Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   გადარჩენილი სამოთხე; საქართველო - მედიჰა ილდიზ (თავდგირიძე)

მონატრებით, ინტერესითა და  ცნობისწადილით შეპყრობილნი მორიგ მოგზაურობას ვაწყობთ საქართველოში.

მისამართი ცნობილია: პატარა, მაგრამ უძველესი ისტორიული წარსულის და  მდიდარი, თვითმყოფადი  კულტურის  მქონე ქვეყანა, რომლის მატიანეც ძვ. წ. VI საუკუნეში იწყება.  ჭეშმარიტად, გადარჩენილი სამოთხე დედამიწაზე–საქართველო. საოცრებათა სამყარო, ზღაპრული ქვეყანა. პირველი გაჩერება–ბათუმი. ჩვენს ყურადღებას ქალაქის შესავლელში განთავსებული ქართული წარწერა იპყრობს. საოცრად ესთეტიური ანბანია ქართული. თითოეული ასო–ბგერა ხელოვნების ნიმუშია. გვეუბნებიან, რომ ქართული ანბანი მსოფლიოს 14 დამწერლობიდან ერთ–ერთია. ვათვალიერებთ ბათუმს...ირგვლივ ულამაზესი მწვანე ტონები სჭარბობს...  ბათუმის ბოტანიკური ბაღი ნამდვილ ედემს მოგაგონებთ. იგი შავი ზღვის პირასაა გაშენებული. აქ   დაცულია უნიკალური მცენარის ჯიშები.  საოცარი სანახაობაა: უთავალავი ფერი თვალისმომჭრელად ათინათობს...განშორება გვენანება აქაურობასთან...  ულამაზესია ბათუმური ღამეებიც: ირგვლივ მუსიკის საამო ჰანგები იღვრება...გვაჯადოებს ბათუმის მოცეკვავე შადრევანი და დახვეწილი გემოვნებით მორთული, ნაირფრად განათებული ქალაქი. საქართველო, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ქალს (თამარს) მეფის წოდება მიენიჭა.  
 
მივირთმევთ და არ გვბეზრდება  ნატურალური ხილის წვენები და მდიდარი ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები. სხვათაშორის, აქ ცომეულის მომზადება განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ხინკალი–არა უბრალოდ კულინარიული, არამედ მხატვრული ხელოვნების ნიმუშია. ხაჭაპურს მრავალნაირად ამზადებენ, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მოგვწონს ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური, რომელსაც არაჩვეულებრივ გემოს აძლევს ქართული ყველი, კვერცხი და კარაქი.  კაკალი ქართული კერძების შეუცვლელი ატრიბუტია. ქართული სუფრის მშვენება გახლავთ ნიგვზიანი ქათმის საცივი. კერძებს ძირითადად, ქინძით, რეჰანითა და ტარხუნით აზავებენ. ქართული სამზარეულო მდიდარია მადისაღმძვრელი ფხალეულის ნაირსახეობით. ტრადიციული, ბარაქიანი ქართული სუფრა განთქმულია მთელს მსოფლიოში. გარდა კერძების ნაირფეროვნებისა, დიდი ყურადღება ექცევა ესთეტიურ მხარეს. მოგზაურობისას ღამის გასათევად საოჯახო ტიპის პანსიონებში ვჩერდებით. გულუხვი მასპინძლები თავაზიანობითა და გულღია ღიმილით გვეგებებიან. ვიძენთ ახალ ნაცნობებს, გულითად მეგობრებს. ისე გვექცევიან, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ჩვენც ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში. 
 
მეჩეთი–სინაგოგა–ეკლესია
შემდეგი გაჩერება–თბილისი.  ქალაქი, სადაც საუკუნეთა მანძილზე ერთმანეთის გვერდით მოქმედებს  ქართული მართლმადიდებლური ეკლესია,  ებრაული სინაგოგა და მუსულმანური მეჩეთი. აქ ყველას აქვს  საშუალება ილოცოს და იცხოვროს საკუთარი რელიგიური მრწამსის შესაბამისად.   ერთ დღესაც, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი, თემურ ტარტარაშვილი გვიწევს მეგზურობას. შიგადაშიგ ისლამური რელიგიის შესახებ მეკითხება ხოლმე. მიზეზმა დამაინტერესა. მპასუხობს, რომ თურქეთიდან ჩამოსული სტუმრების უკეთ გასამასპინძლებლად ცოდნის გაღრმავება სურს. მეტად სტუმართმოყვარე და შემწყნარებელია ქართველი კაცი. უამრავი ისტორიული ქარტეხილისა და განსაცდელის მიუხედავად, დღეს ქვეყნის განვითარების მზარდი ტემპი შეიმჩნევა.  თვალს ახარებს ფართო გზები, განათებული ქუჩები და  ყოველი ფეხის ნაბიჯზე წამოჭიმული საინტერესო არქიტექტურული ნაგებობები, ისტორიული ძეგლები და  ხელოვნების ნიმუშები. ერთი სიტყვით, მოჯადოებულნი ვართ. შუშპარა მტკვარი, პატარძალივით  ნაზად მირონინებს, მიღიღინებს,  ტაატით მიედინება. უდიდესი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზეც გავისეირნეთ. ქუჩას მეტად ლამაზი  არქიტექტურული ნაგებობები ამშვენებს. ნაირფრად განათებულ, ფართო პროსპექტზე ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებულა მუზეუმები, სამთავრობო შენობები და მოდური მაღაზიები.  „ქართლის დედის“ ძეგლთან ახლად აშენებული საბაგიროთი ავდივართ. შუშისძირიანი გონდოლიდან ჩვენს თვალწინ ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. 
 
ზღაპრული ქალაქი: სიღნაღი
კიდევ ერთ ოცნების ქალაქს ვსტუმრობთ. სიღნაღი მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე. ქვემოთ გადაშლილია  ალაზნის ველი. ჰაერში ყურძნის მათრობელა სურნელი ტრიალებს. ბუმბერაზი კავკასიონის მთები ამაყად გადმოსცქერიან სიყვარულის ქალაქად წოდებულ სიღნაღს.  დააბიჯებ ამ კოხტა, მოკირწყლულ ქუჩებში და  გგონია, თვალწინ ისტორია გიცოცხლდება. განახლებული ქალაქის არქიტექტურა მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. 
 
ახალციხე
ქართველების სალოცავებსა და ეკლესია–მონასტრებს,როგორც წესი,  მთის ყველაზე მაღალ, კლდოვან თხემზე აშენებენ.  ყველა ისტორიული ძეგლი თვალსაჩინო მაგალითია ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების მაღალი დონისა. ჩვენც ერთ–ერთ ასეთ ისტორიულ ადგილას, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ვიმყოფებით.  კლდეში გამოკვეთილი ციხე–ქალაქი ვარძია მსოფლიოში უნიკალურია. სტრატეგიული თვალსაზრისით, მას მეტად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. ეს ძნელად მისადგომი ქალაქი, სპარსთა გამუდმებული შემოსევებისგან თავდასაცავად აუგიათ XII საუკუნეში. აქ კვლავაც მიმდინარეობს აქტიური სამონასტრო ცხოვრება. საინტერესოა  ვარძიის წყლით მომარაგების სისტემა. აქ დღესაც არის შემორჩენილი თიხის მილების ნაშთები. ამ მილების საშუალებით ქალაქს წყალი მდინარიდან მიეწოდებოდა.
 
და არაჩვეულებრივი ადამიანები... 
ამ მზიური ქვეყნის შვილები ცალკე საუბრის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიურ სიდუხჭირეში ცხოვრობს, სტუმარს მაინც წრფელი ღიმილით ეგებებიან. აქაურებს ხომ ბუნებით მოსდგამთ სილაღე. ქართველი საკუთარ გასაჭირს გარეშე თვალისთვის აგრერიგად იოლად შესამჩნევს არ გახდის. თუმცა, სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ უამრავი ადამიანი უსახსრობის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და ლუკმა–პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილიყო. საქართველოს თითოეული ქვაც კი საგანძურის ექსპონატია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლების მატერიალური მდგომარეობა უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება.  მთელი გულით ვუსურვებთ მათ მშვიდობიან და ნათელ მომავალს. სამწუხაროდ, დასასრულს უახლოვდება ჩვენი მოგზაურობა. ის ისეთივე ხანმოკლე იყო,როგორც  ლამაზი სიზმარი...
 
ამ წალკოტთან განშორების დრო დგება. მოგვენატრება ეს თბილი, უშუალო გარემო, ისტორიისა და უმაღლესი ხელოვნების სამშობლო საქართველო, ეს პურადი, გულადი, სტუმართმოყვარე ხალხი...კვლავაც შეხვედრის იმედით საქართველოვ..
 







 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი