთხე, სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა, შეკრებილი ქრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ. პეტერბურღი, 1882, გვ. 339.

[7] იოანე საბანისძე. წამება წმიდისა აბოსი. - : საქართველოს სამოთხე, სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა, შეკრებილი ქრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ. პეტერბურღი, 1882, გვ. 339.

[8] “აფხაზთა” მეფეთა ტიტულატურის საკითხის შესწავლისას ქართულ და სომხურ ნარატიულ და ქართულ ეპიგრაფიკულ წყაროებზე დაყრდნობით უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს მეფეები VIII-X საუკუნეებში არ ატარებდნენ ტიტულს “მეფე აფხაზთა”. ამის დასტურია სომხური წყაროები და “აფხაზთა” მეფეთა წარწერები, რომლებშიც ისინი დასახელებული არიან როგორც “ეგრისის მეფე”, ან უბრალოდ თავისთავს უწოდებენ “მეფე”-ს. ეპიგრაფიკულ ძეგლებსა და სომხურ წყაროებში ტერმინი “მეფე აფხაზთა” პირველად ჩანს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III ბაგრატიონის ტიტულატურაში. რაც შეეხება ქართულ საისტორიო ტრადიციას (მატიანე ქართლისაჲ, სუმბატი, ვახუშტი და სხვები), იგი შეიქმნა საქართველოს გაერთიანების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის ტიტულატურაში დამკვიდრდა ტერმინი “მეფე აფხაზთა”. დაწვრილებით იხილეთ: ლ. ახალაძე. ქართული და სომხური წყაროები “აფხაზთა” მეფეთა ტიტულატურის შესახებ. _ საისტორიო ძიებანი, ტ. VII,  თბ., 2004. გვ. 26-33.

[9] ს. ჯანაშია. შრომები, ტ. II. თბ., 1952, გვ. 216; М. Лордкипанидзе. Абхазское царство, გვ.  156.

[10] “აფხაზთა” მეფეთა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე იხილეთ: ზ. პაპასქირი. “აფხაზთა” სამეფოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის დაზუსტების საკითხისათვის. _ ქართული დიპლომატია. თბ., 1999, გვ. 325-335;

[11] აღნიშნულ ქრონოლოგიასთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულება აქვს შ. გლოველს. მისი აზრით, ლეონი აფხაზეთის ერისთავი იყო 781-782 წლებამდე; ამ პერიოდიდან 786-787 წლებამდე _ გაერთიანებული ეგრის-აფხაზეთის მთავარი, ხოლო 786-787 წლიდან _ “აფხაზთა მეფე”. იხ. შ. გლოველი. “აფხაზთა სამეფო”. საკანდიდატო  დისერტაციის  ავტორეფერატი. თბ., 2004, გვ. 9.

[12] ქართული ლიტერატურა, ტ. 1, გვ. 454.

[13] ს. ჯანაშია. აფხაზთა სამეფოს წარმოშობის...,გვ. 338.

[14]  З .В. Анчабадзе. Из истории..., გვ. 11-116;  მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. თბ., 1963. გვ. 185.

[15] კ. კეკელიძე. ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა. ტფ., 1935, გვ. 28;

[16] პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან, თბ., 1954.  გვ.  213;ნ

[17] შ. გლოველი, აფხაზთა სამეფო, გვ. 11;

[18] Армянская  География  VIIв. Приписываемая  Мойсею Хоренскому.  СПб., 1881, გვ. 27-28. დღეს მკვლევართა დიდი ნაწილი თვლის, რომ სომხური “გეოგრაფიის” ავტორი არის VII საუკუნის სომეხი საეკლესიო მოღვაწე ანანია შირაკაცი. სომხურ “გეოგრაფიას” ქართველ მკვლევართაგან 1964-1965 წლებში იკვლევდა ნ. ჯანაშია. იხ.: ნ. ჯანაშია. სომხური ანონიმური გეოგრაფია. - : ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები. თბ., 1986, გვ. 243-346.

[19] ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება ტ. IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973.  გვ. 796.

[20] იქვე.,

[21] ერთ-ერთი პირველი ვინც ეს მოსაზრება გამოთქვა ინგლისელი ქართველოლოგი ჯორჯ ჰიუიტი, რომლის აზრით, ტერმინი “დაჲპყრა” პირდაპირ ძალით დაპყრობას ნიშნავს. ჯ. გამახარიამ და ბ. გოგიამ, საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით არგუმენტირებულად დაადასტურეს, რომ ტერმინი “დაჲპყრა” ძველ ქართულში დაუფლების, ტერიტორიის ფლობის, ტახტის დაკავების, ახლობლის თავისთან დარჩენის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. იხ. Дж. Гамахария, Б. Гогия. დასახ. ნაშრომი, გვ. 567-568; მსგავსი განმარტება აქვს სიტყვა “დაიპყრა”-ს ქართული ოთხთავის სიმფონია_ლექსიკონში. იხ. ი. იმნაიშვილი. ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი, ა.შანიძის რედაქციით. თბ., 1986, გვ. 129. მიუხედავად ამისა, ჯ. ჰიუიტის მოსაზრებას იმეორებენ: О.Х. Бгажба, С.З. Лакоба. История Абхазии,  2007.  გვ. 132.   

[22] ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ტ. I, გვ. 50.

[23] ვარდან არეველცი. Mსოფლიო ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნეს ნ. შოშიაშვილმა და ე. კვაჭანტირაძემ, შესავალი კომენტარები და საძიებლები დაურთო ე. კვაჭანტირაძემ. თბ., 2004, გვ. 116.

[24] П. Уварова. Христианские  памятники  Кавказа. -  МАК,  IV,   М., 1894, გვ. 8.

[25] დ. ბაქრაძემ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ “აფხაზთა” მეფეები ბერძნულ სახელებს ატარებდნენ. იხ. დ. ბაქრაძე. ისტორია საქართველოსი უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე, ნაწ. I. ტფ., 1889, გვ. 273-274.

[26] .  Д. Гулия. История Абхазии, т. I,   Тифлис 1925.  გვ. 208.

[27] . Латышев. К Истории христианства Кавказа. СПБ., 1911, გვ. 10-11. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა თ.მიბჩუანმა. იხ. მისი: აფხაზეთის მეფეები და მთავრები. თბ., 1977.

[28] З. В. Анчабадзе. Из  истории средневековой Абхазии..  გვ. 80;  Ш. Инал-ипа. Вопросы  этнокультурной истории  абхазов, Сухуми, 1976.  გვ.  120;  М.Гунба. Абхазия в первом тысячелетии н.э.  (социально-экономические и политические отношения),  Сухуми, 1989.  გვ. 234-244;  О.Х. Бгажба, С.З. Лакоба. История Абхазии, с древнейших времен  до наших дней 10-11 классы, Сухум, 2006. გვ. 130-142;

[29] М. Лорткипанидзе. Абхазское царство, გვ. 157.

[30] . ახალაძე. „აფხაზთა“ მეფეთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდენტობის საკითხისათვის. _ დისციპლინათაშორისი რესპუბლიკური კონფერენცია “ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობა”. თბ, 2004, გვ. 12;

[31] . პაპასქირი. ნარკვევები  თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან ტ. I., გვ. 51;

[32]  პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, გვ. 192;

[33] Дж. Гамахария, Б. Гогия.  Абхазия – историческая область Грузии,  Тбилиси 1997. გვ. 192, 196;

[34] ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება ტ. IV. გვ. 796;

[35] З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии, gv. 80.

[36] О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии, gv. 132.

[37] იქვე., 133.

[38] РШмерлингМалые формы  в архитектуре средневековой Грузии. Тб., 1962

[39] Л. Хрушкова. Скульптура раннесредневековой  Абхазии V-X вв. Тб., 1982.

[40] О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии, gv. 133.

[41] ა. ჯაფარიძე. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი მეორე, თბ.1998; ბ. კუდავა. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში (VI_IXსს). თბ., 2002; ბ. კუდავა. აფხაზთა საკათალიკოსოს ისტორიიდან (XI_XIIსს). თბ., 2002; ბ. კუდავა. დასავლეთ საქართველოს ეკლესია IX-XI სს. საკანდ. დის. თბ., 2002; თ. ქორიძე. აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია (IX-X სს). ავტორეფერატი. თბ., 2003; შ. გლოველი. “აფახაზთა სამეფო”, საკანდ. დის. ავტორეფერატი. თბ., 2004;  Akhaladze. Inscriptions of Abkhazian kings on Christian art monuments, International simpozium Christianity: past, present, future. თბ.. 2000, გვ. 9; ლ. ახალაძე. “აფხაზთა” მეფეთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდენტობის საკითხისათვის, გვ. 12; ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, თბ., 2005.  გვ. 102-121.

[42] ლ. ახალაძე. “აფხაზთა” მეფეთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდენტობის საკითხისათვის, გვ. 12.

[43] მ. ლორთქიფანიძე. ახალი ქართული სამთავროების წარმოქმნა. - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. გვ. 422; М. Лордкипанидзе. Абхазское царство, გვ. 155-170.

[44] ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 796. 

[45] მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. თბ., 1963, გვ. 193.

[46] მატიანე ქართლისაჂ,  წიგნში: ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 255.

[47] “მატიანე ქართლისაჲსა” და ვახუშტის ცნობით, თეოდოსი “აფხაზთა მეფეს” ცოლად ჰყავდა აშოტ ბაგრატიონის ასული. - “ქართლის ცხოვრება”, ტ. I, გვ. 252-253; იქვე, ტ. IV, გვ. 797.

