ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

კატეგორიები
/
ენა & კულტურა
/
ქართული ენის მოკლე ი...
ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

თურქეთში ქართულის სწავლის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

შელოცვები

თურქეთის ქართველები, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარსული, აწმყო და მომავალი* - მუსტაფა იაქუთ (გურამ ხიმშიაშვილი)

თამადა-გაუხუნარი ტრადიცია

მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველების მიერ კონკრეტული შენატანები

ქართული ყავის მოსადუღებელი აპარატი

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ბორჯღალა

ლამპრობა

თურქეთის სახელმწიფო სკოლაში პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულს ასწავლიან

მუსტაფა იაქუთი (გურამ ზიმშიაშვილი)-"გზა მშვიდობისა, დედასამშობლო გელის!"

400 წლის მერეც, ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ

14 აპრილი დედაენის დღე

თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ქართული სამოსის ისტორიიდან: "ჩოხა-ახალუხი" - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი

საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორია დადასტურდა

*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

*მარმარილოს რეგიონის ეთნიკურ ქართველთა სამეურნეო-კულურული ტიპი-ნოდარ შოშიტაშვილი

მე-4 ქართული ზეიმი განხორციელდა გემლიკის რაიონის ჰაიდარიეს სოფელში

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

ქეიფის დროს მამაკაცებს შორის პატივისცემის ნიშნად ურთიერთ ხვევნა-კოცნა რამდენად იყო ჩვენითვის ტრადიციული?

მურღულის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ

*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

Gürcüce Öğrenelim videoları tek sayfada

ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო და გილოცავთ ქართული ენის დღეს.


უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო და გილოცავთ ქართული ენის დღეს. 

მეტად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენის დღე აღინიშნება არამარტო საქართველოში, არამედ ჩვენს მეზობელ მოძმე თურქეთში, ჩვენთვის ყველასთვის ძვირფას ინეგოლში, სადაც მრავალი ქართული წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს და ერთმანეთს აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს.
    
ქართული ენა ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულს, ლაზურსა და სვანურს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.

მეცნიერთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ ქართველური ენათა ჯგუფი შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში, მეორე ჯგუფი თვლის, რომ ქართული ენა ენათესავება ბასკურ ენას. თუმცა, ეს ყველაფერი უფრო თეორიის დონეზეა და მეცნიერულად ჯერჯერობით მაინც დადასტურებული არაა.     

მოკლე ისტორია

ქართული ენა ერთადერთია კავკასიურ ენებს შორის, რომელსაც ძველი მწერლობა გააჩნია. 

ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის ათვლას ვიწყებთ V საუკუნიდან, ვინაიდან დოკუმენტირებული მწერლობა სწორედ ამ დროიდან გვაქვს. თავისი განვითარების მანძილზე ქართულმა ენამ იმდენად უმნიშვნელოდ იცვალა სახე, რომ უძველესი წერილობითი ძეგლები დღევანდელი მკითხველისათვის გასაგებია (შეადარეთ განსხვავებული ვითარება: ძველი ბერძნული ენა და ახალი ბერძნული ენა, ძველი სომხური ენა და ახალი სომხური ენა...). სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ ქართული სალიტერატურო ენა არის ”თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა”.

ქართული ენის წარმოშობის შესწავლას უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშან-თვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი “ქართველური ენის” შთამომავლად. ზემოთხსენებული ენა კი ჩვ.წ-მდე 2000 წლით თარიღდება. ძველ ენათა სწავლულების თანახმად, ქართველური, იგივე პროტო-ქართული ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანურად და პროტო-ქართ-ზანურად, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრულად, ლაზურად და ქართულად. 

ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. მათ შორის გამოყოფენ საშუალო ქართულსაც. 

ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან XI საუკუნის დამლევამდე არსებობდა. 

უკვე XI-XII საუკუნეებისათვის ქართული ენა იმდენად განვითარებული იყო, რომ ფილოსოფიურ თხზულებათა ქართულად თარგმნა და ინტერპრეტაცია დაუბრკოლებლად ხდებოდა (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი...).

ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს XII საუკუნეში, როდესაც მსოფლიო მნიშვნელობის პოეტი შოთა რუსთაველი წერს გენიალურ „ვეფხისტყაოსანს“. 

ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.

თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხატვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.

ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.

ქართული დამწერლობა

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში 7 000-მდე ენას ითვლიან. ამათგან სალიტერატურო ენა რამდენიმე ასეულია. მათგან კი მხოლოდ 14-ს აქვს საკუთარი ანბანი. ჩვენ, ქართველები ვამაყოფთ იმით, რომ მათ შორის არის ქართული ანბანი! 

ეს ფაქტი მეტყველებს მის განსაკუთრებულობაზე და წერის დიდ ტრადიციებზე. მეტიც, ქართულ დამწერლობას 3 ფორმა აქვს. ჩვენი წინაპრები თავიდან იყენებდნენ ასომთავრულ (მრგვლოვან) და ნუსხურ დამწერლობას. ახლა კი ვიყენებთ მხედრულ დამწერლობას, რომელიც ასომთავრულისა და ნუსხურის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა.

ანბანთა უმეტესობას გამოიყენებენ რამდენიმე ენისთვის. მაგალითად, ლათინურ ანბანს იყენებენ ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. ქართულ ანბანს კი გამოვიყენებთ მხოლოდ ქართველები. თუმცა, იყო დრო, როდესაც ქართულ ანბანს იყენებდნენ კავკასიის ალბანურის, ინგუშურის, აფხაზურის, ოსურის და სხვა ენების დასაწერად. ამ ანბანს იყენებდნენ ლაზური სიტყვების დასაწერადაც. 

ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული დამწერლობის კვალს ჩვ.წ-მდე მე-4-3 საუკუნეებამდე მივყავართ, როდესაც იბერიაში მეფობდა ფარნავაზი. სწორედ ფარნავაზის დროს შეიქმნა პირველი ქართული ანბანი (ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.

ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი „შუშანიკის წამება“, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით. ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა.

ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492—493 წწ). ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოაჩინეს წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრისთავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ. წ. I—II საუკუნეებით თარიღდება.

ქართული დამწერლობა იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ისტორიულად მისი საშუალებით შესაძლებელი იყო რიცხვების წერაც. „ა“ ნიშნავდა 1-ს, „ბ“ - 2-ს, „გ“ - 3-ს და ა.შ. მაგალითად თუ საჭირო იყო დაწერა რიცხვი 25-ის, წერდნენ „კე“-ს.

ქართული ენის დღე

ძვირფასო მეგობრებო, რამდენადაც დღეს ჩვენ ავღნიშნავთ დედაენის დღეს, ორიოდ სიტყვით მსურს შევჩერდე ამ დღის ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. მათ სურდათ, რომ სსრკ-იში სახელმწიფო ენის სტატუსი ჰქონოდა მხოლოდ რუსულ ენას.

ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა.  თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლის ღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. 

ამ მოვლენების გამო ეს დღე - 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა. იმ დღიდან მოყოლებული ყოველი ქართველისთვის, ვისთვისაც ძვირფასია მშობლიური ენა, ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

ქართველებს იმდენად გვიყვარს ჩვენი ენა, რომ დედაენას შესანიშნავი ძეგლიც დავუდგით. მაგრამ მისი რეალური სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ დედაენის მთავარი ძეგლი ჩვენს სულებშია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს. გისურვებთ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს არ დაევიწყოთ ჩვენი ულამაზესი ქართული ენა. ის მართლაც უნიკალურია და ყველა ჩვენთაგანის ვალი, მოვუფრთხილდეთ მას.

ზურა ბატიაშვილი


 

*თურქეთში, ინეგოლში "კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების" ორგანიზებით, მე-2 ჯერ ჩატარებული დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან

Kategorideki Diğer Yazılar