Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   სოხუმი და აფხაზეთი XIV საუკუნეში- აბაზური კოლონიზაციის პირველი ნიშნები

1235-1242  წლებში  საქართველოს სამეფო  მონღლებმა დაიპყრეს. კულტურულად აყვავებულმა და ეკონომიკურად გამართულმა სახელმწიფომ მათი გამანადგურებელი ლაშქრობები განიცადა. ქვეყანა დაღმასვლის გზას დაადგა. მონღოლთა რეიდებს მხოლოდ დასავლეთ საქართველო გადაურჩა. ჩინეთიდან პოლონეთამდე გადაჭიმულ უზარმაზარ იმპერიაში საქართველოს დასავლეთი ნაწილი  იყო თითქმის ერთადერთი ადგილი, სადაც მათი ფეხი არ დადგმულა. სულ მალევე   მონღოლები საქართველოში საკუთარი მმართველობის შემოღებას შეეცადნენ და ქვეყანა 8 დუმნად (ათიათასეულად) დაჰყვეს, რომელთაც სათავეში ქართველი ერისთავები ჩაუყენეს. დასავლეთ საქართველოში ორი დუმანი შეიქმნა,  ხელმძღვანელებად კი  რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერიძე  და სამეგრელოს მმართველი ცოტნე დადიანი დაინიშნენ [1]

დადიანთა საგვარეულომ, რომელიც  თამარის ხანიდან    აკონტროლებდა თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს, ამჟამადაც შეინარჩუნა ეს უფლება. ცოტნე დადიანს საკონტროლოდ ერგო საქართველოს შავიზღვირპირეთი მდინარე ჭოროხიდან  ნიკოფსიამდე (დღევანდელი ტუაფსე), სადაც გადიოდა საქართველოს სამეფო საზღვარი. მალევე მონღოლები დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი წეს-წყობილება საქართველოს სამეფოში ვერ იმოქმედებდა და ისევ მეფობა აღადგინეს 1247 წელს, თუმცა სამეფო ტახტი ამჯერად ორმა პრეტენდენტმა დაიკავა, ერთი იყო დავით  VI რუსუდანის-ძე, ხოლო მეორე დავით VII ლაშას-ძე. თამარის შვილიშვილების ერთდროულად ტახტზე  ჯდომა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში დავით VI რუსუდანის-ძე მონღლებს განუდგა, გადავიდა დასავლეთ საქართველოში, რომელიც მონღოლთაგან ხელშეუხებელი იყო და ილხანებისგან დამოუკიდებელ ერთეულს ჩაუყარა საფუძველი. დავით მეფეს დასავლეთ საქართველოში სიხარულით მიეგებნენ იქაური ერისთავები მორჩილება გამოუცხადეს. ამიერიდან მონღოლთაგან დამორჩილებული საქართველო ფაქტიურად ორ ნაწილად გაიყო, აღმოსავლეთი ნაწილში მონღოლები ბატონობდნენ, ტახტზე კი დავით VII იჯდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში დავით VI შექმნა სრულიად დამოუკიდებელი სამეფო, სადაც მონღლები ვერ შედიოდნენ. რაც შეეხება დადიანთა საგვარეულოს, განსაკუთრებული ერთგულების გამო  დავით მეფემ  მათ  უფლებები კიდევ უფრო გაუზარდა.

თუკი XIII საუკუნე აღმოსავლეთ საქართველოსთვის (ისევე როგორც მეზობელი ქვეყნებისათვის) დაქცევის და უკუსვლის ხანაა, დასავლეთ  საქართველოს სამეფომ უზომოდ დიდ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით დავით VI ხანაში, ქვეყანაში აყვავდა კულტურა, გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა, გაიზარდა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. აღმოსავლეთ საქართველო  კი  ფაქტიურად გაპარტახებული იყო მონღოლთა გამუდმებული რეიდებით. გადასახადის ამკრეფთა თვითნებობის შედეგად უამრავი მოსახლე ტოვებდა ბარს და მიდიოდა თავისუფალ ადგილას, რამაც მთელი რიგი რეგიონები გააუკაცრიელა. ამას დაემატა ოსების ჩამოსახლება შუაგულ საქართველოში, ამ კოლონიზაციამ ახალი პრობლემა წარმოშვა. შემდგომში, რამდენიმე მეფე შეეცადა ამ საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ მათი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ამასთანავე 1266 წელს აღმოსავლეთ საქართველოს გამოეყო  სამცხის სამთავრო, იგი ყაენის სახასო მამულად ანუ "ხასინჯუდ" აღირიცხა, რომელთა სათავეში ჯაყელთა დინასტია ედგა. ამიერიდან საქართველოს სამეფო   უკვე სამ ნაწილად დაიშალა.

მდგომარეობა იცვლება  XIV საუკუნის დასაწყისიდან, ტახტზე ადის გიორგი V. გონიერმა პოლიტიკოსმა და უდავოდ ნიჭიერმა  დიპლომატმა ფაქტიურად უსისხლოდ მოახერხა როგორც ქვეყნის გაერთიანება, ისე მონღოლების საქართველოდან განდევნა. მეფე გიორგიმ დაამარცხა და ქვეყნიდან  გაყარა საქართველოში ჩამოსახლებული ოსები, გაანადგურა ურჩი ერისთავები, ხოლო მონღოლებისგან მიიღო  უფლება ხარკის თავად აკრეფისა. ამიერიდან მათ რეიდებს ბოლო მოეღო. ამის შემდეგ გიორგიმ მთელი ყურადღება ქვეყნის გაერთიანებაზე გადაიტანა. 1329 წელს იგი გადავიდა დასავლეთ საქართველოში  და შემოიერთა ეს მხარე, ხოლო 1334 წელს სამცხის მხარეც დაუმორჩილა საკუთარ გამგებლობას. მანვე 1335 წელს  ხარკი შეუწყვიტა მონღოლებს და მათი ჯარიც საქართველოდან განდევნა. ქვეყანამ დაიწყო  ხელახალი აღმავლობა.