[48] ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX _ XIIIსს). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ. თბ., 1980, გვ. 140-141.

[49] მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, გვ.196.

[50] ქართული წარწერების კორპუსი, ტ.I. ლაპიდარული წარწერები, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V_X სს). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბ., 1980.. გვ. 168;  ლ. ახალაძე. ეგრის-აფხაზეთის (“აფხაზთა”) მეფეთა წარწერები. _ აფხაზეთი, I. თბ., 2004, გვ. 56.

[51] ლ. ახალაძე. ეგრის-აფხაზეთის („აფხაზთა“) მეფეთა წარწერები, გვ. 56.

[52] მატიანე ქართლისაჂ, წიგნში:  ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 258.

[53]  მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, გვ. 155-170.

[54] ლ. ახალაძე. ეგრის _ აფხაზეთის (“აფხაზთა”) მეფეთა წარწერები, გვ. 56

[55] „ქართლის ცხოვრების” ხელნაწერების წყაროთმცოდნეობითი შესწავლის საფუძველზე ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ გიორგი I-მა ქართლის ერისთავად “დაუტევა” მისი ძმის დემეტრე II-ის (825-861წწ.) ვაჟი ტინინე, და არა უფროსი ვაჟი ბაგრატი. იხ. ზ. პაპასქირი, ვინ იყო “ერისთავი ჩიხისა”. “მატიანე  ქართლისაჲს” ტექსტში ერთი კონიუნქტურის შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ. _ “ქართული წყაროთმცოდნეობა”, ტ. XI. თბ., 2006, გვ. 64-68.

[56] მატიანე ქართლისაჂ, წიგნში:  ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 261.

[57] იქვე., 263.

[58]  ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I. გვ. 171; ლ. ახალაძე. ეგრის _ აფხაზეთის (“აფხაზთა”) მეფეთა წარწერები, გვ. 56-57..

[59] მატიანე ქართლისაჂ, წიგნში:  ქართლის ცხოვრება, ტ. 1,გვ. 264.

[60] არიში მდებარეობდა ჰერეთში, გავაზი – თანამედროვე ყვარლის რაიონშია.

[61] ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I, გვ. 222; ლ. ახალაძე. ეგრის _ აფხაზეთის (“აფხაზთა”) მეფეთა წარწერები, გვ. 57.

[62] ამის შესახებ იხ.: ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I. ლაპიდარული წარწერები. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-Xსს.). შემდგ. ნ. შოშიაშვილი. თბ., 1980, გვ. 34.

[63] О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии, გვ. 133.

[64] აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ წიგნში სომხური თემა საერთოდ ძალზე ფართო და მრავალფეროვანია, მაგალითად, კლისურის ციხე თურმე სომხებს აუგიათ, კერძოდ, ვინმე თომა სომეხს, ასევე აფხაზეთის მთებში ციბილიუმის კომენდატი VIII საუკუნეში სომეხი ყოფილა, 550 წელს პეტრას დამცველთა რიგებში იოანე სომეხიც იყო და ა. შ. ქართლი ვითომ სომხების ხელშია, ან აფხაზებისა; სად იყო ქართული სამეფო-სამთავროები, არ ჩანს. იხ. О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии,  გვ. 156.

[65] იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბ., 1965, გვ. 109.

[66] გ. თოგოშვილი. საქართველო-ოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან. ცხინვალი, 1958, გვ. 108-115; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ქართული სამთავროების წარმოქმნა, ეგრის-აფხაზეთის სამეფო, გვ. 443.

[67] მ. ლორთქიფანიძე.  ახალი ქართული სამთავროებისწარმოქმნა, ეგრის-აფხაზეთის სამეფო, გვ. 443.

[68] . ცნობილია ნიკოლოზ მისტიკოსის სამი წერილი  გიორგი II აფხაზთა მეფისადმი. უკანასკნელ ხანს გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმად, ნიკოლოზ მისტიკოსის ერთ-ერთი წერილი კონსტანტინე III-ის სახელზე უნდა იყოს გაგზავნილი. იხ. Е. Аджинджал. დასახ. ნაშრომი, გვ. 83, 89, 91; ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, გვ. 112-113, 115.

[69] მატიანე ქართლისაჂ, წიგნში:  ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 265.

[70] ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრებ, ტ. IV, გვ. 799;

[71] ივ. ჯავახიშვილი,  ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 109.

[72] გეოგიკა, ტ. IV. გვ. 213.

[73] იქვე, გვ. 214

[74]მ. ლორთქიფანიძე. ეგრის-აფხაზეთის სამეფო, გვ. 444.      იქვე, გვ. 214

[75] ს. ჯანაშია. შრომები. ტ. I,  თბ., 1949. გვ. 215-252; მ. ლორთქიფანიძე. ეგრის-აფხაზეთის სამეფო, გვ. 445.

[76] მატიანე ქართლისაჂ, წიგნში: ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 265.

[77] Г. Чубинашвили. Памятники типа Джвари. Тб., 1948, გვ. 31,59; Н. Аладашвили. Монументальная скульптура Грузии. Фигурные рельефы V_XI веков. М., 1977, გვ. 48-61.

[78] ვ. სილოგავა. სამეგრელო-აფხაზეთის ეპიგრაფიკა. თბ., 2004, გვ. 51. 

[79] ლ. ახალაძე. აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, I, გვ. 147-148. განსხვავებული წაკითხვითა და დათარიღებით იხილეთ: ვ. სილოგავა, სამეგრელო-აფხაზეთის ეპიგრაფიკა, გვ. 282.

[80] ქართული წარწერების კორპუსი, II გვ. 142.

[81] А. Авидзба.  Любопытная страница истории. -  Советская Абхазия, 1967, 7 октября.

[82] აღნიშნული ნივთები აღმოჩენილია წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  სოფ. ობუჯის ეკლესიაში.

[83] Г. Чубинашвили.  Грузинское  чеканное  искусство. Тб., 1959, фото №29, 30, 31. с. 148; ლ. ახალაძე. ეგრის _ აფხაზეთის (“აფხაზთა”) მეფეთა წარწერები, გვ. 58.

[84] Г. Чубинашвили.  Грузинское  чеканное  искусство,  ფოტო 22, 23, 24, გვ. 138.

[85] უხტანესი. ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან. სომხური ტექსტი ქართული თარგმანითა და გამოკვლევით გამოსცა ზ. ალექსიძემ. თბ., 1975, გვ. 66-67.

[86] О. Х. Бгажба, С. Лакоба. История Абхазии, გვ. 156.

[87] აფხაზი ისტორიკოსების რ. ხონელიას, მ. გუნბას მიერ უხტანესის ამ ცნობის გაყალბების შესახებ იხილეთ: Дж. Гамахария, Б. Гогия.  დასახ. ნაშრომი, გვ. 197, 556.

[88] მატიანე ქართლისაჂ,  წიგნში: ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 268.

[89] იქვე. 269.

[90]  იქვე, გვ. 269.

[91] იქვე, გვ. 270.

[92] გამოცემათა სრული სია იხ.: ვ. სილოგავა. კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა. თბ., 1994, გვ. 39.

[93]მატიანე ქართლისაჂ,  წიგნში:  ქართლის ცხოვრება, ტ. I. გვ. 270

[94] იქვე, გვ. 270.

[95] ლ. ახალაძე. ეგრის-აფხაზეთის (“აფხაზთა”) მეფეთა წარწერები, გვ. 59.

[96] ვრცლად იხ.: თ. გვანცელაძე. ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შუა საუკუნეთა ლაპიდარული წარწერების მიხედვით. _ ქართველური მემკვიდრეობა. თბ., 1999; ლ. ახალაძე. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, I. თბ., 2005; ლ. ახალაძე. Eგრის-აფხაზეთის (“აფხაზთა”) მეფეთა წარწერები.

[97] იოანე მინჩხის პოეზია. გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ლ. ხაჩიძემ. თბ., 1987.

[98] შდრ: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, გვ. 427.

[99] ძველი საქართველო, ტ. II.  ექ. თაყაიშვილის  რედაქტორობით, გვ. 46-54.

[100] ს. ჯანაშია. გიორგი შარვაშიძე, კულტურულ-ისტორიული ნარკვევი. - შრომები, ტ. VI. თბ., 1988, გვ. 26;  З. В. Анчабадзе. Из истории..., გვ. 196; მ. ლორთქიფანიძე. ეგრის-აფხაზეთი, გვ. 416-445; ზ. პაპასქირი. ნარკვევები...; I, გვ. 52-53; ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, გვ. 119; შ. გლოველი. აფხაზთა სამეფო. გვ. 24-25. და სხვები.

[101] Х.С. Бгажба. Из истории письменности Абхазии. Тб., 1967, გვ.12.

[102] იქვე., 12.

[103] Д. Гулия. О моей книге «История Абхазии. Сухуми. 1951 (Репринтное издание). Тб., 1998, gv.10, 15.

[104] ლ. ახალაძე. ქართული დამწერლობის პალეოგრაფიული მახასიათებლები აფხაზეთის ეპიგრაფიკულ ძეგლებში. _ კულტურათაშორისი კომუნიკაციები. თბ., 2007, გვ. 32-40.

[105] დაწვრილებით იხილეთ: ლ. ახალაძე. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, I. გვ. 204-211.

 








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი