Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   *მარმარილოს რეგიონის ეთნიკურ ქართველთა სამეურნეო-კულურული ტიპი-ნოდარ შოშიტაშვილი

ქართველი ხალხი მსოფლიოს იმ ხალხთა შორისაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეურნეობის და მატერიალური კულტურის საერთო მონაპოვარში. ეს ეხება პურეული კულტურების გენეზისს, მევენახეობა-მეღვინეობის ჩასახვა-განვითარებას, ჰორიზონტალ დოლაბიანი წისქვილის წარმოშობას და სხვ. ამ მიღწევათა საფუძველზე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა კონკრეტული სამეურნეო- კულტურული ტიპი, რომელიც თავისთავადობით გამოირჩევა. ამ პროცესებში მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი მხარეების რვაწლი, რომლებიც ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდნენ ერთიან ეთნიკურ ორგანიზმში.

სადაც არ უნდა წასულიყო და გადასახლებულიყო ქართველი ადამიანი, მას თან მიჰქონდა საუკუნეების მანძილზე და თაობიდან-თაობაზე გადაცემული ეს ცოდნა-გამოცდილება. ასე მოხდა 1877-1878 რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ, როდესაც განვითრებული პოლიტიკური მოვლენების გამო აჭარის და მდინარე ჭოროხის აუზის ქვემო წელის მოსახლებისმნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა მშობლიური მიწა-წყალი და გადასახლდა ოსმალეთის იმპერიის შიდა მხარეებში, განსაკუთრებით სამხრეთ შავი ზღვისპირეთსა და მარმარილოს ზღვის რეგიონში.

გადასახლებულები მიდიოდნენ ფეხით, მიდიოდნენ ურმებით, გემებით და თან მიჰქონდათ მამა-პაპიდან გადმოცემული სამეურნეო ჩვევები და საოჯახო ყოფის ის მახასიათებლები, რომელიც განსაზღვრავდა მათ ეთნიკურ იდენტობას და გამოარჩევდა დამხვდური მუსახლეობისაგან. დიდმა დიასპორამ მოიყარა თავი ბურსას მხარეში, განსაკუთრებით კი ინეგოლის რაიონში.  ბევრი რამ ტრადიციული ყოფისა და კულტურის სფეროში ახლაც შემონარჩუნებულია, ბევრის ხსოვნაც შემორჩენილია ხანდაზმულ მოსახლეობაში.

სრულიად ბუნებრივია ის გარემოება, რომ გადასახლებულებმა ახალ ადგილზე გააგრძელეს ის სამეურნეო-კულტურული ტიპი, რაც სამშობლოში, ძირძველ მიწა-წყალზე ჰქონდათ. უპირველესად ეს იყო  მიწათმოქმედება, მისი ინტენსიური მიმართულებით.  აგრეთვე პრიორიტეტულ სამეურნეო მიმართულებად გამოიკვეთა მესაქონლეობის ფართო მასშტაბები, - განსაკუთრებით მიგრანტთა იმ ნაწილში, რომელნიც მთიანი აჭარიდან იყვნენ გამოსულები. საბოლოოდ გამოიკვეთა მაგისტრალური, მთავარი მიმართულება, ისევე, როგორც მამაპაპეულ  მიწაყალზე  მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის სიმბიოზური ხასიათით. მეურნეობის ორივე ეს დარგი ერთმანეთთან ურთიერთ მჭიდროდ იყო დაკავშირებული.

მუჰაჯირთა პირველმა თაობამ უარი თქვა უშუალოდ ზღვის პირზე დასახლებაზე და მისგან მოშორებით საცხოვრებლად შეარჩიეს ზუსტად ისეთი ადგილები, რომელიც მსგავსი იყო იმ გარემოსი, სადაც დატოვეს ტავიანთი ფუძე,- მთაგორიანი, ტყიან-ბუცქნარიანი, ვაკე-ზეგნებით, წყარო-ნაკადულებითა და საღი კლიმატით.

პირველივე წლებსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მემინდვრეობის კულტურების მოყვანა. იგი შრომითი პროცესის მთელ ციკლს მოიცავდა დაწყებული სახნავ - სავარგულის „მოპოვებიდან“ ტყის ან ბუჩქნარის გაკაფვის საშულებით, მოწეული მოსავლის დაბინავებითა და გადამუშავებით. დიდი შრომით მოიპოვეს სახნავ სათესი ახოები და ხოდაბუნები, სათიბები და საძოვრები. ბევრი სოფელი უშენ ადგილას დაარსეს ახალმოსახლეებმა, ბევრ ნასოფლარსაც ახალი სიცოცხლე შთაბერეს გამრჯე ქართველებმა.

მუჰაჯირებმა მარცვლეული კულტურებიდან, უპირველესად მარცვლეული კულტურებიდან ხორბლის და სიმინდის  მოყვანა დაიწყეს. ტრადიციულად ითესებოდა ხორბლის სხვადასხვა სახეები,- დიკა, დოლი (დოლისპური). როგორ ჩანს, გაეცვნენ ადგილობრივ ჯიშებსაც, მაგალითად ყილჩიქლი,-მთხრობელთა გადმოცემით გრძელ ფხიანი ყოფილა.  ინეგოლის საადეთში, ჰილმიეში (ჭვანადან გადმოსულები)  ითესებოდა ქერიც, ნაკლებად ჭვავი და შვრია.  ცალკეულ ადგილებში ბრინჯიც. საქარიის ილჩეში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყარასუსა და მელენიპირში ქობულეთ -ჩაქვი-მახინჯაურიდან  მოსულმა და აქ დასახლებულმა მოსახლეობამ  მოიტანა ღომის და ფეტვის კულტურა, რომელიც სიმინდის კულტურასთან პარალელურად ითესებოდა.

მიგრანტთა პირველმა თაობამ სამშობლოდან შრომის იარაღების და საყოფაცხოვრებო ნივთების  მცირე ნაწილის წაღება შეძლო. სამაგიეროდ „მათთან იყო“ უდიდესი გამოცდილება და ჩვევები მათი დამზადებისა.

მემინდვრეობის  საქმიანობისთვის, ყოფაში ფუნქციონირებდა სათანადო შრომის იარაღებიც, რაც დაკავშირებული იყო მიწის მოხვნასთან  (სახვნელი იარაღი- „ჯილღა, გავრცელებული მესხეთში, აჭარაში, იმერხევში ), დაფარცხვასთან (კანჯი, ფარცხი, ფოჩხი), მოსავლის აღებასთან (ნამგალი, რომელიც აქ ძველი ქართული სახელით,-„მანგალი“  იწოდება), კალოობასთან (უპირველესად კევრი, ნიჩაბი, ფიწალი(მერული), გობ-სანიავებლები) და სხვ.

სიმინდის კულტურას თან მოჰყვა ჭადის ნაცხობის კულტურა რაც სიახლე იყო აქაურ სივრცეში, ამ უკანასკნელს კი კეცების დამზადება. ეს სიახლე ნწილობრივ მეზობლებმაც გადაიღეს ქართველებისაგან. სათანადო თიხნარის, ე. წ. „წითელი მიწის“ შეგულების შემდეგ დაიწყეს მათი კეთება, ძირითადად ქალებმა. ეს სიახლე იყო ადგილობრივ ეთნიკურ სივრცეში და ზოგგან ყოფის ეს ელემენტები პირველი მუჰაჯირებისგან მეზობლებმაც გადაიღეს. ეს სქემა,- სიმინდი, წისქვილი, კეცი,მჭადი ქართველთა სამზარეულოში მალახტოსთან, ლობიოფხალთან და ტრადიციულ სხვა ნიშნებთან ერთად, მეზობლებისაგან განმასხვავებელი  ერთ-ერთი ეთნიკურ-ყოფითი მახასიათებელია.

მარცვლეული კულტურების თანამდევია წისქვილი, რომელიც თითოეულ სოფელში რამდენიმე აიგო და გაიმართა სოფლების ღელე-ნაკადულებზე. ზოგს სახელიც  დაანათლეს: ნაწისქვილარი, დოლაბ ღელე და სხვ. მისი დეტალები ახლაც მკაფიოდაა შემორჩენილი საშუალო და უფროსი თაობის მოსახლეობაში და ნისანდობლივია, რომ ამ დეტალების სახელები გარკვეული ვარიაციებით ანალოგირია ვთქვათ, მეჯვრისხევში(გორი), ქსუისში(ცხინვალი), ზეინდარში(ვანი), ჭვანაში(შუახევი) და ჰამიდიე-ღაზელში (ინეგოლი), რაც ბევრის მეტყველია!

მეურნეობის მეორე წამყვან დარგად მარმარილოს რეგიონის სოფლებშიც მესაქონლეობა ჩამოყალიბდა მსხვილფეხა მესაქონლეობის პრიორიტეტით. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის სიმბიოზური არსებობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსახლეობის საარსებო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. შეუძლებელი იქნებოდა ერთის მხრივ გამწევი ძალის გარეშე სახნევ-სათესი ფართობების დამუშავება, ხოლო მეორეს მხრივ სავარგულების განოყიერება. მარცვლეულის გალეწვით მიღებული ბზე და ნამჯა კი სიმინდის ჩალასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ბაგური კვების დროს. მოსახლეობის კვების რაციონში უმნიშვნელოვანესი იყო და არის მესაქონლეობის პროდუქტები.

მესაქონლეობის წარმართვის ე. წ.  მთა-ბარული გადარეკვითი ფორმა გადმოიტანეს ქართველმა მუჰაჯირებმა მარმარილოს რეგიონში. თუმცა, აქ იშვიათად გხვდებოდა სამ ბაზოვანი ციკლი: როგორიც იყო საბაზო „ბარი“ (ბაგურ კვებაზე), გარდამავალი საძოვრები,- ყიშლა და მაღალ მთიანი მდელოები (იაილები/იალაღები/თა/აგარა). ბურსას მხარეში შუალედური, გარდამვალი სასაძოვრო ბაზები იშვიათად იყო. მემთევრეობაში განსაკუთრებით დიდი იყო ქალის როლი, რომელნიც რძის პროდუქტების გადამუშავების გარდა სამთო მებოსტნეობასაც ეწეოდნენ. უკანასკნელ ათწლეულებში, მესაქონლეობის მასშტაბების შემცირება თანდათანობით ამ ტრადიციული ფორმის მოშლას იწვევს. ასევე შესამჩნევია მიწათმოქმედებიდან მარცვლეული კულტურების მინიმუმამდე შემცირება და მისი არსებობა მხოლოდ სიმინდის ნათესების სახით.

მარცვლეულის კულტურებისაგან გამონთავისუფლებული ფართობები ახალმა, საბაზროდ რენტაბელურმა კულტურებმა დაიკავა. ზღვისგან მოშორებით ესაა თხილის, ხილო ზღვის სანაპიროზე და მის მიმდებარედ, გასაკუთრებით გემლიკის მხარეში,- ზეთისხილის კულტურა. ბურსა და მისი ვილაიეთი მთელი თურქეთის ზეთისხილის დედაქალაქია. ეს ტრადიცია ანტიკური ხანიდან მომდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ართვინის მხარეში, ამ კულტურას კარგი ტრადიციები ჰქონდა, ქართველ მუჰაჯირთათვის მაინც ახალი დარგი იყო. მუჰაჯირთა შრომისმოყვარე შთამომავლებმა კარგად აუღეს ალღო ახალ სამეურნეო კულტურას და იგი წარმატებით „ჩაჯდა“ აქაურთა სამეურნეო ყოფაში. აღსანიშნავია, რომ „ჩვენებურთა“ დახმარებით საქართველოშიც, კერძოდ კახეთშიც გაიბა სამეურნეო კონტაქტები და ზეთისხილის  პლანტაციების გაშენების პირველი ცდებიც განხორციელდა.

ზომიერი სარტყლის მეხილეობა საოჯახო მნიშვნელობას ინარჩუნებს. ასევე საოჯახო მასშტაბები ჰქონდა ვაზის კულტურასაც, რომელიც ხეზე გასული იზაბელათი („ადესა“) და ე. წ. ღჯაზე (კალანჩხაზე/ ბოგაზე/ ღაჭაჭზე/ ტალდაზე) გაშვებული „თეთრი“ და „შავი ყურძნის“ ოლიხნარის ფორმით არის  წარმოდგენილი.

საოჯახო მეურნეობის დამხმარე დარგი იყო შინაური და ნახევრად შინაური მეფუტკრეობა. ეს უკანასკნელი გულისხმობს ტყიური მეფუტკრეობიდან გარდამავალ საფეხურს შინაურ მეფუტკრეობაზე. ხეებზე შემოდგმულ ასეთ, მრგვალ, ერთ მორში ამოღებულ სკებს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელები ჰქვია: ყოვანი, როგო, ჯარა, ვარყალა...

აჭარიდან მუჰაჯირებმა აბრეშუმის საქმის ცოდნაც წამოიღეს. ამ საქმიანობის ტრადიციები აქაც დახვდათ, თუმცა ამჯამად „იბრეშუმის საქმე“  , ანუ „კოზას საქმე“ აქაურ მოსახლეობაში მივიწყებულია. ამის მიზეზად, ისევე როგორც თამბაქოს მოყვანის მივიწყებას მიზეზად სახელმწიფო პოლიტიკას (მონოპოლიას) ასახელებენ.  

მარმარილოს ზღვის რეგიონში აჭარიდან გადასახლებული მუჰაჯირები ხითხუროობის მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, „ხელოვანნ ხის მუშკობითა“(ვახუშტი ბატონიშვილი). გამორჩეული იყო აქაური ოსტატების მიერ ხის მხატვრულად დამუშავება, მხვეწელობა, მათ მიერ აგებული საცხოვრებელი ნაგებობანი.

მარმარილოს რეგიონის სოფლებში ხის ნივთების დამზადებისათვის ყველა ტიპის სამხვეწლო იყო: ხელის, ფეხისა და წყლის დაზგები და მათი საშუალებით ხდებოდა საყოფცხოვრებო და საოჯახო ნივთების მოხარატება.

არსანიშნავია ინეგოლის ჰილმიეში გამართილი   კომპლექსურ მოწყობილობა, რომელიც ერთად ამუშავებდა როგორც წყლის წისქვილს, ისე გობების მოსახვეწ  დაზგას. იხვეწებოდა და მზადდებოდა საოჯახო ჭურჭელი,   ამზადებდნენ აკვნებს, სუფრა-ფესხუმებს, გობებს, თიტისტარებს, კვირისტავებს და სხვ.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ხის მოჩუქურთმებული სკივრების დამზადება, რომელიც იმდენად აუცილებელ დგამ-ავეჯს წარმოადგენდა, რომ მზითვის აუცილებელ ატრიბუტი იყო და საქორწინო რიტუალშიც „მონაწილეობდა“. მასში ოჯახის რძლები ინახავდნენ გამოსასვლელ, ტრადიციულ ტანსაცმელს და საკუთარ ნივთებს. სკივრები მოჩუქურთმებული იყო სოლარულ გამოსახულებებით, ბორჯღალებით, გეომეტრიული ორნამენტებით. ასეთი სკივრები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მუჰაჯირთა პირველ თაობებში. ზოგი, სამშობლოდან წამოიღეს, ნაწილსაც აქ, ახალ ადგილზე ამზადებდნენ ოსტატები. შემდგომ მისი დამზადების საქმე დავიწყებას მიეცა. ერთი ასეთი სკივრი ინეგოლის ქალაქის მუზეუმშია დაცული, თუმცა მისი წარმომავლობა არ არის დაკონკრეტებილი და ზოგადი სახელით, „კავკასიური“, არის აღნიშნული. სასურველია თუნდაც ინეგოლში, აღდგეს ტრადიციული, მოჩუქურთმებული სკივრების დამზადება და მისი მზითევში გატანების ტრადიცია. მით უფრო, რომ დღევანდელი ინეგოლელები აგრძელებენ მამა-პაპათა ტრადიციებს და შესანიშნავი ხითხურო ოსტატები არიან.

მარმარილოს რეგიონში სამჭედლო თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. მზადდებოდა ძირითადად სასოფლო- სამეურნეო იარაღ-ხელსაწყოები. მაგალითისთვის მოვიყვანთ სოფელ სულიეში არსებულ სამჭედლოს, სადაც მუსაობდა  ცნობილი ოსტატი,- უსტა მევლუდ დემირთაში. მისი შთამომავლები სათუთად ინახავენ შემორჩენილ ოსტატის სამჭედლო გარნიტურის ნაწილს და ნამზადს.  მის მიერ გამჭედილი ნაჯახი, წალდი, სახნისი, ნამგალი, თოხი, ქარჩი, და სხვა იარაღები ერთგულად ემსახურებოდა სოფელს.

ქართული მოსახლეობის დაფუძნებას დაქართული სოფლების დაარსებას მარმარილოს რეგიონში მოჰყვა ახალი მიკროტოპონიმების გაჩენა რელიეფის ხასიათის, ჰიდროდრაფიული ქსელის, სამეურნეო კულტურების, გავრცელებული ფრლორის და ფაუნის მიხედვით. სავარგულების, სახნავ-სათესი ადგილების, ღელე-ნაკადულების, ტყეების სახელები ზოგი სამშობლოდან „გადმოიტანეს“ და აქაურ პირობებს მიუსადაგეს, ზოგიც თანდათან შეურჩიეს ადგილების შესაფერისად და შესაბამისად.

სავარგულების, სახნავ-სათესი ადგილების, ღელე- მდინარეების,  ტყეების სახელები, ზოგი სამშობლოდან „გადმოტანეს“, ზოგსაც თანდათან შეურჩიეს ადგილების შესაფერად და შესაბამისად. სამაგალითოდ მოვიყვანთ ინეგოლის სოფელ ღაზელის (ჰამიდიე) მიკროტოპონიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის და ბ-ნ აბდულაჰ თათაროღლუს მასალის მიხედვით.  ტყეებია: ბუღა სერი,   შუასერი, კაკლიანი (კაკლის ხეების სიმრავლის გამო), კინტრაკოხი (სადაც, როგორც ჩანს მოიპოვებდნენ კევრის მოკოხვისთვის საჭირო მოგრძო კაჟის ქვას,-კოხებს), სუფრა (მრგვალი ფორმის სივრცე), ნაწისქვილარი და დოლაბ ღელე, (რომლებზეც წისქვილები იყო აგებული), ცხემლნარები, მუხნარები, წაბლები (ცხემლის/თხმელის, მუხების, წაბლის ხეების გაკაფვით მიღებული ახოს ყანები), ბაგები (მთელ საქართველოში გავრცელებული მიკრო ტოპონიმი), იორუქების ღელე (საზღვარიც მოინიშნა მეზობლად მცხოვრები თურქი იორუქებისგან გასამიჯნად), შინდიანი, გამოხვრეტილი კლდე და სხვ. ეს მხოლოდ ერთი სოფლის მცირე მაგალითია, საილუსტრაციოდ მოყვანილი. ასე გაჩნდა ახალი ტოპონიმები და მიკრო ტოპონიმები ინეგოლის სხვა სოფლებშიც, ბურსას ოლქში ზოგადად, სამხრეთ შავი ზღვისპირეთის რეგიონში და სხვ. ამან კიდევ უფრო „გააშინაურეს“ და ახლობელი გახადეს გადმოსახლებული მოსახლეობისთვის ახალი სამკვიდრო.

საუკუნე ნახევარი გავიდა მარმარილოს ზღვისპირეთში მუჰაჯირთა პირველი თაობის გადმოსახლებიდან. ამჯამად მათი შთამომავლები, მეხუთე თაობა,- თურქეთის რესპუბლიკის პატრიოტი მოქალაქენი, არ ივიწყებენ და ინტერესდებიან თავიანთი ისტორიული სამშობლოთი და ბევრი მათგანი ინარჩუნებს წინაპრების ეთნიკურ იდენტობას.  

*ინეგოლის მურათბეის სოფელის ქართული კულტურის, ურთიერთდახმარებისა და ტურიზმის საზოგადოებას და ინეგოლის  ჰაირიეს სოფელის ქართული კულტურისა და ტურიზმის საზოგადოებას მიერ ერთობლივად ორგანიზებული და ბურსას პროვინციის ინეგოლის რაიონის სოფელ ჰაირიეში (ხეირიე) 30 აპრილ 2016 ში ჩატარებულ კონფერენციის მოხსენებაა








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი