Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   აფხაზეთი XVII საუკუნეში-აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

XVII საუკუნის I ნახევარში თანამედროვე აფხაზეთის დიდი ნაწილი შედიოდა სამეგრელოს შემადგენლობაში და ქართველებით იყო დასახლებული. რაც შეეხება თავად აფხაზეთს, ანუ შერვაშიძის საგამგებლო ზონას, იგი გაგრის ქედამდე ვრცელდებოდა, რის შემდგეგადაც ''ჯიქეთი'' იწყებოდა, რომელიც აფხაზეთისდან იყო გამოყოფილი და დამოუკიდებელი ბეგები ჰყავდა. ჩვენს ხელთ არსებობს იმდოინდელი ეთნიკური და პოლიტიკური ვითარების აღმწერი რამდენიმე ისტორიული წყარო, რომელთა ზუსტი ანალიზი დაგვეხმარება როგორც პოლიტიკური, ისე ეთნიკური ვითარების წარმოდგენაში.

1611 წელს, მანუჩარ დადიანის გარდაცვალების შემდგომ სამეგრელოს მთავრის ტახტზე ადის ლევან II დადიანი (1611-1657), რომლის დროსაც სამეგრელოს სამთავრო განსაკუთრებით ძლიერდება. ლევანის მწირეწლოვნობის ჟამს, სამთავროს ფაქტიური გამგებელი იყო სალიპარიტიანოს გამგებელი გიორგი. ლევანმა, საკუთარი მმართველობისას მოახერხა აფხაზეთის სამეგრელოს გავლენაში ისევ მოქცევა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამეგრელო ოსმალეთის იმპერიის ვასლად ითვლებოდა, ლევან დადიანმა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო და ზოგჯერ აქტიურად მიდიოდა თურქთა წინააღმდეგ. 1640 წელს მან დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული ჯარით, რომელშიც აფხაზებიც იღებდნენ მონაწილეობას, აიღო და დაანგრია ფოთის ციხე. მისი მოქმედბის შედეგად როგორც სამეგრელოში, ისე გურიასა და აფხაზეთშიც, ოსმალური გარნიზონები აღარ იდგა. ლევან დადიანი აქტიურად თანამშრომლობდა ანტი-ოსმალურ ძალებთან, იქნებოდა ეს ირანი თუ  კაზაკობა.

1657 წელს ლევან დადიანი გარდაიცვალა და ოდიშში შფოთი და არეულობა დაიწყო. ამით ისარგებლეს აფხაზებმაც და მთავრის ხელმძღვანელობით ოდიშის სამთავროსზე თავდასხმები დაიწყეს. სამეგრელოში მოღაწე კათოლიკე მისიონერი მარია ძამპი აღნიშნავდა: ‘’სამეგრელო სამეგრელო აღარ არის, რადგან ომების გამო უკანასკნელ სიგლახაკეშია ჩავარდნილი, დაქცეული და აოხრებულია... ახლა კაცს არ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების დაცემის შიშშია.... [1] 1681 წელს, როდესაც მთავარი ლევან III დადიანი გარდაიცვალა, ტახტის მემკვიდრე მანუჩარ გურიელს ჰყავდა მძევლად. მანუჩარს, რომელსაც სამეგრელოში გაბატონება თავად სურდა, მემკვიდრე მოკლა. ამით კი ისარგებლა შერვაშიძემ და თავი სამეგრელოს მთავრად გამოაცხადა, თუმცა 1683 წელს ლიპარიტიანის მოქმედების შედეგად ოდიშის მთავარი გახდა ლევან IV დადიანი (1683-1691). ამ მოვლენების შედეგად ოდიშის, ანუ სამეგრელოს სამთავრო ფაქტობრივად 2 ნაწილად იქნა გაყოფილი. ენგურის გამოღმა ნაწილს დადიანი განაგებდა, ხოლო დასავლეთს შერვაშიძე. მიუხედავად იმისა რომ შერვაშიძე ცდილობდა მთელს სამეგრელოში გაბატონებულიყო, მან ეს ვერ მოახერხა, თუმცა ენგურის გაღმა მტკიცედ დამკვიდრდა. მთავრის ტახტზე ზეგნაყ შერვაშიძის ასვლის შემდეგ ენგურის დასავლეთით მდებარე მიწები უშუალოდ აფხაზეთს შეუერთეს. მიუხედავად სამეგრელოს გავლენისგან გათავისუფლებისა, აფხაზეთი იმერეთის მეფის უზენაესობას მაინც აღიარებდა. 1689 წელს, როდესაც აფხაზეთში ვახტანგ V ვაჟი, სხვადასხვა წლებში  იმერეთის და კახეთის მეფე არჩილი ჩავიდა, მას ‘’მიეგება შარვაშიძე, ისტუმრა პატივით, ვითარცა მეფე და იმფოფებოდა ზუფუს (ლიხნში) ჟამრაოდენმე’’ [2]

მიუხედავად იმისა რომ ზეგნაყ შერვაშიძემ მოახერხა საკუთარი სამფლობელოს ერთი-ორად გაფართოებდა, მის მიერ ‘’გადიდებულ აფხაზეთს’’ ერთიან საზღვრებში დიდხანს აღარ უარსებია. უკვე XVII საუკუნის 90-იან წლებში, მაშინ როდესაც ზეგნაყი გარდაიცვალა, აფხაზეთი მისმა შვილებმა გაინაწილეს. უფროს მათგანს, ანუ როსტომს ერგო ტერიტორია მდინარე ბზიფიდან მდინარე კოდორამდე; შუათანას- ჯიქეშიას- მდინარე კოდორიდან მდინარე ღალიძგამდე, ეს მიწა შემდგომში აბჟუად იწოდებოდა; ხოლო უმცროს მათგან ყვაპუს, ერგო მდინარე ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორია, რომელსაც მომდევნო ხანაში სამურზაყანო ეწოდა.

ამრიგად აფხაზეთის ოდიშისგან ფაქტობრივი გამოყოფა უკვე დასრულდა XVII საუკუნის 70-იან წლებში. აფხაზეთის გამგებლებმა მოიშორეს სამთავრო ვალდებულებები და სიუზერენის ყოველგვარი დამოკიდებულება. მიუხედავად სამეგრელოსგან გათავისუფლებისა, შერვაშიძე უშუალოდ, თუმცაღა ნომინალურად, მაგრამ მაინც ემორჩილებოდა იმერეთის მეფეს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ  აფხაზეთი ამის შემდეგ აღარ იყო მყარი ერთეული, იგი სამ ნაწილად გაყოფილი აღმოჩნდა.

მეჩვიდმეტე საუკუნეში, კერძოდ 1630-1649 წლებში საქართველოში, კერძოდ სამეგრელოს სამთავროში ცხოვრობდა იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან გამოაქვეყნა საკუთარი წიგნი ''კოლხეთის აღწერა, რომელსაც ამჟამად სამეგრელო ეწოდება’’, რომელიც უმნიშვნელოვანესი წყაროა იმდოინდელი აფხაზეთის როგორც პოლიტიკური, ისე ეთნიკური ვითარების გარკვევისათვის. ლამბერტი აფხაზეთისა და სამეგრელოს საზღვრების შესახებ წერს ''ძველი პოეტებისგან ფრიად სახელგნთქმული კოლხიდა არის აზიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის უკიდურეს ნაპირზე და რომელსაც მკვიდრნი უწოდებენ ოდიშს და სხვები კი სამეგრელოს. კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა (აგრეთვე ბაში-აჩუქად წოდებულსა) და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი - ჩრდილოეთით. იმერეთისგან მას ჰყოფს სახელგანთქმული მდ. ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად... რიონი ჰყოფს აგრეთვე სამეგრელოსა და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას... კოლხიდის საზღვარია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით ის ძველთა კორაქსია.'' ლამისიონერი კოლხეთის მდინარეების შესახებ ამბობს: ''ყველაზე უკანასკნელი მდინარე არის კოდორი, რომელიც უნდა იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველთა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით - კორაქსი; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა - იცვლება აფხაზურად. '' [3]

ამრიგად, ლამბერტის მონაცემებით პოლიტიკური საზღვარი აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის გადის მდინარე კოდორის მიდამოებში, ასევე ეთნიკურიც, კოდორს გაღმა ცხოვრობენ აფხაზები და საუბრობენ საკუთარ ენაზე. ამას გარდა, უაღესად საყურადღებოა ცნობები აქვს თურქ მოგზაურ ევლია ჩელების, რომელმაც ეს მხარე დაახლოებით 1641 წლისათვის მოიარა. მისი თქმით საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის მდინარე ფაშა, რომელიც დიდი ალბათობით არის იგივე მდინარე კოდორი, ყველაზე დიდი მდინარე აფხაზეთში. თურქი მოგზაურის აღწერით კოდორის აღმოსავლეთით ცხოვრობენ მეგრელები, ხოლო კოდორის დასავლეთით აფხაზური ტომი ჩაჩი. თავად ამ ტომის შესახებ თურქი მოგზაური მეტად საყურადღებო ცნობას გვაწვდის. მისი თქმით ჩაჩები: ''ერთმანეთში საუბრობენ იმავე მეგრულად, როგორც მდინარე ფაშას მეორე მხარეს, სამეგრელოში. მათ შორის არიან კეთილშობილი ადამიანები. მათ ჰყავთ ძლიერი ხალხი- დაახლოებით 10 000. ისინი ყველა ერთი რწმენის არ არიან..'' [4] უაღესად მნიშვნელოვანი წყაროა. როგორც ჩვენ უკვე ვიცით ლამბერტის მოწმობიდან კოდორს გამოღმა მეგრელები იყვნენ, ამ ცნობითაც ეს დასტურდება, მაგრამ მეგრული მოსახლეობის დედა-ენა იყო არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ აფხაზეთშიც, კერძოდ საშერვაშიძეოს რაიონში, რომელიც მოიცავდა დიდი ალბათობით სოხუმის სექტორს, ანაკოფიითურთ და გუდაუთის რაიონსაც, სადაც იყო მთავრის რეზიდენცია. რადგანაც ურთიერთსასაუბრო ენა მეგრული იყო, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ქართველთა ასიმილაციის და აბაზური ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ აფხაზეთის კოლონიზაციის პროცესი ჯერ არ იყო დასრულებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნობა რასაც ჩელები გვაწვდის - ''ისინი ყველა ერთი რწმენის არ არიან''. უეჭველი დასტურია იმ ყველაფრისა. ჩამოსახლებული აფხაზები წარმართები იყვნენ, რომელთაც შეითვისეს შემდგომში, როგორც ქრისტიანული, ისე მუსლიმური (თურქეთიდან გავრცელებული) ელემენტები, ხოლო მეგრელები იმთავითვე ქრისტიანები იყვნენ. ამრიგად, ჩელების დროინდელი აფხაზეთში, ანუ შერვაშიძის საგამგებლო ზონაშიში იყო შერეული-მეგრულ-აფხაზური მოსახლეობა და არ იყო დასრულებული რეგიონის ''გააფხაზების'' პროცესი. თურქი მოგზაური ჩამოთვლის აგრეთვე ათეულობით  ტომს და თემს, რომლებიც იმ დროს ცხოვრობდნენ შავი ზღვის სანაპირო ზონაში. მდინარე ფსოუს ქვედა ნაწილის თემი გეჩებს ეკუთვნოდათ, მათ აღმოსავლეთით, გაგრის ქედთან და მის მიდამოებში ჩანან ჭანდები, რომელთაც თვით გაგრა კუთვნებიათ. გაგრის ქედს გამოღმა კი როგორც ვიცით აფხაზეთის სამთავრო მდებარეობდა. ჭანდების ტომის შესახებ იგი ამბობს: ‘’ჩანდების ტომი. მამაცი ხალხი. რაოდენობა დაახლოებით 15 000. ისინი ნამდვილი აბაზები არიან..’’ ხოლო საძების ოლქის შესახებ ჩელები მოგვითხრობს, რომ რამდენიმე თემის შემდეგ ჩრდილოეთით მაღალ მთებში არის საძების რეგიონი.... რაოდენობა შვიდი ათასი, ისინი მამაცი და ძლიერები არიან..'' [5] მაშასადამე, ჩელების აღწერით საძები და ჭანდები/ცანდები სხვადასხვა თემები ყოფილან. ჭანდი ეს არის სანიგის ფორმა, შერჩენილი ჯერ კიდევ იმ რეგიონს, სადაც ქართველური ტომები ცხოვრობდნენ. როგორც ვხედავთ ამ მხარის ‘’აბაზიზაცია’’ დასრულებულია. აფხაზი მეცნიერების მიერ სანიგების საძებთან მიბმა როგორც სჩანს მეტისმეტად უსუსური ვერსიაა. ისინი ამ საუკუნეშიც კი სხვადასხვა თემს ეკუთვნოდნენ.

ჩელების ცნობას, რომ აფხაზეთის იმდოინდელ სამთავროს ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ ქართველები, ადასტურებს დონ ქრისტოფორო კასტელი, რომელიც სწორედ ამ ხანებში იყო ამ მხარეში და რამდენიმე გვარიც ჩაიწერა, კერძოდ შარაშია, აჩაბაია, ჯიჩავაძე, კასაია, გიმეტია. ამ ხუთი გვარიდან 4 ქართულია, ხოლო მეხუთე აჩაბაია შესაძლებელია მომდინარეობდეს აჩბებიდან, თუმცა მეგრულად არის გაფორმებული. ეს ყველაფერი დასტურია იმისა, რომ ამ მხარეში ჯერ კიდევ ძლიერი იყო ამ დროს მეგრული ელემენტი. [6].

მაშინ როდესაც საზღვარი აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ჯერ კიდევ კოდორის სექტორში გადიოდა, აფხაზების შემოსევებისგან დასაცავად დადიანებმა საგანგებოდ გაამაგრეს სამეგრელოს საზღვარი. მათ განაახლეს ანტიკურ ხანაში არსებული საფორთიფიკაციო ხაზი. აღნიშნული საფორტიფიკაციო ნაგებობა  მონიშნულია როგორც აქ მოღვაწე ავტორების რუკებზე, ისე ისტორიულ წყარობში. მაგალითად, ლამბერტის რუკაზე, რომლის კიდევ რამდენიმე რეპროდუქციული ვარიანტი არსებობს, აწერია: ''Murus sexginta millihus Passum ad coeveendos Abascoru incursus'', ანუ "კედელი სამოცი ათასი ნაბიჯის (სიგრძისა), აბაზგთა თავდასხმების მოსაგერიებლად "ფრანგულ რეპროდუქციულ ვარიანტებზე პირდაპირ არის  ნათარგმნი ლამბერტის რუკიდან: ''muraille de soixante milles pour arrêter les incursions des abbassas ''. იმავე კედელს კასტელის მიერ შექმნილ კოლხეთის რუკაზე აქვს შემდეგნაირი წარწერა: ''აბაზთა შემოსევების საწინააღმდეგოდ აგებული სამოცი მილის სიგრძის კედელი''ამ კედლის შესახებ აქვს საინტერესო მონანათხრობი ფრანგ იუველირსა და მოგზაურს, ჟან შარდენს. შარდენის სიტყვებით: ’’აფხაზები ესაზღვრებიან ჩერქეზებს. მათ უკავიათ ასი მილი ზღვის სანაპიროზე, ჩერქეზეთსა და სამეგრელოს შორის. ისინი არ არიან ჩერქეზებივით ველურები, მაგრამ აქვთ მიდრეკილება ქურდობისა და ყაჩაღობისადმი...‘’ [7] სამეგრელოს საზღვრების შესახებ კი ამბობს: ‘’10 სექტემბერს ისგაურში 1 მოვედით. ისგაური არის სამეგრელოს ნავთ-საყუდელი და საკმაოდ კარგია ზაფხულობით. იქ დგებიან ხომალდები, რომელნიც კოლხიდაში მოდიან სავაჭროდ, როცა ჩვენ მოვედით იქ შვიდი დიდი ხომალდი ოდგა. ჩვენმა ნავის უფროსმა დააბმევინა ხომალდი ოთხი ღუზით და დააშვებინა ანძები. ისგაური უდაბური და უკაცური ადგილია... კოლხიდა მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე. აღმოსავლეთით მას საზღვრავს პატარა სამეფო, რომელიც შეადგენს საქართველოს ნაწილს და რომელსაც ადგილობრივი, მცხოვრებნი იმერეთს უწოდებენ. სამხრეთით მას საზღვრავს შავი ზღვა, დასავლეთით აფხაზეთი, ჩრდილოეთით კავკასიის მთები. მისი სიგრძე ზღვიდან მთებამდის წვდება და სიგანე აფხაზეთიდან იმერეთამდის. მის საზღვრებს შეადგენენ კორაქსი და ფაზისი - ძველი ისტორიკოსების სახელოვანი მდინარეები, რომელნიც ახლა კოდორად და რიონად იწოდებიან. პირველი ჰყოფს კოლხიდას და აფხაზეთსა, მეორე კოლხიდას და იმერეთსა. კოლხიდის სიგრძე ას ათ ეჯზე  (ეჯი უდრის სამ მილს) მეტია. ეს მე ვიცი არა მარტი იქაურ მცხოვრებელებისაგან გაგონებით, არამედ მე თვითონ ერთი კუთხიდან მეორემდის დამივლია ეს მხარე. კოლხიდას ერთ დროს ჩრდილოეთის მხრივ სამოცი ეჯის სიგრძის კედელი ჰქონდა აფხაზეთისაგან საფარად, მაგრამ დიდი ხანია, რაც ეს კედელი დაინგრა. ახლა ტყეებია მისი დამცველი და უდიდესი იმედი.‘’ [8] როგორც ვხედავთ კოდორის სექტორი ჯერ კიდევ მეგრელებითაა დასახლებული და სამეგრელოს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა რომ აფხაზთა შემოსევისაგან დამცავი კედელი ამ დროს უკვე დანგრეული ყოფილა. შარდენს ასევე შეუდგენია ამ მხარის რუკა, სადაც მონიშნულია მრავალი პუნქტი ქართული სახელწოდებებით.

კედლის დანგრევისა და სამეგრელოს დასუსტების შემდგომ, რამდენიმე ხანში აფხაზებმა საკუთარი სამფლობელოები გააფართოვეს და ჯერ ღალიძგამდე, შემდეგ კი ენგურამდე დაიკავეს ტერიტორია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით:  ‘’გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს (სამეგრელოში), ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე   და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი''. [9] წყაროდან კარგად  ჩანს, როგორ მოდიოდნენ აფხაზები და მკვიდრდებოდნენ დაპყრობილ მიწებზე, ასევე კარგად ჩანს, როდის დაფუძნდნენ ამ მხარეში ისინი, როდის დატოვა სამღვდელოებამ ოდიშის (სამეგრელოს) ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი და რა მიზეზით მოიშალა დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები. ფრანგი დიბუა დე მონპერეს მიხედვით: ‘’პრინცი დადიანი იძულებილი გახდა ორი საუკუნის წინ ანაკოფიდამდე გადაეტანა საზღვარი, შემდეგ კი ღალიძგამდე, აფხაზეთი, ეს საცოდავი ქვეყანა გადხა ისეთი ველური, როგორც ამერიკის ტყეები. ყველაფერი ნანგრევებში აღმოჩნდა, ყველა ეკლესია დაინგრა, ცივილიზაციის ყველა კვალი წაიშალა და ენგურამდე არ დარჩა ერთი ეპისკოპოსიც კი.'' [10] ხოლო მომდევნო დროს სამურზაყანოზე იგი წერს: ''მცხოვრებნმი არიან შერეულნი - ქართველები და აფხაზები და საუბრობენ სხვადასხვა ენაზე''. თვით ა. დიაჩკოვ-ტარასოვიც კი აფხაზებს ამ მხარეში მოსულად მიიჩნევს. მისი სიტყვებით:  აფხაზები ყოველთვის იქ არ ცხოვრობდნენ, სადაც ახლა; მათი ისტორიული მონაცემები და წყობა გვიჩვენებს, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ და ქართველური ტომები განდევნეს, სანამ არ გაჩერდნენ ენგურთან. ''  [11]

შედეგად, კოდორსა და ღალიძგას შორის მცხოვრები ქართული მოსახლეობა აფხაზებმა, მას შემდეგ რაც ეს მხარე ხელთ იგდეს, ნაწილობრივ დახოცეს, ნაწილობრივ ტყვედ გაჰყიდეს, ნაწილმა აღმოსავლეთით გადმოინაცვლა და ბევრი მათგანი ასიმილირებულ იქნა, ახლადმოსახლე ჯგუფებში. წარჩინებულთა ფენა, როგორც სამეგრელოს მთავრის დასაყრდენი ფენა განადგურებულ იქნა. მაგალითად ყვაპუ შერვაშიძემ ორჯერ მისცა ფიცი კათალიკოსებს რომ ტყვეებს აღარ გაჰყიდდა, მაგრამ პირობა არ შესრულდა. პირველად დავით ნემსაძეს (1673-1696), მეორედ კი გრიგოლ ლორთქიფანიძეს (1696-1742). დაცარიელებულ ადგილებზე კი ბზიფის მხარიდან გადმოსახლებულ იქნენ მთელი რიგი აფხაზური გვარები.

ონისე გელაშვილი

 

ბიბლიოგრაფია

[1]  Recueil De Voyages Au Nord / 7/1725 IV
[2]  ქართლის ცხოვრება IV 
[3]  Recueil De Voyages Au Nord / 7/1725  III
[4]  Эвлия Челеби. Книга путешествия. (Извлечения из сочинения турецкого путешественника ХVII века). Вып. 3. Земли Закавказья и сопредельных областей Малой Азии и Ирана. М. Наука. 1983
[5]  Ibid
[6]  კასტელი ცნობები და  ალბომი საქართველოს შესახებ გვ 80, 82, 134, 136, 171, 178
[7]  Voyages du chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'Orient – Vol I
[8]  Ibid
[9]  ქართლის ცხოვრება IV  
[10] Frédéric Dubois de Montpéreux -Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée - Volume I ;Paris, Librairie de Gide, 1839
[11] А. Дьячков-Тарасов ''Бзыбская Абхазия''.Известия Кавказского отдела Императорского Русского географического общества (ИКОИРГО). Том 18. Выпуск 1.Тифлис - 1905 с 65

 

 








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი