Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   ბათუმის ისტორია

პირველი ცნობები

ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის მე-4 ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. იგი შავი ზღვის სანაპიროზე კოლხეთში მდებარე ქალაქს ,,ბათუსის" სახელით მოიხსენიებს. ამავე სახელით იცნობდნენ ქალაქს რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე. ,,ბათუსი" ბერძნული სიტყვაა და ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს.

ქალაქის შემოსასვლელში, მდ. ყოროლისწლის მიდამოებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ცხადყო, რომ მოსახლეობა ამ ადგილებში ძვ.წ. მეორე-პირველი ათასწლეულების მიჯნაზე ცხოვრობდა და მეზობელ ხალხებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა. ძველი ბათუმის ცენტრად თამარის დასახლებაში არსებული, თამარის ციხედ წოდებული ბორცვი ითვლებოდა, რომელიც ყოროლისწყლის ხეობაში ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.

ქრისტეშობიდან II საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს, ბათუმში რომაელთა გარნიზონი იდგა. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი თავის სამფლობელოს შეუერთა.

VI, VII, VIII ს-ებში ბათუმსა და მის მხარეს ეგრისისა და აფხაზეთის მთავრები მართავდნენ. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო სოფლის ტიპის დასახლება იყო.

ოსმალთა ბატონობის ეპოქა

ქართველი ერის გაერთიანებისა და საქართველოს სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ ქალაქი და მთლიანად აჭარა, კლარჯეთის შემადგენლობაში შედიოდა და მას ერისთავი მართავდა.

შემდეგ პერიოდში ბათუმის მიწებს გურიელების საგვარეულო ფლობდა. XV საუკუნის ბოლოს, კახაბერ გურიელის მმართველობის დროს თურქებმა შეძლეს ამ ტერიტორიების მიტაცება, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა როსტომ გურიელმა მალევე აღადგინა და თურქები ქათული მიწებიდან განდევნა. როსტომ გურიელის გარდაცვალების შემდგომ (1564 წელი) თურქები ლაზეთსა და მიმდებარე ტერიტორიებს კვლავ დაეუფლენ. მათ ბათოგანში ანუ ახლანდელ ბათუმში სიმაგრეები ააგეს. 1609 წელს მამია გურიელმა თურქეთის ჯარები გაანადგურა. თუმცა, XVII საუკუნის ბოლოს თურქები ლაზეთსა და ბათუმს კვლავ დაეუფლენ. მათ ბათუმი ლივას, ანუ სანჯაყის მთავარ ქალაქად აქციეს. ბათუმის სანჯაყი ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან ციხისძირამდე მიწებს მოიცავდა. ოსმალთა ბატონობის ხანიდან რეგიონში ფეხი მოიკიდა მაჰმადიანურმა სარწმუნოებამ.

1873 წელს ბათუმი ლაზეთის საფაშოს მთავარი ქალაქი იყო, რომელსაც სანჯაყის თავი, ანუ მუთესარიფი მართავდა. მუთესარიფი უშუალოდ ტრაპიზონის ვალის, იგივე გენერალ-გუბერნატორს ემორჩილებოდა.

საქართველოს საზღვრებში დაბრუნება

XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება საქართველოს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსია და ნელ-ნელა მისი საზღვრები აჭარის ტერიტორიებს უახლოვდება. 1877-78 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს რუსეთისა და მის მიერ დაპყრობილი ქართველი ერის ინტერესები გარკვეულწილად ერთმანეთს დაემთხვა, რადგან ძირძველი ქართული მიწების ოსმალთა უღლისაგან გამოხსნას უდიდესი მნიშნელობა ჰქონდა.

აქტიურად დაიწყო რაზმების ჩამოყალიბება ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოსა და გურიაში. რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის დროშის ქვეშ 30 ათას ქართველზე მეტი იბრძოდა. 1878 წლის 3 მარტს სან სტეფანოში მეომარმა მხარეებმა საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ოსმალეთმა ფულადი კონტრიბუციის ნაწილი გარკვეული ტერიტორიების დათმობით გადაიხადა. მათ შორის იყო ისტორიული ქართული მიწები: კოლა-არტაანი, შავშეთ-იმერხევი, არტანუჯი, ოლთისი, ტაოსკარი, მაჭახელი, ლაზისტანის ნაწილი და აჭარა.

ბერლინის კონგრესზე (1878 წლის 13 ივნისი-13 ივლისი), რომელიც სან სტეფანოს ხელშეკრულების გადასინჯვას ითვალისწინებდა, რუსეთმა შეძლო ძირითადი ტერიტორიული მონაპოვრის შენარჩუნება. ამრიგად, აჭარა დედასაქართველოს დაუბრუნდა.

1878 წლის 25 აგვისტოს ბათუმში გენერალ სვიატიპოლკ მირსკის მეთაურობით რუსთა არმია შემოვიდა და მიღება-გაცილების ცერემონიალზე ე.წ. აზიზიეს (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე დევრიშ ფაშასაგან ქალაქის გასაღები ჩაიბარა.

ბათუმის ოლქში სამი _ ბათუმის, ართვინისა და აჭარის ოკრუგები გაერთიანდა. ქალაქი ბათუმი ,,პორტო-ფრანკოდ" გამოცხადდა. იდეა ინგლისს ეკუთვნოდა, რომელმაც ბერლინის კონგრესზე ამ ქალაქის პორტო-ფრანკოდ გამოცხადება მოითხოვა და გაიტანა კიდეც.

,,პორტო-ფრანკოს" სტატუსმა ბათუმს გარკვეული სიკეთე მოუტანა. ამ პერიოდიდან ბათუმი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნელ-ნელა თანამედროვე, ევროპული ქალაქის იერი შეიძინა. თუმცა, გაუარესდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ეროვნული მრეწველობა კონკურენციას ვერ უწევდა მოზღვავებულ ევროპულ საქონელს. ამასთან, გამოიკვეთა სხვა ნაკლიც _ კონტრაბანდა, მექრთამეობა და ა.შ. შექმნილი სიტუაცია ერთ-ერთ მიზეზი იყო, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ოსმალეთში გადასახლებას (მუჰაჯირობას). ,,პორტო-ფრანკო'' 1886 წელს გაუქმდა.

1883 წლის 12 ივნისს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის ოლქი გაუქმდა და ქუთაისის გუბერნიას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობა დამტკიცდა. გუბერნატორის თანაშემწე უშუალოდ ბათუმის ოკრუგს განაგებდა.

ქალაქს არ გააჩნდა თვითმმართველობა, რაც დიდად უშლიდა ხელს მის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამავე წელს ჩატარდა ქალაქის სათათბიროს წევრების არჩევნები.

1903 წლიდან ბათუმის ოლქი ქუთაისის გუბერნიას გამოეყო.

XX საუკუნის დასაწყისში ბათუმი და მთლინად სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ეკონომიკურად ერთ-ერთი დაწინაურებული მხარე იყო. კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებამ აქ ბიძგი მისცა საქალაქო ცხოვრებისა და მეურნეობის აღმავლობას. ბათუმი როგორც მსხვილი საქალაქო ცენტრი, მისი პირველხარისხოვანი ნავსადგურით, წამყვან როლს თამაშობდა ამიერკავკასიისა და შუა აზიის სატრანზიტო ვაჭრობაში.

პირველ მსოფლიო ომამდე ბათუმმა ევროპული ქალაქის იერი მიიღო, რაც მისი თვითმმართველობის პროგრესული მოღვაწეობის და ქალაქის შემოსავლების მიზანმიმართულად გამოყენების შედეგი იყო.

რუსეთ-ოსმალეთის გარიგება

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ პოლიტიკური ვითარება ამიერკავკასიაშიც შეცვალა. რუსეთის იმპერიაში 1917 წლის რევოლუციით გამოწვეულმა არასტაბილურობამ და ოქტომბრის გადატრიალების შედეგად წარმოქმნილმა სერიოზულმა ანარქიამ, გამოიწვია კავკასიის ფრონტის მოშლა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მშობლიური სხეულიდან ხელმეორედ მოწყვეტა.

როგორც ცნობილია, 1918 წლის 3 მარტს ბრესტში ბოლშევიკურ რუსეთსა და გერმანიას შორის დადებული საზავო ხელშეკრულების IV მუხლით ბათუმის, ყარსის და არდაანის ოლქები თვითგამორკვევის საფუძველზე უნდა გამოსულიყო რუსეთის მფლობელობიდან და აღდგენილიყო რუსეთ-ოსმალეთის 1877 წლის სახელმწიფო საზღვარი. ცხადია, მოვლენების ასეთი განვითარება აბსოლიტურად მიუღებელი იყო ამიერკავკასიისათვის. ბათუმის ოლქის საკითხის განხილვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარეობდა 1918 წ. 14 მარტიდან 5 აპრილამდე. ამიერკავკასიის დელეგაციის მიზანს წარმოადგენდა რუსეთ-ოსმალეთის 1914 წლამდე არსებული საზღვრების შენარჩუნება, ხოლო ოსმალეთის დელეგაცია ამიერკავკასიის მხარისაგან ბრესტის საზავო გადაწყვეტილების უპირობოდ ცნობას მოითხოვდა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

1918 წლის 14 აპრილს ოსმალეთისა და ამიერკავკასიის დელეგაციის მეთაურები შეთახმდნენ, რომ შექმნილი მდგომარეობა ჩაეთვალათ არა განხეთქილებად არამედ შესვენებად კონფერენციის მუშაობაში. სამწუხაროდ ეს შეთანხმება დაირღვა, იმავე დღეს ოსმალეთის ჯარმა მოახდინა ბათუმის ანექსია.

პირველი რესპუბლიკა და აჭარის დაბრუნება

ტრაპიზონის კონფერენციის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა ბათუმის საზავო მოლაპარაკება, რომელიც ორ ეტაპად ( 1918 წლის 11-26 მაისი და 31 მაისი - 4 ივნისი) გაიმართა. პირველად ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის, ხოლო მეორე ეტაპზე, ამ უკანასკნელსა და ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს შორის. კონფერენციის პირველ ეტაპზე ამიერკავკასიის საზავო დელეგაცია (თავმჯდომარე ა. ჩხენკელი) უკვე ცდილობდა მოლაპარაკებას საფუძვლად დადებოდა ბრესტის საზავო შეთანხმება. ოსმალეთი კი, ზავის ახალ პირობებს მოითხოვდა. მათ იმდენად დიდი ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდათ, რომ მისივე მოკავშირე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის პროტესტიც გამოიწვია.

შექმნილი სიტუაციიდან რეალურ გამოსავლად ითვლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის რეალიზება. საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტი ბათუმში შემუშავდა და 26 მაისს თბილისში გაფორმდა.

ბათუმის საზავო კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, 1918 წლის 4 ივნისს ოსმალეთმა იარაღის მუქარით აიძულა ახალბედა საქართველოს რესპუბლიკა ბრესტის ზავით გათვალისწინებული ბათუმი, არტაანის გარდა, დაეთმო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები.

ოსმალებმა სამხ. დას. საქართველოში შემოიღეს თავიანთი მმართველობა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული ტრადიციებით გამორჩეული ბათუმის თვითმმართველობა არ გაუქმებულა.

პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ წერტილი დაუსვა ბათუმის ოლქში ოსმალეთის ექვსთვიან საოკუპაციო რეჟიმს.

1919 წლის დასაწყისიდან ბათუმის ოლქი და ქალაქი ბათუმი წარმოადგენდა ანტანტის გამარჯვებულ სახელმწიფოთა საოკუპაციო ზონას. ინგლისის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლობამ ქ. ბათუმისა და ბათუმის ოლქის გუბერნატორად დანიშნა გენერალი კუკ კოლისი.

ინგლისელებმა საწყის ეტაპზე შექმნეს სამოქალაქო მმართველობის სტრუქტურაც _ ბათუმის ოლქის მართვის საბჭო, რომელიც ძირითადად რუსული ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა კადეტი პ. მასლოვი, გამოირჩეოდა, მკვეთრი ანტიქართული ხასიათით. 1919 წლის 14 აპრილს გუბერნატორის ბრძანებით საბჭო დაშლილად გამოცხადდა.

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. მართალია, ბოლშევიკურმა რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ დღითიდღე ცხადი ხდებოდა, რომ იგი მეზობელი ქვეყნის ხელმეორედ დასაპყრობად ემზადებოდა.

1921 წლის თებერვალს საბჭოთა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს იწყებს. ომის პირველ ეტაპზე მცირერიცხოვანმა ქართულმა არმიამ რამდენიმე გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ თებერვლის ბოლოს სასწორი მაინც დამპყრობთა მხარეს გადაიხარა და 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავა.

რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოებული ბრძოლებით ისარგებლა ოსმალეთმა და მას არდაგან-ართვინი წააგლიჯა. 10 მარტს ოსმალთა ერთი ბატალიონი ხულოსა და ქედაში შევიდა, 12 მარტს კი, თურქები ბათუმშიც გამოჩნდნენ. მათი დამატებითი ძალები ქალაქში 15-16 მარტსაც შედიან. თურქული ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსიით, ისინი საქართველოდან რუსების განდევნას აპირებდნენ. თუმცა, 17 მარტს ოსმალთა ჯარმა ბათუმის ცენტრალური ფოსტა და სხვა სტრატეგიული ობიექტები დაიკავა, რითაც დადასტურდა, რომ მათი მიზანი რეგიონის ანექსია იყო.

17 მარტსვე მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია და ხელისუფლების სხვა წევრები ბათუმის პორტიდან ემიგრაციაში მიდიან. აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში უკან დახეული ქართული არმია გარდაუვალი კაპიტულაციის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, სარდლობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯარმა სამშობლოსთვის უკანასკნელი ვალი აღასრულოს და საქართველოს ოსმალთა მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაუბრუნოს. არმიას მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან უერთდებიან.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით 18 მარტს ბათუმისათვის ბრძოლები იწყება. 21 მარტს კი, ქართველებმა ოსმალები ბათუმიდან განდევნეს და აჭარა საქართველოს შეუნარჩუნეს. სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ბათუმში ,,აზიზიეს მოედანზე'' ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე დაკრძალეს.

უახლესი წარსული

ბათუმის ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია 1924 წელს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში წამოწყებული აჯანყების დროს განვითარებული მოვლენები. ბათუმში ანტისაბჭოთა გამოსვლების მონაწილე ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის წევრებს წინასწარი გამოძიების გარეშე გაუსწორდნენ. 1924 წლის 31 აგვისტოს ანტისაბჭოთა გამოსვლების მონაწილეები დახვრიტეს. მათ შორის იყო ოსმალებისგან ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილე გენერალ-მაიორი გიორგი ფურცელაძე, რომელსაც მაშინ ბათუმის გამაგრების შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა.

გასაბჭოების შემდგომ აჭარის რეგიონს თითქოსდა `რელიგიური ნიშნით~ ავტონომიის სტატუსი მიენიჭა, თუმცაღა, ამით საბჭოთა რუსეთის შორსგამიზნული იდეაც ინიღბებოდა. სოციალიზმის ეპოქა ბათუმისათვის განსაკუთრებით გამორჩეული არ ყოფილა. საბჭოთა იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა მსგავსად, ბათუმმა და მისმა საზოგადოებამ 37-38 წლების სუსხი საკუთარ თავზე გამოსცადა. ბათუმლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში (1941-45 წ.წ.) სხვადასხვა ფრონტებზე. ბათუმიდან ომში გაწვეული 12 258 ჯარისკაციდან შინ 4 728 არ დაბრუნებულა. 60-80-იან წლებში ქალაქის ცხოვრება საბჭოთა ყოფისა და მისთვის დამახასიათებელი ღირებულებების ტიპიურ მაგალითს წარმოადგენდა.

29.05.2019

წყარო: https://batumi.ge/ge/?page=show&sec=2

  -








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი