საქართველოში თურქოლოგიას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ბევრი კარგი მეცნიერი გამოზარდა.
საქართველოში თურქოლოგიას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ბევრი კარგი მეცნიერი გამოზარდა. ჩატარებულ იქნა მრავალი საინტერესო გამოკვლევა თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. ამ კვლევებსა და ზოგადად, თურქეთთან ურთიერთობებში დიდი წვლილი მიუძღვის ოთარ გიგინეიშვილს. თურქეთში ქართული ენისა და კულტურის მიმართულებით კვლევები ძალზედ გვიან დაიწყო და შეიძლება ითქვას, სათანადო დონეზე არ განხორციელდა. არც ოსმალეთის იმპერიის, არც რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ ქართველთა მხრიდან კულტურულ და პოლიტიკურ აქტივობას, თუ ორგანიზაციის ფარგლებში მუშაობას ადგილი არ ჰქონია. ასე გაგრძელდა 1960-იან წლებამდე, აჰმედ ოზქან მელაშვილმა შეძლო ის, რის პრეცენდენტსაც მანამდე ადგილი არ ჰქონია. მოგეხსენებათ, ქართველები ძირითადად სოფლებში, ჩაკეტილ გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრობდნენ. რამაც ერთი მხრივ, შეანელა ასიმილაციის პროცესი, აქედან გამომდინარე, შეძლეს თავიანთი თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნება.
რესპუბლიკის პერიოდი, საბჭოთა კავშირის ჩაკეტილი რეჟიმიდან გამომდინარე, საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით არც თუ აქტიური იყო. ფაქტობრივად, თურქეთის ქართველებს საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბევრმა საქართველოს არსებობის შესახებაც კი არ უწყოდა. რუსეთად მიაჩნდა. სწორედ ა. ოზქანი იყო პირველი, რომელმაც სერიოზული ნაბიჯები გადადგა ორი ქვეყნის ქართველების გასაერთიანებლად. ამის მაგალითია მის მიერ წარმოებული მრავალმხრივი სამუშაოები: მიუხედავად დაბრკოლებებისა, მან რამდენჯერმე მაინც შეძლო საქართველოში ჩამოსვლა; დააარსა გამომცემლობა; საფუძველი ჩაუყარა ორგანიზებულ მუშაობას.
ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო 1968 წელს წიგნ “საქართველოს” გამოცემა. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მომდევნო პერიოდში რამდენიმე შემეცნებითი და ისტორიული რომანის (ელგუჯა-ა. ყაზბეგი; ჩაუმქრალი კერა-ი. ფაღავა; დიდი მოურავი-ს. ქვარიანი) გამოცემასა და 1977 წელს ჟურნალ “ჩვენებურის” გამოსვლას. ჟურნალის პირველი ნომრები სანვერ აქინის მატერიალური მხარდაჭერით დაიბეჭდა შვედეთში. თურქეთის ქართველებზე ამ ჟურნალმა უდიდესი გავლენა მოახდინა. დაუფასებელია აჰმეთ ოზქანის დიდი ღვაწლი თურქეთის ქართველთა თვითგამორკვევის საკითხში. მისი დიდი საქმეების სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია…
მე მინდა გესაუბროთ ა. ოზქანის გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული ღონისძიებებისა და ზოგადად, იმ მოვლენების შესახებ, რომლის უშუალოდ მონაწილეც თავად გახლდით. მისი გარდაცვალების შემდეგ გარკვეული ხანი სრულმა უმოქმედობამ და სიჩუმემ დაისადგურა. ამას თან ერთვოდა მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა: მოგეხსენებათ, ახალი მომხდარი იყო 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალება. დემოკრატიული უფლებები და თავისუფალი კავშირები შეზღუდული იყო.
ასეთ პირობებში მაინც რეგულარულად იმართებოდა მისი გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი შეხვედრები. 1982 წელს, ბელგრადის ტყეში მოეწყო ხალხმრავალი გასეირნება. ეს იყო პირველი სერიოზული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აჰმეთ ოზქან მელაშვილის წამოწყებული საქმით დაინტერესებული სტამბოლის ქართველები. შემდგომში, კვლავ გაგრძელდა ამგვარი შეკრებები. ამრიგად, დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა გაერთიანების გზაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ა. ოზქანის მეგობრებისა და სხვა მოქალაქეების ურთიერთთანადგომით გაერთიანების მცდელობები. მოგეხსენებათ, 1980-იან წლებში ჯერ კიდევ არ იყო სწრაფი დაკავშირების შესაძლებლობა-ტელეფონი, ამიტომ საჭირო მიმოწერები ფოსტის საშუალებით ხდებოდა. ამგვარად, ურთიერთობების გაღმავებაში კავშირის ამ საშუალებამ დიდი როლი ითამაშა. მალევე, მიუხედავად ხელისშემშლელი პირობებისა, 1986 წელს ბურსაში დაარსდა ბათუმისა და მისი შემოგარენის ლტოლვილთა ასოციაცია. ამას მოჰყვა 1987 წელს სტამბოლში იგივე სახელწოდების მქონე ერთი და შემდეგ უკვე სხვა ასოციაციები…
გთავაზობთ ამ პერიოდში გამოქვეყნებული ნაწარმოებების არასრულ ჩამონათვალს:
1988 წელი: მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა” (თარგმანი-იბრაჰიმ გორაძისა); ფრიდონ ხალვაშის პოეტური კრებული: (თარგმანი ფაქირ ბაიქურთისა და აბდურრაჰმან ჩ. ხიმშიაშვილისა)
1989: ილია ჭავჭავაძის “მგზავრის წერილები” (თარგმანი ალი ალთუნისა)
1990: ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონი” (თარგმანი ალი ალთუნისა) და “კუკარაჩა” (თარგმანი: გულიზარ ჭელიძისა).
1993 წელს აღსდგა ჟურნალ “ჩვენებურის” გამოცემა.
ამ პერიოდში დაიბეჭდა შემდეგი თარგმანები: ჰაირი ჰაირიორლუს მიერ ნათარგმნი წიგნები (ზღაპრები, ლაზების ისტორია, საქართველოს ისტორია და სხვ.). ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე) აჰმეთ მელაშვილის ახლო მეგობარი და საქმეში მისი მარჯვენა ხელი იყო. ის გახლდათ თურქეთის ქართველთა საზოგადო მოღვაწე და ქართული კულტურის ამაგდარი.
ფაჰრეთთინ ჩილოღლუს წიგნები და თარგმანები ( ქართველთა ისტორია-1993 და სხვა წიგნები)
1996 წელს დაიწყო ჟურნალ “მამულის”, 2007 წელს კი ორენოვანი ჟურნალ “ფიროსმანის”
გამოცემა.
1988-1989 წლებში პიონერთა ბანაკში დასასვენებლად გაიგზავნა ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში სასწავლებლად წასულ სტუდენტთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
დედასამშობლოსთან ურთიერთობის აღდგენასა და გღრმავებას განსაკუთრებით ხელს უწყობდა საქართველოდან ჩამოსული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან მჭიდრო კავშირი. იმართებოდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, თათბირები, ინტერვიუები. ამგვარად, იზრდებოდა ჩვენი ცოდნა მშობლიური ენის, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით. კიდევ უფრო მყარდებოდა ურთიერთობა დედასამშობლოსთან… გთავაზობთ ამ შეხვედრების არასრულ ჩამონათვალს:
1985-86 წლებში ანკარაში იმყოფებოდა და ქართული ცეკვის კურსს ხელმძღვანელობდა ცნობილი ქორეოგრაფი, ზურაბ კიკალეიშვილი. მისი წყალობით დაიდგა და განხორციელდა არაერთი საინტერესო ღონისძიება. ეს ღონისძიებები ემსახურებოდა ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას. იმავე პერიოდში, სტამბოლში რამდენჯერმე გაიმართა შეხვედრა ცნობილ დირიჟორ, ჯანსუღ კახიძესთან, რომელიც სტამბოლს ხშირად სტუმრობდა საგასტროლოდ.
1986 წელს ცნობილმა კინორეჟისორმა, თენგიზ აბულაძემ, მონაწილეობა მიიღო სტამბოლის კინოფესტივალში.
1986 წელს, ნინო და თენგიზ სუხიშვილების ხელმძღვანელობით სტამბოლს ეწვია სუხიშვილების ანსამბლი. გაიმართა მეტად შთამბეჭდავი, დაუვიწყარი კონცერტი.
1988 წელს, ჩვენი მიწვევის საფუძველზე თურქეთში ჩამოვიდა დრამატურგი ალექსანდრე ჩხაიძე. საქართველოში დაბრუნებულმა მწერალმა, თურქეთში ყოფნის პერიოდში ერთობლივად ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგები და ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები გამოსცა წიგნად, სახელწოდებით “ჩვენებურები”.
თურქეთს ასევე ბევრჯერ ეწვია პოეტი ფრიდონ ხალვაში. მან ბევრი ლამაზი ლექსი თუ წერილი მიუძღვნა თურქეთის ქართველებს.
მეცნიერული კვლევის ჩასატარებლად თურქეთს მრავალგზის სტუმრობდა თურქოლოგი ლია ჩლაიძე. მან თურქულიდან ქართულად თარგმნა ბევრი წიგნი, ასევე მისი ავტორობით გამოიცა თურქულ-ქართული ლექსიკონი, რომელზეც მრავალი კარგი თურქოლოგი აღიზარდა.
თურქეთში, ასევე, კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა ენათმეცნიერი შუშანა ფუტკარაძე. ამ კვლევების შედეგად გამოიცა მისი წიგნი: “ჩვენებურების ქართული”.
ოსმალურ არქივებში მუშაობის შესაძლებლობა მიეცა ისტორიკოსს, პროფესორ ნოდარ შენგელიას. მან დაამუშავა ოსმალური დავთრები და კვლევის შედეგებს თავი მოუყარა თავის ისტორიულ ნაშრომებში.
1996 წელს, თურქეთში ვუმასპინძლეთ ცნობილ მწერლებს, ძმებ ოთარ და თამაზ ჭილაძეებს, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სტამბოლში, ბურსასა და იზმითში განხორციელებულ სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.
1998 წელს თურქეთს ეწვია რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია. ეს იყო ღირსშესანიშნავი ვიზიტი, ქართველი რეჟისორის მიერ თურქული თეატრის სცენაზე დაიდგა სპექტაკლი.
გარდა ამისა, თურქეთში საქართველოსა და ქართული კულტურის გაცნობისა და პოპულარიზაციის საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს ისეთმა თურქმა მწერლებმა, როგორიცაა: დემირთაშ ჯეიჰუნი, ფაქირ ბაიქურთი, ჰაიათი ასილიაზიჯი, ნეჯათი ჯუმალი, სამი ქარაორენი, რეფიქ ერდურანი, თუნჯერ ჯუჯენოღლუ და სხვანი. მათ საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები და მოგონებები აღწერეს და წიგნად გამოსცეს.
საქართველოში მიმოსვლა გახშირდა 1991 წლის შემდგომ პერიოდში. სარფის სასაზღვრო კარის გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საზღვრის სხვადასხვა მხარეს დარჩენილმა ნათესავებმა აღადგინეს ურთიერთობა. ასევე, იმატა საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ ჩამოსულ ემიგრანტთა რიცხვმა. სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში ქართველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. თავის მხრივ, თურქი საქმოსნებიც დაინტერესდნენ საქართველოს ბაზრით. დააარსეს აქ თავიანთი კომპანიები. დაიწყეს თანხის დაბანდება, ინვესტიციის ჩადება.
1990-იან წლებში, სათვისტომოებში განახლდა აქტიური სამუშაოები, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც სჭარბობდა ქართველთა რიცხვი. დღესდღეობით, კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას ინეგოლის, გოლჯუქის, იზნიქის, ორჰანგაზის, ჰენდექისა და დუზჯეს სათვისტომოები. სტამბოლში აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას თურქულ-ქართული განათლებისა და კულტურის ფონდი, ქართული კულტურის ცენტრი, ქართული კულტურის სახლი, საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია და ბეიკოზის ბათუმელთა ასოციაცია, ქართულ-კავკასიური კულტურული ასოციაცია. ამ ჩამონათვალს 2011 წლის დეკემბერში შეემატა ქადიქოიში მდებარე ქართული ხელოვნების სახლი, რომელიც აქტიურ ტემპში განაგრძობს საქმიანობას.
ზემოთ ჩამოთვლილ ასოციაციებს შორის კვლავაც წარმოებს მუშაობა კონფედერაციის შესაქმნელად.
ეს ასოციაციები, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, ეწევიან აქტიურ კულტურულ საქმიანობას. აწყობენ სხვადასხვა საღამოებს, კონფერენციებს. საკუთარ ბაზაზე ხსნიან მუსიკისა და ცეკვის შემსწავლელ კურსებს. და რაც ყველაზე მთავარია, აარსებენ ქართული ენის შემსწავლელ კურსებს. მსგავსი ტიპის აქტივობები რასაკვირველია მომავლისადმი იმედით განგვაწყობს, თუმცა საკმარისი არც ესაა, რადგანაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ასიმილაციის ტემპები. ახალ თაობებში დღითიდღე იკლებს მშობლიური ენისა და კულტურის შემომნახველი წინაპრების მიმართ პატივისცემა.
მსოფლიო გლობალიზაციისა და ურბანიზაციის პირობებში, რასაც თან სდევს ასიმილირების რთული პროცესი, თურქეთის ქართველთათვის საკმაოდ ძნელია ეროვნული თვითმყოფადობის, მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა მიღებული სათანადო ზომები ასიმილაციის პროცესის შესაჩერებლად, თავიდან ვერ ავიცილებთ ამ კულტურისა და ეროვნული თვითშეგნების სრულ გაქრობას. ამ რთულ პროცესში საჭიროა ბრძოლა.უნდა შევიმუშავოთ საკუთარი მიდგომა, რათა არ დავკარგოთ ეროვნული თვითმყოფადობა. რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ წინაპრების კულტურა და გადავცეთ მომავალ თაობებს. ამ თვალსაზრისით საჭიროდ მიგვაჩნია:
ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდა,
ქართული მაუწყებლობა, თურქეთში ქართული ტელეარხის დაარსება,
სკოლებში ქართული სწავლება,
ქართული ენის შემსწავლელი კურსების რიცხვის გაზრდა,
კულტურული ჟურნალებისა და პუბლიკაციების გამოცემა.
ჩვენ ვიცით, რომ მომავალს იმედის თვალით შეგვიძლია შევხედოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პრიორიტეტი იქნება დამოუკიდებელ საქართველოსთან, დედასამშობლოსთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება, მშობლიური ენისა და კულტურის მომავალი თაობებისათვის გადაცემა.
*აჰმედ ოზქან მელაშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადნი მიძყვნილი საერთოშორისო კონფერენციიდან (21-24 ივნისი 2012 წელი.) თბილისი