Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   საქართველოს მთაში 1000-ზე მეტი სოფელი აღარ არსებობს - ულამაზესი ადგილები გაუკაცრიელებულია

მთიდან და მთისწინეთიდან მოსახლეობის მიგრაცია არ შეჩერებულა. უფრო მეტიც, გაუკაცრიელებული და დაცარიელებული სოფლების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტების თქმით, მოსახლეობის მთაში დაბრუნება არც მთავრობის სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამას მოჰყოლია. 

ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამა უნდა შეიმუშავოს, პირველ რიგში კი ხელი მწარმოებლური ოჯახების შექმნას უნდა შეუწყოს, – წერს გაზეთი „რეზონანსი“.

რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს მთიან სოფლებში, უცნობია, რადგან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში დიფერენცირებული მხოლოდ ქალაქად და სოფლად მცხოვრებთა რაოდენობაა. კერძოდ, 2013 წლის 1–ლი იანვრის მონაცემებით, ქალაქად 2 387,0 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, სოფლად კი 2 096,8 ათასი.

ამასთან, არ არის დადგენილი გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობაც. თუ 2002 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებს დავეყრდნობით, მაშინ ქვეყანაში სულ 3 668 სოფელი იყო, საიდანაც 162 სოფელში არავინ ცხოვრობდა. 152 სოფელში 1–დან 10 კაცამდე ცხოვრობდა, 169–ში 11–დან 25 კაცამდე. 224 სოფელში – 22–დან 40 კაცამდე, 360 სოფელში კი – 51–დან 100 კაცამდე.

„ეს იმას ნიშავს, რომ ამ სოფლებში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც 2002 წლის აღწერის შედეგად 1–დან 10 კაცამდე ცხოვრობდა, შეიძლება აღარავინ იყოს ცოცხალი. ამ ყველაფერს სჭირდება კვლევა, რომელიც ბოლო 12 წელია არ ჩატარებულა. მთის დაცლა კი, საბჭოთა ხელისუფლების ქმედებების გარდა, გამოიწვია ეკონომიკურ–სოციალურმა პირობებმა, ეკოლოგიურმა მდგომარეობამ და კომუნიკაციის უქონლობამ. საქართველოში არის ისეთი სოფლებიც, რომლებიც საერთოდ აღარ არსებობენ. მაგალითად, იცლება რაჭა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი წელი, რომ იქ მოსახლეობის მატება მომხდარიყო. რაჭაში 350 ადამიანით მეტი კვდება, ვიდრე იბადება. სერიოზულად იცლება პირიქითა ხევსურეთი, ლეჩხუმი და სხვა მთიანი რეგიონები. მიზეზი, როგორც აღვნიშნე არის ის, რომ მთაში არ არის კომუნიკაციის საშუალება, არის მძიმე სოციალური–ეკონომიკური მდგომარეობა, ეკოლოგიური ვითარება და ზოგადად სულიერ შიმშილს განიცდის ხალხი. დღესაც, კი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სოფლის მეურნეობას სერიოზულ ყურადღებას აქცევს, მთისკენ დაბრუნებას არავინ ცდილობს. მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა მთაში მოსახლეობის დაბრუნებას ხელს ვერ შეუწყობს“, – აცხადებს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.

მისივე თქმით, მთიდან მოსახლეობის მიგრაცია ბარში საბჭოთა პერიოდში ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მთიანეთს ისტორიულად თავდაცვითი (სასაზღვრო), სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ხორცი, რძე, ერბო, ტყავი, მატყლი და ა.შ.) წარმოებისა და მატერიალური და კულტურულ ღირებულებათა შენახვის (შენარჩუნების) ფუნქცია ეკისრებოდა, ახალ რეალობაში მთიელი კაცი უფუნქციოდ დარჩა.

„2004 წლის შემდეგ კი საერთოდ მოისპო ისეთი უმნიშვნელოვანესი  ბერკეტები როგორიცაა საშუალო სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები, ამის გარეშე კი ხალხი ვერ იცხოვრებს“, – წერს გაზეთი „რეზონანსი“.

დემოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, მთიანეთის მოსახლეობისგან დაცლის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. დემოგრაფებმა ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით 80–იანი წლების მიწურულს სპეციალური პროგრამაც შეიმუშავა, თუმცა დღემდე ის პრაქტიკაში არავის გამოუყენებია.

„სასოფლო – სამეურნეო პროფესიები ახალგაზრდობის თვალში არაპრესტიჟულია და მიისწრაფიან „ქალაქური“ პროფესიებისაკენ, ხოლო მთაში და საერთოდ სოფლად არ გვყოფნის სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: ექიმები (განსაკუთრებით პედიატრები), მასწავლებლები, აგრონომები, ზოოტექნიკოსები, ვეტექიმები და სხვა. ამასთან, ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც სასწავლებლად მიდიან ქალაქში, სპეციალობების დაუფლების შემდეგ არ სურთ სოფლად დაბრუნება.

დემოგრაფებს მიაჩნიათ, რომ მთაში მშობლიურ ადგილებში, მოსახლეობის პატრიოტიზმით დამაგრება ან დაბრუნება ვერ მოხდება, თუ ცხოვრებისა და შრომის პირობები არ გაუმჯობესდება. მოსახლეობის მაღალი მიგრაციული დონე მთიდან ბარში გაგრძელდება და მოსახლეობის „დაბერების“ პრობლემა ვერ გადაიჭრება: „მთის რაიონები ყოველთვის უზრუნველყოფდნენ რესპუბლიკას ხორცითა და მეცხოველეობის სხვა პროდუქტებით (რძე, ყველი, ერბო, კარაქი, მატყლი და ა.შ). ეს ტრადიცია უნდა აღდგეს, რისთვისაც საჭიროა სოფლად კოოპერირების გაფართოება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ მთიან რაიონებში, სადაც ბუნებრივი პირობები (საძოვრები, მუხის ტყეები და სხვა) ყველანაირ საშუალებას გვაძლევს ამ ფორმის განვითარებისათვის.

ის, რომ მთის საბოლოოდ დაცლის პრობლემა არსებობს, ამას ჯერ კიდევ 20–25 წლის წინ ვამბობდი და მის მოგვარებასთან დაკავშირებით სპეციალური პროგრამაც კი დავწერე. იგი არსებობს და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ მისი განხორციელება მოხდეს. საქართველოს მთასა და მთისწინეთში ნეკროდემოგრაფია გვაქვს, დაახლოებით, 1000 სოფელზე მეტი აღარ არსებობს, არ ხდება აღწარმოება, იზრდება დაბერებულთა რაოდენობა, განსაკუთრებით, ეს თვალშისაცემი რაჭა–ლეჩხუმსა, მთიულეთსა და ხევსურეთშია.

აუცილებელია, რომ მთის სოფლებში შეიქმნას მწარმოებლური ოჯახი, ანუ ისეთი ოჯახი, რომელიც საკუთარ თავს თავად გამოკვებავს და არ იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს დახმარებაზე. როცა სოფლებში ასეთი ოჯახები გვეყოლება, პრობლემაც მოგვარდება. ვინც იქ იბადება, ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რომ იქ დარჩეს და არ წამოვიდეს ბარში. სხვა გამოსავალი, რომ ქართული მთის სოფლები დაცლას გადავარჩინოთ, არ არსებობს. სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამა კარგია, მაგრამ ეს ხალხს მთაში ვერ დააბრუნებს“, – განუცხადა „რეზონანსს“ ავთანდილ სულაბერიძემ.

 

http://presa.ge/new/?m=society&AID=36962 (19.08.2015)








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი