საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის წამყვანმა სპეციალისტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოზეფ ნაიმ (Josepf Nye) პირველმა ახსნა ტერმინი რბილი ძალა, როგორც სახელმწიფოს უნარი...
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის წამყვანმა სპეციალისტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოზეფ ნაიმ (Josepf Nye) პირველმა ახსნა ტერმინი რბილი ძალა, როგორც სახელმწიფოს უნარი, მისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად გამოიყენოს დარწმუნება, მიმზიდველობა. რბილი ძალის ელემენტებია: საგარეო პოლიტიკა, დიპლომატია, სპეციალური სამსახურების აქტივობები, პროპაგანდა, პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური ღირებულებების გავრცელება.
რუსეთის სახელმწიფის მიერ, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებში „რბილი ძალის“ ელემენტების გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის კავკასიით დაინტერესების პერიოდში, მეთექვსმეტე საუკუნიდან დაიწყო.
რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ თავიდანვე ეყრდნობოდა ქართველებთან ერთმორწმუნოების ფაქტორის რუსულ იმპერიულ მიზნებში გამოყენების სტრატეგიას.
საქართველო, რომელმაც ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში მიიღო, ბიზანტიის იმპერიის მოკავშირე ქვეყანა გახდა. ქრისტიანულმა რელიგიამ განამტკიცა ქართველი ერის ევროპული იდენტობის შეგნება, რომელსაც კავშირები ანტიკურ ხანაში ჩაეყარა ძველ ბერძნებსა და რომაელებთან ქართველების (კოლხიდა, იბერია) ინტენსიური ურთიერთობების საფუძველზე.
ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველოს ევროპისკენ გამავალი გზა დაეხშო და მუსლიმური ქვეყნების (ოსმალეთის იმპერია, ირანი, შირვანი, დაღისტანი) გარემოცვაში აღმოჩნდა. ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრედ გამოვიდა მოსკოვის (რუსეთის) გაძლიერებული სამთავრო. რუსეთი (მოსკოვი) იჩემებდა აღმოსავლეთის ქრისტიანების მფარველის როლს.
აქედან გამომდინარე, პირველი ურთიერთობა ქართველებმა მოსკოვთან დაამყარეს 1480-იან წლებში. მეფე ალექსანდრე I მოსკოვის დიდ მთავარს ივანე III-ს (ქრისტიანული ქვეყნების სახელით მიმართავდა და მუსლიმთა წინაღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვდა.
რუსეთის თავდაპირველი ეკონომიკური ინტერესები საქართველოსთან დაკავშირებით და საქართველოს მოლოდინები რუსეთისაგან
XVI საუკუნის დასასრულს, რუსეთი დაინტერესებული იყო შირვანიდან (თანამედროვე აზერბაიჯანი) აბრეშუმის გატანით ევროპაში. მოსკოვს საქართველოსთან კავშირი აბრეშუმის გატანის გზების უსაფრთხოებისათვის სჭირდებოდა. თავის მხრივ, საქართველო იმედოვნებდა, რომ რუსების შემოსვლა კავკასიაში დაიცავდა ქართველებს დაღესტნელი მუსლიმების განუწყვეტელი შემოსევებისაგან, რაც საქართველოს ეროვნულ უბედურებად იქცა. (ლეკიანობა).
1587 წელს, ირანისა და ოსმალეთის წინაააღმდეგობის მიუხედავად, მეფე ალექსანდრე II (ხელი მოაწერა რუსეთთან „ფიცის წიგნს“, რომლის ძალით რუსეთი კისრულობდა ქართველების დაცვას გარეშე მტრისაგან, ქართველები კი რუსებთან ერთად უნდა გამოსულიყვნენ კავკასიაში მუსლიმების წინააღმდეგ. ამ კავშირმა დიდხანს ვერ გასტანა, რადგან რუსეთს მაშინ კავკასიაში ქმედითი სამხედრო ოპერაციების წარმოების საშუალება არ ჰქონდა, რუსებთან კავშირმა კი ირანის მონარქის შაჰ-აბასის მხრიდან XVII საუკუნის დასაწყისში საქართველოს საშინელი აოხრება გამოიწვია.
მოკავშირეების ძიება ევროპაში. რუსეთი, როგორც ევროპის ალტერნატივა
რუსეთთან კავშირების დამყარების მცდელობის პარალელურად, ევროპულ ცივილიზაციასთანკავშირების ძიების პროცესი ქართველებს არ შეუწყვეტიათ. მუსლიმი აგრესორების წინააღმდეგ მფარველისა და მოკავშირის ძიებაში, ქართველებმა მეფეებმა არაერთხელ მიმართეს ევროპელ მონარქებს, ქართველების პირველი ასეთი ელჩობა ევროპაში შედგა 1460-1461 წლებში რომის პაპის პიუს IIწარმომადგენლის ლუდოვიკო ბოლონიელის მონაწილეობით, ანტიოსმალური ევროპულ-ქართული კოალიციის შექმნის და კონსტანტინოპოლის დაბრუნების მიზნით, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო. ქართველები შემდეგშიც მიმართავდნენ ევროპელ მონარქებს, მათ შორის ესპანეთის დედოფალ ისაბელას (Isabella I) და რომის პაპს, თუმცა დახმარება არ მიუღიათ.
XVIII საუკუნის დასაწყისში, მეფე ვახტანგ VI ელჩობას აგზავნის ევროპის მონარქებსა და რომის პაპთან ირანის წინააღმდეგ დახმარების თხოვნით, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ევროპელები ქართველებს სამხედრო ძალებით ვერ ეხმარებოდნენ, სამაგიეროდ საქართველოში ჩამოდიოდნენ კათოლიკე მისიონერები რომის პაპის მიერ სპეციალურად შექმნილი სამისიონერო ორგანიზაციიდან „პროპაგანდა ფიდე“ ( Sacra Congregatio de Propaganda Fide) რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ევროპის პოპულარიზაციისა და ქართველი მოსახლეობის ნაწილში კათოლიციზმის გავრცელებაში.
ევროპისაგან ქმედითი დახმარების ვერმიღების შემდეგ, საქართველოს მეფეები ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიისგან ითხოვენ დახმარებას ქრისტიანული სარწმუნოებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. რუსეთის იმპერია კი ცდილობს მხოლოდ საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს საქართველო.
1722 წელს, რუსეთის იმპერატორმა პეტრე I ერთმორწმუნე ქართველებს ირანის წინააღმდეგ ერთობლივი გალაშქრებისაკენ მოუწოდა, თუმცა თავადვე დაარღვია ეს კავშირი და ქრისტიანული საქართველო მარტო დატოვა მტრის პირისპირ. შედეგად, ვახტანგ VI იძულებული გახდა ათასობით ქართველთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა და რუსეთში გახიზნულიყო. ასე შეიქმნა ქართველთა დასახლება მოსკოვში, საიდანაც შემდგომში მრავალი ქართველი რუსეთის იმპერიის სამხედრო თუ პოლიტიკურ ასპარეზზე დაწინაურდა და იმპერიის ინტერესების გამტარებლად იქცა, ამთ შორის თავის ისტორიულ სამშობლო საქართველოშიც.
რუსეთის იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური, სადაზვერვო-იდეოლოგიური ქმედებები საქართველოს დასაპყრობად
საქართველოში რუსული იმპერიული მიზნები ნათლად გამოჩნდა რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1770 წელს, როცა საქართველოში, ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველებთან ერთად საბრძოლველად შემოსულმა რუსმა გენერალმა გრაფმა ფონ ტოტლებენმა, დახმარების სანაცვლოდ, საქართველოს მეფე ერეკლე თურქებთან ბრძოლაში მარტო მიატოვა,თბილისში გაბრუნდა და ერეკლეს მმართველობით უკმაყოფილო ქართველებთან აწყობდა მეფის დამხობის გეგმებს. რუსეთმა ზავი დადო ოსმალეთთან, ხოლო ტოტლებენმა და მისმა რაზმებმა საქართველო მტრის პირისპირ მარტო დატოვეს. ქართველებმა დახმარებისათვის კვლავ ევროპას მიმართეს. 1781 და 1782 წელს მეფე ერეკლემ იმპერატორ იოსებ II წერილით მიმართა, სადაც მოკავშირეობა შესთავაზა და ქრისტიანული საქართველოს გადასარჩენად დახმარება ითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
რუსეთის იმპერია, თავისი გავლენის აგენტების მეშვეობით, ცდილობდა ქართველებისათვის ევროპული ორიენტაციის სანაცვლოდ, რუსეთის მფარველობაში მიღება ჩაეგონებინა. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II -ის ფავორიტი თავადი გრიგოლი პოტიომკინი, ამ მიზნისათვის ეფექტურად იყენებდა ერეკლე მეორესთან დაახლოებულ გერმანელ მეცნიერს და მოგზაურს იაკობ რაინეგსს. პოტიომკინისაგან რაინეგსს, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, საიდუმლოდ დავალებული ჰქონდა ემოქმედა საქართველოს მეფესა და წარჩინებულებზე (დიდებულებზე), რომ მათ ეთხოვათ იმპერატრიცა ეკატერინა II საგან მიეღო საქართველოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში. რუსეთის ზეწოლისა და საქართველოს რთული საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ რუსეთთან კავშირის გაფორმება გადაწყვიტა.
1783 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ქ. გეორგიევსკში დაიდო მფარველობისა და მოკავშირეობის ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველო შედიოდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში, გამოდიოდა მის მოკავშირედ საგარეო ურთიერთობებში, მათ შორის საომარ მოქმედებებში, ამასთან, ინარჩუნებდა თავის დამოუკიდებლობას, შინაურ მმართველობასა და სამეფო დინასტიას.
1783 წლის ტრაქტატს საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა, ზიანი კი უამრავი. საქართველოს გადაემტერნენ მეზობელი ქვეყნები, ხოლო რუსეთის ჯარმა არავითარი ქმედითი დახმარება არ გაუწია ქართველებს. მეტიც, საქართველოში ტრაქტატის ძალით შემოსული რუსეთის რაზმი, 1787 წელს, საომარი მოქმედებების დროს, მთლიანად იქნა გაყვანილი რუსეთში. რუსეთმა საქართველო ისევ შეატოვა მტრულად განწყობილ მეზობლებს და არავითარი სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინა 1795 წელს, როცა ირანის ჯარმა გაანადგურა თბილისი, თუმცა ტრაქტატით რუსეთი მოვალე იყო დაეცვა საქართველო.
რუსეთი ამზადებდა ნიადაგს საქართველოს დასაპყრობად, ამისათვის აქტიურად იყენებდა რუსეთში ვახტანგ VI დროიდან მცხოვრებ ქართველებს და საქართველოში პრორუსულად განწყობილ ელემენტებსაც. რუსეთის მთელი მოქმედება საქართველოს მიმართ იმპერიული პოლიტიკური მიზნებით იყო ნაკარნახევი. იმპერატრიცა ეკატერინა II დროს რუსეთის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი გრაფი ნიკიტა პანინი, თავის ინსტრუქციაში საქართველოსადმი რუსული ინტერესების შესახებ ასე წერდა: „საქართველოში საქმე ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი ხელმძღვანელობით ხდებოდეს, ქართველებს კი ეგონოთ, რომ თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებენ, თვითონ საქართველოს მთავრობაც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს ინტერესებში მოქმედებს, სინამდვილეში კი ჩვენს სურვილს ასრულებდეს. ერთი სიტყვით, სული რუსული უნდა იყოს, ხოლო სხეული ქართული.“
ამგვარად, რუსეთის მთავრობას სურდა ქართველები უსულო იარაღივით გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური ზრახვების მისაღწევად. რუსეთი პროვოკაციულად ჩაითრევდა თურქეთსა და ირანთან რუსეთის ომებში საქართველოს, მაგრამ როგორც კი საჭიროდ ჩათვლიდა თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის, მაშინვე მიატოვებდა საქართველოს, რომელიც ამის შემდეგ გაცილებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა ხოლმე. რუსეთი არც სამხედრო ინსტრუქტორებით და სპეციალისტებით ეხმარებოდა საქართველოს და როცა რუსეთის ჯარში მომსახურე რამდენიმე ქართველმა, პატრიოტული გულისთქმით, ქართველების მომზადება დაიწყო საარტილერიო საქმეში, რუსეთის მთავრობამ ისინი დააპატიმრა და რუსეთში დააბრუნა. რუსეთს არ სჭირდებოდა ძლიერი საქართველო, ის ყოველთვის მოსკოვის მთხოვნელი და რუსის ხელის შემყურე უნდა ყოფილიყო.
რუსეთი ძირს უთხრიდა არა მხოლოდ საქართველოს საგარეო უსაფრთხოებას, არამედ პროვოკაციულად ცდილობდა გაემწვავებინა შიდა ვითარებაც. რუსეთის გავლენის აგენტები საქართველოს მთავრობის ავტორიტეტის დაცემას, მოსახლეობაში მეფისადმი და ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი ნდობის შერყევას უწყობდა ხელს, აფინანსებდნენ იმ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომელთაც რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება აუცილებლად მიაჩნდათ. 1799 წელს, რუსებმა სამხედრო რაზმი გამოგზავნეს თბილისში და მის მეთაურს დაავალეს საიდუმლოდ თვალყური ედევნებინა და გაეკონტროლებინა საქართველოს მთავრობა.
1799 წელს, საქართველოში იმპერატორის დავალებით ჩამოვიდა დიდმოხელე, გრაფი ალექსეი მუსინ-პუშკინი. საქართველოში თავისი ვიზიტის შედეგები მან 1800 წელს წარუდგინა იმპერატორ პავლე I და მოახსენა, რომ ეს ქვეყანა ბუნებიბრივი წიაღისეულით მდიდარი და მდებარეობითაც უაღრესად მნიშვნელოვანი, რუსეთს უნდა დაეპყრო შემოეერთებინა როგორც გუბერნია.
საქართველოს სამეფოს გაუქმების მანიფესტი და ქართველების პროტესტი
1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I ხელი მოაწერა მანიფესტს საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. როდესაც საქართველოს მეფე გიორგი XII გარდაიცვალა, რუსეთის სამხედრო სარდლობამ თბილისში არ დაუშვა მისი შვილის ტახტზე ასვლა და 1801 წელს გააუქმა მეფობა, ხოლო საქართველოში რუსული მმართველობის დამყარება გამოაცხადა. თბილისში რუსულმა ჯარმა ხალხს ალყა შემოარტყა, ზარბაზნები დაუმიზნა და ასეთ ვითარებაში „საზეიმოდ“ წაიკითხეს მანიფესტი და ხალხი რუსთა ხელმწიფის ერთგულებაზე დააფიცა. ისინი ვინც ალყის გარღვევას შეეცადნენ და ფიცი არ მიიღეს, დაპატიმრებული იყვნენ.
იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული აპარატის ძალმომრეობა და ქართველთა აჯანყებები
1801 წელს რუსებმა გაუქმებული მეფობის ნაცვლად საქართველოს მმართველობა დააფუძნეს, რომლის ადმინისტრაციაში, სასამართლო და სამხედრო აპარატში მთლიანად რუსები იყვნენ წარმოდგენილები. საქართველო რუსეთიდან დამნაშავე, კორუფციონერი და უვიცი ჩინოვნიკების გადასახლების ადგილად, „თბილ ციმბირად“ იქცა. ქართული ენა განდევნილ ქნა ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, საქართველოს მოსახლეობამ რუსული ენა არ იცოდა, სასამართლოებში კი საქმის წარმოება რუსულ ენაზე და რუსული კანონებით მიმდინარეობდა. საქართველოში მეფობის გაუქმებისთანავე რუსიფიკაციის გამალებული პროცესი დაიწყო.
რუსების მიერ ქართველების შევიწროებამ იმ დონემდე მიაღწია, რომ 1803 წელს საქართველოს მთავარსარდლად (მმართველად) დანიშნული, ქართველი წარმოშობის რუსი გენერალი პავლე ციციანოვი (ციციშვილი) გულისწყრომით წერდა თავის წინამორბედს, კოვალენსკის: „თქვენ იმდენად შეურაცხყავით ქართველი ხალხი თქვენი მოქმედებებით, რომ გამოიწვიეთ მათში სიძულვილი და შედეგად უკიდურესად გააძლიერეთ მოსახლეობაში რუსეთის საწინააღმდეგო განწყობილება“.
ქრისტიანული საქართველოს დაცვის საბაბით შემოსულმა რუსებმა, ქართველებს აუტანელი გადასახადები დაუწესეს და გაღატაკებულ ხალხს ეკლესიებიდან ოქროვერცხლის გამოტანა და ხარკის ანგარიშში რუსებისათვის გადაცემა აიძულეს. მეტიც, რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველების ღირსებას, როდესაც რუსეთთან დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაზე ქალებიც გამოიყვანეს, დაამცირეს ისინი. მოთმინებიდან გამოსული ქართველი მთიელები 1804 წელს აჯანყდნენ. 1812 წელს რუსებმა ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციები განახორციელეს კახეთში, 1820 წელს იმერეთში.
1832 წელს, ქართველი თავადაზნაურობა, რომელმაც დაინახა, რომ ქვეყანას ეროვნული გადაგვარება ემუქრებოდა, შეთქმულების გზას დაადგა. შეთქმულთა გეგმით, გადაკეტავდნენ რუსეთთან დამაკავშირებელ საქართველოს სამხედრო გზას და გამოაცხადებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს გეგმა ცნობილი გახდა რუსებისათვის, შეთქმულების მოთავეები დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს.
რუსიფიკაციის პროცესის დასაწყისი-ქართული ეროვნული ეკლესიის გაუქმება
რუსიფიკაციის პროცესის წარმატებისათვის, აუცილებელი იყო ქართველთა ეროვნულ თვითშეგნებას გამოსცლოდა ის მძლავრი ბურჯი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოებდა ერის ბრძოლას თავისუფლებისათვის. ეს იყო ქართული ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით, რუსებს უნდა დაეცვათ ქართული ეკლესია, მათ საერთოდ გააუქმეს ის.
1811 წელს, საქართველოს კათოლიკოსი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს და რუსეთის სინოდმა საქართველოში ეგზარქოსად (საეკლესიო მმართველად) რუსი ეპისკოპოსების გამოგზავნა დაიწყო. 1817 წელს საქართველოს ეგზარქოსად დანიშნულმა თეოფილაქტემ ბრძანება გასცა თბილისის მთავარ საკათედრო სიონის ტაძარში წირვა-ლოცვა რუსულად აღევლინათ რუსეთიდან ჩამოსულ მღვდლებს. იგივე წესი გაავრცელეს საქართველოს პროვინციებში, საქართველოს ძველი დედაქალაქის ქუთაისის ქართველი ეპისკოპოსები რუსებმა დააპატიმრეს და სცემეს, რასაც ხალხის აჯანყება მოჰყვა. ქართველები ქუთაისში შეიკრიბნენ და სახარებაზე დაიფიცეს, რომ რუსებს გაყრიდნენ ქვეყნიდან და საკუთარ მეფეს აირჩევდნენ. რუსის ჯარმა ეს ამბოხება დიდი სისხლისღვრის შემდეგ რამდენიმე თვეში ჩაახშო.
მეფისნაცვალი ვორონცოვი და მისი პოლიტიკა საქართველოში
რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ 1840-1850 წლებში გარეგნულად უფრო „რბილი“ ხასიათი მიიღო კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დროს. მიხეილ ვორონცოვი შესანიშნავად იცნობდა საქართველოს. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ვორონცოვი ცდილობდა, რომ „ქართველ ერს დედინაცვალი (რუსეთი) მშობელ დედასავით (საქართველო) შეჰყვარებოდა.“ ვორონცოვი უხვად აჯილდოებდა წოდებებით, ფულით ქართველ თავადაზნაურობას და მას სამხედრო სამსახურში იყენებდა ჩრდილოეთ კავკასიელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვორონცოვი ქართველებში რუსული კულტურის შეთვისებაზეც ზრუნავდა - მისი მეფისნაცვლობის დროს თბილისში დაიწყო რუსული პროპაგანდისტული გაზეთის „კავკაზი“გამოცემა. ქართველი თავადაზნაურობის შვილებს ვორონცოვი სასწავლებლად პეტერბურგსა და მოსკოვში აგზავნიდა, რუსების ერთგული წარჩინებული წოდების ჩამოსაყალიბებლად ვორონცოვმა 30 ათას ქართველს დაუმტკიცა თავადისა და აზნაურის წოდება და რუსეთის სამხედრო სამსახურში ჩარიცხა.
ვორონცოვის დროს თბილისში დაარსდა რუსული და ქართული თეატრები, ოპერა, გაიხსნა წმინდა ნინოს სასწავლებელი, პირველი საჯარო ბიბლიოთეკა და ფრანგული წიგნის მაღაზია, მტკვარზე გაიდო ხიდები და აიგო საცხოვრებელი სახლები, აშენდა ფაბრიკა-ქარხნები და განვითარდა მრეწველობა და ვაჭრობა. ერთი სიტყვით, მიხეილ ვორონცოვმა საქართველოს რუსეთის იმპერიისადმი დამოჩილება თბილისის „გაევროპულობით“ დაიწყო. ამ საქმეში მას მისი ცოლიც, გრაფინია ბრანიცკაც ეხმარებოდა - მართავდა ნადიმებსა და მეჯლისებს, სადაც ქართველ თავად-აზნაურებს აიძულებდა, თავიანთი ცოლები და ქალიშვილები უკანასკნელ მოდაზე გამოწყობილები მოეყვანათ. მოდის ბიზნესზე უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა, რაც ქართველების გაღარიბებასაც იწვევდა, ისინი დიდ ვალებს იდებდნენ და ამგვარად ფინანსურადაც მთლიანად რუსების მორჩილებაში იყვნენ.
მიხეილ ვორონცოვის გატარებული პოლიტიკის ნამდვილ არსს კარგად ხედავდნენ პატრიოტი ქართველები, რომლებმაც მას „ნამცხვრისა და მათრახის“ პოლიტიკა უწოდეს. ქართველი თავადი, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე, ალექსანდრე ორბელიანი ვორონცოვზე წერდა: "სხვა წარსული მთავარმართებლები ხომ გვატყუებდნენ, მაგრამ ისინი უფრო დესპოტური მძვინვარებით იქცეოდნენ, ხოლო ვორონცოვი, ალერსითა ვითომ კაიკაცობას გვიჩვენებდა, ნამეტნავად კიდევ უფრო იმით, რომ ვინც რუსეთის ინტერესებზე იქცეოდა, მასთან ხელგაშლილი, ჩინებსა და სხვა ჯილდოს იძლეოდა. ვიცოდი ესეები სულ მოჩვენება იყო ვორონცოვისგან, რომ საქართველოს ხალხი გართულები იყვნენ დროებითა და ამაებში და მთავრობაზედ ცუდი ფიქრი აღარავის ჰქონდეს. ამისათვის, რომ ვორონცოვის დროს შამილი და დაღესტანი გაძლიერებულნი იყვნენ და რუსებს ქართველების ეშინოდა, მაგრამ ვორონცოვმა იმ თავისი ცბიერი გონებითა ესეები სუ ჩაშალა და ისევ მონობაში დარჩნენ ქართველები."
ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჩაგვრა. დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა
1880-იანი წლებისათვის ეროვნულმა, სარწმუნოებრივმა და სოციალურმა ჩაგვრამ პიკს მიაღწია. სკოლა, განათლება რუსიფიკაციის სიმბოლოდ იქცა, სადაც ქართულ ენაზე ბავშვების სწავლა მხოლოდ სოფლის მონასტრებსა და ეკლესიებთან არსებულ სკოლებში შემორჩა, თუმცა რუსული მმართველობა ამ სკოლებსაც ხურავდა ანდა რუსულ ენაზე გადაჰყავდა და ამრიგად, წარჩინებული წოდების შემდეგ გლეხობაშიც ქართულ ენაზე ელემენტარული, დაწყებითი განათლების მიღებაც კი შეუძლებელი ხდებოდა. გაძლიერდა ეკლესიური ჩაგვრაც, რასაც ქართველების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. 1886 წელს ქართველმა სტუდენტმა მოკლა თბილისის სემინარიის რექტორი. მკვლელი დააპატიმრეს და გაასამართლეს.
ამ მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ საჯაროდ დაწყევლა ქართველი ერი, რაზედაც ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა საპროტესტო წერილი გაუგზავნა ეგზარქოსს და მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. პასუხად დიმიტრი ყიფიანი დააპატიმრეს, გადაასახლეს რუსეთში, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ, 75 წლის მოხუცი დაქირავებულმა მკვლელებმა მიპარვით, თავში უროს ჩარტყმით მოკლეს. დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ საბოლოოდ აუხილა თვალი ქართველ ხალხს მეფის რუსეთის ნამდვილ სახეზე.
საქართველოს ეთნიკურ-ტერიტორიული დაქუცმაცებისაკენ მიმართული ქმედებები
რუსეთის იმპერია საქართველოში საკუთარი მიზნების შესაბამისად, ცდილობდა დაექუცმაცებინა ერთიანი ქართველი ერი და მისი სამშობლო. ის არ ცნობდა ტერმინს „საქართველო“ და „ქართველი ერი“. საქართველოს ნაცვლად შემოღებული იქნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნია, სოხუმისა და ბათუმის ოლქები. ხოლო ქართველი ერი ხელოვნურად, ფსევდომეცნიერული და ყალბი ეთნოლიგვისტური ხასიათის კვლევებით, დაყოფილ იქნა ქართლელებად, კახელებად, იმერლებად, მეგრელებად, თუშებად, ხევსურებად, მთიულებად, მოხევეებად, გურულებად, აჭარლებად და ა.შ. რუსეთის მიზანი იყო საქართველოში ქართველთა რაოდენობის შემცირება. იმპერიამ სამხრეთ საქართველოდან XIX საუკუნეში გაასახლა მუსლიმი ქართველები, მათ ნაცვლად თურქეთიდან სომხები ჩამოასახლა.
რუსები ქართველთა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს დამოუკიდებელი ხალხის სტატუსს ანიჭებდნენ, ფარისევლურად ზრუნავდნენ მათ „თვითმყოფადობასა და კულტურაზე“, მაშინ როდესაც ქართულ დამწერლობას რომელსაც 1500 წლის ისტორია ჰქონდა, არ აჭაჭანებდნენ დაწყებით სკოლებშიც კი. რუსეთის აგენტები ამტკიცებდნენ, რომ მეგრელები და სვანები არავითარ შემთხვევაში ქართველები არ არიან.
რუსიფიკატორებმა მეგრელებს რუსულ დამწერლობაზე გაწყობილი მეგრული ენის სწავლა დააძალეს, რუსული დამწერლობით მეგრულად ნათარგმნი სახარება და ლოცვები სამეგრელოს ეკლესიებში შეიტანეს. ქართველი ხალხის გათიშვის მიზნით, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის კ. იანოვსკის მოთხოვნით, პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტის მონაწილეობით 1886 წელს შეადგინეს მეგრული ენის სახელმძღვანელო რუსული დამწერლობით. ამის წინააღმდეგ გაილაშქრა ქართველმა, მათ შორის მეგრელმა ინტელიგენციამ საქართველოს ეროვნულ-კულტურული მოძრაობის ბელადის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით.
მშობლიური ქართული ენის აკრძალვა სკოლებში
იმპერიის ხელისუფლების აზრით, კავკასიაში სკოლა ადგილობრივი ერების გადაგვარებისა და გარუსების მძლავრი იარაღი უნდა გამხდარიყო. სკოლას უნდა აღმოეფხვრა ადგილობრივი კულტურა და დაენერგა რუსული, რათა საბოლოოდ გაერუსებინათ მოსახლეობა. მთავრობის ბრძანებით, სამეგრელოს სკოლებში სწავლება „მშობლიურ ენაზე - მეგრულად“ უნდა წარმართულიყო და მეგრელებს რუსული ანბანით უნდა ესარგებლათ.
1899 წელს გამოვიდა მეგრული საანბანო წიგნი „დიდა ნინა”, (დედა ენა) რომელიც კავკასიის სასწავლო ოლქმა სკოლების სახელმძღვანელოდ დაუშვა. იმავდროულად გამოვიდა სვანური საანბანო წიგნიც _ “ლუშნუ ანბან”. ეს წიგნები სვანებმა და მეგრელებმა უარყვეს. 1903 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს ეგზარქოსი ალექსი სამეგრელოში ჩავიდა, უამრავი ხალხი აწყდებოდა მას თხოვნით, რათა საეკლესიო სკოლებიდან მაინც ქართული ენა არ ამოეღოთ და რუსულ დამწერლობაზე აგებული „მეგრული ანბანი“ არ შემოეღოთ.
1905 წლის რევოლუციის პერიოდში, ცარიზმი დროებით დათმობაზე წავიდა და ნება დართო სამეგრელოს, სვანეთის, აფხაზეთის, აჭარის სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე წარმართულიყო.
სამეგრელოს გარუსებისა და საქართველოდან ჩამოშორების მცდელობები გაგრძელდა საბჭოთა იმპერიაშიც. 1928 წლის თებერვალში მოსკოვიდან საბჭოთა საქართველოში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი პშენიცინი, რომელმაც მოიხილა სამეგრელოს სოფლები და გამოიტანა დასკვნა: “მეგრელ გლეხს უნდა მივცეთ სკოლა, სასამართლო და პოპულარული ბროშურა მშობლიურ (მეგრულ) ენაზე“.
1930-იან წლებში სამეგრელოში რუსიფიკაციისა და მეგრული სეპარატიზმის გაღვივება უშედეგოდ დამთავრდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით როგორც ადგილობრივ გლეხობას, ასევე სამეგრელოს მკვიდრ ქართულ ინტელიგენციას, მათ შორის ქართული ლიტერატურის კლასიკოს კონსტანტინე გამსახურდიას. სამეგრელოს მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გათვალისწინებით, საქართველოს იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ლავრენტი ბერიამ მეგრულ ენაზე დამწერლობის შექმნის პროცესი შეაჩერა.
რუსული იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში
საქართველოს სამეფოს უძველეს პროვინცია აფხაზეთში, სადაც რუსული მმართველობა 1810 წელს დამყარდა, რუსების წინააღმდეგ ორი მძლავრი აჯანყება განხორციელდა 1867 და 1877 წელს, რომლის შედეგად რუსეთის იმპერიამ ათასობით მუსლიმი აფხაზი იძულებით გადაასახლა თურქეთში.
აფხაზეთში, როგორც საქართველოს სამეფოს განუყოფელ ნაწილში, საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ქართული ეკლესია არსებობდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან კი რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის რუსიფიკაციის მიზნით რუსული სამონასტრო კოლონიზაცია წარიმართა. 1872 წელს დაფუძნდა ბიჭვინთის რუსული მონასტერი. 1875 წელს სოფ. ფსირცხაში რუსული მონასტერი „ახალი ათონი“ დაფუძნდა. ახალი ათონისა და ბიჭვინთის რუსული მონასტრები ამ მხარის მოსახლეობის გარუსების მნიშვნელოვან კერებს წარმოადგენდა.
1883-1885 წლებში რუსმა ბერებმა დრანდის უძველეს ქართულ ტაძარში რუსული მამათა მონასტერი დააარსეს; 1893 წელს კამანის ეკლესია აღადგინეს და რუსული დედათა მონასტერი დააარსეს. რუსები, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, აფხაზეთშიც შლიდნენ ტაძრების კედლებიდან უძველეს ქართულ ფრესკებს, წარწერებს, ამახინჯებდნენ და რუსულ იერს აძლევდნენ ეკლესიებს. რუსეთის სინოდის განკარგულებით, ღვთისმსახურება აფხაზეთის ტაძრებში მხოლოდ საეკლესიო სლავურ ენაზე უნდა აღესრულებინათ. ეს ენა მოსახლეობისათვის სრულიად გაუგებარი იყო.
რუსეთის კოლონიური და რუსიფიკატორული პოლიტიკა აფხაზების ქართული სამყაროსაგან და აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.
სოხუმის ეპისკოპოსებად ძირითადად რუსები ინიშნებოდნენ. აფხაზეთში მოღვაწე ქართველი ეროვნების ეპისკოპოსებს და მღვდლებს „ანტირუსულ საქმიანობაში“ სდებდნენ ბრალს და რუსეთის შიდა გუბერნიებში გადაჰყავდათ.
რუსეთის იმპერიამ აფხაზებს, რომელიც მეგრელებივით მხოლოდ ქართულ დამწერლობას იცნობდნენ და მშობლიურად მიაჩნდათ, თავს მოახვია რუსული დამწერლობა, რომლის საფუძველზე აფხაზური დამწერლობა შექმნეს.
პირველად აფხაზური (აფსუების) ენის ანბანი 1862 წელს შექმნა ბარონმა უსლარმა რუსული გრაფიკის საფუძველზე. რუსული გრაფიკით აფხაზური ბგერების გადმოცემა ძალიან რთული იყო, ამიტომ რამდენჯერმე სცადეს ამ ანბანის გამარტივება და დახვეწა. მაგ., 1892 წელს პედაგოგმა კ. მაჭავარიანმა და მისმა მოწაფემ, შემდგომში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელმა და კლასიკოსმა დიმიტრი გულიამ შეადგინეს ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე, შემდეგ აკადემიკოსმა ნიკო მარმა სცადა აფხაზური ანბანის ლათინური გრაფიკის საფუძველზე შექმნა, მაგრამ ვერც ამ ცდამ მოიტანა სასურველი შედეგი. 1938 წელს ისევ დიმიტრი გულიამ, ქართველი მეცნიერების - აკაკი შანიძის და სიმონ ჯანაშიას დახმარებით შექმნა ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე.
1930-1940-იან წლებში აფხაზური ენა ქართული ანბანით ისწავლებოდა, რაც კრემლის საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილს შეადგენდა, რომელიც მოკავშირე რესპუბლიკებში (საქართველო კი ერთ-ერთი იყო ამ მოკავშირე რესპუბლიკათაგან) სწავლებას რესპუბლიკის ენაზე ითვალისწინებდა. 1954 წელს აფხაზური ანბანი ხელახლა შემუშავდა ისევ რუსული გრაფიკის საფუძველზე.
აფხაზური დამწერლობის ისტორია, როგორც რუსეთის იმპერიის, ასევე საბჭოთა კავშირის დროსაც კი, ნათლად წარმოგვიჩენს საქართველოს ამ კუთხეში რუსიფიკატორული პოლიტიკის დაჟინებულ მცდელობებს, მოეწყვიტათ აფხაზები მათთვის ბუნებრივი და მშობლიური ქართული დამწერლობისა და კულტურისაგან.
მართალია, აფხაზეთის საქართველოდან გამოცალკევების პროცესს აქტიურად წარმართავდა და მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ ის კარგად ხედავდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ბუნებრივი, მისი განუყოფელი ნაწილი იყო და ამიტომ იყო, რომ სოხუმის ოკრუგი (აფხაზეთი) მაინც ქუთაისის გუბერნიაში (დასავლეთ საქართველო) იყო შეყვანილი და ქუთაისის გუბერნატორს ემორჩილებოდა.
რუსი იმპერიალისტები საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ 1918-1921 წ.წ.
1918-1921 წლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძოდნენ როგორც რუსი ბოლშევიკები, ასევე ბოლშევიკების წინააღმდეგ მეომარი, რუსეთში მონარქიის რესტავრაციის მომხრე ძალები. რუსისათვის, სულ ერთია არისტოკრატი იყო ის თუ პროლეტარი, კომუნისტი თუ ლიბერალი, ერთნაირად მიუღებელი იყო დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო.
თეთრგვარდიელი რუსი გენერლის ანტონ დენიკის მომხრეები, რომლებმაც რუსეთის სამოქალაქო ომისაგან თავი ბათუმს შეაფარეს, არ ცნობდნენ აჭარას და ბათუმს საქართველოს შემადგენლობაში, დენიკინის რაზმები აფხაზეთში შემოსაჭრელად ემზადებოდნენ. დენიკინი საქართველოს „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ ნაწილად მიიჩნევდა. ამავე დროს, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ბოლშევიკური პარტია ებრძოდა საქართველოს ცენტრალურ მთავრობას პროლეტარული ინტერნაციონალიზმის დროშით, რომელიც სინამდვილეში სოციალისტური და კომუნისტური ლოზუნგების საფარველში შეფუთული, რუსული იმპერიული იდეის რეანიმაციას წარმოადგენდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ აღკვეთა რუსი იმპერიალისტი ბოლშევიკებისა და მოანრქისტების მცდელობები. თბილისმა 1919 წელს აფხაზეთს ავტონომია მიანიჭა, ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავდა აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმების რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვაზეც. 1920 წელს, ცხინვალის რეგიონში ლიკვიდირებულ იქნა მოსკოვის მიერ ინსპირირებული, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბოლშევიკური აჯანყება, რომლის მოთავეები ითხოვდნენ რეგიონის საბჭოთა რუსეთთან შეერთებას.
საბჭოთა პერიოდი. სარწმუნოებრივი და ეროვნული ჩაგვრა
რუსეთმა დაარღვია საქართველოსთან 1920 წელს დადებული ხელშეკრულება და 1921 წელს სამხედრო ძალით დაიპყრო საქართველო. საქართველო 1922 წელს შეიყვანეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რომელიც რეანიმირებულ რუსეთის იმპერიას წარმოადგენდა. ქართველი ერი არ შეურიგდა რუს ბოლშევიკ აგრესორებს და 1920-იან წლებში არაერთი შეიარაღებული გამოსვლა მოაწყო რუსული კომუნისტური ტირანიის წინააღმდეგ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშვეს 1924 წლის აჯანყება, ათასამდე პატრიოტი ქართველი დახვრიტეს ბოლშევიკთა სადამსჯელო რაზმებმა.
ქართული ეკლესია საბჭოთა იმპერიაში
დამპყრობელი საბჭოთა რუსეთისადმი შეურიგებელი პოზიცია დაიკავა საქართველოს ეკლესიამ, კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსიმ. მან 1922 წელს მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: “დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნას საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარი. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოთ მოაწყოს ისეთი ფორმები სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნეჩვეულებას და ეროვნულ კულტურას შეესაბამება”.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კომუნისტებმა ციხეში გამოკეტეს. დამოუკიდებლობის პერიოდში არსებობდა 1500 მოქმედი ეკლესია, სადაც 1600 მღვდელი და ამდენივე დიაკონი ითვლებოდა. 1937 წლის 1 იანვრისათვის კი ეკლესიების დანგრევისა და დახურვის შედეგად საქართველოში დარჩენილი იყო მხოლოდ 187 ეკლესია, 203 მღვდელი და 43 დიაკონი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა საბჭოთა იმპერიას ხალხის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება დასჭირდა, ამ საქმეში აქტიურად გამოიყენა ეკლესია. 1943 წელს, იოსებ სტალინის მითითებით, რუსეთის პატრიარქ ალექსის კურთხევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პატრიარქმა კალისტრატემ. ეკლესიები ფორმალურად ფუნქციონირებდა, მაგრამ საბჭოთა უშიშროების სამსახურები მკაცრად აკონტროლებდნენ მორწმუნეთა რიცხვსა და სოციალურ შემადგენლობას, საბჭოთა მოქალაქისათვის შეუფერებლად და მიუღებლად მიიჩნეოდა ეკლესიაში სიარული, კვლავ აქტიურად გრძელდებოდა ათეისტური პროპაგანდა.
საბჭოთა რეჟიმის რეპრესიები ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე
1950-იანი წლების დასაწყისში, იოსებ სტალინის (Joseph Stalin) მიერ ინიცირებული ე.წ. „მეგრელთა საქმე“ წარმოადგენდა მეგრელების „ნაციონალიზმსა და თურქული ორიენტაციის“ ბრალდებებზე აგებულ ფალსიფიკაციას, რომლის შედეგად მრავალი ადამიანი იქნა დაპატიმრებული და რეპრესირებული. მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა აჭარაშიც, სადაც მრავალი მუსლიმი ქართველი იქნა რეპრესირებული.
რუსული კომუნისტური იდეოლოგია, ათეიზმი და ანტიეროვნული პოლიტიკა დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ქართველი მუსლიმებით დასახლებულ აჭარის რეგიონში, სადაც 1929 წელს დიდი ანტირუსული და ანტისაბჭოთა გამოსვლები მიმდინარეობდა. ამბოხებულებმა მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები: უნდა აღდგენილიყო შარიათის სასამართლო, კვლავ გახსნილიყო მედრესები, გოგონებს არ უნდა ევლოთ საბჭოთა სკოლაში, შეწყვეტილიყო რელიგიური დევნა, ჩადრის ახდის კამპანია და სხვ. საბჭოთა ხელისუფლებამ ამბოხი ჩაახშო და ანტირელიგიური პროგრამის განხორციელება უფრო ფართოდ გაიშალა.
1944 წელს თურქოფილობის ბრალდებით სამხრეთ საქართველოდან (ახალციხის რეგიონი) შუა აზიაში გადაასახლეს მუსლიმი მოსახლეობა. მეორე მსოფლიო ომის წლებში საქართველოდან შუა აზიაში და რუსეთში გადაასახლეს აქ მცხოვრები გერმანელებიც.
სტალინის ქართველობაზე აპელირებით ქართველების ეროვნული გრძნობების დამცირება და 1956 წლის პროტესტი
პიროვნების კულტის - სტალინის კრიტიკას საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე მოსკოვში 1956 წელს, დიდი რეაქცია მოჰყვა საქართველოში - ი. სტალინის სამშობლოში. ქართველების ნაწილმა სტალინის კრიტიკა ქართველი ერის დამცირებად მიიჩნია, რადგან სტალინის სახელი საქართველოში ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ იყო აღქმული. 1956 წლის 9 მარტს, საბჭოთა არმიამ ცეცხლი გაუხსნა სტალინის სახელის დასაცავად თბილისის ქუჩებში გამოსულ ქართველ სტუდენტებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს, დაიღუპნენ ადამიანები, ათეულობით დააპატიმრეს.
1956 წლის 9 მარტის დემონსტრაციებისა და მანიფესტაციის დროს გაჩნდა მთავრობის საწინააღმდეგო ხელნაწერი ფურცლები და დაბეჭდილი პროკლამაციები, რომლებიც ი.სტალინის პიროვნების და მოღვაწეობის დაცვასთან ერთად, გადაიქცნენ საბჭოთა რეჟიმის დაგმობის, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოწოდებად - “თავისუფლება საქართველოს”.
9 მარტის გამოსვლამ თბილისში სტიმული მისცა ქართველი ხალხის ეროვნულ გამოღვიძებას. კრემლის რეაქციამაც არ დააყოვნა. მეორე მსოფლიო ომში, საგმირო საქმეებით გამორჩეული ქართული ეროვნული საჯარისო შენაერთები (414-ე დივიზია) დაშალეს. ქართველი გენერლები და ოფიცრები იძულებითი წესით ჩამოაშორეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებს და გადააყენეს. ამას გარდა, მიღებულ იქნა რიგი დისკრიმინაციული ზომებისა, მათ შორის ქართველ ოფიცრებს უარი უთხრეს სამხედრო აკადემიებში მიღებაზე.
საბჭოთა დემოგრაფიული და იდეოლოგიური დივერსიები
რუსმა კომუნისტებმა გააგრძელეს მეფის რუსეთის იმპერიული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს დაქუცმაცების, ქართველი ერის მთლიანობის დარღვევისა და რუსიფიკაციისაკენ იყო მიმართული.
საბჭოთა საქართველოში შეიქმნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხელოვნურად იქმნებოდა კრემლის მორჩილი, რუსულენოვანი პარტიული აპარატი, რომელიც ავტონომიებში მცხოვრებ ქართველებს ავიწროებდა, არ აძლევდა მათ სახელმწიფო აპარატში მაღალი თანამდებობების დაკავების საშუალებას, ხელს უწყობდა რუსული სკოლების გახსნას მხოლოდ ქართველებით დასახლებულ რაიონებში, ყოველნაირად აქეზებდა, სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პრივილეგიების მინიჭების გზით, ქართველების ეთნიკური კულტურისაგან მოწყვეტას, დენაციონალიზაციასა და რუსიფიკაციას.
1926 წლის საბჭოთა კავშირში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებში, ცალკე ეროვნებებად აღნიშნეს ქართველები, მეგრელები, აჭარლები, ლაზები და სვანები. ფაქტობრივად ეს იყო გამეორება ყოფილ რუსეთის იმპერიაში 1897 წ. აღწერისა. ქართველი ერის ამგვარმა ხელოვნურმა დაყოფამ იმდენად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოში, რომ საქართველოს იმჟამინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამაც კი ეს გარემოება მიიჩნია შეცდომად და საბჭოთა კავშირის ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოს მიმართა წერილით, რომელშიც დაასაბუთა, რომ ქართველები, მათ შორის მეგრელები, სვანები, აჭარლები ეროვნული თვითშეგნებით ერთ - ქართველი ერის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.
1978 წელს, ქართველებმა დიდი ბრძოლის ფასად მოახერხეს საბჭოთა კონსტიტუციაში შეეტანათ მუხლი სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადების შესახებ, მაშინ როდესაც საბჭოთა ხელმძღვანელობას სურდა საქართველოში დაეკანონებინათ მხოლოდ ერთი სახელმწიფო ენა - რუსული.
კრემლის სამსახურში მყოფი რუსი ინტელიგენცია, საქართველოში ეროვნული განწყობილებების ზრდის პარალელურად, მიმართავდა ქართველების ღირსების შემლახველ, პროვოკაციულ გამოხდომებს. 1986 წელს ცნობილმა რუსმა მწერალმა ვიქტორ ასტაფიევმა გამოაქვეყნა ქართველების შეურაცხმყოფელი მოთხრობა, ქართველებისადმი სიძულვილით გამსჭვალულ მოთხრობებს აქვეყნებდა აფხაზი წარმოშობის რუსი მწერალი ფაზილ ისკანდერი.
ქართველი ხალხის რუსიფიკაციის პროცესში კრემლი აქტიურად იყენებდა კომუნისტურ პარტიაში ქართველების ფართოდ მოზიდვის პრაქტიკას. საბჭოთა კავშირში, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, ყველაზე მეტი კომუნისტი საქართველოში იყო. კომუნისტური პარტიის წევრი კი რუსულ-საბჭოური პოლიტიკის გამტარებელი უნდა ყოფილიყო.
მოსკოვი უწყობდა რუსული სკოლების ფართოდ გახსნას მხოლოდ ქართველებით დასახლებულ რეგიონებშიც კი, პრივილეგიებს ანიჭებდა რუსულად განათლებამიღებულებს.
ავტონომიები, როგორც რუსეთის დასაყრდენი საქართველოში
რუსები ფარულად მუდამ აღვივებდნენ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის ოლქში თბილისის წინააღმდეგ პრორუსულ და სეპარატისტულ განწყობილებებს. ეს შეეხებოდა პოლიტიკურ და სოციალურ პრივილეგიებს, კადრების შერჩევასა და განაწილებას, რაც ქართველების უკმაყოფილებას იწვევდა. ამგვარად მზადდებოდა ავტონომიებში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნელი მოქმედების ნაღმები.
საქართველოში მომძლავრებული ეროვნული მოძრაობის საწინააღმდეგოდ კრემლი აქტიურად იყენებდა „აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს“, რომელიც სინამდვილეში კრემლის მიერ მართული პრორუსული მოძრაობა იყო. 1989 წელს, მოსკოვის ინსტრუქციებით, აფხაზეთის კომუნისტების ლიდერებმა მოითხოვეს საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გაყვანა და რუსეთთან შეერთება. თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ანტისაბჭოურ-ანტირუსულ მანიფესტაციაში გადაიზარდა, რაც სასტიკად ჩაახშო 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ და სპეცსამსახურებმა, დაიღუპნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, ათეულობით მძიმედ დაშავდა, მომწავლელი გაზით მოიწამლა, რამაც სამუდამოდ დაუზიანა ჯანმრთელობა.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და საბჭოთა კავშირიდან გასვლა მხოლოდ დროის ამბავი იყო. თუმცა კრემლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სისხლიანი პროვოკაციების მოწყობით შეეცადა ამ პროცესის შეფერხებას. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
კრემლმა, აფხაზეთში ანტიქართულ, სეპარატისტულ წრეებთან ერთობლივად პროვოკაციულად გამოიწვია ომი აფხაზეთში 1992-1993 წლებში, რასაც საქართველოს სახელმწიფოს დამარცხება, ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა.
1990-იან წლებში საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა რუსეთის ფედერაციის სამხედროებისათვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „სამშვიდობო ძალების“ მანდატი მიენიჭებინა და რუსეთის ზეწოლით „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ შესულიყო. 1990-იან წლებში რუსეთის ფედერაცია საქართველოში თავის დასაყრდენს ხედავდა როგორც ავტონომიების მხარდაჭერაში თბილისის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე საქართველოში რუსოფილური განწყობილებების გავრცელების მცდელობებში.