კაკელების გვარი სამხრეთ საქართველოს (სამცხე) დიდგვაროვან ფეოდალურ კლასს ეფუძნება. გვარის სახელწოდება წარმოდგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან.
კაკელების გვარი სამხრეთ საქართველოს (სამცხე) დიდგვაროვან ფეოდალურ კლასს ეფუძნება. გვარის სახელწოდება წარმოდგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან. ჯაყელთა საგვარეულოს დამფუძნებელი უნდა იყოს ჩორჩანელთა გვარის წარმომადგენელი ბეშქენი _ IX-X საუკუნეების მოღვაწის _ მირიან ბაჰლაუნდის შუათანა ვაჟი. ბეშქენის შთამომავლობამ მეფისგან სამფლობელოდ ჯაყისწყლის, ფოცხოვისა და ურავლის ხეობები მიიღო. პირველ ჯაყელად წყაროებში მოხსენიებულია თუხარისის ერისთავი ბეშქენი (XI ს.). ის და მისი შთამომავლები წყაროებში ერისთავთ-ერისთავებად მოიხსენიებიან.
ქართულ სამეფო კარზე ჯაყელი ერისთავები არაერთ თანამდებობას ფლობდნენ. XII საუკუნიდან ამ გვარის წარმომადგენლები იყვნენ მეჭურჭლეთუხუცესები (ბექა I), ამირსპასალარები (აღბუღა I). 1334 წლიდან მოყოლებული სამცხის სამთავროს მფლობელნი ათაბაგის – მეფის აღმზრდელის ტიტულს ფლობენ. თვით სამთავრო კი _ სამცხესაათაბაგოდ იწოდება.
XIII-XVI საუკუნეებში ჯაყელები ქორწინების გზით უნათესავდებოდნენ საქართველოს მეფეებსა და თავადებს, ტრაპიზონის იმპერატორებს, გამოდიოდნენ ტრაპიზონის იმპერიაში ქართული ორიენტაციის აქტიურ გამტარებლებად.
საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში (XI-XIII სს.) ჯაყელები მეწინავე სადროშოს _ ზემო ქართლის, იგივე მესხეთის ლაშქარს სარდლობდნენ.
ჯაყელების წინამძღოლობით მესხებმა არა ერთი გმირული ბრძოლა გაუმართეს ჯერ თურქ-სელჩუკებს, შემდეგ მონღოლებს, უფრო გვიან კი ირანელ და თურქ დამპყრობლებს. ამ საგვარეულოს ბევრმა ღირსეულმა წარმომადგენელმა თავისი წონადი წვლილი შეიტანა საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების მიღწევაში.
ერთ-ერთი მათგანი იყო ივანე I (ყვარყვარე) ციხისჯვარელი. მაშინ, როდესაც მთელი აღმოსავლეთ საქართველო თითქმის უბრძოლველად ნებდებოდა მონღოლებს, მხოლოდ მესხნი ივანე ჯაყელის ხელმძღვანელობით გმირულად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. რუსუდანის ნებართვით ივანე მხოლოდ მას შემდეგ ეახლა ჩაღატა ნოინს, როცა ბრძოლა სრულიად უიმედო შეიქნა.
ივანე ჯაყელი არც ამის შემდეგ შერიგებია მონღოლთა უღელს. ცოტნე დადიანთან, ეგარსლან ბაკურციხელთან, ვარამ გაგელთან, სარგის თმოგველთან და სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად იგი 1246 წელს აქტიურ მონაწილეობას ღებულობს კოხტასთავის შეთქმულებაში.
ჯაყელთა საგვარეულოს ღირსეული წარმომადგენელია ბექა მანდატურთუხუცესი (1285-1306), როდესაც რუმის თურქებმა საქართველოს უკიდურესი სამხრეთ პროვინციის _ ტაოს დარბევა დაიწყეს, ბექამ მესხთა ლაშქართან ერთად მეზობელი ქართული სახელმწიფოების ლაშქარიც იხმო და შეკრებილთ ასე მიმართა:
ძმებო ქართველებო! ჩვენში ადრე შემოჭრილ თურქთა ძლიერება მეფე დავით აღმაშენებელმა დაამხო. ახლა მათ ჩვენი დაქსაქსვით ისარგებლეს, კვლავ შემოიჭრნენ და ტაოს მხარეს გვიოხრებენ. მეომარნო, ტაო მარტო ჩვენი როდია, ის მთელი საქართველოსია და მას მტერს ვერ დავანებებთ. წინ! ან სიკვდილი ან გამარჯვება!
ჭკვიანური სამხედრო გეგმისა და მხედრული შემართების წყალობით ქართველებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს და დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ.
საქართველოს ერთიანობისა და ძლიერებისთვის მებრძოლ მამულიშვილთა რიგებში გამორჩეული ადგილი უკავია ყვარყვარე ჯაყელს (1418-1498). კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ოსმალეთს გამეზობლებული სამცხე-საათაბაგო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს ეს მხარე ოსმალთა წინააღმდეგ სამხედრო კოალიციის შექმნის აქტიურ მომხრედ და მონაწილედ გვევლინება.
1459 წელს ყვარყვარემ ახალციხიდან ელჩი მიავლინა ბურგუნდიის მთავართან. `ვერაგი თურქები ჩვენი საზღვრის სიახლოვეს გამოჩნდნენ თუ არა, _ წერდა იგი მთავარს, _ მაშინვე შევურიგდი ყველა ჩემს ქრისტიან მთავარს და გადავწყვიტე მთელი ჩემი ძალა და შესაძლებლობა ოსმალების წინააღმდეგ მივმართო. კავშირი შევკარით მე, გიორგი მეფემ (ქართლის მეფე), ბაგრატ მეფემ (იმერეთის მეფე), დავით ტრაპიზონის იმპერატორმა, სამეგრელოს მთავარმა, აფხაზეთის მთავარმა, მცირე სომხეთის მთავარმა და სხვებმაო~. ყვარყვარე ევროპელ მოკავშირეს არწმუნებდა, რომ მესხეთიდან ის 20 000 მეომარს გამოიყვანდა.
სრულიად საქართველოდან კი 120 ათასი მხედრის გამოყვანის პირობას იძლეოდა. `თუ ოსმალებს ორ ჯარს შუა მოვაქცევთ, ერთი ზაფხულის განმავლობაში დავიპყრობთ ანატოლიას და ყველა ქვეყნებს, რომელიც ოსმალოს ამ მხარეს უჭირავსო~ _ წერდა ის.
ყვარყვარე ათაბაგი გამჭრიახი და გამოცდილი სტრატეგის თვალით ჭვრეტდა ოსმალეთის მზარდი განვითარების ინერციას და დასავლეთის ლიდერებს აფრთხილებდა: `უწყოდეთ კარგად, რომ თუ ახლა ჩვენთან ერთად არაფერს იმოქმედებთ, მერე გულითაც რომ მოინდომოთ, ვერაფერს გააწყობთ, რადგან ურჯულო ოსმალეთი ყოველდღე ძლიერდება და შემდეგ, ჩვენ ვეღარ შევძლებთ ასეთ შეერთებას, როგორც დღესო~.
ქართველ პოლიტიკოსთა ასეთი ენერგიული ძალისხმევის მიუხედავად, დასავლეთის მიზეზით, კოალიციური ლაშქრობის მოწყობის გეგმა მაინც ჩაიშალა.
ამან უკიდურესად გაართულა საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება. მომძლავრებული ოსმალების აგრესიის წინაშე ჩვენი ქვეყანა მარტოდ-მარტო აღმოჩნდა.
ქართული ფეოდალური მონარქიის დასუსტების კვალობაზე ქართულ სამთავროებში, მათ შორის სამცხეშიც, თავს იჩენდა სეპარატისტული განწყობილება. თავიანთი სეპარატისტული მიზნების მისაღწევად ჯაყელები არც თუ იშვიათად უკავშირდებოდნენ ირანელ და თურქ დამპყრობლებს და მათი დახმარებით ცდილობდნენ ცენტრალური ქართული ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩა ბექა ჯაყელი, რომელმაც 1625 წელს მოწამლა საკუთარი ძმისწული მანუჩარ III, მაჰმადის რჯულზე მოექცა, ბექას ნაცვლად საფარ-ფაშა დაირქვა და ამ უკადრისი გზით ახალციხის (ჩილდირის) საფაშოს გამგებელი გახდა.
ამის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში მესხები ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას და ქართულ ენას, ჯაყელთა საგვარეულო კი, თვით თურქი ისტორიკოსების აღიარებით, კვლავაც `ჩამომავლობით ქართველებად~ იწოდებოდა.
უჩა ბლუაშვილი
https://burusi.wordpress.com/2009/07/05/jakeli/