მუჰაჯირობის მოკლე ისტორია* - მალხაზ ჩოხარაძე

კატეგორიები
/
ისტორია & გეოგრაფია
/
მუჰაჯირობის მოკლე ის...
მუჰაჯირობის მოკლე ისტორია* - მალხაზ ჩოხარაძე

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს - ჯაბა სამუშია

როგორ გააჩუქეს ორჯონიქიძემ და სტალინმა საინგილო - ჯაბა სამუშია

Aqua სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი I

Aqua ანუ სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი II

სოხუმი და აფხაზეთი XIV საუკუნეში- აბაზური კოლონიზაციის პირველი ნიშნები

აფხაზეთი XV საუკუნეში - ქვეყნის დაშლა და სასაზღვრო ზონის პრობლემები

აფხაზეთი XVI საუკუნეში - აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

აფხაზეთი XVII საუკუნეში-აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

ინდოეთში ნაპოვნია ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები

ძველი ურარტუ: ვინ იყვნენ ძველი ურარტელები?

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ (1992 წ)

“აფხაზთა” სამეფო - პროფ. ლია ახალაძე

ჯაყელები

ქართველი მონოფიზიტები

ქართული დასახლებები ავღანეთში, სადაც თალიბებიც კი ვერ რისკავენ შესვლას

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

ვის რა ახსენდება სტალინის სახელის გაგონებისას ერდოღან შენოლ ერეკლე დავითაძე

რა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ირანელ-აფხაზ მწერალს

სომეხთა მიერ გაყალბებული ცნობები ართვინისა და ჭოროხის აუზის შესახებ!

ბათუმის ისტორია

ზაზა წურწუმია-რუსული „რბილი ძალის“ ისტორია საქართველოში (XIX-XX საუკუნეები)

XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

არიან ქართლი-სოსო სტურუა

ახალი რუკა აღმოჩნდა, რომლის მიხედვით აფხაზეთი საქართველოა

16 MART 1921 MOSKOVA VE 13 EKİM 1921 KARS ANTLAŞMALARI SÜREÇLERİNDE BATUMİ

Ölümünün kırk üçüncü yılında unutulmayan Ahmet Özkan Melaşvili

მუჰაჯირობის მოკლე ისტორია* - მალხაზ ჩოხარაძე

სიტყვა ,,მუჰაჯირობა“ ქართულ ენციკლოპედიაში განმარტებულია, რო­გორც „კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის, ძირითადად იძულებით, გადა­სახ­ლება ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნეში“.


1. მუჰაჯირობა და საქართველოს ისტორიის მუჰაჯირობამდელი ფრაგმენტები

სიტყვა ,,მუჰაჯირობა“ ქართულ ენციკლოპედიაში განმარტებულია, რო­გორც „კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის, ძირითადად იძულებით, გადა­სახ­ლება ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნეში“ (ქსე, 1984: 234). ისლამურ ქვეყ­ნებში ამ არაბული წარმომავლობის სიტყვას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს - „გადასახლება, ემიგრაცია, გაქცევა“ (ლექსიკონი, 2001: 1002), ანუ ნების­მიერი სახის (ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური და სხ.) ემიგრაცია (წერეთელი, 1951: 271). თურქული ენის ლექსიკონი მუჰაჯირს (mu­hacir), როგორც არაბული წარმომავლობის სიტყვას, შემდეგნაირად გან­მარ­ტავს: 1) დასახლების მიზნით სხვა ადგილზე გადასული პირი; 2) (სარწ­მუნოებაში) წმ. მუჰამედთან ერთად, ან მის შემდეგ, მექადან მედინაში თავის შეფარების მიზნით გადასულთათვის დარქმეული სახელი (Sözlük, 2000: 2008). ცხადია, ამჯერად პირველი მნიშვნელობა გვაინტერესებს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რელიგიურ-სარწმუნოებრივი მოტივი ქართ­ველ­თა გადა­სახლებაშიც იგრძნობოდა ხოლმე და ზოგჯერ მეტისმეტად თვალ­სა­ჩინო­დაც...

ალბათ, ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველოსა და საზო­გადოდ, კავკასიაში მუჰაჯირობის ცნების უფრო კონკრეტული შინაარსი ეპოქის ისტორიული მოვლენებით არის განპირობებული და უკავშირდება, უპირველესად, რუსეთ-ოსმალეთის ომების მომყოლ მასობრივ გადასახლე­ბებს. XIX საუკუნეში ხსენებული იმპერიების ბრძოლის ასპარეზად საქართ­ველოც იქცა. ისტორიული სამხრეთ საქართველოს მოსახლეობამ აყრა-გადა­სახ­ლების ტკივილი მანამდეც არაერთხელ იწვნია, მაგრამ მუჰაჯირობა ყვე­ლაზე მასობრივი და ტრაგიკული იყო. გადასახლების პირველი დიდი ტალღა 1828-29 წლების ომს მოჰყვა, აფხაზთა მუჰაჯირობა 1867 წელს - მეორე ტალღა იყო, 1877-78 წლების ომისშემდგომი გადასახლება - მესამე...

ისტორიული სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მუჰაჯი­რების უდიდესი უმრავლესობა მუსლიმი ქართველი იყო. მათ შთამომავლებს თანამედროვე თურქეთის თითქმის ყველა მხარეში ნახავ, მაგრამ ყველაზე მეტი შავიზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის რეგიონებშია. მათ, უმეტეს შემთხვევაში, იციან საკუთარი წარმომავლობის, ფესვების შესახებ. ბევრი მათგანი ლაპარაკობს ქართულად და ურთიერთობს საქართველოში მცხოვ­რებ ნათესავებთან.

დიდი ხნის წინათ, როცა მუჰაჯირ ქართველთა წინაპრები მამა-პაპათა მიწაზე ცხოვრობდნენ, ისინიც სხვა ქართველებთან ერთად შრომობდნენ, იბრძოდნენ, იღვწოდნენ და ლოცულობდნენ ქვეყნისათვის, რომელსაც მაში­ნაც საქართველო ერქვა. სწორედ იმ უძველეს თაობათა გარჯის და ბრძოლის შედეგია, რომ საქართველომ, მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან ჭიდილის მიუ­ხედავად, დღემდე მოიტანა სახელმწიფოც და გამორჩეული, თავისთა­ვადი კულტურაც.

სწორედ იმ უძველესი თაობების ქართველები აგებდნენ სალოცავებს თუ ციხე-კოშკებს, ქმნიდნენ გენიალური სიმარტივით გამორჩეულ ანბანს, წერდ­ნენ ,,ვეფხისტყაოსანს“, მღეროდნენ ჯადოსნურ ,,მრავალჟამიერს“, ჭრიდ­ნენ უნიკალურ ჩუქურთმას... ქმნიდნენ ყველაფერ იმას, რაც დღევანდელი ქართ­ველისთვის, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა თუ საცხოვრე­ბელი ადგილისა, უნდა იყოს სიამაყის საფუძველი.

მუჰაჯირობამდე სამხრეთმა საქართველომ, ანუ რეგიონმა, რომელსაც XIX საუკუნის მოღვაწეებმა „სამუსლიმანო საქართველო“ უწოდეს, დიდი და რთული გზა განვლო. ამ გზაზე მრავლად ყოფილა როგორც ტრაგიკული, ასევე, საამაყო ნაბიჯები. დიდი ხნის წინათ სწორედ აქედან დაიწყო სულიერი და კულტურული აღორძინება, რომელმაც, მოგვიანებით, ოქროს საუკუნემდე მიიყვანა ქვეყანა. უძველეს ეპოქებზე რომ არაფერი ვთქვათ, მე-12 საუკუნეში საქართველო მთელ კავკასიასა და წინა აზიაში უძლიერესი სახელმწიფო იყო, მაგრამ მერე მოძალებულ მტერს ვეღარ გაუძლო და თანდათან დასუსტდა, დაიშალა.

ჯერ მონღოლების გამანადგურებელმა შემოსევებმა, მერე სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ბრძოლამ ამ უკვე დასუსტებული ქვეყნის დასაუფ­ლებლად, საქართველოს ძველი დიდების აჩრდილიღა დატოვა.

ისტორიულ სამხრეთ საქართველოს (ჭოროხის აუზს მთლიანად და მტკვრის აუზის ზედა წელს) ოსმალეთი დაეუფლა. XVI საუკუნის მეორე ნა­ხე­ვარში, უკვე 80-იანი წლებისათვის, ოსმალეთს დაპყრობილი ჰქონდა არ­ტაა­ნი, აჭარა, შავშეთ-მაჭახელი, კლარჯეთი, ტაონი (ამიერ და იმიერ ტაო), სამცხე, ჯავახეთი. მალე ყველა ქართული პროვინცია ჩილდირის (ახალ­ცი­ხის) ვილაეთში გაერთიანდა.

ამდენად მთელი სამხრეთი საქართველო ოსმალეთის შემადგენლობაში მოექცა. თანდათან დამკვიდრდა ცხოვრების ახალი წესი და რიგი, ახალი რელიგია. საქართველოს ისტორიული პროვინციების მოსახლეობა ნელ-ნელა, თაობიდან თაობამდე, ჩამოყალიბდა ოსმალეთის იმპერიის ერთგულ ქვე­შევრ­დომად. არაერთი გურჯი მედგრად იბრძოდა ოსმალეთის ძლიერები­სათ­ვის, ერთგულად საქმიანობდა სახელმწიფო სამსახურში, ქმნიდა დოვ­ლათს, აშე­ნებდა ციხეებს თუ სალოცავებს. ოსმალეთის იმპერია კი ერთგუ­ლებს უყუ­რადღებოდ არ ტოვებდა და მრავალი ქართველი დაწინაურებულა ფადიშაჰის კარზე, მრავალს მოუხვეჭია დიდება სამხედრო თუ სამოქალაქო ასპარეზზე...

საქართველოს დანარჩენი ნაწილი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა სახელ­მწიფოებრიობის ნიშნებს. უფრო ზუსტად, არსებობდა რამდენიმე ქართული სამეფო (ქართლი, კახეთი და იმერეთი) და სამთავრო (აფხაზეთი, სამეგრელო, სვანეთი და გურია). მე-19 საუკუნეში რუსეთმა თანდათან დაიპყრო ისინი, თუმცა ქართული ადათ-წესების, ენის, კულტურის, მწიგნობრობის... ხელყოფა ვერ შეძლო.

ამდენად, მრავალი საუკუნის განმავლობაში სა­ქართ­ველოს და ამ ქვეყნის მიწა-წყალზე მცხოვრები ხალხის ბედს მსოფლიოს უდიდესი იმპერიები წყვეტდნენ. საკუთრივ ქართველთა როლი ამ სისხლით სავსე პოლიტიკურ თამაშებში მეტისმეტად შეზღუდული იყო. განსაკუთ­რე­ბით გამწვავდა ვითა­რება მე-19 საუკუნეში. რუსეთ-ოსმალეთის ომები სა­ქართ­ველოს და მთელი კავკასიის ახალ ისტორიას წერდა.

2. რუსეთ-ოსმალეთის ომები XIX საუკუნეში და მუჰაჯირობა

1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ადრიანოპოლის ზავით, რუსეთმა მიიღო ახალციხის და ახალქალაქის მაზრები (სამცხე-ჯავა­ხეთი, ფოცხოვი და პალაკაციო), ზავის მე-13 მუხლის თანახმად, მოსაზღვრე ტერიტორიების მოსახლეობას 18 თვის განმავლობაში გადასახ­ლება-გადმო­სახ­ლების უფლება მიეცა (ვარდმანიძე, 2013: 38). გადასახლდა დაახლოებით 75 ათასი ქართველი მუსლიმი. მუჰაჯირობის ამ ტალღის კვალი თანა­მედროვე თურქეთში ძნელად იძებნება. როგორც ჩანს, გარდა ოსმალეთის შიდა რეგიო­ნე­ბისა, სამცხე-ჯავახეთიდან ლტოლვილთა ნაწილი მაინც მახ­ლობელ პრო­ვინ­ციებში დასახლდა. ამ აზრს განამტკიცებს ისიც, რომ XIX საუკუნის 30-იანი წლების აჭარა-ქობუ­ლეთის და საზოგადოდ, ჭოროხის აუზის მოსახ­ლეო­ბაში დასტურდება ფენა, რომელიც ოფიციალურად იწოდე­ბოდა ახალციხელ მუჰაჯირებად. კერძოდ, 1835 წელს ჩატარებული მოსახ­ლეობის აღწერის მასა­ლებში „ახალციხელი მუჰაჯირებიც” არიან მოხსენიებული.[1]

ცხადია, სამცხე-ჯავახეთიდან გადასახლებულთა შო­რის, რეგიონის მო­სახლეობის იმჟამინდელი ეთ­ნიკური შემადგენლობიდან გამომდინარე, უმ­რავ­ლესობა ქართველი მუსლიმი იქნებოდა. ქართულ გარემოში დასახლე­ბულნი, შეინარჩუნებდნენ ქართულ იდენტობას, მაგრამ როგორც ჩანს, არა­ქართულ გარე­მოში დასახლებული, საკუთარ მიწა-წყალს და ფეს­ვებს მოწყვე­ტილი მესხები საბოლოოდ კარგავდნენ კავშირს წინაპრებთან და ასიმილა­ციას განიცდიდნენ. ესაა, ალბათ, უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ, როგორც აღვნიშ­ნეთ, თა­ნამედროვე თურქეთში მესხ მუჰაჯირთა კვალი ძა­ლიან ძნე­ლად იძებნება. თუმცა, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შავშეთ-კლარ­ჯეთის მო­სახლეობის ის ფენა, რომელიც თავს „ახისხადან მოსულებს“, „ახალ­ციხელ თურქებს“ უწოდებს, ნაწილი მაინც, სწორედ ასიმილირებული ქართ­ველების შთამომავლებია (ჩოხარაძე, 2013:39). სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ძველი რეალობის მეტად მცირე ნაგლეჯებია შემორჩენილი და სურათის სისრულით აღდგენაც შეუძლებელია...

მასშტაბური და მეტად მტკივნეული იყო აფხაზების მუჰაჯირობა მე-19 საუკუნის 60-იან წლები. როგორც აღვნიშნეთ, აფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლება თურქეთში 1867 წელს განხორციელდა - მას შემდეგ, რაც რუ­სეთმა დასავლეთ კავკასიის დაპყრობით დაასრულა კავკასიის ომი, გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და იქ რუსული მმართველობა შემოიღო.

კიდევ ერთი მასობრივი გადასახლება მოხდა 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის მსვლელობისას, 1877 წლის აგვისტოში (ხორავა, 2004:6). გა­დასახლების ცალკეული შემთხვევები შემდეგ პერიოდშიც იყო. მუჰაჯირი აფხაზები სახლდებოდნენ როგორც ოსმალეთის შიდა პროვინციებში, ასევე განაპირას, სამშობლოსთან ახლოს.

XIX საუკუნის 60-იან წლებში აფხაზთა ერთი ჯგუფი, დაახლოებით, 2000-მდე ოჯახი დასახლდა აჭარაში. აჭარის აფხაზური მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდა 1877 წელს, ასევე - XIX საუკუნის 80-იან წლებში, როცა ოსმალე­თიდან მობრუნებულ აფხაზთა ოჯახებს რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთ­ში დაბრუნების უფლება არ მისცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარაში მცხოვრები აფხაზების ნაწილი 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ სამხრეთ საქართველოში და­წ­ყე­ბულ მასობრივი მუჰაჯირობის პროცესში ჩაერთო და აჭარლებთან, შავშელებთან თუ კლარჯებთან ერთად თურქეთის შიდა პროვინციებში გადასახლდა (მათ კვალს თურქეთში დღესაც წააწყდები აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებს შორის).

1877-1878 წლების ომის შემდეგ, ბერლი­ნის ტრაქტატის ძალით, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ბათუმის და ყარსის ოლქები (აჭარა, შავ­შეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ტაოს ნაწილი); მთელი ეს ტერიტორია დაექ­ვემდებარა კავკასიის არმიის მთავარსარდალს - როგორც სამხედრო, ასე­ვე ადმინისტრაციულ საქმეებში.

ახლადშექმნილი ოლქი ერთ სანავსადგურო ქალაქად (ბათუმი) და სამ ოკრუგად (ბათუმის, ართვინის და აჭარის) დაიყო. ბათუმის ოკრუგი შედ­გე­ბოდა ბათუმის, კინტრიშისა და გონიოს უბნებისგან; აჭარის ოკრუგი - ზემო აჭარის, ქვემო აჭარის და მაჭახლის უბნებისგან; ართვინის ოკრუგში კი ართ­ვინის, არტანუჯის და შავშეთ-იმერხევის უბნები შედიოდა.  

შექმნილი ვითარება მოსახლეობისთვის უაღრესად რთული აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასტური მუჰაჯირობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მაშინვე გაიხიზნა თურქეთის შიდა პროვინციებში. ეს არ იყო მხარეთა სპონტანური გადაწყვეტილება, არც მოსახლეობის გარიდება საომარ მოქმედებათა ზონიდან. ეს იყო, როგორც აღვნიშნეთ, ორი დიდი იმპერიის მიერ ცივი გონებით განსჯილი და მათივე ინტერესების შესაბამისად მიღე­ბული გადაწყვეტილება.

1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) რუსეთ-ოსმალეთს შორის სან-სტეფანოში გაფორმებული საზავო ხელშეკრულების 21-ე მუხლის თანახმად, რუსეთის გამგებლობაში მოქცეული ტერიტორიების მოსახლეობას სამი წლის ვადაში თავისუფალი მიგრაციის უფლება ეძლეოდა. ბერლინის კონგრესმა (1878 წლის ივნისი-ივლისი) სან-სტეფანოს ზავის ბევრი დეტალი გადააჯ­გუფა, მაგრამ ხსენებული მუხლის მიმართ პრეტენზია არავის გამოუთქვამს. შესაბამისად, 1879 წლის 27 იანვარს (8 თებერვალს), სტამბოლში, რუსეთ-ოს­მა­ლეთს შორის გაფორმდა საზავო ხელშეკრულება, რომლის მე-7 მუხლის თანახმად, რუსეთის ახალ ქვეშევრდომებს საზღვარგარეთ თავისუფალი გადა­სახ­ლების უფლება მიეცათ. დადგინდა გადასახლების ოფიციალური ვადაც: 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე (ვარდმანიძე, 2013:116). სინამდვილეში, აყრა-გადასახლების პროცესი უფრო ადრე - ომის პერიოდში დაიწყო და დაწესებული ვადის შემდგომ დიდი ხნის განმავ­ლო­ბაში გაგრძელდა, თუმცა, ყველაზე დიდი ტალღა სწორედ აქ დასახე­ლებულ ოფიციალურ პერიოდზე მოდის.

ეს იყო ომისგან ისედაც გაპარტახებული მოსახლეობის ახალი ტრაგედია – მუჰაჯირობა. შავიზღვისპირა რეგიონიდან თურქეთის შიდა რაიონებში მრავალი ადგილობრივი გადასახლდა.

გადასახლების პროცესი მეოცე საუკუნეშიც გრძელდებოდა. პრაქტიკუ­ლად მთელი პერიოდის - 1878-1921 წლების - განმავლობაში. ყველაზე დაძა­ბული, ამ თვალსაზრისით, პირველი მსოფლიო ომის პერიოდი იყო, როცა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების საკმაოდ მასშტაბურმა ტალღებმა გადაიარა. მაშინ საკმაოდ ბევრი ოჯახი გაიხიზნა (თუმცა, ნაწილი მალევე დაბრუნდა უკან). ერთობ რადიკალურად აფასებდა ვითარებას გაზეთი „თანამედროვე აზრი“, რომელიც ამის თაობაზე წერდა: „ყველაზე მეტად განადგურებულია გონიოს უჩასტკა, შავი ზღვისპირათ მცხოვრებნი და მდ. ჭოროხის პირათ მდებარე სოფლები აჭარისწყლიდან - ართვინამდე. აქ მცხოვრებნი თითქმის აღარ არიან - ვინც არ მოკლეს, - ტყვეთ წაასხეს“ (თანამედროვე აზრი, 1915).

აღსანიშნავია, რომ 1916 წლის 11 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქართველმა დეპუტატმა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან ქართველ მუსლიმთა ინტერესების დასაცავად შთამბეჭდავი სიტყვა წარ­მოთქვა და გაიხსენა 1915 წლის 15 იანვარი, როცა რუსმა მხედართ­მთა­ვარმა პირდაპირ უთხრა, რომ მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისაგან დავა­ლე­ბული ჰქონდა, სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები ადგილობრივი მშვი­დო­ბიანი მოსახლეობისგანაც გაეწმინდა. ამის შედეგად კი, დეპუტატის თქმით, ათეუ­ლობით სოფელი გაუკაცრიელდა (სიორიძე, 2002: 134).

გადასახლების ცალკეული შემთხვევები 1921 წლის შემდეგაც იყო: კომუ­ნისტური რეჟიმისგან თავის დაღწევის მიზნით, მოქალაქეები ქვეყნიდან გა­მორბოდნენ და თურქეთის შიდა პროვინციებში სახლდებოდნენ.

3. მოკლე განმარტებები მუჰაჯირობის ზოგიერთი ფაქტორის გამო

მუჰაჯირობას მრავალი ფაქტორი განაპირობებდა. იგი იყო მაშინდელი მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი და სავსებით მისაღები როგორც რუსეთის, ასევე, ოსმალეთისთვის: მკვიდრი მოსახლეობის საბედისწეროდ, ამ საკითხ­თან დაკავშირებით ორ დაპირისპირებულ ძალას შორის თანხმობა სუფევდა: მასობრივი გადასახლება ორივე იმპერიის ინტერესებში შედიოდა.

რუსეთს ამ მშვენიერი კუთხის სტრატეგიული მნიშვნელობა აინტერესებ­და, ბუნებრივი სიმდიდრეები, ნავსადგური და სხვა. ქართველ მუსლიმ­თათ­ვის საქრისტიანო საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემა ნაკლე­ბად არსებობდა. თავიდანვე ეტყობოდა, რომ სხვადასხვა რჯულის ქართ­ველები გამონახავდნენ საერთო ენას და თანხმობით იცხოვრებდნენ. მაგრამ რუსი უცხო იყო არა მხოლოდ რჯულით, არამედ ეროვნებით, მენტალობით, ცხოვრების ნირით, წესით და კანონით. რუსეთი არ ენდობოდა ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ არც ადგილობრივი მოსახლეობა ენდობოდა რუ­სეთს. ეს განწყობა ზუსტად დაუწერია „დროების“ კორესპონდენტს, რომელ­საც 1878 წელს ერთი უბრალო აჭარელი გლეხის ნათქვამი ჩაუწერია: „ქართ­ველები ოღონდაც მოდით, ვინ გიაური არ მიგიღებთ! ვიცით, რომე ჩვენი ხართ, მარტო რჯული ცალკე გაქვთ. ჰამა... სხვები რომ მოდიან, იგია ჩვენი დარდი“. ცნობილ ქობულეთელ მოღვაწეს გულო აღა კაიკაციშვილს უთქვამს: „ჩვენო ქართველებო, ჩვენო ძმებო, ნათესავებო, ბიძაშვილებო, - თქვენი ჭირიმე, თქვენი, რომ ჩემმა თვალებმა დღეს თქვენ, ჩვენი ძველი ძმები დაგინახათ. ვმადლობ ღმერთს და პატივს ვცემ მის განგებას, რომ ჩვენი და თქვენი ნატვრა შესრულდა და ღმერთმა შეგვაერთა.

ეხლა ღვთით, მე იმედი მაქვს, რომ რაკი ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ნამდვილი ძმები, ბიძაშვილები და ნათესავთაგან შემდგარი ქართველთა ჯარი შემო­ვიდა... გავძლიერდებით ჩვენ, ავმაღლდებით სულით, გულით. თქვენც ჩვენი დაახლოებით გაიხარებთ და მერე ჩვენის ასეთი შეერთებით და გახარებით აღდგება და გაძლიერდება სრულიად საქართველო, - როგორც იგი იყო თამარ მეფის დროს. მაშ გაუმარჯოს ჩვენს შეერთებას და თამარ მეფის დროის საქართველოს აღდგენას და გაძლიერებას!..“ (დროება, 268).

უკმაყოფილო ად­გილობრივი მოსახ­ლე­ო­ბის გადასახლება რუ­სეთის მრავალგზის ნა­ცა­დი პოლიტიკა იყო. ეს პოტენციური მოწინ­ააღმდეგეებისგან ტე­რი­ტორიების დაცლის  გამოც­დილ ხერხს წარ­მოად­გენ­და. ხალხის ბე­დი და მომავალი კი იმ­პე­რატორს არ აწუ­ხებ­და. მეტიც, იყო შემთხ­­ვე­ვები, როცა გლე­ხებს სარგებლო­ბა­ში არსე­ბულ მიწის ნაკ­ვე­თებ­საც ართ­მევდ­­ნენ, გან­სა­კუთ­რებით, იმ სოფ­ლებში, სადაც სამთა­მად­ნო სა­წარ­მოები არ­­­სე­ბობდა. მაგა­ლი­თად, 1907 წლის 19 მაისს ართ­ვი­ნის ოკ­რუ­გის სოფ. ძანცუ­ლის გლეხებმა  სა­ჩი­ვა­რი გადას­ცეს კავ­კა­სიის მეფის­ნაც­ვალს, რომელშიც უჩი­ოდ­ნენ სამთამადნო ამ­ხანაგობას მიწების მიტა­ცების თაობაზე, კატეგორიულად მოითხოვდნენ მადნის და­მუ­შავების შეწყ­ვეტას და მიწების ძველი მფლო­ბელებისთვის დაბრუნებას. ასეთი მდგომარეობა გლეხებს მამა-პაპეული ად­გილებიდან წასვლას აიძულებდა. ამას თვით ხელისუფლების მოხე­ლეე­ბიც აღიარებდ-ნენ. 1906 წლის 26 დეკემბრით დათარიღებულ მოხსენებაში ართვინის ოკ­რუ­გის უფ­როსი ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერ­ნატორს მოახსენებდა, რომ ად­გი­­ლობ­რივ მკვიდრთა გადასახლება საადგილმამ­უ­ლო საკით­ხის მოუ­წეს­რი­გებ­ლობით და მძიმე საყოფაცხოვრებო პირო­ბებით არის გამოწვეუ­ლიო. ამის გამო მარტო 1906 წლის მეორე ნახევარში ართვინის ოკრუ­გი­დან ოსმა­ლეთ­ში წასულა 420 სული, ხოლო წასასვ­ლელად მზად ყოფილა 1200 ადა­მიანი (კარალიძე, 2011: 20).

ამრიგად, ქართველ მაჰმადიანთა ოსმალეთის იმპერიის შიდა რაიონებში გადასახლების ერთ-ერთი არსებითი მიზეზი რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკა იყო. ემიგრაციის პროცესის დაჩქარებისა და, ამავე დროს, გადა­სახლებულთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ხელისუფლება შესაბამის პირობებს ქმნიდა: თესავდა შიშს და ქმნიდა აქამდე სრულიად უცნობ, რუ­სეთის, სახელმწიფოში ადგილობრივი მოსახლეობის უპერსპექტივობის განწყობას, ართულებდა და ამძიმებდა საგადასახადო პოლიტიკას, რაც მაშინ­ვე აისახებოდა მკვიდრთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე; უგულებელყოფდა მაღალი წოდების პრივილეგიებს, ფართო გასაქანს აძლევდა ახლად შემოერ­თე­ბულ მხარეში მრავლად დანიშნულ წვრილ მოხელე-ჩინოვნიკთა თვითნე­ბო­ბას, ხშირად პირდაპირ მოუწოდებდა წასვლისკენ და მრავალი სხვა.

გადასახლების აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა ოსმალეთის იმპერია, რო­მელ­საც მეტად პრაგმატული მიზანი ჰქონდა. გადასახლებულთა სახით იგი მიიღებდა მაღალი სამეურნეო კულტურით გამორჩეულ, მშრომელ, ერთგულ, მებრძოლი ბუნების მოსახლეობას, რომელიც შეავსებდა ქვეყნის შიდა პროვინ­ციების ტერიტორიებს, ამავე დროს, უეჭვოდ და უყოყმანოდ ჩამოყალიბდე­ბოდა სახელმწიფოს ერთ-ერთ დასაყრდენად - ლტოლვილ მო­სახლეობას ხომ, როგორც წესი, ხელისუფლების იქით გზა არ აქვს... რო­გორც ერთი-ერთი თა­ნა­მედ­როვე თურქი ავტორი მიუთითებს, სულთანი აბდულჰამიდ II (1876-1909) ბათუმი­დან და ართვინიდან მიგრირებულ მუჰაჯირებს ძალიან აფასებდა, მიიჩნევდა რა, რომ ისინი ანატოლიის დაცარიელებული მიწების შესავსებად საუკეთესო საშუალება იყო. ამასთან, ეჭვი არ ეპარებოდა რა ისლამისადმი მათ ერთგუ­ლებაში, ანატოლიის დემოგრაფიული სურათის ოს­მალეთის სახელ­მწი­ფო­სთვის სასარგებლოდ მოწესრიგებას გეგმავდა (Muammer, 2009).

მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რელიგიური ფაქტორი, რაც, ეკონომი­კურ­თან ერთად, გადასახლების ქადაგებათა მთავარი საყრდენი იყო. პრო­პა­განდისტები დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ ყოველი მაჰმადიანი, რომელიც რუსის ურჯულო ხელმწიფისა და კანონების მფარველობაში დარჩება, სულითა და ხორცით წაწყმედილი იქნება, რაც უნდა მტკიცე აღმასრულებელი იყოს მაჰმადის რჯულისა, ედემს ვერ ეღირსება; ამიტომ უნდა გადასახლდეს ყველა ოსმალეთში, სადაც, უეჭველია, თავდაპირველად ბევრ გაჭირვებას, შიმშილს, სიცივეს და სხვა უბედურებებს გადაიტანენ, მაგრამ ეს ტანჯვა ხორციელი იქნება და სულის მაცხონებელიო (დროება, 100).

XIX საუკუნის ქართული პრესა არაერთგზის განიხილავს საპროპაგანდო ქადაგებათა შინაარსს. ფართოდ ეხება ამ თემას ზაქარია ჭიჭინაძე (ჭიჭინაძე, 1912: 177), რომელმაც მრავლად შემოგვინახა თანამედროვეთა ნარატივები. ეს მასალა თვითმხილველთა ნაამბობს ეყრდნობა და, შესაბამისად, სანდოა. უნდა ითქვას, რომ ქადაგებათა შინაარსი, მასებზე ზემოქმედების თვალ­საზ­რისით, დიახაც შთამბეჭდავია. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ქართველ მუსლიმებს, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს რჯულის განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩეოდნენ და გულწრფელად ენდობოდნენ რელიგიურ ავტორიტეტებს, რომლებიც მჭევრმეტყველებას არ იშურებდნენ მსმენელთა დასარწმუნებლად.

განწყობა, რომ მუჰაჯირობა რწმენის სიმტკიცისათვის ბრძოლის ნაწილი იყო, თაობებს გამოჰყვა. მრავალი თურქეთელი ქართველი, „დედეების“ ტრა­გიკულ თავგადასავალზე საუბრისას, ხაზს უსვამს ისლამის განსაკუთრებულ ერთგულებას და ქართული თვითშემეცნების (გურჯობის) ერთ-ერთ საფუ­ძვლად სწორედ რწმენის ერთგულებას მიიჩნევს.

როგორც აღვნიშნეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური ფაქ­ტორი, მით უმეტეს, როცა, ისედაც მცირემიწიანობით გამორჩეულ რეგიონში, ახალი რუსული ხელისუფლების პირობებში, კარგა ხანს ბურუსით იყო მო­ცული მიწათმოწყობის საკითხები. ამ გაურკვევლობით კარგად ისარგებ­ლეს გადასახლების მქადაგებლებმა, რომლებიც მიწათმოქმედ გურჯებს უშურვე­ლად აღუთქვამდნენ თაობების მატერიალურ კეთილდღეობას, ჰექტრობით მიწებს... ეს დაპირება, როგორც დღევანდელი ვითარება მოწმობს, ასე თუ ისე, შესრულდა კიდეც, მაგრამ მუჰაჯირობის ისტორია სხვა - ერთობ ტრაგიკული შინაარსის კითხვასაც სვამს: ღირდა კი მუჰაჯირების სისხლიან და ცრემლიან ისტორიად ეს მიწები?

ამრიგად, ქართველ მაჰმადიანთა მუჰაჯირობის ერთ-ერთი არსებითი მიზეზი იყო ოსმალეთის იმპერიის მმართველი წრეების მისწრაფება, მშრომე­ლი, მაღალი სამეურნეო კულტურის მქონე, მებრძოლი, ერთგული მოსახ­ლეო­ბით შეევსო შავიზღვისპირეთისა და ანატოლიის ვრცელი ტერიტო­რიები.

4. მუჰაჯირობა და ქართველი მამულიშვილები

მიუხედავად იმისა, რა ძალისხმევას დებდა რუსული მმართველობა ად­გი­ლობრივთა ასაყრელად, მიუხედავად იმისა, რას ჰპირდებოდა ოსმალეთის იმპერია მუჰაჯირებს და რა ოქროს კოშკებს აღუქვამდა, მიუხედავად მოსახ­ლეობის იმედებისა და მოლოდინებისა - გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. ყველა ფენაში, ყველა წოდებაში იყო გადასახლების მომხრეც და მოწინააღმდეგეც. მთელი სამუსლიმანო საქართველო მაშინ ამით სუნთქავდა, დღენიადაგ ამაზე საუბრობდა, მსჯელობდა, წონიდა, გაფაციცებით ჰკრეფდა წასულთა ამბებს, ხარობდა კეთილით - რაც იშვიათად ესმოდა - და მწარედ განიცდიდა მოძმეთა უბედურებას. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია პრობლემის განსაკუთრებული სირთულისა. მკვიდრი მოსახლეობა - მიწაზე მიჯაჭვული, მშრომელი, პატიოსანი, ტრადიციების ერთგული, ოჯახზე გა­დაგებული, - ერთბაშად მოექცა ორი უზარმაზარი იმპერიის ძლიერი და გა­მოცდილი საპროპაგანდო წნეხის მოქმედების ზონაში... ნებისმიერი გადაწყვე­ტილება ულევი ტკივილის წყარო იყო და ამ ტკივილის ნაკვალევი დღემდე თვალსაჩინოა! წასულთა განწყობის საფუძვლებზე ვისაუბრეთ უკვე და ბარემ ისეც ვთქვათ, რომ დღეს მუჰაჯირთა შთამომავლების დიდი ნაწილი დადე­ბითად აფასებს წინაპართა გადაწყვეტილებას, ერთადერთ სწორ ნაბიჯად მიიჩნევს, ნაწილი - ყოყმანობს; ნაწილსაც - ფუძის მიტოვება შეც­დომად მიაჩ­ნია... ეს რთული, ვრცელი და ემოციით სავსე თემაა, რომელსაც მომავალში აუცილებლად მივუბრუნდებით, აქ კი, სამომავლო ემოციის ასოციაციით, კომენტარების და განმარტებების გარეშე, გავიხსენებთ, რომ ქორგანში (ყორღანში - ორ­დუს პროვინცია), დიდი სიყვარულით და ტკივილით გაკე­თე­ბულ მუზეუმში, 2012 წელს, ალი ქათამაძემ გვაჩვენა პატარა ტაბლა, რომლის ისტო­რიაც მუჰაჯირთა ნარატივების ერთი ცრემლიანი ნატეხია: შვიდი დღის გათხოვილი გოგონას ახალი ოჯახი წასულა მუჰაჯირად ქო­ბულეთიდან. ცხადია, ახლად შეუღლებულებიც დასდგომიან უშორეს გზას. ჯერ გათხოვება რა იყო ამ პატარა გოგოსი და მერე დედ-მამის ოჯახთან, როგორც აღმოჩნდა, სამუდამო განშორება რა იქნებოდა!.. დედას ტაბლა უჩუქებია - სტუმრის პატივისცემა არ დაივიწყო, საჭმელი ლამაზად მიართ­ვიო. ტაბლა გოგოს ტვირთი იყო - არ იშორებდა თურმე, როგორც მშობლების სახსოვარს. ცრემ­ლით ასველებდა გზაშიც და მერეც - სიბერეში...

წასულებსაც ჰქონდათ თავიანთი ტკივილიანი სიმართლე. მაგრამ უფრო მყარი არგუმენტები მაინც დარჩენილთა მხარეზე იყო. მუჰაჯირობის მოწი­ნააღმდეგენი, როგორც ვთქვით, ადგილობრივი მოსახლეობის ყველა ფენასა და წოდებაში იყო. ხოლო არაერთი გავლენიანი პირი ბოლომდე იბრძოდა თანამემამულეთა მოსაბრუნებლად. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ლომან ეფენ­დი ქარცივაძე, ახმედ ეფენდი ხალვაში, გულო აღა კაიკაციშვილი, დედე აღა ნიჟარაძე, აბდულ ეფენდი მიქელაძე, მუფთი ახმედ ეფენდი ხალი­ფა­შვილი, ხოჯა ლომან ეფენდი ბერიძე, თუფან ბეგ შერვაშიძე და სხვანი.

ლომან ეფენდი ქარცივაძეს, რომელიც 1812 წელს დაბადებულა ზემო აჭარაში, ოლადაურში, უმაღლესი განათლება სტამბოლში ჰქონდა მიღებუ­ლი, იგი თურმე დიდი გავლენით სარგებლობდა სულთან აბდულ აზიზის კარზე. XIX საუკუნის მიწურულს აჭარაში დაბრუნებულა. მუჰაჯირობის დროს ქართველ მუსლიმებს სხვა დეპუტატებთან ერთად ოსმალეთში გაუგ­ზავნიათ, რათა მოენახულებინა მუჰაჯირთა დასასახლებლად განკუთვ­ნილი მიწები და გაეგო პირობები. ლომანს ჯერ წერილით გაუფრთხილებია თანამემამულენი - თავი შეიკავეთ თურქეთში გადასახლებისგანო, მერე, როცა ჩამოვიდა, უთქ­ვამს: „ბევრი ადგილი დავიარე, მაგრამ ჩვენისთანა შემკობილი და საჩვენო ვერაფერი ვნახეო“. გარდა ამისა, აშკარაა, მას კარგად ჰქონდა გაცნობიერე­ბუ­ლი, რომ გადასახლების პროპაგანდისტები, ითვალისწინებდ­ნენ რა მოსახ­ლეობის მტკიცე რწმენას, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდნენ რელიგიურ ცნობიერებაზე. ამის საპასუხოდ დაბეჯითებით უთქვამს: „ნამდ­ვი­ლი მაჰ­მა­დიანობა ჩვენთან დარჩენილა, რჯული ჩვენისთანა სუფთად და წმინ­დად არავის უჭირავს სახონთქრეთში, სადაც ყველგან გიაურობა შეპარუ­ლა, ამის გამო, არ გირჩევთ ოსმალეთში გადასახლებას“(დროება, 34).

ქარცივაძის მცდელობას კეთილი გავლენა მოუხდენია თანამოძმეებზე: ბევრს გადაუფიქრებია გამგზავრება და სამშობლოს მიტოვება.

სამწუხაროდ, ქართველობას ტენდენციასთან დაპირისპირების ძალა არ ჰქონდა! იმ ეპოქაში, რომელზედაც ვსაუბრობთ, გამოიცემოდა ქართული წიგ­ნები და ჟურნალ-გაზეთები, წარმატებით ფუნქციონირებდა ქართული თეატ­რი, სკოლები, არსებობდა ქართული საქმის სამსახურში ჩამდგარი საზოგა­დოებ­რივი გაერთიანებები, თანდათან ძლიერდებოდა ეროვნულ-გამათა­ვისუფლებელი მოძრაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს სახელ­მწიფო XIX საუკუნეში აღარ არსებობდა. ამდენად, არ არსებობდა რომელიმე ქარ­თული ინსტიტუტიც, რომელიც ოფიციალურად შეძლებდა თავისი მოქა­ლა­ქეების ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით. რუსეთის კოლონიად ქცეული ქვეყნის მოღვაწეთა შესაძლებლობები კი უაღ­რესად შეზღუდული იყო.

მიუხედავად ამისა, ყველაზე ბეჯითად სწორედ საქრისტიანო საქართ­ველოს მამულიშვილებმა აიმაღლეს ხმა მუსლიმ თანამოძმეთა დასაცავად. ისინი უპირისპირდებოდნენ როგორც რუსეთის იმპერიის მმართველი წრეე­ბის პოლიტიკას, ასევე, ოსმალურ პროპაგანდას და ცდილობდნენ, შეეჩე­რები-ნათ მუჰაჯირობის ტალღა, გარდა ამისა, გაეადვილებინათ ქართველი მუს­ლიმებისთვის ახალ, რთულ დროებასთან შეგუების პროცესი, დახმა­რე­ბიდნენ უამრავი ახლადგაჩენილი პრობლემის მოგვარებაში, ეზრუნათ ეპო­ქის შესაფე­რისი საგანმანათლებლო თუ კულტურული დაწესებულებების ჩამოყა­ლი­ბებისთვის და ა.შ. მაშინდელ ქართულ პრესაში ამ განწყობის გამომხატ­ველი მრავალი წერილი დაიბეჭდა და უნდა აღინიშნოს, რომ თავადაც კო­ლონია­ლური რეჟიმის მარწუხებში მოქცეულმა ქართულმა საზოგადოებამ ბევრი ღირებული საქმის გაკეთება შეძლო და სამუსლიმანო საქართველოს გამოჩე­ნილ მოღვაწეებთან ერთად გულმოგინედ იღვაწა სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველთა ერთიანობისათვის.

ილია ჭავჭავაძე, რომლის სიტყვასაც მაშინ დიდი ძალა ჰქონდა, ჯერ კიდევ 1977 წელს გამოეხმაურა სამხრეთ საქართველოში მიმდინარე მოვლე­ნებს და თანამოაზრე მამულიშვილებთან ერთად, თავიდანვე სწორად გან­საზღვ­რა ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების სამომავლო ურთიერთო­ბის პრინციპები. „არ გვაშინებს ჩვენ ის გარემოება, - წერდა იგი „ივერიაში“, - ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოე­ბა უჭირავთ. ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადუ­ლოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თავის პატიოსანს და ლმობიერს გულზე ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლმორეული ქართველი!..“ (ჭავჭავაძე, 2012: 8).

სიტყვამ მოიტანა და, რუსეთ-ოსმალეთის ომის დამთავრებისთანავე, ქართველ მოღვაწეებს, ყველაზე უწინ - დიმიტრი ყიფიანს, ჩინებული აზრი მოუვი­დათ - მოეწყოთ შეხვედრა თბილისში ჩამოსული ქართველი მუსლიმე­­ბის­თვის, რათა ,,სხვით თუ არა, საზოგადოებრივ სუფრაზე პურისჭამით მაინც დაემტკიცებინათ თავიანთი თანაგრძნობა და სიყვარული, ქართვე­ლუ­რი გული გადაეშალათ ურთიერთისათვის და მტკიცე, ურყევი საფუძველი ჩაეყარათ მომავლისათვის“.

მაჰმადიან ქართველთაგან შეხვედრაზე იყვნენ შერიფ ხიმშიაშვილი, ხუ­სეინ აბაშიძე, ხასან ბეჟანიძე, ნური ხიმშიაშვილი, ახმედ ხალვაში და სხვა წარჩინებული თავკაცნი. სულ 16 სტუმარი.

მასპინძელთაგან შთამბეჭდავი სადღეგრძელოები წარმოუთქვამთ გრი­გოლ ორბელიანს, ალექსანდრე ზუბალაშვილს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წე­რე­თელს და სხვებს.

დიმიტრი ყიფიანს, მაგალითად, უთქვამს:

„ერთხელაც საქართველო ვრცელი და მაგარი ქვეყანა ყოფილა. ამაზე გვე­მოწმებიან: ერთი მხრით - გმირული მოქმედება, რომელსაც თვალწინ წამოგ­ვიყენებს ერთი ცარიელი ხსენება ისეთი სახელისა, როგორც, მაგალითად, ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, დიდი და დიდად მნათობი თამარ მეფე; მეორეს მხრით - გვემოწმებიან ისეთი ხუროთმოძღვრებითი ამოსაკითხავები, როგორც, მაგალითად, ციხესიმაგრეები და ტაძრები...

ბუნების გამომძიებლობით ვიცით, რომ ქვეყნიერებაში უძრავი არა არის-რა. დროთა ბრუნვაში სხვადასხვა შეტაკებანი მომხდარა და ერთი ისეთიცა, რომ დაურღვევია ჩვენი გვარ-ტომობითი კავშირიცა. და ორასმა, სამასმა წელიწადმა განვლო, რომ აქაურ ქართველებს იქაური ქართველებისა არა გვსმენია-რა, - ისინი ჩვენთვის სწუხდნენ, ჩვენ - იმათთვის, ჩვენ იმათი აღარა ვიცით რა, იმათ - ჩვენი...

ახლა აგვიხდა ასწლეული ნატვრა! ვისურვოთ სიმტკიცე ამ ახლად აღდგენილი კავშირისა უკუნისამდე! და ამ ჩვენს ძველს მოძმეებს რომ თვა­ლითა ვხედავთ და ძმურის სიყვარულით შევხარით, შევსვათ სადღეგრძელო იმათი!“ (სახოკია, 2005:197)

დავუბრუნდეთ მუჰაჯირობას:

ქართველმა მოღვაწეებმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში აიმღლეს ხმა აფ­ხაზ­თა მუჰაჯირობის წინააღმდეგ. 70-იანი წლებიდან კი ბრძოლის ფრონ­ტი უფრო ფართოდ გაიშალა. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი, იონა მეუნარგია, ზაქარია ჭიჭინაძე და სხვანი ძალისხმე­ვას არ იშურებდნენ მუსლიმ თანამოძმეთა სიკეთისათვის. თუმცა, ამ ძალის­ხმევას ყოველთვის როდი მოჰქონდა შედეგი და მე-19 საუკუნის პრესაც სავსეა მწარე ტკივილით: „საკვირველი ამბავია!.. - წერდა ილია ჭავჭა­ვაძე, - ნუთუ ხალხი სტოვებს ყველაფერს, რაც კი მისთვის ძვირფასია; სტო­ვებს მამულს, დედულს, სახლ-კარს, სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა, საცა უმარხია დედა, მამა, და, ძმა, - და მიდის სად? ოსმალეთში? დაე, ამაზედ ჩვენს შემდეგ ოსმა­ლეთის ისტორიკოსები განცვიფრდეს, ჩვენ კი ეს გულის­ტკივილი შევიტანოთ ჩვენს მატიანეში...“ (ჭავჭავაძე, 1879).

სერგეი მესხმა 1880 წელს „დროებაში“ გამოქვეყნებული წერილით კიდევ ერთხელ შემოჰკრა განგაშის ზარებს: „რას ვაკეთებდით იმ დროს ბათუმში?“ - კატეგორიულად სვამს კითხვას წერილის ავტორი. აშკარაა, რომ მას არ აკმა­ყოფილებს საზოგადოების აქტიურობის ხარისხი და მოქმედებისკენ მოუწო­დებს თანამოაზრეებს. მოქმედება კი ნიშნავდა ახსნა-განმარტებას, გადასახ­ლე­ბის საწინააღმდეგო აგიტაციას, უღირსი სახელმწიფო მოხელეების მხი­ლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას, სხვადასხვა რწმენის ქართ­ველ­თა ერთიანობისთვის ბრძოლას და ა.შ. მართალია, ამ ბრძოლამ ყოვლის­მომცველი შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ არაერთ ქართველ მუსლი­მს გა­დააფიქრებინა გადასახლება.

5. ქართველთა გადასახლება და ახალ მიწაზე დამკვიდრება

მუჰაჯირები მიდიოდნენ ზღვით ან ხმელეთით. წასვლის საორგანიზა­ციო და ემოციურ მხარეზე ამჯერად არაფერს ვიტყვით, მაგრამ ტანჯვითა და ვაებით სავსე იყო თვით გადასახლების პროცესი. ეს მაშინ საყოველთაო პრობლემა, ყველასთვის ინტერესის აღმძვრელი თემა იყო საქართველოშიც და ოსმალეთშიც. მას განიხილავდნენ პოლიტიკოსები თუ მეომრები, მუშები თუ გლეხები, ვაჭრები თუ სახელმწიფო მოხელეები, საზოგადო მოღვაწეები თუ ჟურნალისტები... ამ თემაზე საუბრობდნენ ყველგან - ეკლესიებში თუ ჯა­მეებ­ში, სახელმწიფო ორგანოებში თუ ბაზრობებზე, ქუჩებსა თუ ყავახანებში... მაგრამ ლაპარაკი საქმეს ვერ შველოდა. თანდათან იზრდებოდა მუჰაჯირთა რაოდენობა და უსაზღვროდ მრავლდებოდა ცრემლიანი ნარატივების რიცხ­ვი!.. 1880 წელს, მაგალითად, გაზეთი დროება იუწყებოდა, რომ მაჭახ­ლის ხეობიდან 400 მუსლიმი ჩამოვიდა ბათუმში, იმ იმედით, ოსმალეთის გემი მოვა და წაგვიყვანსო. ათი დღის განმავლობაში მშიერი ხალხი ზღვის პირას ეყარა. გემი კი არ მოდიოდა და არც აპირებდა მოსვლას, ბოლოს კი რუსეთის გემმა წაიყვანა ეს ხალხი იზმირისკენ (დროება, 124).

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური ისტორიაა ტრაგიკულ ნარატივთაგან. „ჩვენები ბევრი წამოსულან, ზოგი გემით, ზოგი ფეხით, ნახვარი გზაში მომკტარა“ - ზემოხსენებული ალი ქათამაძის მიერ ნათქვამის მსგავს წინადადებას ბევრგან მოისმენ ჩვენებურებში. ბაზგირეთში დღემდე ყვებიან სულო ზუბოღლის (ზუმბაძის) ისტორიას. იგი მუჰაჯირად წასუ­ლა ნიქსარში, ადგილი აურჩევია, ოჯახისა და ბარგისთვის დაბ­რუნება გა­ნუ­ზ­­რახავს, გზად შეხვედრია ერთ თანამემამულეს, რომე­ლიც მწარედ მოთქვამდა: ყაჩაღებს მისთვის ქონება, ცოლი და ქალი­შვი­ლი წაერთვათ. სულო აღშფოთებულა: რა გატირებს, წადი, ან ისინი იპოვე და დახოცე, ან თავი მოიკალიო. ამ შემთხვევამ თურმე შავ­შე­თის მიტოვება გადააფიქ­რებინა _ ბაზგირეთში დავრჩები, სინდისი და ნამუსი მაინც შემრჩებაო.

 „...თოქათი გაუვლიათ და ადანამდე წასულან. იქ საბინადრო მიუციათ, მაგრამ არ დარჩენილან. სოფლიდან მერზიფონში წამსვლელებიც ყოფილან. გზაში ბევრი ჩვენი ხალხი გარდაცვლილა...” - ეს უკვე თურქი ავტორის, ულქუ ონალის ჩანაწერია, მას მუჰაჯირების შთამომავლებში არაერთი მსგავსი ისტორია მოუსმენია და შეუკრებია. (Önal, 2010: 34). ცხადია, მრავალმა ოჯახმა იმგზავ­რა მშვიდობია­ნად და კეთილად დაემკვიდრა ახალ საცხოვრებელში, მაგრამ უბედურება ბევრი ახლდა გადასახლებას და მუჰაჯირობა კეთილი დასასრუ­ლით, თუნდაც ძალიან მრავალრიცხოვანი, იმ უბედურებათა საპირწონედ ვერ გამოდგება.

გასაგებია, რომ ხალხის მიღება-დაბინავება კიდევ ერთი დიდი პრობლემა იქნებოდა. მუჰაჯირებს ჯერ ერთგვარ გამანაწი­ლე­ბელ ბანაკებში ათავსებდნენ („გაჩეჩებულები ვყოფილვართ ჩადირებშიო[2]“, - ასე გაიხსენეს ძველების ნაამბობი გემლიქის რაიონის სოფ. ჰაიდარიეში). ამ ბანაკებში გაჩერება ზოგ­ჯერ დიდხანს უწევდათ. აქედან უნდა იყოს პრაქტი­კუ­ლად ყველა რეგიონის მუჰაჯირებში შემორჩენილი ზუსტად ერთნაირი თქმულება: პირველი თაო-ბის მუჰაჯირები ჯერ ბარში დასახლებულან, იქაუ­რობა კოღო-ბუზით ყოფი­ლა სავსე. ვერ აუტანიათ და მერე გადმოსახ­ლე­ბულან ახალ სამკვიდ­რე­ბელშიო.

ახალი საცხოვრებელი ადგილების შერჩევაში მუჰაჯირთა წარმომადგენ­ლებიც მონაწილეობდნენ. ამასაც მრავალი ნარატივი მოწმობს. მაგალითად, ჰაირიელი (ინეგოლის რ-ნ) ბასრი ილდირიმის (ომერაძე) თქმით, მათი წინაპრები ჯერ ინეგოლში დაბინავებულან. იქ „ბუზი ყოფილა“, რაც ვერ აუტანიათ. მემედ-აღას, ერთ განათლებულ ჩვენებურს, უძებნია და აურჩევია ადგილი. წამოსულან და დასახლებულან. არც ამას ჩაუვლია მარტივად: მე­მედ-აღამ მონიშნა თურმე სოფლის გასაშენებელი ადგილი: ხეებზე ნაფოტები ჩამოთალა; მაგრამ შემდეგ ჩერქეზები მოსულან და მონიშნულ ადგილში შეცილებიან. „დიდი ჩხუბი ქნილა“ ჩერქეზებსა და ქართველებს შორის, ჩვე­ნებურებს უმარჯვიათ, „ჩერქეზები დუუბეჩებიან და გუუგდიან“...

უკანასკნელი ფრაგმენტი ამ ისტორიისა კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურ­ცელზე მიანიშნებს. მუჰაჯირთა პირველი თაობის თვით­დამკვიდრების პროცესი ასევე უდიდესი ტკივილით იყო გაჯერებული და ეს ტკივილი თაობების მეხსიერებამ შემოინახა. ეს პროცესი სავსე იყო მცირე თუ დიდი გმირობებით, ზოგჯერ - არცთუ ისე თავმოსაწონებელი ამბებითაც... ეს ტრაგიკული ისტორია მაშინაც და მერეც, ობიექტური მიზეზების გამო, ქარ­თული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა... არადა, ჩვენებურებმა ქედ­მოუდრეკლად იბრძოლეს! - ტყეც კაფეს და მიწაც ხნეს, სახლებიც აშენეს და საქონელ-ფრინველიც ამრავლეს. შუაგულ ანატოლიაში ხეჭეჭურიც ახარეს და „კეჟერაჲ“ ფხალიც, მტრულად დახვედრილს გაჩენის დღე აწყევლინეს და მოყვრად მოსულს უძმეს და უერთგულეს.

ესეც ერთი ვრცელი და რთული ისტორიაა, რომელსაც ასევე სხვა დროს მივუბრუნდებით უფრო ვრცლად სასაუბროდ, მაგრამ თავიდათავი ისაა, რომ ჩვენებურებმა შეძლეს, არათუ გადარჩენილიყვნენ და მყარად, საკუთარი ღირსების შეგრძნებით, დამკვიდრებულიყვნენ ახალ მიწაზე, არამედ შეძლეს გურჯებად გადარჩენა.

შუაგულ ოსმალეთში ქართველი არ მისულა მონის და ბეჩავის ცნო­ბიე­რებით. მას ყოველთვის მეტისმეტი სიმძაფრით ჰქონდა საკუთარი ღირსების შეგნება. ეს „მეტისმეტი“ აიძულებდა, ზემოდან დაეხედა დამხვდურისა თუ სხვა მოსულისთვის მაშინაც კი, როცა სულს იქით არაფერი გააჩნდა. სწამდა, რომ მათზე უკეთ იცოდა ცხოვრების ავი და კარგი; უკეთესად შეეძლო მეურ­ნეობის მოწყობა, უფრო გემრიელ და მრავალფეროვან საჭმელებს აკეთებდა, ინახავდა რწმენას და ტრადიციას, იბრძოდა ვაჟკაცურად.

მართალია, დიდი საქართველო (საქართველო როგორც ქვეყანა, სახელ­მწიფო) დავიწყებოდა („გურჯისტანი დევლეთი არისო, ვინმემ არ იცოდა, დედა-ენა და ანბანი გვაქო - ვინმემ არ იცოდა, სამი-ოთხი კაცი თუ იქნებოდა ამის მცოდნე...“ ასე გვითხრა ერთმა თუფექჩიქონაქელმა მოხუცმა), მაგრამ ბევრს ახსოვდა ძველი „ვათანის“ ღელე და ხეობა, „ბათომი“ და „აჯარა“, ართ­ვინი და ბორჩხა, ქობულეთი და ხოფა, მურღული და შავშეთი...

„დოხსანუჩ“[3] მუჰაჯირთა პირველ ტალღას თითქმის საუკუნენახევარი გვა­შორებს. თაობათა ბრძოლამ და შრომამ ნაყოფი გამოიღო... ქოხის ადგილას სახლი აშენდა, სახლის ადგილას - სასახლე. ქართველები გამრავლდნენ, გაძლიერდენ, მყარად დაიმკვიდრეს ადგილი უზარმაზარ სახელმწიფოში: პოლიტიკასა და ბიზნესში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. ბუნებითმა ნიჭმა მრავალმხრივ იჩინა თავი, მაგრამ მემლექეთის გამო სევდა ამ თაობის თვალებსაც შერჩა...

 

პროფ. მალხაზ ჩოხარაძე

 

*საქართველოში ქ. ბათუმში 2016 წელს გამოცემული მონოგრაფიის: „ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში - მარმარილოს ზღვის რეგიონი- წიგნი პირველი“ ერთ-ერთი ნაწილი სახელწოდებით მუჰაჯირობის მოკლე ისტორია. მონოგრაფიის ავტორი გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, მალხაზ ჩოხარაძე.

 

[1] ამის შესახებ ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო კონფერენციაზე (2013 წლის 1 თებერვალი) აღნიშნა და შემდეგ პირად საუბარშიც დაადასტურა რიზეს უნივერსიტეტის პროფესორმა ნები გუმუშმა (იხ. აგრ. Gümüş, 2013:13). ჩანაწერები ახალციხიდან მოსულთა შესახებ გვხვდება ზ. ჭიჭინაძესთანაც (ჭიჭინაძე 2013: 142 და სხვ.) და „დროების“ პუბ­ლი­კაციებშიც (მაგ., მ-შვილი, 1881:1 და სხვ.).

[2] კარვებში

[3] პირველი თაობა ქართველი მუჰაჯირებისა თავს 93-ის (Doksan üç) მუჰაჯირებს, შესა­ბა­მისად, რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომს - 93 წლის ომს (Doksan üç harbı) უწო­დებ­და. საქმე ისაა, რომ ოსმალეთის იმპერიაში მოქმედებდა ჰიჯრის - ისლსმური მთვარის კალენდარი. თანზიმათის რეფორმები კალენდარსაც შეეხო. 1840 წელს შემოღე­ბულ იქნა რომაული (რუმის) კალენდარი - Rumi Takvim. პროფ. ზ. შაშიკაძის განმარტებით, რეფორ­მის შედეგად რომაული კალენდრის დღეები გაუთანაბრეს გრიგორიანული მზის კალენდ­რის დღეების რაოდენობას, ანუ ჰიჯრისა და რუმის კალენდრებს შორის გაჩნდა თერთმეტ­დღიანი სხვაობა, მაგრამ წლების აღრიცხვა დარჩა ძველი. 1870 წლამდე პარალელურად მოქმედებდა ორივე - ჰიჯრის და რუმის - კალენდარი, მაგრამ ოფიცია­ლური სტატუსი რუმს ჰქონდა. ჰიჯრის 1293 წელი ევროპული კალენდრის 1876 წლის 28 იანვრიდან -1877 წლის 16 იანვრამდე პერიოდს შეესაბამება; რუმის 1293 წელი კი - 1877 წლის 13 მარტიდან -1878 წლის 12 მარტამდე პერიოდს. შესაბამისად, ნათელია, რომ „93“ (მუჰაჯირთა შთამომავ­ლების გამოთქმით - „დოხსან უჩ“) რუმის კალენ­დრის გამოძახილია და იგი დღემდე გამოიყენება თარიღზე მისათითებლად.

Kategorideki Diğer Yazılar