საინტერესო პროცესები ვითარდებოდა ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში. 1293 წელს მეფე დავით VI   გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მემკვიდრე, კონსტანტინე ავიდა. ეს პერიოდი ერთი მხრივ კულტურული აღმავლობით, მეორე მხრივ კი მუდმივი ანარქიით ხასიათდება. ისტორიული წყაროს მიხედვით ამავე პერიოდში დასავლეთ საქართველოს ერისთავებმა, გურიელმა, დადიანმა, შერვაშიძემ და სვანეთის მმართველმა საკუთარ საერისთაოებში  უფლებები გაიზარდეს და ერთგვარი დისტანცია მოახდინეს სამეფო ხელისუფლებისგან [2].

1323 წელს გიორგი I დადიანი (1300*-1323) გარდაიცვალა და ერისთავი მისი ძე მამია I დადიანი(1323-1345) გახდა. 1327 წელს კი გარდაიცვალა მეფე კონსტანტინე, ტახტზე  მისი ძმა  მიქაელი ავიდა რომლის მეფობა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. მიქაელის ვაჟმა ბაგრატმა კი რომელიც მცირეწლოვანი იყო ‘’ვერ იკადრა მეფობა’’, ასე რომ დასავლეთ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე შეიქმნა. სწორედ ამ დროს დიდებულებმა  გიორგი მეფეს  მოუხმეს, რომელიც დიდი ჯარით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და და უფლისწულ ბაგრატს ციხე-სიმაგრეები ჩამოართვა. ამის შემდეგ  ერისთავები მამია დადიანი, სვანეთის გამგებელი, გურიელი და შერვაშიძე გიორგისთან  მოვიდნენ და მიულოცეს მეფობა. მეფემ მათ ერისთავობა დაუმტკიცა და ამგვარად დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო ისევ გააერთიანა. [3]

ამ ფონზე საქართველოსადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. მეფე გიორგის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა   ეგვიპტის სულთანთან, მიავლნა ელჩები და  საქართველოსათვის საჭირბოროტო საკითხები გადაწყვიტა. რომის პაპი იოანე XXII ამ პერიოდში საქართველოთი დაინტერესდა. მას გიორგი მეფესთან მიმოწერა ჰქონდა. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა რომ 1329/1330 წელს კათოლიკური საეპისკოპოსო ცენტრი სმირნიდან (დღევანდელი იზმირი) თბილისში, იმხანად როგორც უფრო დაცულ ადგილას,  გადმოიტანეს. ამით საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი მნიშვნელოვნად ამაღლდა. გიორგიმ ურთიერთობა გააბა ევროპულ სახელმწიფოებთან და დახმარებასაც დაჰპირდა საფრანგეთის მეფე მეფე ფილიპე VI ვალუას წმინდა მიწის გამოსახსნელად 30 ათასი მოლაშქრის ოდენობით. საქართველოში უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ვენეციელი და გენუელი ვაჭრები. მათი აღწერით იმდროინელი საქართველო უსაფრთხო ქვეყანა, დედაქალაქი თბილისი კი ხალხმრავალი და  მდიდრული ქალაქი იყო.

მნიშვნელოვანი პროცესები მიდის  დასავლეთ საქართველოშიც, რომელიც გიორგი V ბრძნული პოლიტიკით უსისხლოდ იქნა შემოერთებული. ისევე როგორც ადრე, ამ მხარეში ახლაც წამყვანი საგვარეულო დადიანთა სახლი  გახდა. მეფემ მამია I დადიანის (1323-1345) ჩააბარა როგორც  ამ ოლქიდან ჯარის გამოყვანის უფლება, ისე მნიშვნელოვანი ქალაქების გამგებლობა.

1318 წელს რომის პაპმა ილხანთა მონღოლურ სახელმწიფოში კათოლიკური სულთანიეს საეპისკოპოსო დააარსა, რომელსაც იმ დროს დაქვემდებარა   სევასტოპოლის (ანუ სოხუმის) საეპისკოპოსო, ხოლო ეპისკოპოსად ბერნანდო მორო დაინიშნა, რომელიც 1330 წელს   პეტრე გერალდის მიერ იქნა შეცვლილი [4]. ახალმა ეპისკოპოსმა იმავე წელს  კენტერბერიის არქიეპისკოპოსს და ინგლისის სხვა საეკლესიო პირებს მიმართა საგანგებო წერილით, რომლის ტექსტმა ჩვენამდე მოაღწია. ამ ვერცელი წერილიდან კარგად ირკვევა როგორც  იმდროინდელი პოლიტიკურ-რელიგიური ვითარება   ქალაქ სოხუმში და  მთლიანად საქართველოში, ისე ეთნიკური მდგომარეობა XIV საუკუნის 20-იან წლებში: უფალო, კენტერბერიის არქიეპისკოპოსო, ღვთის მადლით მთელი ინგლისის სამეფოში უპირველესო. ამ სამეფოს არქიეპისკოპოსებო და ეპისკოპოსებო, მოგმართავთ ამავე სამეფოს თანამოძმე პეტრუსი, ღვთის ნებით სებასტოპოლის ეპისკოპოსი ქვემო საქართველოში. აქ არის პატივმოყვარე, ამოებით მოცული ქალაქი, სადაც დაუმსახურებლად ვარ დანიშნული უმაღლესი მღვდელმთავრების ნება-სურვილით. როგორც ხმა დადის, ერთ დროს აქ 100 ქრისტიანი მოჰყიდეს სარკინოზებს [მუსლიმებს-ავტორი], მათ ეს ქრისტიანები სარკინოზთა ქვეყანაში წაიყვანეს და იქ სარკინოზებად [მუსლიმებად-ავტორი]  აქციეს. მე ჩემის მხრივ ვეწინააღმდეგები ადამიანებით დანაშაულებრივ ვაჭრობას, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ აქ მბრძანებლები ქრისტიანები არიან, არც ამ საკითხში და არც სხვაში არ მიგონებენ, რადგან ბერძნული სქიზმის [მართლმადიდებლობის-ავტორი] მიმდევრები არიან. ამ წერილის მომტანი იახია და კრემონა... იმდენად ღარიბია, რომ მთელი მისი ქონება საკმარისი არ იქნება ნახევარი გზისათვის, ჩემის მხრივ არაფრის მიცემა შემიძლია, რადგან არც ეკლესია და არც სახლი არ მაქვს, თავის შესაფარებლად. და არც ერთი დინარი მაქვს გასაცემი. კვირაობით რომელიმე ღარიბი ქართველისგან შემოწირულობას ვიღებ. ამ ქვეყნის მბრძანებელი რომელიც მთელი საქართველოს მხედართმთავარიც არის, მზადაა მთელი ჯარით დასავლეთის ქრისტიანებთან [კათოლიკეები-ავტორი] სარკინოზების წინააღმეგ გასალაშქრებლად. აქაურ კათოლიკებს სასაფლაოც მისცა, მიუხედავად ქართველთა ორი სამეფოს  ჩვეულებისა, აქ გარდავლილ კათოლიკეს არ ასხვავებენ სქიზმატიკოსებისგან [მართლმადიდებლებისგან-ავტორი], მაგრამ კათოლიკები ვერ შეეგუენ სქიზმატიკოსებს   და მიცვალებულებს მათი სასაფლაოს გარეთ მარხავენ. ამის გამო ზემონათქვამი სასაფლაოს მიცემით ძალიან განაწყენებული დარჩა სქიზმატიკოსი [მართლმადიდებელი-ავტორი] ეპისკოპისი და სამღვდელოება, რადგან ამ სასაფლაოს გამო კარგავენ ლათინთა დაკრძალვის უფლებას. ამის გამო იმდენად გაიზარდა შფოთი, რომ კათოლიკე ლათინთა მიერ სასაფლაოს შუაგულში აღმართული ჯვარი ამოგლიჯეს და ასევე ლათინთა მიერ აღმართული 15 საფლავის ქვა დაამტვრიეს. ლათინებმა ხელახლა აღმართეს ისინი. აქაურმა სქიზმატიკოსმა [მართლმადიდებლები] მღვდლებმა და ხალხმა სარკინოზთა [მუსლიმები-ავტორი] და იუდეველთა [ებრაელები-ავტორი] დახმარებით ეპისკოპოსთა ეპისკოპოსთან [დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი-ავტორი] წაიღეს... დაწერილია ქალაქ საბასტოპოლში [სოხუმი-ავტორი] მეფე წმინდა ედუარდის [ედუარდ III - ინგლისის მეფე-ავტორი] დღესასწაულზე, უფლის წელთაღრიცხვის 1330 წელს. [5]

მართლაც, გერალდის წერილი  ერთგვარ   წარმოდგენას გვაძლევს იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე. უპირველესად ყურადღება ორი სიტყვა უნდა ითქვას 100 ქრისტიან ტყვეზე, რომელსაც ახსენებს იგი. 1250 წელს ეგვიპტეში ძალაუფლება ხელთ იგდო ბაიბარსმა, რომელიც მამლუქი იყო. აქედან მოყოლებული ეგვიპტის არმიის მამლუქებით შევსება მათი ხელისუფლების ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად იქცა. სულთანმა ბიზანტიის იმპერატორისგან ნებართვაც კი მიიღო გაეგზავნა ხოლმალდები შავიზღვისპირეთში, რათა იქიდან ტყვეები წაეყვანა. ტყვეებზე დიდი მოთხოვნილება იყო სხვა მუსლიმურ ქვეყნებშიც. რაც შეეხება ევროპას, ასეთი რამ XIII-XV საუკუნეებში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. XIV საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც შავიზღვისპირეთში გენუელები დამკვიდრნდნენ, ტყვეთა გაყიდვა მათ დაიწყეს და ერთგვარი მონოპოლია მოიპოვეს. ტყვეთა უმთავრეს კონტიგენტს  შეადგენდნენ ოქროს ურდოს დამორჩილებული ხალხების წარმომადგენლები (ყივჩაღები, თათრები, რუსები, ჩერქეზები, ჯიქები, ალანები, დაღესტნელები). რაც შეეხება საქართველოს აქ გენუელებს ძალიან უძნელდებოდათ ამ საქმის გაკეთება. ჯერ ერთი საქართველო იმ დროს ძალიან ძლიერი სახელმწიფო იყო და ამ პროცესის აღკვეთის საშუალება ჰქონდა, მერე კიდევ საქართველოს ეკლესია ყოველნაირად ებრძოდა მსგავს პრაქტიკას. ამიტომაც არის  რომ XV საუკუნის მეორე ნახევრამდე საქართველოდან გაყვანილი ტყვეების რაოდენობა არის უმნიშვნელო[6]. გერალდიმაც მხოლოდ ყურმოკვრით იცის  რომ ‘’როგორც ხმა დადის, ერთ დროს აქ 100 ქრისტიანი მოჰყიდეს სარკინოზებს ‘’.

მეორე საკითხი, რაზეც ყურადღება  უნდა გამახვილდეს არის გერალდის რელიგიური დამოკიდებულება საქართველოსადმი. იგი, როგორც კათოლიკე ეპისკოპოსი უარყოფითად მოიხსენიებს მართლმადიდებლებს და  ბუნებრივია მათ ‘’სქიზმატიკოსებს’’ უწოდებს. ამგვარი  იყო კათოლიკური ხედვა იმდროინდელი მართლმადიდებლებისადმი, მაგრამ გაუგებარია რატომ უნდა ჰქონოდათ სხვადასხვა რწმენის ხალხს მცირერიცხოვანი კათოლიკების საწინააღმდეგო XIV საუკუნის სოხუმში, განსაკუთრებით მაშინ როცა იმდროინდელი საქართველო უჩვეულო ტოლერანტობით გამოირჩეოდა სხვა აღმსარებლობის ხალხის მიმართ. ამასთანავე, სწორედ საქართველოს სამეფო ხელისუფალთა სურვილით მოხდა კატოლიკური საეპისკოპოსო ცენტრის თბილისში გადატანა. მიზეზი კი რა თქმა უნდა იყო წმინდა პოლიტიკური. ქართველ, მუსლიმ და ებრაელ ვაჭრებს არ სურდათ ის რომ გენუელებს სოხუმში თვითმართველობა მიეღოთ და ფეხი მყარად მოეკიდებინათ, დაეარსებინათ სავაჭრო ფაქტორია, შემდგომში კი ერთგვარი კონკურენტები გამხდარიყვნენ მათი. ეს სცენარი მათ სრულ კრახს უქადდა სავაჭრო საქმიანობაში, რადგანაც კარგად იცოდნენ რომ  გენუელები სავაჭრო საქმის  დიდოსტატები იყვნენ.

მესამე საკითხი, ეს არის მმართველობა როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში. გერალდის მიერ ნახსენებ ‘’ქვემო საქართველოში’’(inferioris Georgianae) რა თქმა უნდა დასავლეთ საქართველო იგულისხმება, მსგავსი დაყოფა ქართულ მწერლობაში X-XI საუკუნიდან გვხვდება, როდესაც ჩნდება ‘’ზემო’’ და ‘’ქვემო’’ საქართველო. პირველი აღნიშნავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო მეორე დასავლეთს. ამასთანავე მნიშვნელოვანია რომ კათოლიკე ეპისკოპოსი ასახელებს ‘’ქართველთა ორ სამეფოს’’, ბუნებრივია  საქართველოს ამ ორი ნაწილის გაერთიანება სულ ახალი მომხდარი ამბავი იყო. ასე რომ გერალდიმ კარგად იცის, რომ საქართველოს ეს ორი ნაწილი ერთ სამეფოშია გაერთიანებული. რაც შეეხება მის  მიერ ნახსენებ ქვეყნის გამგებელს, რომელიც ამასთანავე ‘’ მთელი საქართველოს მხედართმთავარიც არის’’ ეს უთუოდ   მამია  I (1323-1345) დადიანია [7] , დიდი ერისთავი, რომელსაც მეფე გიორგი V  ‘’ბრწყინვალემ’’ დასავლეთ საქართველოს ჯარების მმართველობა ხელახლა ჩააბარა. ეს უფლება დადიანთა საგვარეულოს ჯერ კიდევ XII საუკუნიდან ჰქონდა.

მეოთხე საკითხი ეს არის ეთნიკური მდგომარეობა სოხუმში. როგორც წერილიდან ირკვევა იმდოინდელი სოხუმი არის ქართული ქალაქი და შესაბამისად ქართველებიც უმრავლესობას შეადგენდნენ. თავად გერალდი ამბობს რომ იგი ‘’კვირაობით რომელიმე ღარიბი ქართველისგან შემოწირულობას’’ იღებს.   აბაზა-აფსუა ჯგუფები  იმ დროს არათუ სოხუმში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეც კი არ სახლობდნენ და ბუნებრივია გერალდის წერილში ისინი ვერ მოხვდნენ, ეს მაშინ, როდესაც გერალდი იხსენიებს როგორც მაჰმადიან მოსახლეობას, ისე ებრაულს.

ამასთანავე გერალდის ცნობიდან ასევე  ირკვევა რომ   ერისთავი მამია I დადიანი დაინტერესებულია არა მარტო ლათინების ქალაქში დაფუძნებით და ეკონომიკური კავშირების გაღმავებით (მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი მოსახლეობა არცთუისე სიხარულით ხვდება ამას), რასაც ადასტურებს ის ფაქტი რომ მან  ადგილობრივ კათოლიკებს სასაფლაოც მისცა, არამედ მზადაა მონაწილეობა მიიღოს იმ ლაშქრობებში, რომელშიც დასავლური სახელმწიფოები  მონაწილეობდნენ, კერძოდ პალესტინის განთავისუფლების საქმეში. ეს ყველაფერი უფრო დეტალურად ჩანს საქართველოს მეფე გიორგი V  და საფრანგეთის მბრძანებლის  ფილიპე VI ვალუას მიმოწერიდან.

მას შემდეგ რაც ეგვიპტის სასულთნო შავიზღვისპირეთით დაინტერესდა, მათმა მესვეურებმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს როგორც ბიზანტიასთან, ისე ოქროს ურდოსთან. რადგანაც საქართველო მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა და სწორედ ამ დროს აღმავლობას განიცდიდა, ბუნებრივია ეგვიპტის ინტერესი უფრო გაიზარდა. ურთიერთობა გაღმავდა განსაკუთრებით გიორგი V მოსვლის შემდგომ. ამ დროიდან მოყოლებული არაბულ წყაროებში საქართველოზე ბევრი მონაცემია შეგროვებული. განსაკუტრებით  სიანტერესოა არაბი ისტორიკოსის და გეოგრაფის ისმაილ აბულფიდას (1273-1331) გეოგრაფიული თხულება, სადაც იგი ქალაქ სოხუმს ქართულ ქალაქად იხსენიებს [8]. ამგვარად აბულფიდა ადასტურებს გერალდის უმნიშვნელოვანეს ცნობას ქალაქ სოხუმის ქართულობის შესახებ.

რადგანაც იმ დროს ქალაქი  სოხუმი, ფოთთან  და ბათუმთან ერთად  დადიანის განმგებლობის ქვეშ იყო, ეს ქალაქები კი საზღვაო მაგისტრალზე მდებარეობდა, ამ საგვარეულო სახლის შესახებ არაბი ისტორიკოსების ნაშრომებში ბევრი ცნობაა დაცული. XIV საუკუნის არაბი სწავლული ალ-მუჰჰიბი საკუთარ ენციკლოპედიურ ნაშრომში წერს რომ ‘’ქართველებს ჰყავთ ორი მეფე-დავითი, რომელიც განაგებს თბილისს და დადიანი-მეფე, რომელიც განაგებს სოხუმსა და აბხაზს...ყოველ მათგანთან მიმოწერის წესი ნახევარ ფურცელზეა’’- წერს  ალ-მუჰჰიბი და ამატებს ’მაღალი ალაჰი დღეგრძელობს მის მეფურ უდიდებულესობას, დიადსა და მამაცს, რაინდსა და მორწმუნეს, ქრისტიანული სარწმუნოების დიდებას, ჯვრის რწმენის საზოგადოების განძს, ქრისტიანობის სიამაყეს, აფხაზთა, ქართველთა და ჯურჯანელთა მეფეს, ხელმწიფეთა და სულთანთა მეგობარს. ყოველ მათგანს ეწოდება ქართველთა მეფე’’ [9].

ელ-მუჰჰიბი დადიანს მეფედ მოიხსენიებს. ბუნებრივია ის არ იყოს მეფე, არამედ ერისთავთ-ერისთავი, მაგრამ მისი ეს მოხსენიება არის მანიშნებელი იმისა, რომ ამ საგვარეულოს განსაკუთრებული უფლებების ჰქონდა და თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო ემორჩილებოდა. აღსანისნავია რომ დადიანს  ბევრი ევროპული წყაროც მეფის სახელით (Rex) მოიხსენიებს. აბულფიდას მიერ მოხსენიებული დავითი არის მეფე გიორგი V მემკვიდრე დავით IX (1346-1360), რომლის დროსაც საქართველომ ურთიერთობა გააღმავა აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, ამასთანავე მანვე მისცა უფლება ერისთავ  გიორგი II დადიანს (1345-1384) 1354 წელს სოხუმის ტერიტორიაზე გენუელთათვის მიეცა სავაჭრო ფაქტორიის დაარსების უფლება [10] რომლის პირველ კონსულად სჩანს  ამბროჯიო დი პიეტრო დაინიშნა [11]. ამგვარად დადიანი გახდა იმ შემოსავლის მფლობელიც, რომელიც შედიოდა გენუელთა მიერ გადახდილი გადასახადებისგან, რამაც მისი გავლენა კიდევ უფრო გაზარდა. ამასთანავე არაბი ავტორი ჩამოთვლის საქართველოს მეფის ტიტულატურას რომ იგი არის მეფე ‘’სიამაყეს, აფხაზთა, ქართველთა და ჯურჯანელთა’’

ამგვარად  იგი იმეორებს იმდოინდელ ქართულ აღწერას, როდესაც ერთიანი საქართველოს მეფეს იხსენიებდნენ იმ სახელით, რომელი სამეფოების გაერთიანების შედეგადაც გახდა ის ერთიანი ქვეყნის მეფე. აფხაზთა მეფე ნიშნავდა მთელი დასავლეთ საქართველოს მეფეს (დღევანდელ აფხაზებთან არანაირი კავშირი აქვთ იმდროინდელ ქართველ აფხაზებს), ქართველთა სამეფო იყო ტაო-კლარჯეთის ქართული სახელმწიფო, რომელიც აფხაზთა დასავლურ ქართულ სამეფოსთან ერთად გაერთიანდა X საუკუნეში, შემდგომში კი გაერთიანებული იქნა ყველა სხვა ქართული მიწა ერთ სახელმწიფოში.   როგორც ალ მუჰიბი აღნიშნავს ‘’ ყოველ მათგანს ეწოდება ქართველთა მეფე’’. ამგვარად რა სახელმწიფოზეა საუბარი და ვინ იყვნენ ძველი აფხაზები ამ წყაროდანაც კარგად ირკვევა. აღსანიშანია რომ XIV საუკუნის ევროპულ რუკებზე საქართველოს სამეფო ხუთჯვრიანი დროშა სწორედ  თბილისის და სოხუმის თავზეა მონიშნული [12] .

ალ მუჰიბის ცნობა აქვს გამეორებული ასევე არაბ ენციკლოპედისტს ალ-კაშკანდის (1355-1418). ისიც აღნიშნავს რომ  ‘’ქართველებს ჰყავთ ორი მეფე, ერთი მათგანია თბილისის განმგებელი, რომელიც აღნიშნა ალ-მუჰიბიმ, რომ მისი სახელი იყო დავითი, ხოლო მეორე სოხუმისა და აბხაზის გამგებელია- ეს არის ყირიმის ზღვის სამხრეთით მდებარე ორი ქალაქი...მაშინ მის გამგებელს ეწოდებოდა დადიანი’’ [13] .

ასე რომ, ერისთავი აკონტროლებს მთელ დასავლეთ საქართველოს, როგორც ქალაქ სოხუმს და მთლიანად დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიას, ისე ქალაქ აფხაზს, რომელიც  უნდა ყოფილიყო მაშინდელი ნიკოფსია (დღევანდელ ტუაფსესთან), საქართველოს სამეფოს საზღვარი და უკიდურესი დასაყრდენი ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში [14]. ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ დადიანს ემორჩილება დასავლეთ საქართველოს ერისთავთა უმეტესობა, მათ შორის აფხაზეთის საერისთაოს გამგებელი შერვაშიძე, რომლის კუთვნილი ტერიტორია მდებარეობდა თანამედროვე  აფხაზეთის გარეთ, დღევანდელი ხოსტიდან ნიკოფსიამდე (საქართველოს სამეფო საზღვარი), ხოლო უშუალოდ დადიანის პირდაპირ გამგებლობაში იყო ტერიტორია რიონიდან მდინარე მძიმთამდე ტერიტორია, რაც დასტურდება ევროპული წყაროებით და რუკებით, სადაც აფხაზეთის საერისთაოს ტერიტორია დალახლებულ პუნქტ ხოსტიდან იწყება [15][16][17][18][19]

რაც შეეეხება ეთნიკურ შემადგენლობას, ძალიან საინტერესო მონაცემები მოიპოვება უცხოურ წყაროებში, რაც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი აფხაზეთის ტერიტორიის ეთნიკურ სურათზე. მიუხედავად იმისა რომ  1354 წელს გენუელებმა უფლება მიიღეს საქართველოს ტერიტორიაზე სავაჭრო ფაქტორია ჰქონოდათ, მათი ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან არ იყო მაინცამაინც მშვიდი და შიგადაშიგ პრობლემებს აწყდებოდა, მართალია გენუელები მუდმივად არიდებდნენ თავს კონფლიქტებს, მაგრამ ხანდახან გამწვავებული ურთიერთობების განმუხტვა რთული ხდებოდა. მაგალითად  სებასტოპოლისის კათოლიკე ეპისკოპოსი 1414 წელს წერს რომის პაპსის კარზე გაგზავნილ წერილში, რომ ახლანდელ განთიადში (Lo Laiazo) ადგილობრივმა  მეგრელმა გლეხებმა გენუელებს სასაფლაოს ადგილის შერჩევის ნება არ მისცეს,აგრეთვე ხელი შეუშალეს კათოლოკური მესის აღვლენაში [20] . ნაცნობი სიტუაციაა, გერალდი თითქმის ასი წლის წინ მსგავს პრობლემაზე წერდა, ამჯერადაც გენუელებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან აქვთ პრობლემები, მაგრამ საინტერესო ისაა რომ დღევანდელი განთიადის ტერიტორიაზე მეგრელი გლეხები არიან. ეს კი არის უდავო მოწმობა იმისა რომ მთელი იმდროინდელი აფხაზეთი ქართევლებით იყო დასახლებული, არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, რომელიც მრავალჯერაა ნახსენები როგორც ქართული ქალაქი უცხოური წყაროების მიერ. რაც შეეხება ამ პუნტქს Lo Laiazo   ეს წერტილი ევროპულ რუკებზე მოხსენიებულია როგორც   Laiazo / / Aiaco / / Aiazo // Layazo / / Laiaco  დღევანდელ  ხოსტას  (რუკებზე Costo//Gusto//Costo//-Costa//Chasto ) და  გაგრას (რუკებზე როგორც Cacary//Chachari//Cacar//Chatari ) შორის, ხოლო  პუნქტებს  Costo და Aiazo შორის მდებარე ტერიტორია იყო იმდრონდელი საზღვარი აფხაზეთისა და სამეგრელოს საერისთაოს შორის [21]. თავად აფხაზეთის ერისთავი კი სამეგრელოს გამგებელ დადიანს ემორჩილებოდა, რომელიც ერისთავთ-ერისთავი  იყო. რაც შეეხება აფხაზეთის საერისთაოს მოსახლეობას, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის გარეთ იყო, შეადგენდნენ  ერთმანეთის მონათესავე ჯიქ-აბაზური ჯგუფები, მოყოლებული ნიკოფსიიდან ვიდრე მძიმთის მდინარემდე, ისინი ერისთავ შერვაშიძეს ემორჩილებოდნენ, რომელიც თავის მხრივ დადიანის გამგებლობაში იყო.

ამავე პერიოდში ამ მხარეში იწყება ის პროცესები, რომლებმაც მომავალში სრულიად შეცვალა როგორც პოლიტიკური ვითარება, ისე  ეთნიკური  სურათი რეგიონში

XIII საუკუნიდან ამ პროცესის ახალი ეტაპი იწყება, რაც დაკავშირებულია ჩრდილოეთ კავკასიაში  თათარ-მონღოლთა გამანადგურებელ შემოსევებთან, რამაც იქ მცხოვრები ტომების ამოძრავება გამოიწვია. ეს ყველაფერი დაემთხვა საქართველოში მონღოლთა შემოჭრის ხანას და ქართულმა სახელმწიფომაც მთელი სიმწრიტ იგემა საქართველოში შემოხიზნული ოსი კოლონიზატორების ანტი-ქართული ქმედებები. საინტერესო პროცესები  ვითარდება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაშიც. ყუბანისპირეთიდან  აბაზა-ადიღური ტომების შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოწოლა ხდება. აბაზურ-ადიღური ტომების მიერ შავიზღვისპირეთის ექსპანსია განიცადა  შედეგად, XIII-XIV  საუკუნეებში  საქართველოს    განაპირა საერისთავო  აფხაზეთმა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ მდებარეობდა ნიკოფსიასა (ნეჩეფსუხო) და მდ მძიმტას  შორის. თუმცა ერისთავთ-ერისთავი დადიანები მათ რამდენჯერმე უკუაგდებენ. საქართველოს ხელახალი გაერთიანების შემდეგ (1329 წელი) ეს პროცესი არათუ აფხაზეთშიც ჩერდება, არამედ თავად შიდა ქართლშიც კი განადგურებულ იქნა, ოს კოლონიზატორთა ჯგუფები.

გენუურ წყაროებში დაცულია ამ ყველაფრის შესახებ ცნობები, რადგანაც გენუელთა საქართველოში ყოფნას ეს პროცესები დაემთხვა, გენუურ ანალებსა და კარტოგრაფიულ წყაროებში ეს ყველაფერი აისახა. მაგალითად გენუურ რუკაზე   1360 წლის არის დათარიღებული  ახლანდელი კოდორის ჩრდილოეთით მონიშნულ ტერიტორიაზე კი წერია: "მომთაბარე აბაზა ტომების დროებითი სადგომი, საიდანაც ისინი გადმოდიან ავოგაზიის მიწაზე" რა საკვირველია "ავოგაზია" არის აფხაზეთი, ანუ საქართველოს ტერიტორია, რომლის   მოსახლეობის უმრავლესობა იმხანად ქართული იყო, ხოლო ეს ''მომთაბარე აბაზა ტომები'' არიან სწორედ დღევანდელი ''აფხაზების'' წინაპრები, რომლებიც ამ დროს ცხოვრობდნენ ჩრდილო კავკასიაში, მდინარე ყუბანის განაპირას. ამავე წყაროში აღნიშნულია  წარწერა   "აბზოე"(Abzoe) სწორედ ყუბანის ზონაში, რომელიც მიესადაგება აბაზა-აფსუა ჯგუფებს. ამას გარდა შემდგომდროინდელი ევროპული რუკები, სადაც მონიშნულია ყუბანის აუზში პუნქტი ACUA აბაზების რეგიონის ზონაში (ABACVAS REGI), სახელი რომელიც დღეს ეწოდება ქალაქ სოხუმს, ნათლად გვიჩვენებს აბაზა-აფსუების პირველსაცხოვრისს და შემდეგ მათ კოლონიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე [22][23][24]

ამას გარდა, საქართველოს სამეფოს აფხაზეთის საერისთაოში შემავალი ჯიქები ამ ჯგუფებს როგორც გენეტიკურად, ისე ლინგვისტურად ენათესავებოდნენ.

ჯიქების  საქართველოს სხვა ნაწილებზე თავდასხმის და კოლონიზაციის პროცესი საქართველოში მონღოლების მოსვლის პერიოდიდან იწყება, თუმცა დავით ნარინის დროს  ამას არ ჰქონია ფართო ხასიათი რადგან  მან სიტუაცია დასავლეთ საქართველოში დაალაგა. განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოსგან, სადაც ოსებმა ეს მოახერხეს. ერთიანი საქართველოს პერიოდში კი ეს ყველაფერი მინიმუმამდე შემცირდა. პროცესები ხელახლა დაიწყო საქართველოში თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ. შუა აზიელი მბრძანებელი საქართველოს რვაჯერ, 1386-1403 წლებში  შემოესია, უამრავი მსხვერპლი გაიღო ქვეყანამ, განადგურდა ეკონომიკა, შემცირდა მოსახლეობა, მოიშალა ყოველგვარი მეურნეობა, დაიქცა ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. თუმცა თემურ-ლენგმა ვერ მოახერხა დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილის დამორჩილება. ამ მოვლენების  დროს იწყება  აბაზურ-ჯიქური ჯგუფების გააქტიურება ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში. მათი განეიტრალება  ერისთავთ-ერისთავმა ვამეყ I დადიანმა (1384-1396) ითავა, ხობის მონასტრის წარწერა ნათლელ წარმოდგენას გვაძლევს თუ რა მოხდა XIV საუკუნის ბოლოს საქართველოს ჩრდილო დასავლეთ ნაწილსა და შავიზღვისპირეთში :

სახელითა ღვთისაჲთა თანა ერისთავმან და მანდატურთ-უხუცესმა დადიანმა ვამეყ მამისა მათისა [პატრ]ონისა (ვითარეთვისსა) დადიანის გიორგის შედეგად (შედეგად) და მიუჴდა ჯიქეთ(Sic!).... ურწმუნოებისა და ორგოჳლობისათჳის რათამცა მოემსახოჳრა და სძლო [და] შეოჳრაცჴ და უჴმარ იქმნა მათი სიმაგრენი გაგარი და უღაღნი. ყოველივე ძალითა მოირჭოჳნა ,მრავალთა ჯიქეთისა პატრონთაგან მოუვალნი მოარბივნა ,რაოდენნი მოეწყო, მათი მძევალნი წამოასხნა და სხვანი აოტნა ,და მაშინ მოიღო სვეტნი და ფიქალნი ესენი მარმ[]რილოსანი და მამა დედათა ლარნაკი და მისი და მარეხ გააერთ (Sic!) ..საუკუნომც არს ჴსენება მათი [25].

მაშ ასე, წყაროს მიხედვით  ვამეყ I დადიანმა  მოარბია მთელი შავიზღვისპირეთი, დაანგრია მათი ყველა ციხესიმაგრე, მიუვალი თუ ადვილად სავალი, მათ შორის ჯიქეთის პატრონთაგან მიუვალი, ხოლო ჯიქეთში არსებული მარმარილოს სვეტები ხობის მონასტერში ჩამოიტანა და საგვარეულო აკლდამა შეამკო. აღსანიშნავია რომ ხობის მონასტერში დღესაც ხელუხლებლად არის ჯიქეთიდან ჩამოტანილი მარმარილოს სვეტები.

ამრიგად, XIV საუკუნეში ჯიქურ-აბაზური  ჯგუფების მიერ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის კოლონიზაციის მცდელობა კრახით დასრულდა.

აღსანიშნავია ასევე ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი. ვამეყ I დადიანი საქართველოს მეფის ნებართვით ცხუმში (სოხუმი) ვერცხლის მონეტას ჭრიდა, რომელსაც საქართველოში  «ცხუმური თეთრი» ეწოდებოდა [26]. გენუელები ამ მონეტას «სავასტოპოლის ასპრას» ეძახდნენ [27]. სწორედ ეს მონეტა არის მოსსენიებული კაფას დოკუმენტებში 1386 წელს, რომელიც როგორც ირკვევა, უფრო მეტ ვერცხლს შეიცავდა ვიდრე ამ წლის ოქროს ურდოს ვერცხლის ფული. ამ ფულის მოჭრას ისეთივე მიზანი ერთი იყო, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, თავისი ქვეშევრდომებისათვის შავიზღვისპირეთში ვაჭრობა გაეადვილებინა.

 

შეჯამებისათვის კი შეიძლება ითქვას :

1.მთელი XIV საუკუნის განმავლობაში, მთელი  დღევანდელი აფხაზეთი, როგორც ქალაქ სოხუმით, ისე გაგრის ზონით არის დადიანის მმართველობის ქვეშ და ამ საერისთაოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა არის ქართული, რაც დასტურდება უამრავი სხვადასხვა წყაროთი;

2. არანაირი ნიშნები აბაზა-აფსუური ჯგუების თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე არაა, პირიქით ევროპული წყაროები მათ მომთაბარეებად მოიხსენიებენ, რომლებიც  გადმოდიან საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან ;

3.თემურ-ლენგის შემოსევებამდე, აბაზურ-ჯიქურ თავდასხმები ეპიზოდური იყო, ხოლო XIV საუკუნის მიწურულიდან ფართო ხასიათი მიიღო, რამაც სამეფო კარი აიძულა მტკიცე ზომები მიეღო, შესაბამისად ერისთავთ-ერისთავი დადიანი  დიდძალი ლაშქრით გაემართა მათთან საბრძოლველად და  წარმატებასაც მიაღწია, მოუშალა ყველა შესაძლო სამაგრი, რიტაც დიდი ხნით შეაჩერა მათი კოლონიზაცია

4. დოკუმენტებით ირკვევა რომ  იმ დროს თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ფეოდალური წყობილება, ქრისტიანული სარწმუნოება და გლეხური მეურნეობა რაც დამახასიათებელი იყო ქართული სამყაროსთვის, ხოლო მომდევნო ხანის აფხაზეთი (უკვე კოლონიზაციის შემდგომი) სრულიად სხვაგვარია.

5.ეთნიკური საზღვარი ქარტულ მოსახლეობასა და ჯიქურ-აბაზურ ტომებს შორის გადის მდინარე მძიმთასთან, რაც დასრურდება კიდეც ისტორიული წყაროებით.

ონისე გელაშვილი

ბიბლიოგრაფია :

[1]  The Georgian Chronicles,Volume II; p-207-208 (Ge)

[2] The Georgian Chronicles,Volume IV; p-801 (Ge)

[3] The Georgian Chronicles,Volume IV; p -257-258, 801-802

[4] J. Richard. La Papante et les missions d'orient an moyen age, XIII-XV s. Roma, 1977; p- 178

[5] Abhandlungen der Historischen Classe der Königlich Bayerischen ..., Volume 7 ;p-103

[6] Charles Verlinden   . L'esclavage dans l'Europe médiévale. Tome II ; p- 900 ;901 ;905 ;906 ;910

[7] Wilhelm von Heyd.Histoire du commerce du Levant au moyen-âge ;Leipzig ;1936

[8] Géographie d'Aboulféda;  traduite de l'arabe en français, et accompagnée de notes et d'éclaircissements par M. Reinaud ;  Tome II, première partie Paris 1848 ; p -  40

[9] XIV-XV საუკუნეების არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ (ალ-უმარი ; ალ-მუჰიბი ; ალ -კაშკანდი ) თბილისი - 1988 ; გვერდი 53 

[10 ] Marino Sanuto, I Diarii, vol. 8 Venezia, casa editoriale Italia; Editore: Guglielmo Berchet 1879

[11] Gheorghe I Brătianu - Actes des notaires génois de Péra et de Caffa, de la fin du XIIIe siècle ; Bucarest : [s.n.], 1927; p-177

[12] Angelino Dulcert, Carte marine de la mer Baltique, de la mer du Nord, de l'Océan Atlantique Est, de la mer Méditerranée, de la mer Noire et de la mer Rouge, 1339

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901183k/f1.zoom

[13] XIV-XV საუკუნის არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ (ალ-უმარი ; ალ-მუჰიბი ; ალ-კაშკანდი) თბილისი 1998 ; გვ -728

[14] Тамаз Берадзе ‘’из истории морской торговли в грузии в Грузии в XIII-XV вв’’; TSU ; p- 29

[15] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire/Gratiosus Beninchasa

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011091/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN

[16] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Gratiosus Benincasa

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901110p/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN

[17] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Gratiosus Benincasa

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b55000050r/f6.zoom.r=Grazioso+Benincasa.langEN

[18] Portolan Chart of Europe Showing the British Isles part A0.The British Library

http://www.bl.uk/onlinegallery/onlineex/unvbrit/p/zoomify82767.html

[19] Atlas de cartes marines de la Méditerranée et de la mer Noire/ Portulano italiano: 1470-1482 (Membran.)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b55002485f/f3.zoom.r=Grazioso+Benincasa.langEN

[20] Marino Sanuto, I Diarii, vol. 8 Venezia, casa editoriale Italia; Editore: Guglielmo Berchet 1879

[21] Fragment de la carte marine de Fréduce d'Ancone, tirée de la Bibliothèque de Wolfenbuttel / J. Potocki/Mer Noire -- Cartes nautiques -- 13e s.-14e s. http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b84464984/f1.zoom.r=Carte%20%20%20de%20la%20Mer%20Noire.langEN

[22] Battista Agnese, Portolan Chart of Europe Showing the British Isles. 1540 The British Library

http://www.bl.uk/onlinegallery/onlineex/unvbrit/p/001add000021592u000070v0.html#sthash.HVnEm2jx.pOlumZeK.dpuf

[23] Il designo della prima parte delasia... / Giacomo di Gastaldi ; Fabio Licinio f. Bibliothèque nationale de France, GEDD-655(77RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b550045073/f1.zoom.r=Giacomo%20Gastaldi.langEN

[24]  La descrittione della prima parte dell'Asia... / di Jacopo Gastaldi, ... ; Restituita da Antonio Lafferi... ; Jadobus Bossius Belga incidebat Gastaldi, Giacomo 1561

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b55000020h/f1.zoom

[25] ექვთიმე თაყაიშვილი ''არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში -ძველი საქართველო ; ტომი  III ; თბილისი 1913-1914 ; გვ -132-133

[26] David  Kapanadze. Georgian Numismatics. Tbilisi., 1969, p. 174 (Ge)

[27] Michel BALARD. La Romanie génoise (XIIe -début du XVe siècle). ;p 608








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი