*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

კატეგორიები
/
ენა & კულტურა
/
*ქართული სახელები და...
*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

თურქეთში ქართულის სწავლის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

შელოცვები

თურქეთის ქართველები, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარსული, აწმყო და მომავალი* - მუსტაფა იაქუთ (გურამ ხიმშიაშვილი)

თამადა-გაუხუნარი ტრადიცია

მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველების მიერ კონკრეტული შენატანები

ქართული ყავის მოსადუღებელი აპარატი

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ბორჯღალა

ლამპრობა

თურქეთის სახელმწიფო სკოლაში პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულს ასწავლიან

მუსტაფა იაქუთი (გურამ ზიმშიაშვილი)-"გზა მშვიდობისა, დედასამშობლო გელის!"

400 წლის მერეც, ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ

14 აპრილი დედაენის დღე

ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ქართული სამოსის ისტორიიდან: "ჩოხა-ახალუხი" - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი

საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორია დადასტურდა

*მარმარილოს რეგიონის ეთნიკურ ქართველთა სამეურნეო-კულურული ტიპი-ნოდარ შოშიტაშვილი

მე-4 ქართული ზეიმი განხორციელდა გემლიკის რაიონის ჰაიდარიეს სოფელში

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

ქეიფის დროს მამაკაცებს შორის პატივისცემის ნიშნად ურთიერთ ხვევნა-კოცნა რამდენად იყო ჩვენითვის ტრადიციული?

მურღულის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ

*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

Gürcüce Öğrenelim videoları tek sayfada

*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ეთნოსს, ქართველ ხალხსაც ისტორიის საწყისს ეტაპზე მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური (პიროვნული) სახელები ჰქონდა.


ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ეთნოსს, ქართველ ხალხსაც ისტორიის საწყისს ეტაპზე მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური (პიროვნული) სახელები ჰქონდა. ისინი გამჭვირვალე და, ჩვეულებრივ, საზოგადო სახელებისაგან იყო მიღებული. `მგელი~ თუ გარეული ცხოველის სახელია, მგელია, მგელა, მგელიკა უკვე საკუთარი სახელებია. შეიძლება სხვა მაგალითებიც დავასახელოთ: ფოცხვერი და ფოცხვერა, სული და სულა, კურდღელი და კურდღელა, კაცი და კაცია, ვეფხვი და ვეფხვია, ირემი და ირემა, თუმცა ეთნოგრაფიული მონაცემებითა და საისტორიო საბუთებით ირკვევა, რომ    IV საუკუნიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დღიდან საქართველოში დაიწყო კანონიკური ქრისტიანული საკუთარი სახელების გავრცელება.   

ქართული სახელები მეტსახელების სახითაც შემორჩა, რადგან არცთუ ისე იშვიათად ქართველი ხალხი საეკლესიო სახელების პარალელურად ქრისტიანობამდელ ქართულ სახელებსაც იყენებდა, ე. ი. ქრისტიანული და ქრისტიანობამდელი სახელები ერთმანეთის პარალელურად არსებობდა. სხვათა შორის, ძველ ქართულ ენაში მეტსახელის აღმნიშვნელი ტერმინი `ნართაული~ იყო. X საუკუნის პარხლის ოთხთავის ანდერძ-მინაწერში ვკითხულობთ: `ღირს ვიქმენ მე, გლახაკი ივანე, ნართაულად ბერაი, აღსრულებად წმიდას ამას სახარებას.

მეტსახელი შეიძლებოდა ყოფილიყო ძველი ქართული გამჭვირვალე ეტიმოლოგიის მქონე სახელი და რაიმე მსაზღვრელი სიტყვა, ეპითეტი, რომელიც შეიცავს პირის `დახასიათებას~ რაიმე ნიშნით: ხელობას (`მჭედელმიხო~), გარეგნობას (`კრუხიპალო~, `ლაშიანი~), ხასიათის თავისებურებას  (`ტრაბახა~), მიმსგავსებას (`ჩიტა~), წარმომავლობას (`დიღმელა~)...

ქართველ ხალხში ისეთი სახელებიც გვხვდებოდა და გვხვდება, რომლებსაც ქრისტიანულ საეკლესიო სახელებთან არავითარი კავშირი არა აქვთ. ეს სახელები ძირითადად მეზობელ ხალხთა სახელებია, რომლებიც საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძლზე შემოედინებოდა ჩვენში: ირანული, არაბული, თურქული...

საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში ქართული პიროვნული სახელები სხვადასხვა ელემენტების დართვითაა წარმოქმნილი. შენიშნულია, რომ ამ მხრივ ყველაზე პროდუქტიულია -ა, -ურ//-ულ, -ულ-ა, -ელ//-ელ-ა, -უნ-ა, -ია, -ეი, -იკ-ა, -უ-ა, -უკ-ა, -იკ-ო, -იჩ-ა, -უჩ-ა: ლაშქარა, ობოლა, ხარიკა, ძაღლიკა, ნინიკა, სიკოია, ბარდღუია, გოგიელა, თორელი, ხატულა, ბიძუა, ზაქრუა, ოქრუა, ბერუკა, დედუკა, მამუკა, მამუკელა, გოგიჩა, ზაზულა, ბერუნა, ზაზუნა... პროდუქტიული იყო -იტ-ა და -უტ-ა ფორმანტებიც: ბატატა, ბახუტა...

ქართულ საკუთარ სახელებში ე. წ. თხზულ სახელებსაც გამოყოფენ. ამ რიგის სახელებს მიაკუთვნებენ: პატარკაცს, უჩაკოჩის, მამისთვალა, დედისიმედი, ქვახარშია.

უცხოური სახელები დროთა განმავლობაში იმდენად გაქართულდა, რომ ზოგჯერ ჭირს თავდაპირველი მოდელის აღდგენა, მაგალითად, კონსტანტინესაგან _ კოტე და კოწია მივიღეთ, ვლადიმირისაგან _ ლადო, გიორგისაგან _ გია, გიო, გოგი(ა) გერგი, გორგია, გივისაგან _ გიუნა და გიუტა,  ლუარსაბისაგან _ ლუა და ლუი, მიხეილისაგან _ მიხო.          

ქართული საკუთარი სახელები ისტორიულად იცვლებოდა, რაც, ძირითადად,  რელიგიითა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობით იყო განპირობებული... უცხო სახელები საქართველოში,  უპირველეს ყოვლისა, პრივილეგირებული ფენის წარმომადგენელთა შორის იკვლევდა გზას. ქრისტიანობის გავრცელებამ ქართველ ხალხში კანონიკურ ქრისტიანულ სახელებს გაუსხნა გზა, თუმცა ისტორიულმა ვითარებამ საქართველოში განაპირობა არაბული და თურქული სახელების დამკვიდრება.

ქართული წარმოშობის საკუთარ სახელებში, ძირითადად, გადმოცემულია ფიზიკური და სულიერი (შინაგანი) ნიშან-თვისებები, აგრეთვე ცის სხეულთა,  ყვავილ-მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა სახელწოდებანი: ახალა,    ბიჭია (ბიჭიკა, ბიჭიელა), ბედი (ბედო), ბოლონა, ბუთხუზა, გვრიტი (გვრიტა), გოგორა, დათვია (დათვა), დედუნა,  ერთგულა, ვეფხია, ზექალი,  თეთრა, თოვლაი, თურქია, ია, ირემა, იმედა, იანვარა, კაკალა, კაკაბა, კიკნა, ლომა, ლაჟვარდა, მალხინა, მარცვალა, მარწყვა, მურღულა, ნემსა, ნიორა, ობოლა, პირქუშა, პირიმზე, ჟუჟუნა, რჩეულა, საყვარელა, ტალახა, ტუხა,  უფლისა, უმცროსა, უშიშა, ფოთოლა, ფეტვია, ფუტკარა,  ქრისტესია, ქუფრია, ქურციკა, ქორია, ღვთისია, ღვთისავარ, ღვინია (ღვინო), ღრუბელა, ყურა, შავთვალა, შვენიერი, ჩქარია, ჩიტა, ძამუკა, ძნელა, ძაღლია, წამალა, წყალობა, ცეცხლაი, ცისნამი, ცივნარა, ჭუკია, ჭანია, ჭაბუკა, ხარება, ხატია, ხახულა, ხატისა, ხელა, ხოხობა, ჯიხვი, ჯღანა...          

როდის წარმოიქმნა ქართული გვარსახელები? პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული გვარსახელები დიდი ხნის წინ წარმოიქმნა. ჩვენ ვართ იმ ერებს შორის (ბერძნები, იტალიელები, ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები, ჩინელები, კორეელები...), რომლებშიც საზოგადოების ეს სოციალური ერთეული საუკუნეებს ითვლის.

ქართული საისტორიო წყაროებიდან, საბუთებიდან არაერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელთა მიხედვითაც აშკარაა, რომ ქართული გვარსახელები, ანუ მემკვიდრეობითი სახელები ისტორიის სიღრმეშია წარმოქმნილი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქართული ეპიგირაფიკული მონაცემებიც. XII საუკუნის საბუთში ჟინოვანს მოხსენიებულნი არიან `მიხითარაისძენი დავითის შვილნი ოქრაი და მახარაი, ბრაჭი და იოვანე~. ამ საბუთში ოთხი ძმის _ მახარეს, ბრაჭის, იოანესა და ოქრაის _ მამის სახელია დავითი, ხოლო მიხითარაისძე გვარსახელია. ტოხაისძეების გვარსახელი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისში, შემდეგ _ XII საუკუნის დასასრულს, 1260-1270 წლებში, 1579 წელს. XVIII საუკუნეში ტოხაისძეების გვარს სუფიქსი შეუცვლია: -ძე დაბოლოებას -შვილი დაბოლოება ჩანაცვლებია (ტოხაშვილი).

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უწყვეტად მოიხსენიება გვარსახელი ჭარმაული. პირველად ამ გვარის წარმომადგენელი `ჭარმაული ჭაჭნიაშვილი გრიგოლ~ 1297/98 წლების საბუთშია დასახელებული. 1779 წლის წყალობის წიგნით ირკვევა, რომ ჭარმაულების გვარი ამოწყვეტილა.

გვარი ფიქსირებულია IX საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებულ, ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ წერილობით ძეგლში, რომელშიც აზნაურის ფავნელის და გლეხების გვარები შულლიასძე და ტარიკასძე არის მოხსენიებული. არაერთი გვარია დასახელებული 1071-80 წლების საბუთში: ლიპარიტისძე, ჯინჭარაისძე, ჯიჯონიძე, წორბელი, აბულათაისძე, კეპოისძე, ქველაისძე, შუბავთი, ცისკარაისძე, ხვიდილიანი, ნერჩელი, კოროფხიშვილი, ეფრემისძე, ჭარტლისძე, სქელაეთი, კვიკაისძე, ფარსმანისძე, გუნაფაისძე, ზოსქელელი...

„ქართლის ცხოვრებაში“ ტაო-კლარჯეთის მთავრის ბაგრატ I კურაპალატის დროს (826_876 წლები) მოხსენიებულნი არიან ძმები Gგაბრიელ და სამოელ დონაურები. ვახუშტი ბაგრატიონი მთავართა ძველ გვარებს შორის მოიხსენიებს: არელმანელი, ბაღუში_ლიპარიტისძე, მარუშისძე, ქაჩიბაძე, კავკასიძე, ჯაყელი, იროფაქისძე, კორინთელი, მახატელი, შარვაშიძე... X საუკუნის პირველ ნახევარში „ქართლის ცხოვრებაში“ დასახელებულნი არიან: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ ფხუენელები.   

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია აშოტ კურაპალატის აზნაური გაბრიელ დაფანჩული (XIII საუკუნის ბოლო IX საუკუნის დასაწყისი).     

XIII საუკუნის სვანეთში მოხსენიებული გვარები დღესაც იმავე სოფლებში არიან განსახლებულნი: ქალდიანი (დღეს ქალდანი), დევდარიანი, უბილიანი (დღეს ვიბლიანი), ცხვიმიანი (დღევანდელი ჩხვიმიანი), ქელბაგიანი, გობეჩიანი (დღევანდელი გობეჩია), აფაქიანი (დღევანდელი აფაქია-აფაქიძე), ფანჯიკიანი (დღევანდელი ფანჯიკიძე), ქურდიანი, ლიპარტიანი, რატიანი, ღოღელიანი ნაკვეხელიანი ბენდელიანი, გოგორელიანი, სანიგიანი, ჭაბუკვანი, გოშუანი, ნაკიანი, ჩხუმიანი, გულედიანი, გურეჩიანი, გიგიანი, წიფურიანი (დღევანდელი წიფურია), მეიფარიანი, მუშკუდიანი, კვირკველიანი (დღეს კვირკველია), ჯამბურიანი (დღეს ჯამბურია და ჯამბურიძე), გვარამიანი, გაბლიანი, ბებიანი, ხვერგუანი, უშუხვანი, ჟორჟოლიანი, კახიანი, ჯაფარაისძე, ხერგიანი...

ქართველებს გვარსახელები ოდითგანვე რომ გვქონდა, ეს შესანიშნავად ჩანს `ტბეთის სულთა მატიანის~ უნიკალური ძეგლიდან, რომელიც XII-XVII საუკუნეებით თარიღდება და, რომელიც მაჭახლის ხეობის სოფლის _ ჩიქუნეთის, ჩხუტუნეთის, ევფრატის, ზედვაკის, ხერთვისის _ გვარებს ჩამოთვლის. XII-XIII საუკუნეების ფენებში ფიქსირებული გვარსახელები დღესაც აგრძელებს არსებობას. ესენია: ბეჩიეთი, გათენიეთი, გიორგაეთი, დოლიეთი, ვაცაეთი, თავხელეთი, მეფუტკრიეთი, სირაეთი, ცხადაეთი, ახალასძე, გაბრიჩისძე, გათენასძე, გიორგასძე, გორგასძე, დოლოძე, ვაცაძე, კაკალიძე, ლომდერისძე, მელაძე, ნიქატაძე, ქადაგიძე, ჩიმაგასძე, ძნელასძე, წიქარისძე, დვალიშვილი, მიქაშვილი, ოქოტაშვილი...

სამეგრელოში გვარების დიდი ხნის არსებობის მიმანიშნებელია XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერა: ეპიგრაფიკულ ძეგლში მოხსენიებულია გიორგი ქოჩოლავა. წებელის (აფხაზეთი) XIII საუკუნის წარწერაში იკითხება სახელი და გვარსახელი _ ლუკა მარტინავა (ეს ფაქტი იმაზედაც მიუთითებს, რომ თანამედროვე აფხაზეთის სამხრეთი XI საუკუნეში ქართველებით იყო დასახლებული). ამ მხრივ საინტერესოა წალენჯიხის ტაძრის წარწერებიც. ერთ-ერთი ასეთი წარწერა გვამცნობს, რომ ვამეყ დადიანმა (1384_1396 წლები) კონსტანტინოპოლში მხატვარ მანუელ ევგენიკოსის მოსაყვანად გაგზავნა ორი ბერი: ანდრონიკე გაბისულავა და მახარებელ ქვაბალია. ამ გვართა წარმომადგენლები დღესაც ცხოვრობენ სამეგრელოში. 

საქართველოში გვარების მრავალსაუკუნოვნობის მაჩვენებელია საგვარეულო სასაფლაოები ან სასოფლო სასაფლაოებზე საგვარეულო უბნები.    საქართველოში გვარსახელების დიდი ხნის ისტორიის დამადასტურებელია აგრეთვე სოფლის სახელები, რომლებიც გვარების სახელს ატარებდნენ. იგულისხმება, რომ ასეთი სახელწოდების მქონე სოფლები ძირითადად იმ გვარით იყო დასახლებული (საწყის ეტაპზე მაინც), რომელთა სახელსაც სოფელი ატარებდა. ერწოში იყო სოფლები ბოროტაძეები, მაკუჭაძეები, ჯიღაურნი, დევენაანთკარი (დევენაანთხევი), ნადირაანთკარი, ბერაკაანთკარი, ჯოთენურნი, ჩეკურნი (დღევანდელი ჩეკურაანთკარი. ცხოვრობდნენ ჩეკურაშვილები), ლაფანაანთკარი (ლაფანაშვილების სოფელი).   

გვარსახელების წარმოქმნა საქართველოში სხვა სოციალური მიზეზებით იყო განპირობებული. ქართული ფეოდალური სისტემა მოითხოვდა მემკვიდრეობითი სახელის (გვარსახელის) არსებობას. ქართველ ფეოდალს ყმა გლეხი მამულზე მემკვიდრეობით ეჯდა. მიწაზე მჯდომი გლეხის მამული მემკვიდრეობით გადადიოდა და ამიტომ საჭირო იყო მემკვიდრეობითი სახელი სოციალური ურთიერთობის გასაადვილებლად. ეს უშლიდა ხელს ქართველ გლეხს ერთი ადგილიდან მეორეზე თავისუფლად გადანაცვლებაში, ერთი მებატონისგან მეორესთან წასვლაში. ფეოდალური პერიოდის კანონმდებლობა იურიდიული პირის ზუსტ განსაზღვრას ითხოვდა. მიწაზე საკუთრებაც მემკვიდრეობით პრინციპებს ემყარებოდა, რამაც ბევრად განსაზღვრა საკუთარ სახელთა სისტემა. გვარის არსებობას განაპირობებდა აგრეთვე საქორწინო ტრადიციები _ ერთი კაცის შთამომავლები, ერთი სისხლისანი კი ერთმანეთზე არ უნდა დაქორწინებულიყვნენ. წინაპრის მენკვიდრენი კი ერთ მემკვიდრეობით სახელს (გვარს) ატარებდნენ.

ქართულ საისტორიო საბუთებსა და წყაროებში არაერთგზის გვხვდება ტერმინი `გვარი~ ზუსტად იმ გაგებით, რა შინაარსიც დღეს დევს მასში.    

ამრიგად, საქართველოში გვარსახელს დიდი ხნის, საუკუნეების ისტორია აქვს. ქართული გვარსახელების არსებობა დოკუმენტურად VIII-IX საუკუნეებიდან დასტურდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ამ დროს არ წარმოქმნილა, მემკვიდრეობითი სახელი (გვარსახელი) ჩვენში უფრო ადრეა წარმოქმნილი.

ქართული გვარსახელები, ისევე როგორც სხვა ხალხებისა, შეიძლება დავაჯგუფოთ ძირებისა (ფუძეების) და გვარის სუფიქსების (დაბოლოებების) მიხედვით.

კლასიფიკაცია სუფიქსების მიხედვით. სანამ კონკრეტულად შევეხებით ქართულ გვართა სუფიქსებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ, მართალია, ქართული გვარების უმეტესობა სუფიქსიანია, მაგრამ გვქონდა და გვაქვს უსუფიქსო ქართული გვარებიც, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით.  მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ: აბალაკი, ახალკაცი, ბაზიარი, ბურძგლა, ბუთხუზი, გალოგრე, დვალი, თხისჭირი (მეტსახელი უშუალოდ გვარსახელად იქცა.), კვატიტი, ილარიონი, კროჭი, კვიახი (XVII საუკუნეში ცხოვრობდნენ ჩაქვში), ლაბარი, ლაფაჩი, ლაშხი, ლომკაცი, მესტუმრე, მეკონდახე, მებუკე, მენაბდე, მენაფირე, მებადური, შერმადინი ციცაგი, მესხი, ძურძუკი, კორტი, ხარატი, ხარაზი, ხაბაზი, ხატისკაცი, ჯავახი.

ქართულ გვარსახელთა ორიგინალურობა მათი ფორმანტების მრავალრიცხოვნობითაც გამოიხატება: -ძე, -შვილი, -სკირი, -იან (-ან), -ია (-აია), -ა (-ვან, -უა, -ა-ვა), -ვან, -ურ (-ულ), -ელ, -ში (-იშ), -არ, -ჭკორი, -ყვა, -ტი, ისტორიული და დღეს ხალხურ სასაუბრო ენაში შემორჩენილი -ათ (-ეთ). აგრეთვე მდედრობითი ფუნქციის მქონე -ფხე (-ხე). ქართულ გვარსახელთა სუფიქსების მრავალფეროვნება ძირითადად ქართული ენის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით აიხსნება. ისინი ძირითადად კრებითობის, კუთვნილებისა და სადაურობის გამომხატველნი არიან. მათ ერთი დატვირთვა და შინაარსი (ფუნქცია) აქვთ. ამასთანავე, ქართული გვარების მრავალრიცხოვანი სუფიქსები იმის დამადასტურებელიცაა, რომ ისინი საკმაოდ დიდი ხნისანი, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზეა წარმოქმნილი. ყველა სუფიქსი, რომლებიც გვარსახელთა დაბოლოებებადაა გამოყენებული, საერთოა ქართული ენობრივი ერთობისათვის.   

ისტორიულად ფრიად პროდუქტიული ჩანს -ეთ სუფიქსი, მაგალითად, „ტბეთის სულთა მატიანეში“  -ძე ფორმანტის შემდეგ ყველაზე პროდუქტულია -ეთ ფორმანტი, რომელიც მეორე ადგილზეა და აჭარბებს –შვილი სუფიქსით ნაწარმოებ გვარებს, აღნიშნულ ძეგლში ხშირად -ძე და -ეთ სუფიქსები ერთმანეთს ენაცვლება. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ამავე ძეგლში დამოწმებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი გვარსახელი: გათენეთი _ გათენასძე, გიორგაეთი _ გიორგაული, გოგლაეთი _ გოგალასძე, გუნდარეთი _ გუნდარი _ გუნდარიძე, დოლიეთ _ დოლისძე, ვაშანეთი _ ვაშანისძე, თევთიეთი _ თევთისძე _ თევთიური, კანჯარეთი _ კანჯარასძე, კვირიკაეთი _ კვირიკასძე, მეფუტკრიეთი _ მეფუტკრისძე, როსტომეთი _ როსტომისძე, სამუელეთი _ სამოელისძე, ცანდაეთი _ ცანდასძე. 

თავდაპირველად ასევე -იან (-ან) ფორმანტიანი გვარები იყო გავრცელებული სამეგრელოშიც. დღეს სამეგრელოში -ია, -უა და -ა (სალიტერატურო ქართულ ენაში -ვა-დ რომ გამოითქმის და იწერება) სუფიქსებით დაბოლოებული გვარები თავის დროზე -იან (-ან, -უან) სუფიქსებით იყო გაფორმებული. დროთა განმავლობაში (საკმაოდ ადრე) ამ გვარებმა `ნ~ თანხმოვანი დაკარგეს და ნაცვლად კვარაცხელიანისა მივიღეთ კვარაცხელია, აფაქიანისა _ აფაქია (აფაქიძე), გაბუნიანისა _ გაბუნია, კაჭარანისა _ კაჭარაა (კაჭარავა), ცავანისა და ცავანიანისა _ ცავა, გოშუანისა _ გოშუა, ბაბლუანისა _ ბაბილუა, უბილიანისა _ უბილაა (უბილავა), გობეჩიანისა _ გობეჩია, ქარჩიანისა _ ქარჩაა (ქარჩავა), სტეფანიანისა _ სტეფანია, გუარამიანისა _ გვარამია, წიფურიანისა _ წიფურია, ბოკერიანისა _ ბოკერია, ხაზალიანისა _ ხაზალია, კვირკველიანისა _ კვირკველია, კორძიანისა _ კორძაია, ჯამბურიანისა _ ჯამბურია/ჯამბურიძე...

-ელ სუფიქსიანი გვარსახელები სადაურობის ტიპის გვარებს მიეკუთვნება. -ელ ფორმანტი ტოპონიმებს ერთვის. ამ ფორმანტიანი გვარები ჩნდება VIII საუკუნიდან. სოფელ გარგარეთიდან მომდინარეობს გვარსახელი კარგარეთელი, ბოტკოდან _ ბოტკოველი, იშხანიდან _ იშხნელი, მაჩხაანიდან _ მაჩხანელი, გლოლიდან _ გლოველი, კორსავიდან _ კორსაველი, ყანდაურადან _ ყანდარელი, ორკოშნიდან _ ორკოშნელი, ჭიაურელი _ ჭიაურადან...

საკუთარ სახელებს ერთვის -ურ (-ულ) სუფიქსიც. ცისკარაული, ანთაური, ალუდაური, აფთარაული, ბუნტური, გიგაური, ნიშნავს ცისკარას, ანთას, ალუდას, აფთარას, ბუნტასა, გიგას შთამომავალს ასევე კუთვნილების აღმნიშვნელია -იშ (-შ) სუფიქსი, რომელიც ძირითადად ლაზების გვარებისათვის იყო დამახასიათებელი. ტუღუში, ე. ი. ტუღუს შვილები, მოდგმა. უმნიშვნელო რაოდენობით გვაქვს გვარსახელები, რომლებიც -სკირ, -ტი და -ყვა ფორმანტებს ირთავს. თავის დროზე აღნიშნული გვარები უფრო ფართოდ იყო გავრცელებული. დღეს ისინი ერთგვარ რელიქტებს წარმოადგენს. -სკირ სუფიქსი სამეგრელოში გვხვდება და ის -შვილ ფორმანტს შეესატყვისება. შეიძლება გავიხსენოთ: პაპასკირი, წულესკირი, კვეკვესკირი, ასკილეისკირი, სთეფანესკირი, ამუნასკირი, ბუზასკირი -სკირ სუფიქსით გვარსახელები ლაზეთშიც უნდა ყოფილიყო. ამ დასკვნის საფუძველს კი ვიწეს თემის სოფლის სახელები _ პეტრესკირი და კვეკვესკირი გვაძლევს. -სკირის ვარიანტია -სკუაც: ქორთოსკუა, ბერისკუა, ნარასკუა, ბიძინასკუა.

საინტერესოა, რომ დღეს საქართველოში 20 ათასზე მეტი გვარსახელია აღრიცხული. ისტორიულ საქართველოში გვარები უფრო მეტი იყო. მთელი რიგი გვარსახელების გაქრობა საქართველოს ისტორიულმა ბედმა განაპირობა.

ქართული გვარსახელები ფუძეების (ძირეული სიტყვების) მიხედვით ძირითადად ოთხ ჯგუფად იყოფა: ეპონიმურ, ეთნონიმურ, გეოგრაფიულ (ტოპონიმიურ) და პროფესიულ გვარსახელებად. ამ ოთხი ჯგუფის გვარსახელებიდან პრიორიტეტი ეპონიმურ გვარსახელებს ეკუთვნით.

ეპონიმური ტიპის ქართული გვარსახელი ყველა ის გვარსახელია, რომელთაც საფუძვლად ინდივიდუალური (პიროვნული) სახელი უდევს. ეს სახელები ძირითადად მამაკაცის სახელებია. ეპონიმურ გვარსახელთა ტიპური ნიმუშებია: აბრამია, აბრამიძე, აბრამიშვილი; ზვიადაური, ზვიადაძე; კახაია, კახიანი, კახაძე, კახაშვილი; ცხადაია, ცხადაძე, ცხადიაშვილი... ძალიან ცოტა გვაქვს ქართულ გვარსახელებს შორის ისეთები, რომელთა საფუძველს ქალის სახელი წარმოადგენს; ესენია: მარიამული, მარიამიძე, მარეხაშვილი, თამარაშვილი, თამარაძე, ტაბატაძე, ელისაბედაშვილი, კეკელიძე...

ჩვეულებრივ, ეთნონიმურ გვარსახელებადაა მიჩნეული ბერძენიშვილი, თათრიშვილი (თათარაშვილი), თურქიაშვილი (თურქია, თურქაძე), თურქისტანიშვილი, ფრანგიშვილი, არაბაშვილი (არაბული, არაბიძე), ოსიშვილი, (ოსაძე), ჩერქეზიშვილი (ჩერქეზია, ჩარგაზია), ლეკიშვილი (ლეკიაშვილი). მაგრამ ამ გვარების გარკვეულ ნაწილს საფუძვლად მამაკაცის სახელი (ეპონიმი) უდევს და არა ეთნონიმი. აქ ხაზს ვუსვამთ `გარკვეულ ნაწილს~, რადგან ერთ შემთხვევაში შესაძლებელია ბერძენიშვილის გვარის საფუძველჩამყრელი მართლაც ეთნიკური ბერძენი იყო, მეორე შემთხვევაში კი გვარის საფუძვლის ჩამყრელს ბერძნულ ეთნოსთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და მას საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელი _ ბერძენა.

ისევე როგორც ყველა ხალხს ქართველ ხალხსაც ბევრი აქვს ისეთი გვარი, რომელსაც საფუძვლად პროფესიის, ხელობის, თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინები უდევს და რომლებიც ნათლად გვიჩვენებს ქართველი ხალხის საქმიანობის მრავალფეროვნებას. ასეთ გვარსახელებს, ჩვეულებრივ, პროფესიული ტიპის გვარსახელებს უწოდებენ. პროფესიული ტიპის გვარებს საფუძვლად აქვთ პროფესიის აღმნიშვნელი როგორც ქართული, ისე არაქართული  ტერმინი. ასეთ შემთხვევაში პროფესიის აღმნიშვნელი არაქართულძირიანი გვარები სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი გვარების საფუძვლის ჩამყრელნი არაქართველები იყვნენ; უბრალოდ, ჩვენში ხშირად ვრცელდებოდა პროფესიის აღმნიშვნელი უცხოური ტერმინები, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველო სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამიტომაცაა, რომ მრავლად გვაქვს ისეთი პროფესიული ტიპის გვარსახელი, რომელსაც აღმოსავლური (არაბული, სპარსული, თურქული)  პროფესიული ტერმინები უდევს საფუძვლად: ქილიფთარი (მეღვინე); მელიქიძე/მელიქაძე, მელიქიშვილი, მელიქია („მელიქი“ სოფლის ან ქალაქის მმართველი იყო); ქალანთარი (ქალაქის თავი, პოლიციის უფროსი); სადუნიშვილი („სადუნი“ სხვადასხვა ენის მცოდნეს ნიშნავს); ჯოლბორდი („ჯოლბორდი“ ისრის მთლელს ნიშნავს). თოფჩიშვილი, თოფჩიძე („თოფჩი“ _ მეთოფე), ხაბაზი, ხაბაზიშვილი („ხაბაზი“ არაბულად მეპურეა); ჩილინგარიშვილი („ჩილინგარი“ _ სპარსულად ზეინკალი);

არცთუ ისე ცოტა გვაქვს ქართულძირიანი პროფესიის ტიპის გვარები:  ჭედლიძე, მჭედლიანი, მჭედლური, მჭედლიშვილი, მუშკუდიანი, ჭკადუა, მდივანი და მდივნიშვილი, მებადური, მებუკე, მეგუთნიშვილი, მეთაფლიშვილი, მეთეფშიშვილი, მეკოკიშვილი, მენაბდე და მენაბდიშვილი, მეპურიშვილი, მესტვირიშვილი, მესტუმრე და მესტუმრიშვილი, მეტივიშვილი, მეურმიშვილი, მექვაბიშვილი, მექვაბიძე, მექვევრიშვილი, მეშვილდიშვილი, მზარეულიშვილი...

როგორც აღინიშნა, გვარი მემკვიდრეობითი სახელია, რომელიც სამი თაობის განმავლობაში მაინც გადაეცემა თაობიდან თაობას. ქართულ სინამდვილეში მხოლოდ გვარი არ არის მემკვიდრეობითი სახელი. მემკვიდრეობითი სახელია აგრეთვე გვარის დანაყოფის სახელიც, რომელიც საქართველოს უმეტეს მხარეებში დიდი მდგრადობით გამოირჩეოდა. მეორე მემკვიდრეობითი სახელის (გვარის დანაყოფის) აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ (ისტორიულ-გეოგრაფიულ) კუთხეში სხვადასხვა სიტყვა (ტერმინი) გამოიყენება: „მამანი“, „მამიშვილობა“, „მამის სახლი“, „ბუდობა“, „კომობა“, „ბაბუიშვლობა“, „ბუნე“, „სახიჯარი“, „თოხუმი“, „ქექილი“, „ნარყი“, „მეტსახელი“, „გვარზე მეტი“, `განაყრობა“, „სამხუბი“, „ლამხუბი“, „თური“, „დინო“, „გამნარყი“, „შერქმეული სახელი“, „გასახელებული სახელი“, „საგინებელი გვარი“, „მოკლე გვარი“ (საპირისპიროდ „გრძელი გვარისა“).

მთის რაჭაში მხოლოდ კომლობრივი სახელით შეიძლება ადამიანის მონახვა. მაგალითად, თქვენ თუ იკითხავთ ივანე ლობჯანიძეს, მას ვერ გიჩვენებენ. უნდა იკითხოთ ივანე ზვიადეენთ ლობჯანიძე, რომელი სახელითაც ეს კომლი ცნობილია, და მაშინ კი გაიგებენ. მათში ჩვეულებრივ იტყვიან: მიხა ერმილეენთი, მამუკო ნინიკიანთი და სხვ.    

ხშირად გვარის დანაყოფებს ჰქონდათ ტენდენცია ახალ გვარად გარდაქმნისა, ე. ი. რომ დავაკონკრეტოთ, ახალ გვარებს საფუძლად ედებოდა არა მარტო მამის სახელი, არამედ გვარის დანაყოფის სახელიც.

ზემოთ აღნიშნული გვქონდა, რომ ქართულ გვარებს ფუძეებად ხშირად თანამდებობის, ხელობა-საქმიანობის, პროფესიის აღმნიშვნელი ტერმინები აქვს. იმავე სიტყვებიდან მეორე მემკვიდრეობითი სახელებიც (გვარის დანაყოფთა სახელებიც) ან, საერთოდ, გვარის მეტსახელებიც: მეჭურჭლეები, მეყანწეები, მეჩანგლეები, მეთიხეები, მეკურდღლეები...    

საქართველოში იყო ერთზე მეტი სახელის დარქმევის ტრადიცია. შეიძლება გავიხსენოთ ლაშა-გიორგი, დავით-სოსლანი, ქობულ-სტეფანოზი (VII საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის ერისმთავარი, იხ. წარწერა ჯვრის მონასტერზე _ „ქობულ-სტეფანოსი ადარნესეს ძე“, „წმინდაო სტეფანე ქობულ-სტეფანოსი შეიწყალე“ _ თავისი ბავშვობის დროინდელი, VI საუკუნის ბოლო პერიოდისაა). ქობული, სოსლანი, ლაშა, რა თქმა უნდა, ნათლობამდელი სახელები იყო ამ პირებისა, სტეფანოზ, დავით და გიორგი კი _ ნათლობის სახელები. ბოლო დრომდე ხომ ყველა ქართველს ორი სახელი მაინც ერქვა, ერთი _ ოფიციალური, ქრისტიანული (ნათლობისა) და მეორე _ ზედმეტი სახელი. XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის დავთრებში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ოჯახის უფროსები ორი სახელით, ერთი _  ქრისტიანული და მეორე _ მეტსახელით არიან ჩაწერილები: გიორგი იგივე ხარება გელუკაშვილი; გიორგი იგივე ხოხობა გელუკაშვილი; გიორგი იგივე საბრალო გელუკაშვილი; თევდორე იგივე ნემსა აფრიაშვილი; გიორგი იგივე ჭუკა ხოსიტას ძე ვაჟიბედაშვილი; ივანე იგივე ჯაგო ბეროზაშვილი; სოლომონ იგივე წამალა მეშველიშვილი ორი სახელით იყვნენ ჩაწერილი ფშავში: ელენე-ქალთამზე, ბერი-ბესარიონ, ჯუღურა-ივანე გიორგი-ბერი, ქორია-ივანე, იოსებ-ბეწინა, გეჯურა-თომა, მახარე-დავით, მგელა-გიორგი, ბუჩულა-ვასილი ივანე-ხორხელა ივანე-ნებიერი...      

სამცხეში ზედა თმოგვის ეკლესიის წარწერა: „ქრისტე შეიწყალე სული ფარსმან ერისთავთერისთავისა იოანეს ძისა ჭიმჭიმელისა“ [სხვათა შორის, სოფელი ჭიმჭიმი ტაოში, ჭოროხის ხეობაში იყო. დღეს ამ სოფელში ხუთი მოხუცებულიღა ლაპარაკობს ქართულ ენაზე. ერთი საუკუნის წინ, როცა ე. თაყაიშვილმა ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა, ამ სოფლის ყველა მკვიდრი ქართულად ლაპარაკობდა. ბუნებრივია, გვარსახელი ჭიმჭიმელი ამ სოფლიდან მომდინარეობდა].

1790 წლის ერთ საბუთში ვკითხულობთ: „ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მისცეს რაჭიდან გადმოსულს ზაქარიას შვილს კილაძეს ბეროს“.  XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სოფელ არბოს დოკუმენტიდან: „ბუზალაძე მამუკას შვილი ბერი“; „გვიმრაძე დავითის შვილი დეკანოზი გიორგი“. ქსნის ხეობის 1774 წლის აღწერის დავთარი: „ილურიძე ბიბილას შვილი გიორგი“; „დორეული იოსებას შვილი კაცია“; „კარელიძე ირემას შვილი ბასილა, ძაღლუა და გოგია“. ასე რომ, ქართულ საისტორიო საბუთებში ესა თუ ის პირნი ძალიან ხშირად ჩაწერილი იყვნენ სამწევროვანი ანთროპონიმული მოდელით გვარის, მამის სახელისა და სახელის ეს ტრადიცია მკაცრადაა დაცული XIX საუკუნეშიც. დოკუმენტურად პირის სახელით, მამის სახელითა და გვარსახელით, ანუ სამწევროვანი ანთროპონიმული მოდელით ჩაწერა VII საუკუნიდან დასტურდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მამის სახელს გამოხატავდა მასთან ძე-სი და შვილი-ს მიერთება. ქალებისათვის ამ ფუნქციას ასული ასრულებდა.

*ინეგოლის მურათბეის სოფელის ქართული კულტურის, ურთიერთდახმარებისა და ტურიზმის საზოგადოებას და ინეგოლის  ჰაირიეს სოფელის ქართული კულტურისა და ტურიზმის საზოგადოებას მიერ ერთობლივად ორგანიზებული და ბურსას პროვინციის ინეგოლის რაიონის სოფელ ჰაირიეში (ხეირიე) 30 აპრილ 2016 ში ჩატარებულ კონფერენციის მოხსენებაა

Kategorideki Diğer Yazılar