Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   ქართული ანბანი, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი*

 

მოგეხსენებათ, UNESCO-მ  (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა გენერალური კონფერენცია) 2003 წელს  გადაწყვეტილება, რომ ამოქმედებულიყო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია.   

საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა 2008 წელს, რითიც აიღო ვალდებულება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობს აღრიცხვა, იდენტიფიცირება და საკანონმდებლო დონეზე დაცვა.

კონვენციის თანახმად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე  არსებულ, ქართულ და ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფების, კულტურულ მემკვიდრეობას შემდეგი სფეროების მიხედვით:

  • ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის ჩათვლით;
  • საშემსრულებლო ხელოვნება;
  • საზოგადოებრივი პრაქტიკები: ადათ-წესები, წეს-ჩვეულებები, ზეიმები;
  • ბუნებასა და სამყაროსთან დაკავშირებული ცოდნა და ადათ-წესები;
  • ხელოსნობის დარგები და ტექნიკები.

ცნობილია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ვლინდება ყოველი ეთნოსის (საზოგადოების, ეთნოგრაფიული ჯგუფებისა და ცალკეული პირების) ეთნო-კულტურულ და სოციო-კულტურულ ტრადიციებში და გვევლინება მათი იდენტობის  ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მოძებისა და დაცვის მიმართულებით 2011 წლიდან მუშაობს კულტურის სამინისტროს შესაბამისი სეგმენტი (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო). უდიდეს საქმეს აკეთებს სააგენტოს თანამშრომელი ქალბატონი მაკა თაქთაქიშვილი. მასალის შეგროვებაში აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სპეციალისტები (ეთნოლოგები, კულტურის სპეციალისტები), ასევე საქართველოს სხვა მოქალაქენი, რომლებიც თავიანთ მხარეებში აფიქსირებენ ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრობის ძეგლებს და წარმოადგენენ მათი მნიშვნელობისა და ისტორიის ამსახველ  ინფორმაციას სპეციალისტების დახმარებით. უკვე ათასზე მეტი არამატერიალური კულტურის ძეგლია აღრიცხული და ფიქსირებული. ნაწილს  მიენიჭა ეროვნული ძეგლის სტატუსი. ჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს: დამბალხაჭო, სვანური სამზარეულო, სვანური ქუდის დამზადების და გამოყენების ტრადიცია და სხვ.

ქართული ეროვნული არამატერიალური კულტურის ორ ელემენტს უკვე მინიჭებული აქვს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს არის: ქართული მრავალხმიანობა და ქვევრში ღვინის დაყენების წესი.

წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და შესაბამისი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა წარმოადგინა მასალა ქართული ანბანის, როგორც არამატერიალური კულტურის ძეეგლის შესახებ. საკითხი მომზადდა და  წარდგა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საზოგადოებრივი ინიციატივების საფუძველზე. შემდეგ კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის წარდგინებით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას" ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამავე დროს ძეგლის სტატუსი მიენიჭა „გრაკლიანის გორა“-ს, რომელიც მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, ხოლო ქართული ანბანი ცოცხალი კულტურის მემკვიდრობაა.

ამის შემდეგ მომზადდა საკითხი, რომ  ქართული ანბანი, მისი სამივე სახეობით, სცდება ეროვნული ძეგლის სტატუსს, მას აქვს საკაცობრიო მნიშვნელობა და იგი დაცული უნდა იყოს იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი. საქართველოს რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა"   წარდგენილ ქნას იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე ოფიციალურად.

 

ქართული ანბანი, საისტორიო გადმოცემით, მეფე ფარნავაზის დროს შეიქმნა ძველი წელთა აღიცხვის მეოთხე-მესამე საუკუნეებში და გახდა საქართველოს სახელმწიფოს დამწერლობა.

 რეალური არტეფაქტები მოგვეპოვება ჩვენი წელთა აღრიცხვის დროიდან,  ქართული ანბანის უძველესი სახე, ჩვენს დრომდე შემორჩენილი დოკუმენტების  მიხედვით, არის ასომთავრული. მის უადრეს ნიმუშად გვევლინება  პალესტინის ქართული მონასტრის ეპიგრაფიკული წარწერები, დათარიღებული მე-5 -ის 30-იანი წლებით. ამ დროიდან IX საუკუნემდე ასომთავრულით არის შესრულებული ყველა ქართული წერილობითი ძეგლი - წარწერები თუ ხელნაწერები.

ქართული ანბანი და დამწერლობა იყო და არის მშობლიური საქართველოს ყველა ისტორიულ-ეტნოგრაფიული მხარისათვის. განსაკუთრებით ბევრი წერილობითი დოკუმენტი შემოგვენახა აფხაზეთში, სვანეთსა და სამეგრელოში. ცნობილი საგანმანათლებლო ცენტრები იყო, აგრეთვე, დღევანდელი ართვინის რეგიონის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსებში გვიან შუასაუკუნეებამდე.

უძველესი ქართული ანბანი – ასომთავრული მომრგვალებული ფორმისა, ორ ხაზში იწერება და 37 გრაფემისაგან შედგება. ასომთავრულითაა შესრულებული წარწერები უძველეს ქართულ ტაძრებში და ფრესკებზე, რის გამოც ის დღემდე მონუმენტური ანბანის ხასიათსა და ფუნქციას ინარჩუნებს.

 

შემდგომი ანბანი ­– ნუსხური  განსხვავდება მოხაზულობით, გრაფემების რაოდენობით და ასოთა ბმის ტექნიკით. ნუსხური 38 გრაფემისაგან შედგება და ოთხ ხაზში  იწერება. მისი  ყველაზე ადრინდელ ნიმუშია  ატენის სიონის 835 წლის წარწერა.

 

 

მესამე ანბანი – მხედრული ოთხხაზოვანი სისტემის მრგვლოვანი დამწერლობაა და ნუსხურისაგან განსხვავებით 33 გრაფემისგან შედგება.  გრაფემებიდან  5 გამოხატავს ხმოვანს, ხოლო 28 - თანხმოვანს.

 

მხედრული ანბანი თავიდანვე საერო ფუნქციას ატარებდა. მას, ძირითადად, საერო პირები - მხედრები გამოიყენებდნენ და ამიტომ უწოდეს მხედრული, ხოლო ნუსხურს, ასომთავრულთან ერთად, რომელსაც კვლავ იყენებდა ეკლესია, ხუცური დაერქვა.  მხედრულის შექმნის შემდეგ არ გამქრალა წინა ორი ანბანი, არამედ საფუძველი ჩაეყარა  სამივე ანბანის თანაარსებობის ტრადიციას.

 XIX საუკუნის 60-70-იან წლებში ილია ჭავჭავაძის ინიციატივით ძველი ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ გრაფემები ხმარებიდან იქნა ამოღებული.  მათგან  ჲ,  ჴ კვლავაც გამოიყენება დღევანდელ თურქეთელ ქართველთა მეტყველებაში, მაგალითად სიტყვებში „თიჴა“, „ჴარი“, „ჴელი“, „ქვაბაჲ,“, „ჴევაჲ,“ და სხვ.  “tikha”, “khari”, “kheli”, “kvabay”, “kheviy”

ანბანის თითოეულ ასოს აქვს თავისი სახელწოდება, რომელიც ამარტივებს ანბანის დამახსოვრებას (ან, ბან, გან, დონ...). თავად ანბანის სახელწოდებაც პირველი ორი ასო-ნიშნის სახელის შეერთების შედეგადაა მიღებული: ან-ბან-.

მოგეხსენებთ, საქართველოს უმდიდრესი წერილობითი კულტურა აქვს. ქართული დამწერლობითი სისტემა (ანბანი) ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან. ბუნებრივია, მას გაფრთხილება სჭირდება, რადგან ის მხოლოდ ქართველთათვის კი არ არის განძი და მნიშვნელოვანი ელემენტი, არამედ მსოფლიოს კულტურული სივრცის შემქმნელია, მსოფლიოს კულტურული განვითარების განმაპირობებლია.

მადლობა ინეგოლელებს, რომ ასე უფრთხილდებით მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს - ქართულ დამწერლობას! ჩვენ, ყველანი, ქართველები, სადაც არ უნდა ვიყოთ, აქ, საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მოვალენი ვართ დავიცვათ და გამოვიყენოთ ჩვენი ანბანი, დედაენა, რომლითაც შეიქმნა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრული, საისტორიო, ფილოსოფიური და თეოლოგიური ნაშრომი - უწყვეტად - დაწყებული მეხუთე საუკუნიდან ოცდამეერთე საუკუნის ჩათვლით. მას შემდეგ, რაც ქართულ ანბანს მიენიჭება მსაოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მას უკვე მსოფლიოც დაიცავს.

აქ, ინეგოლშიც იქმნებოდა დიდი ქართული კულტურა: აქ მოღვაწეობდნენ ახმედ მელაშვილი და ვახტანგ მალაყმაძე. წლის ბოლმდე გამოიცემა ვახტანგ მალაყმაძის მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფია და თქვენ, ინეგოლელი ქართველები, იამაყებთ იმ მდიდარი კულტურული მემკვიდრობით (ორიგინალური ლექსებით, საისტორიო ნაშრომებით, თარგმანებით, ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევებით), რაც დაგვიტოვა ვახტანგ მალაყმაძემ. ახმედ მელაშვილის ცხოვრების ამსახველი ერთი მონოგრაფია უკვე არსებობს (ავტორი – ისტორიის დოქტორი, გიორგი კალანდია), მაგრამ აუცილებელია ახმედ მელაშვილის საარქივო მასალის თემატური აღწერა და კატალოგიზირება, მისი უკვე გამოქვეყნებული ნაშრომებისა და თარგმანების  ხელახალი გამოცემა. ეს თქვენ, აქაურებმა უნდა შეძლოთ, რადგან ეს დიდი მოღვაწეები თქვენი - ადგილობრივი, მდიდარი ქართული კულტურის ნაწილს წარმოადგენენ.

 

 

აუცილებელია ადგილობრივი მდიდარი ფოლკლორის ჩაწერა და მომავალი თაობებისათვის გადაცემა: ხორუმები, სიმღერები, ლექსები, ანდაზები. მაგალითად, ქართული ფოლკლორის ბრწყინვალე ნიმუშია ბატონი ომერი ფარუქ დემირტაშის წინაპრის მიერ თქმული ლექს-სიმღერა, რომელსაც უკვე მეორე წელია თბილისში სტუდენტებს ვასწავლი, როგორც ქართული სასიმღერო ჟანრის მნიშვნელოვან ელემენტს. დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონი აბდულაჰ თათაროღლუს მოღვაწეობას.

ქართულ ენაზე შექმნილი ადგილობრივი ქართული კულტურა თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, რადგან იგი სიმდიდრეა არა მხოლოდ ქართველებისათვის, არამედ თურქეთის რესპუბლიკისათვის, როგორც მისი კულტურული მრავალფეროვნების შესანიშნავი ნიმუში.   

დიდი მადლობა კონფერენციის ორგანიზებისათვის. მადლობა ყველა ოფიციალურ პირს, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფას ინეგოლელებს და დამსწრე  საზოგადოებას.  

მადლობა ყურადღებისათვის.

 

როზეტა გუჯეჯიანი, პროფესორი, ისტორიის დოქტორი.

*თურქეთში, ინეგოლში "კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების" ორგანიზებით, მე-2 ჯერ ჩატარებული დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი