სამოსი კაცობრიობის მიერ შექმნილი ნივთიერი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ადამიანთა ყოველდღიურ საზრუნავს, საკვების შემდეგ, ტანსაცმელი წარმოადგენდა და წარმოადგენს.
სამოსი კაცობრიობის მიერ შექმნილი ნივთიერი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ადამიანთა ყოველდღიურ საზრუნავს, საკვების შემდეგ, ტანსაცმელი წარმოადგენდა და წარმოადგენს.[1] საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ხსეულის ხელოვნურ საბურავს, გარდა უტილიტარული დანიშნულებისა (სხეულის გარეგანი მოქმედებისაგან დაცვა), რიტუალური და სიგნიფიკატური ფუნქციაც გააჩნია. სამოსით ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისამდე შეიძლებოდა ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები ერთმანეთისაგან ეთნიკურად, გენდერულად და სოციალურად განგვესხვავებინა.[2] განხვავებული იყო საზეიმო და სამგლოვიარო ტანსაცმელი (ორიგინალური სამოსი გააჩნდათ და გაჩნიათ სასულიერო პირებს). საერთოდ, სამოსის სახეს (თარგი), შესამოსელის სახეობას (მასალა) ბევრად განაპირობებდა ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, კლიმატი, ხალხთა სამეურნეო საქმიანობა.
ნაირგვარი, მდიდარი და ორიგინალური იყო ქართული ხალხის სამოსელი. როგორც ცნობილია, ივანე ჯავახიშვილი საქართველოს სახვნელი იარაღების ცოცხალ მუზეუმს უწოდებდა. გიორგი ჩიტაია კი იგივეს ქართული ხალხის სამოსის შესახებ ამბობდა. წინამდებარე სტატიაში მამაკაცის ჩვენში ცნობილ სამოსს - ჩოხა/ჩახა-ახალუხს შევეხებით.
ჩოხა ქართველთა ეროვნული სამოსია, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით გარკვეული სახესხვაეობებიც გააჩნდა.[3]
ისიც ყოველთაოდაა ცნობილი, რომ მამაკაცის ქართულ სამოსს - ჩოხა-ახალუხის, ქართველთა გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებიც მოიხმარდნენ. ასე რომ, ჩოხა საერთო კავკასიური სამოსიცაა. უნდა ითქვას, რომ ეს საერთო კავკასიური სამოსი სამეცნიერო ლიტერაში „ჩერქეზკის” სახელითაა ცნობილი, რაც იმის ასოციაციის იწვევს, რომ ის თითქოს ადიღეეკებმა შექმნეს და მათი მატერალური კულტურის ეს ელემენტი კავკასიის სხვა ხალხებში, და, მათ შორის, საქართველოშიც ადიღეელთაგან გავრცელდა.
ისმის კიტხვა: რომელი ეთნოსის მიერაა ის შექმნილი და საიდან გავრცელდა? დაჟინებით აღვნიშნავთ: მამაკაცის სამოსი - ჩოხა-ახალიხი საქართველოში გაჩნდა და აქედან შეითვისეს ის კავკასიის სხვა ხალხებმა.
სანამ სათანადო სამეცნიერო ლიტერატურას მოვიხმობთ ჩვენი მოსაზრების დასასტურებლად, მოკლედ უნდა დახასიათდეს ეს სამოსი, გაირკვეს თუ როგორი იყო ის ეთნოგრაფიულად ხემისაწვდომი დროისათვის (XIX საუკუნესა და XX საუკინის დასაწყისში).
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ჩოხა-ახალუხის „სოციალური მაქკერის” ფუნქცია გააჩბდა; ის ქართველი თავადაზნაურობის სამოსი იყო (იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის შესახებაც, სადაც მას ასევე მოსახლეობის სოციალურად დაწინაურებული ნაწილი იცვამდა). ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ჩოხა-ახალუხი გლეხობაშის პოპულარული იყო. გლეხთა წრეში ამ სამოსით სადღესასწაულოდ იმოსებოდნენ. მაგალითად, სოფელ დიღომში XX საუკუნის დასაწყისში ორი ჩოხა-ახალუხი ჰქონდათ, რომელსაც ქორწილების დროს გაანათხოვრებდნენ და მას მეფეს აცვამდნენ. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში, მაგალითად, ზემო იმერეთში (საჩხერის რაიონი), თავადაზნაურობასთან ერთად, ჩოხა-ახალუხით იმოსებოდა შეძლებული გლეხობაც. ქორწილის დროს, თუ მეფე-დედოფალს ეროვნული სამოსი არ ჰქონდა, მას აუცილებლად შუძლებულები დროებით დაუთმობდნენ, განსაკუთრებუთ ეს ჩოხა-ახალუხის შესახებ ითქმის.
ქართული სამოსის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „შემოსილნი არიან ქართველნი და კახნი ერთრიგად; თავს სკალტისაგან ანუ შალისაგან ქუდი გრძელ-წვრილი, ბეწვეული, აფროსანი; ტანს კაბა ლარისა, სკალტისა ანუ ჩოხისა მუჴლთ ქუემომდე, მასზედ სარტყელი, შიგნით საგულე ბამბიანი კაბის უმოკლე, პერანგი აბრეშუმისა, ბამბისა ანუ ტილოსაგან, უგრძე კაბისა, და კისერი სრულიად მჩენი; ნიფხავი აბრეშუმისა, ანუ ბამბისაგან, ანუ ტილოსა. არამედ ცხენსა ზედა მოსიათ საწარმართული და მოგუნი, თჳნიერ მისსა - არა; ფერჴთა პაიჭი და წუღა რტავისა ანუ სკლატისა ხოლო მაშია სპარსული; უმცირესთა ჩუსტი და ქალამანი. კუალად ტყავ-ყაბა კაბისაგან უმოკლე და ტყავი ზამთარს დიდი [არამედ პირველ ერთმეფობისა შინა სცმიათ სხუაგუარ: თავს ქუდი გრძელი, რომლისა კუნჭული ზედა მცმელი და გრძელბეწოსანი, პერანდი/ბერული ტილოსი, საგულე და კაბა გრძელი კოჭამდე უღილოდ, მას ზედა სარტყელი ფოჩჩა შუებული, ტყავი დიდი საჴელ-ვიწრო და ფერჴთა ზედა მოგჳ, ვითარცა იცნობიან ნახატებთა ზედა]. ქალთაცა მსგავსად, გარნა სარტყელთა წუერნი ჩაშუებულნი და მას ზეით კაბა-აცალუხი ამოჭრილი, და თჳნიერ პერანგისაგან კიდე არარაჲ ჰფერავს, და პერანგი მჭჳრვალი, ხორცის მჩენელი, უპაიჭოთ ნიფხავი და ფერჴზედ წუღა-მაშია... ხოლო იმერთა მცირედ რაჲმე განიყოფების”.[4]
ამრიგად, ქართველები, მამაკაცებიც და ქალებიც, კაბით (რა თმა უნდა, განსხბვევებულით) იმოსებოდნენ, რომლის სიგრძე მამაკაცებში მუხლების ქვემოთ ყოფილა. თავდაპირველად მამაკაცის კაბას/ჩოხას (სამეგრელოში მას „ღართი” ეწოდებოდა) ღილი არ გააჩნდა, ხოლო შემდეგ კი წინიდან გაიხსნა და ღილებით იკვრებოდა. კაბას შიგნით უფრო მოკლე საგულე/ახალუხი სცმიათ. ის მოკლედ ასე შეიძლებოდა დახასიათდეს: ჩოხა კაბების სახის სამოსელია, რომლის საერთო ნიშანია მკეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭებიანი კალთა. მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაწეულს ატარებდნენ.
სულხან-საბა ორბელიანი ჩოხას „მატყლის სამოსელს„ უწოდებდს. საგულე რომ იგივე ახალუხია ესეც საბას ლეკსიკონიდან კარგად ჩანს: „საგულე კაბის შიგნით საცვამო„. ლეკსიკოგრაფს კაბა ერთუ სიტყვით აქვს განმარტებული და მას ის სამოსელს უწოდებს.
დროთა განმავლობაში, შარვლის შემოსვლის შემდეგ, ტერმინი „კაბა” მხოლოს ქალის სამოსელს ეწოდა, ხოლო კაცის სამოსელზე ტერმინი „ჩოხა” გავრცელდა, რომელიც თავდაპირველად (და ვახუშტი ბაგრატიონის დროსაც) ის როგორც შალის ქსოვილის, ასე სამოსელის აღმნიშვნელი იყო. შუა საუკუნეებში ხშირად ბერის სამოსელსაც ჩოხა ეწოდებოდა (სასულიერო პირებს განსხვავებული ჰქონდათ სამგზავრო სამოსელი. ბერის ასეთ „საგზაო ტანსაცმელს” რამდენჯერმე ახსენებს იოანე ბაგრატიონი „კალმასობაში”). ხევსურულ დიალეკტში ჩოჴა კაცის ზედა ტანსაცმელსაც ეწოდებოდა ქალის/დიაცის სამოსსაც: „შენ გინდა ქალის ჩოჴაი, კარგი მანდილი თავზედა”.[5]
აქვე ვახუშტის მიერ ნახსენებ რამდენიმე ტერმინსაც შევეხებით: დღეს თუ ნიფხავი პერანგის ამხანაგის (მას „პერანგის ტოლსა” და „ალერსსაც“ უწოდებდნენ) აღმნიშვნელია, XVIII საუკუნეში ის „კაცთა ფერხთა ჩასაცმელი”, „წვივსაცმელი” იყო.[6] წვივივსაცმელის რამდენიმე სახეობა არსებობდა. გარდა ნიფხვისა, საბა ჩამოთვლის აგრეთვე როპანგს, პერიკმებს და საწმართულოს (ვახუშტი: „საწარმართული”). საბას მიხედვით საწმართულო არის „გარეგან საცვამი, რომელსა შარვასლ იჴმობენ”. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვაუწყებს, შარვლის ანალოგიურის, რომელსაც საწარმართული ერქვა მხოლოს ცხენზე ჯდომისას იცვამდნენ: „ცხენსა ზედა მოსიათ საწარმარტული” . ამრიგად, ირი ერთმანეთზე მიკერებული ნიფხავი შარვალი ანუ საწარმართული იყო. აშკარაა რომ XVII-XVIII. საუკუნიეებში საქართველოში თანამედროვე შარვალის ანალოგიური უკვე გავრცელებული იყო [შარვალი თავდაპირველად მხოლოდ ნომადური კულტურის ელემენტი იყო. მომთაბარეებისათვის (როგორც კაცების, ასევე ქალებისათვის) ფართო შარვალი ცხენით სვლის დროს მოსახერხებელი იყო. მის გარეშე ცხენზე ჯდომა წარმოუდგენელი იყო, რადგან შარვალი, ჩვენს შემთხვევაში კი საწარმართული, პაიჭები / პაჭიჭები[7] მხედარს იცავდა ცხენის ოფლისაგან. ძველი ბერძნები და რომაელები შარვალს ბარბაროსთა სამოსად მიიჩნევდნენ; ის იყო უცხო წარმომავლების მეომრებისა და ამაზონების ტანსაცმლის ტიპიური ელემენტი. უცხო იყო შარვალი მახლობელი აღმოსავლეთის ცივილიზებული სამყაროსათვისაც. ძველი ბერძენი ავტორი ჰიპოკრატესი (ძვ. წ. V-IV სს.) სკვითი მამაკაცების უძლურობას შარვალს მიაწერდა: ... ისინი ყველა ხალხებზე უფრო ემსგავსებიან საჭურისებს. ამას გარდა იმიტომაც, რომ მათ მუდამ აცვიათ შარვალი და დროს მეტ წილს ცხენზე არარებენ~[8]].
დავუბრუნდეთ ქართველი მამაკაცის ეროვნული კოსტიუმის ძირითდ ტიპს - ჩოხა-ახალუხს, რომელთან ერთად კომპლექსში აგრეთვე შედიოდა: პერანგი, ქვედა საცვალი, ქუდი, სარტყელი და ქამარ-ხანჯალი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით ჩოხა-ახალუხს გარკვეული განსხვავებები ახასიათებდა. განსაკუთრებით თავისებური იყო ხევსურული კოსტიუმი („ტალაფარი”) და გურული, აჭარული და ლაზური „ჩაქურა”. პირველი მათგანის შესახებ შენიშნულია: „XIX საუკუნის მეორე ნახევრისათვის ეროვნული ჩაცმულობის პარალელურად (ქართული ჩოხა, ქართული კაბა) განაგრძობდა არსებობას ძველი ქართული ტანსაცმელიც. მათ შორის წარმოდგენილი იყო უნიკალური, ზოგჯერ სულ მცირე მიკრორაიონში გავრცელებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლის ისეთი სახეები, რომლებიც გენეტიკურად უკავშირდებიან ძველი ქართული ჩაცმულობის საწყის ფორმებს. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ხევსურული „ტალაფრის” ისეთი ელემენტი, როგორიცაა პერანგი, რომელიც თავისი ორიგინალური თრგით, მდიდარი ნაქარგობითა და ჯვრების გამოსახულებით გამოირჩევა არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის ყველა დანარჩენი ხალხის ჩაცმულობისაგან”.[9]
ჩაქურა ქართული სამოსის განვითარებული ვარიანტს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩოხა-ახალუხის განვითარებულ ვარიანტთან და შარვალის გამოკვეთილად დამკვიდრებასთან. ჩაქურას ზედატანი ფაქთობრივად წელში გადაჭრილი ჩოხაა და ამდენად ის წელს ზემოთ ჩასაცმელია. სამხრეთ-დასავლეთ საქარველოდან სამხრეთ შავიზღვისპირეთში მუჰაჯირად წასული ქართველები ჩაქურას ზედატანს დღესაც ჩოხას უწოდებენ, ხოლო კოსტუმის ქვედა ნაწილსა, „შარვალს” – „ლაზურიას”. ისევე როგორც აჭარელები, ძველი, ძველი კლარჯელებიც ჩოხის შიგნით ჩასაცმელს ზუბუნას სახელით მოიხსენიებენ. ფანელის შიგნით კი ხელისაგან მოქსოვილი პერანგი ემოსათ. ხალხური ლექსიცაა (შეყვარებული ქალი თავის სატრფო მამაკაცს უმღეროდა): „ჩოხა გაიხადე, ჩოხა // ზუბუნათაი გიხდებაო, // შენი ერთი დანახვა ჯენეთი (სამოთხე) გამიხდებაო~.[10] როგორც მიუთითებენ, სამოსის ამ სახეობის სახელწოდება დაკავშირებულია ჩაქვთან (დაბა აჭარაში), სადაც, როგორც მიიჩნევა, პირველად მოხდა ჩოხის წელის არეში გადაჭრა და ორიგინალურ შარვალთან შეხამება [ვფიქრობთ, მაინც გასარკვევია ტერმინი ჩაქურა ტოპონიმ ჩაქვს უკავშირდება, თუ ჩაქს. ეთნოლოგიურ ლექსიკონებში ჩაქის შემდეგი განმარტებები გვხდება: ჩაქი- ჩოხის დეტალი, უმეტესად მამაკაცის ჩოხა-ახალუხზე გვხდება. ესაა პატარა ცრუ კალთები, კეთდებოდა სილამაზისათვის, ამიტომ ამკობდნენ ნაქარგობით. ჩვეყლებრივ ჩოხის 2-3 ჩაქი ჰქონდა, ყარაჩოღული ექვსჩაქიანუ იყო.[11] ჩაქი (სპარს. ჩაქ - ხვრელი, ტანისამოსის გახეული ადგილი). 1. ამოუკერავად დატოვებული ადგილი ზედა სამოსის გვერდით კალთებზე; 2. გამოშვერილი ნაწილი ჩოხის ან ახალუხის უკანა კალთების გადანაკერებში (წელთან)[12]. საბას განმარტებით, „ჩაქი კალთის შენახევი”-ა[13]. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან მუჰაჯირად წასული ქართველების მეტყველებაში ჩაქურას ქვედა ნაწილის - „შარვალის” - ტერმინით „ლაზურაი” მოხსენებია, ვფიქრობთ, იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საერთოქართული სამოსის - ჩოხის - წელის არეში გადაჭრა და შარვლის მსგავსი სამოსის („ლაზურიას”) ჩაცმა პირველად ჭანეთში/ლაზეთში მოხდა და შემდეგ სწრაფად გავრცელდა მთელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და გურია-სამეგრელოში. ვარაუდი და არა კატეგორიულობა კი იმითაა განპირობებული, რომ ეროვნული კოსრიუმის - ჩაქურას ქვედა ნაწილის უფრო გავრცელებული სახელწოდება ძიგვა/ძიქბა იყო].
ჩაქურას სამასრეებიც შენარჩუნებული ჰქონდა. ჩოხის ზედაწელის ანალოგიურად, ჩაქურაც ტანზე მჭიდროდ იყო მარგებული. იმასაც სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ჩოხის ასეთი თარგი „თვალსაჩინოს ხდიდა მამაკაცის ახოვანებას, ვიწრო წელსა და განიერ მხრებს”.[14] ჩაქურას შარვალი უკან მკვეთრად დანაოჭებული, უბე ძალიან განიერი და ტოტები ვიწრო ჰქონდა. ჩაქურის ქვეშ ზუბუნი აცვიათ და მისი საყელო და საგულეს ნაწილი, ისევე როგორც ახალუხისა ჩოხაში მოჩანდა. ანალოგიური სამოსი ყოფილა გავრცელებული სამცხეშიც: (სოფელი უდე) – „ჩვენებური ტანისამოსი უწინ მოკლე ჩოხა იყო, მიგვას ვეძახიდით. ახლაც ვიცვამთ ასეთ ჩოხას, როგორც ქვაბლიანის თათრები იცმენ მიგვას[15]. აჭარლებივით და გურულებივით. მიგვა ჩოხასთან ვიცოდით ვიწრო და ხონჯრიანი შარვლები.” … „ხნიერი კაცების უფრო მუხლის თვლებამდე გრძელი ნაოჭიან ჩოხას იცვამდნენ ელაგებზე [ელეგი/ელეღი მამაკაცის უსახელო, „ჟილეტის” მსგავსი ჩასაცმელი იყო - რ. თ.], როგორც ჯავახეთში”. ... „თავზე წითელ ფესზე იხვევდნენ ლურჯს თავსახვევს ორი-სამი არშინის სიგრძეს, „საროღს” ვეძახდით. საროღს ჩვენი მეზობლები თათრებიც (იგულისხმება მაჰმადიანი ქართველები - რ.თ.) იხვევდნენ, მარა სხვადასხბა ფერისას, ჩვენ კი ლურჯს ვიხვევდით, რითაც ვირჩეოდით ქრისტიანები თათრებისაგან”[16]
სამცხეში ანალოგიური სამოსი დადასტურებული აქვს სერგო მაკალათიას: „მამაკაცებს აცვიათ გურული „ჩაქურას” მსგავსი ტანსაცმელი, რომელიც შინმოქსოვილი შალიდან არის შეკერილი. ზემო აცვიათ მოკლე ზედატანი „ჩოხა”, რომელიც მოკლეა და გვერდებში ნაჭრილი. ჩოხას საგულე და საყელო აქვს გახსნილი და გადმოკეცილი. საგულეზე ორივე მხრივ აკერია ჯიბე და მასრების ბუდე”. „ქვეშ აცვიათ ნაოჭიანი, „ბუდიანი” შარვალი”. „წინათ კი მესხები ისეთივე ტანსაცმელს ატარებდნენ თურმე, როგორც დანარჩენი ქართველები. მამაკაცებს აცვიათ გრძელი და უკან ნაოჭიანი ყურთმაჯიანი ჩოხა... ზებუნზე იცვამდნენ ჩოხას, რომელიც იკერებოდა ლურჯი ფერის სქელი შალისაგან. ჩოხა იყო გრძელი და უკან ნაოჭიანი”.[17]
ტაო-ლლარჯეთში მოგზაურობის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: „ტანისამოსი მამაკაცისა ისეთია როგორც გურულებსა, აჭარლებსა და ლაზებისა, ესე იგი ჩაქურა”.[18] სოლომონ ბავრელი-ასლანაშვილიც ადასტურებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ჩქურას, რომელსაც ის „ძიკვა-ჩოხას” უწოდებს, ფართოდ გავრცელებას და ხაზს უსვამს ამ სამოსის ართვინელი და არტანუჯელი სომხების გამოყენების შესახებ: „ართვინელი და არტანუჯელი სომხები შეადგენენ სხვა გვარ სომხებს; ისინი არა გვანან არც აზრუმელ, არც ყარაბაღელ და არც ქალაქელ სომხებს. როგორც ტანით, ისე ტანისამოსით ისინი განირჩევიან იმათგან. აქაური სომხები არიან მდაბალი ტანისა, არიან ლამაზები, შავი თვალ-წარბები ამშვენებენ იმათ თეთრ-ყირმიზა სახეებსა. წითელი ფესი, ვიწრო თავიანთ მოქსოვილი შალის მეგრული შარვალი, მოკლე ძიკვა-ჩოხა, ქალამანი, ანუ უბრალო წაღები და თავიანთვე მოქსოვილი მანუსი სიელეგი შეადგენს კაცების ტანისამოსს”[19]
1893 წელს თურქი ავტორი ისმედზადე მეჰმედ არიფი სამსუნის მხარეში მუჰაჯირებად წასული ქართველების შესახებ წერდა: „მამაკაცების ტანსაცმელი გაგაოცებს. თავზე ბაშლიყად წოდებული უხეში შალის მოსახვევს იკრავენ და ძიგვად წოდებული ვიწრო შარვლები აცვიათ. საზოგადოდ მათი ტანსაცმელი უხეში ჩოხაა. უხეშ შალს თავად ქსოვენ. ტანსაცმელსაც თავად იკერავენ. გარდა იმისა, რომ ბაშლიყები საოცარი სანახავია, თავად ქართველებსაც სხეულის ნაწილები პროპორციული აქვთ და ძალზე მოხდენილები არიან. იმ არემარეში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილიც ქართულ ტანსაცმელს იცვამს. ახალგაზრდები მოსირმულ ბაშლიყებს აკეთებინებენ, წელზე ყამასა და რევოლვერს იკეთებენ, რის გამოც ადამიანს ღონიერი ახალგაზრდის ცქერა არ მოსწყინდება და არ მობეზრდება”.[20]
ჩაქურა ნაწილობრივ სამეგრელოშიც ყოფილა გავრცელებული.[21] აქ ამ სამოსს, ისევე როგორც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, „ძიქვა” ეწოდებოდა.[22]
ასე რომ, ჩაქურა ქართველი მამაკაცის სამოსის შედარებით ახალი ვარიანტი იყო, რომელიც ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გაჩნდა და გავრცელდა; შარვალის მსგავსი სამოსის შემოსვლამ მამაკაცის კაბა (ჩოხა) წელში გადაჭრა, რადგან გრძელი კაბა და შარვლის ანალოგიური სამოსი ერთმანეთთან შეუსაბამობაშ იყო. ის ძირითდად ქართველ მუსლიმებში იყო გავრცელებული (აჭარა, ლაზეთი, სამცხე, კლარჯეთი, შავშეთ-იმერხევი). თუმცა ის პოპულარული იყო გურიასა და ნაწილობრივ სამეგრელოშიც. ამდენად არააგასაზიარებელი სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ჩოხასა და ჩაქურას შორის ეთნოგრაფიული საზღვარი მთლიანად ემთვეოდა ქრისტიანული და ისლამიზირებული მოსახლეობის კონფესურ საზღვარს და ადრეფეოდალური სამფლობელოების საზღვრენს.[23]
ქართული ჩოხა/კაბა ჩვეულებრივ წელში გამოყვანილი იყო. ზედა ნაწილი თუ ტანზე მოწყობილია, ქვედა ნაწილი ერთობ განიერია. ჩოხის სახელო განიერი და გრძელი იყო, თითებს ფარავდა, ამიტომ უნდა გადაკეცილიყო. სარჩული არ უკეთდებოდა. ახალუხის სახელო კი ხელზე იყო მოყვანილი, მაჯა ყაითნით ჰქონდა გაწყობილი. ჩოხას ჯიბე არ უკეთდებოდა, ახალუხს კი იგი სამასრეების/საქილეების ადგილას უკეთდებოდა. ჩოხას სილამაზეს აძლევს მკერდზე მიკერებული სამასრეები. ჩოხაზე მიკერებული საქილეები უკეთდებოდა როგორც დაქანებული, ისე -სწორი. სამასრეები, ბუნებრივია, ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლის შემდეგ მიეკერა (ტერმინ „მასრას” სულხან-საბა განმარტავს, როგორც „თოფის წამლის ჩასაყრელს”). ჩოხა წელს ზემოთ ღილკილოებით იკვრებოდა, ხოლო წელს ქვემოთ ჩახსნილი იყო. მიგვაჩნია, რომ მამაკაცის კაბის აღსანიშნავად ტერმინი „ჩოხა” საყოველთაოდ სწორედ სამასრეების მიკერების შემდეგ უნდა დამკვიდრებულიყო. ჩოხის საყელო არ გააჩნდა და გულმკერდის არეში ამოჭრილი იყო. ამ არეში ჩოხის ქვემოდან ჩაცმული ახალუხი/საგულე/ზე(უ)ბუნი მოჩანდა, რომელსაც დამდგარი საყელო ადგა. განსხვავებული იყო ზამთრისა და ზაფხულის კაბები/ჩოხები. საზამთრო კაბის ტყავისაგან კერავდნენ და მას ტყავ-კაბა ეწოდებოდა.[24]
უნდა აღუნიშნის, რომ საქართველოში ჩვეულებრივ გამოსასვლელ ჩოხებთან ერთადჰქონდათ საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხებიც: „საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხას 72 წ. ჯოტო სტეფანეს ძე ხულორდავას (ზუგდიდი, 1970 წ.) ცნობით, ჯიბეებს უკეთებდნენ. ასეთი ჩოხით, მისივე თქმით, თავმომწონე კაცი გარეთ არ გავიდოდა, სირცხვილი იყო”. „მარტო ახალუხით სტუმართან გამოჩენა არ შეიძლებოდა. მასთან მასპინძელი აყცილებლად ჩოხა-ახალუხით და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული წარსდგებოდა~.[25]
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ჩოხა-ახალუხი, რემელსაც აღმოსავლეთ საქართველოში იმერულ ჩოხა-ახალუხს უწოდებდნენ, მისი აღმოსავლური ანალოგისაგან სიგრძით განსხვავდებოდა - ის მუხლებამდე წვდებოდა, წვივებზე შალის პაიჭები ჰქონდათ ჩაცმული; მას ლეკვერთხებით იკრავდნენ. წინასწარ უნდა შევნიშნოთ, რომ ე.წ. იმერულ ჩოხას უფრო მეტი მსგავსება ჰქონდა საერთო კავკასიურ ჩოხასთან, რომელიც ლიტერატურაში „ჩერკეზკას” სახელითაა ცნობილი.[26] ამ შემთხვევაში ანაქრონიმთანაც გვაქვს საქმე, რადგან ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ჩერქეზეთში XIX. საუკუნეში თავდაპირველად გრძელი ჩოხა იყო დამკვიდრებული, რომელიც კანჭებამდე წვდებოდათ: «Длина черкески зависела от моды. Так, например, в начале XX в. носили очень длинные, до щиколоток, черкески» [„ჩერქეზკის” სიგრძე მოდის შესაბამისად იცვლებოდა. ასე, მაგალითად, XIX საუკუნეში კოჭებამდე „ჩერქეზკას” ატარებდნენ].[27] სამოსის სიგრძეს სამეცნიერო ლიტერატურაში ჩვეულებრივ ეკონომიკას უკავშირებენ. ქალის სამოსის შესახებ ჟაკ ლე გოფი აღნიშნავს, რომ ის გრძელდებოდა და მოკლდებოდა იქიდან გამომდინარე ეკონომიკა აღმავლობას გზაზე იყო თუ კრიზისს განიცდიდა.[28] უნდა ვიფიქროთ, საქართველოშიც მამაკაცის კაბის/ჩოხა-ახალუხის სიგრძე - მუხლის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული.
ერთ ნიუანსსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: XIX საუკუნეში რაფიელ ერისთავის აღწერილობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იმერული ჩოხა-ახალუხის ქვეშ შარვალი არ ეცვათ. ფეხებს ჩვეულებრივ წვივისაცმელი პაიჭები უფარავდათ. ამით იმის თქმა გვინდა, რომ როგორც ევროპაში, საქართველოშიც შარვალი საკმაოდ გვიან გავრცელებული მოვლენაა და ამ მხრივ პიონერები აჭარელი (საერთოდ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მცხოვრები) ქართველები იყვნენ. შარვალზე ყურადღება იმიტომაც შევაჩერეთ, რომ შუა საუკუნეების ფრესკებზე ქართული კაბაში გამოწყობილ მამაკაცებს, ჩვეულებრივ წვივსაცმელები, ანდა ძალიან ვიწრო, ფეხზე შემოტმასნილი და ზემო ნაწილში შეერთებული საწმართული და არა შარვალი აცვიათ.
XIX საუკუნის საქართველოში ჩოხა-ახალუხის რამდენიმე სახეობა იყო გავრცელებული, რომელთაც თავთავისი შესაბამისი სახელი გაჩნდა. 1935 წელს ჩაწერილ ზოგიერთ ეთნოგრაფიულ მასალას უნდა მივმართოთ: (ქიზიყური მასალა) „ახალოხის ზემოდან ჩოჴას იცმევენ. ძველებური ჩოხა რვაჩაქიანია. ყველა ჩაქი თანასწორი აქვს, თექსვმეტი კალთისაგან შედგება. ძველად მოკლე ჩოხები სცოდნიათ, მუხლისკვერს ცოტად ყოფილა ჩაცილებული, უფრო მუხლისკვერამდე.”[29] „ჩოხას გახსნილს ატარებენ ხშირად, მოხუცები თითქმის ყოველთვის წელღია ყოფილან. ჯეილები ჩოხას მუცლიდან სამი-ოთხი ღინკილოთ იკრავდნენ და ზემოდან ვერცხლის ქამარ-ხანჯალს ირტყავენ და აგრეთვე გულზე სამასრეებში ვერცხლის ყაწიმებს იკეთებენ”.[30] (შიგნი კახეთი) – „კაბა თავადის ჩასაცმელი იყო, მაგრამ ჩემ სიყმაწვილეში მახსოვს, რომ ზოგიერთი ოჯახიშვილ გლეხსაც ეცო კაბა”.[31] „თავადები და შეძლებული ხალხი ქართულ ჩოხებს არ იცვამდნენ, იმათ ყოშიანი - ყურთმაჯიანი ჩოხები ეცვათ. ამას ნაოჭი ჰქონდა მიყრილი წელიდან და აქეთ-იქით კი თითო-თითო ან ორ-ორი ჩაქი მოსდიოდა”.[32] „ჩერქეზულ ჩოხას, ვისაც უნდოდა, ის ჩაიცმევდა, ჩვენი გლეხის ჩასაცმელი კი ქართული ჩოხა იყო”.[33] (ქართლის მასალა) – „ქართლური ჩოხა გრძელი უნდა ყოფილიყო, ქუსლებზედ უნდა ეცემა, რომ გაივლიდა, ფეხზე ერთს დაარტყავდა და ისე მეორეზე. ზოგს კიდეც, რომ მიდიოდა, ცალ კალთას მხარზე გადაიდებდა”.[34] იმერეთის სოფელ ხანში დაფიქსირებულია ონური ჩოხა: „ჩვენ მამაკაცს უკერავდით აგრეთვე ონურ ჩოხას, მუხლ ქვემოდ ჩადიოდა ცოტატი, კალთა გაშლილი ჰქონდა, წელში კალთებს მოგანაოჭებდით”.[35] აქვე გავრცელებული ყოფილა ჩოხები, რომლებიც აფხაზური და ჩაჩნური ჩოხების სახელწოდებით იყო ცნობილი: „აფხაზური ჩოხა. ვიწრო სახელოებს უკეთებდით, ტანში ძალიან გამოყვანილი და ვიწრო უნდა ყოფილიყო. მასრებს დავკიდებდით გვერდით (ალმაცერად)”. ჩაჩნური ჩოხა. ჩაჩნურ ჩოხას ჰქონდა სახელოები, ანუ მკლავები ფართე, პირდაპირ ანაფორას გავდა, წელში კი მოყვანილი იყო, წელზევით სრული ძალიან. მასრები დაბალი და თანასრორი იყო, სიგრძე მოკლე ჰქონდა”. „მესამე სახის ჩოხა იმერული ჩოხა იყო. იმერული ჩოხა იკერებოდა გრძელი, სახელო ზომიერი ჰქონდა და სისრულე ზომიერი”. „მეოთზე სახის ჩოხა იყო ქართული ჩოხა. ქართლურ ჩოხას უწოდებდნენ ყურტმაჯიან ჩოხას. სახელოები ღია ჰქონდა და აბრეშუმით იყო გამოწყობილი. გული გაწყობილი ჰქონდა, მასრები კი არ ქონდა”. „მეხუთე სახის ჩოხა კახური ჩოხა იყო. კახურ ჩოხას ნაოჭო არ ჰქონდა, მასრებს უკეთებდნენ, სიგრძით ზომიერი იყო, სახელოები ვიწრო და გაჭრილი იყო.”[36] „აფხაზური ჩოხა. ძალიან ვიწრო იყო გამოჭრილი წელში, მწევარივით. გულთათები ჩერქეზული ჰქონდა, კალთები იმერულთან შედარებით, უფრო და თანაც გრძელი. მეგრული ჩოხაც იმდაგვარია, როგორც აფხაზური”.[37]
ჩოხის იმ სახემ, რომელიც ეთნოგრაფიული ყოფითაა ცნობილი, როგორც ჩანს, განვითარების საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და მისი საბოლოო ფორმირება გვიან შუა საუკინეებში მოხდა. ჩოხა-ახალუხს კი საბოლოო სახე ცეცხლსაროლი იარაღის გავრცელებამ შესძინა; ჩოხაზე მიკერებულმა სამასრეებმა/საქილეებმა მისი სილამაზე და მოხდენილობა დახვეწა, ჩოხის ჩამცმელს კი მოხდენილობასთან ერთად, უფრო მეტი ვაჟკაცურობა შესძინა. მასრა-ქილებიანი ჩოხა კი ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია და იმასაც შენიშნავენ, რომ მისი აქტიური გამოყენება საქართველოში იწყება XVIII საუკუნიდან.[38]
სად წარმოიქმნა ე.წ. საერთოკავკასიური მამაკაცის სამოსი, რომელიც ლიტერატურაში „ჩერქეზკის” სახელითაა ცნობილი: ჩრდილოეთ კავკასიაში - ჩერქეზეთში თუ საქართველოში?
რამ განაპირობა ამ სამოსის ასე სწრაფად გავრცელება? მანამ, სანამ ამ პრობლემას შევეხებით, მოკლედ „ჩერქეზკის” შესახებ: იგი გავრცელებული იყო ყაბარდოელებს, ჩერქეზებსა და ადიღელებში. შენიშნულია, რომ ადიღელთა ქვედა ფენის წარმომადგენლები, ისევე როგორც ქართველები, „ჩერქეზკით” მხოლოდ სადღესასწაულოდ იმოსებოდნენ[39] ამავე დროს, ზედაფენის წარმომადგენელთა სამოსი ფერითაც განსხვავდებოდა - ის ძირითადად თეთრი იყო.[40] პოპულარულად იყო აღნიშნული სამოსი ყარაბაღელთა და ოსთა შორისაც. საყურადღებოა, რომ ოსურ ენაში ჩოხა-ახალუხის აღმნიშვნელი ტერმინიც ქართულიდანაა შესული - цухъхъа.[41]
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების სამოსი მონოგრაფიულად შეისწავლა ე. სტუდენეცკაიამ, ეომლის წიგნიდანაც მხოლოდ იმ პასაჟებს და იმ დასკვნებს მოვიყვანთ, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო საკითხს ეხებიან. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ჩოხა-ახალუხის/ჩერქეზკის ზედა ნაწილი ტანზე მჭიდროდ იყო მომჯდარი და წელს ქვემოთ სილუეტი თანდათანობით ფართოვდებოდა. „ჩერქეზკას” საყელოს გარეშე კერავდნენ. ის მკერდის არეში გულამოჭრილი იყო, რომლის ორივე მხარეზე სამასრეები ჰქონდა მიკერებული. ხაზგასმულია, რომ XVIII საუკუნეშეი ჩერქეზული სამოსი ძალიან განსხვავდებოდა ზემოთაღწერილისაგან. იმდროინდელი სურათების მიხედვით ე. წ. „ჩერქეზკა” (რომელსაც მაშინ ეს სახელი არ ერქვა და ვერც ერქმეოდა!) უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა და ზოგჯერ ტომარისებური ტანსაცმლის სახის იყო. მისი სიგრძე მუხლებამდე ან თეძოს ნახევრამდე ჩამოდიოდა. მკერდიც ძალიან ამოჭრილი არ იყო, როგორც გვიანდელ, XIX საუკუნის „ჩერქეზკებს” ჰქონდა. მკერდზე მიკერებული სამასრეები თავდაპირველად არ ჰქონდა, ისინი საკმაოდ გვიან ცეცხლსასროლი იარაღის ფართოდ გავრცელების შემდეგ გაჩნდა. თავდაპირველად მასრებს ატარებდნენ ტყავის ჩანთებით, რომელიც მხარზე ან ქამარზე ჰქონდათ მიმაგრებული. ასეთი მხარზე სატარებელი სამასრეები ჩანს XVIII საუკუნის სურათზეს.[42] ე. სტუდენეცკაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ აღწერილ სამოსს ის მხოლოდ პირობითად უწოდებს „ჩერქეზკას”. ისიც ხაზგასმულია, რომ ოსეთის სოფელ დარგავსის და ბალყარეთის მიწისზედა აკლდამებში ნაპოვნ “ჩერქეზკებს” სამასრეები არ ჰქონდა. ასეთი სამოსი, რომელსაც სამუშაო სამოსად მიიჩნევენ და განასხვავებდნენ სადღესასწაულოსაგან, გვხდებოდა XX საუკუნის დასაწყისამდე.[43] ამ ავტორისმიერი დასკვნა ასე ჟღერს: «Все выше сказанное о верхней одежде XVIII в. позволяет заключить, что она настолько отличается от более поздних форм, что возникает вопрос о закономерности названия этой одежды черкеской... Наиболее бросающейся в глаза особенностью черкески были газырницы, размещавшиеся на обеих сторонах груди. Появление их относится к сравнительно недавнему времени. Кожаные газырницы во второй половине XIX в. были полностью вытеснены из той же ткани, что и сама черкеска» [ამ სახის ზედა სამოსის XVIII საუკუნეში გამოყენებული ფორმების შესახებ შეიძლება ითქვას - იგი იმდენად განსხვავდება გვიანდელი ფორმებისაგან, რომ ეჭვქვეშ დგება მისი „ჩერქეზკად” წოდების საკითხი... განსაკუთრებულად განსხვავებულია მკერდის ორივე მხარეს განლაგებული სამასრე, რომელიც არც თუ დიდი ხანია რაც გაჩნდა. მანამდე გავრცელებული ტყავის სამასრე, XIX საუკუნის II ნახევარში ჩაანაცვლა იმავე ნაჭრის სამასრემ, რითაც შეკერილი იყო „ჩერქეზკა”].[44]
ფრიად მნიშნელოვანია აგრეთვე მონოგრაფიაში თავმოყრილი მასალა ადიღელთა ქვედა სამოსის - შარვალის შესახებ. XVI საუკუნის ავტორის ჯორჯიო ინტერიანოს აღწერით ისინი უხეში ტილოს ფართო შარვლებს ატარებდნენ. ჟან-ბატისტ ტავერნიეც (XVII საუკუნე) მათ უკიდურესად სიფართოვეზე მიუთითებდა. XIX საუკუნის პირველი ნახევრის ავტპრების - ტები დე მარანი, იოჰან ბლარამბერგი, ფრედერიკ დიუბია დე მონპერე, ჯორჯ ლონგვარტი - აღნიშვნით, შარვალი ზემო ნაწილში ფართო და ქვედა ნაწილში დავიწროებული იყო.[45] ამ მასალებიდან ცხადია, რომ ფართო შარვალი და მამაკაცის კაბა ერთმანეთთან შეუთავსებული იყო. ჩოხა-ახალუხი შარვალის ჩაცმას არ მოითხოვდა - ეს ნათლად დასტურდება ზემოთ მოტანილი აღწერილობებიდან. თუმცა XIX საუკუნის ფოტოებზე ჩანს, რომ ჩოხა-ახალუხის/ჩერქეზკის ქვეშ მამაკაცებს აცვიათ, როგორც წვივებზე შემოტმასნილი შარვალი, ისე მხოლოდ წინდები. წინდების ჩაცმა ჩოხის ქვეშ კი საქართველოდან უნდა ყოფილიყო გავრცელებული. XVIII საუკუნით და XIX საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ერთ-ერთ სურათზე კი, რომელზედაც ორი ჩერქეზია გამოსახული, მხოლოდ ერთს აცვია კაბის მაგვარი სამოსი (უფრო ლაბადა), რომლის სიგრძე ბარძაყის მხოლოდ ნახევარს ფარავდა. მის კაბაზე არც სამასრეებია მიკერებული და არც საგულე აქვს მას ამოჭრილი. მეორე მათგანი კაბის გარეშეა და მას როგორც ქვედატანზე, ისე ზედატანზე ძალიან მჭიდროდ შემოტმასნილი სამოსი აცვია. კაბიან (უფრო ლაბადიან) მამაკაცსაც კაბის ქვეშ ანალოგიური სამოსი აცვია, რომელიც ტანზე მჭიდროდ მომჯდარ თანამედროვე სპორტულ ფორმას - კომბინაზონს - უფრო წააგავს. თავზე ჩაფხუტის/მუზარადის ანალოგიური ახურავთ (სურათი 2).[46] მათ შეიარაღებაში თოფი არა აქვთ. მხოლოდ მშვილდ-ისრით მოხრილი ხმალი, საბრძოლო ხელკეტითა და კაპანჯით (საისრეთი) არიან შეიარაღბული. 1840-იანი წლების ჩერქეზის სურათზე ტიპიური ჩოხა-ახალუხი/„ჩერქეზკაა” მოცემული, რომელსაც ამოჭრილი საგულე გააჩნია და შიგნიდან ახალუხიც კარგად ჩანს.
როგორც ვხედავთ, ე.წ. საერთო კავკასიური სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხისა და ჩრდილოეთ კავკასიაში „ჩერქეზკის” სახელითაა ცნობილი (უფრო სწორად ასე რუსთა მიერაა სახელდებული), თავისი კლასიკური ფორმით ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელებსა და სხვა კავკასიელ მთიელებში საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა, სამოსს კი „ჩერქეზკა” იმიტომ ეწოდება, რომ ეს ე. წ. საერთო კავლასური სამოსი პირველად რუსებმა ჩერქეზების ტანზე ნახეს (სავარაუდოდ XIX საუკუნეში: ვ. დალის ლექსიკონი ასეთ ლექსიკურ ერთეულს არ იცნობს). ე. სტუდენეცკაიას ამის შესახებ შენიშნული აქვს: «Название «черкеска» было дано этой одежде русскими, которые впервые увидели ее на черкесах» [სახელწოდება „ჩერქეზკა” ამ სახის სამოსს რუსებმა შეარქვეს, რომელთაც იგი პირველად სწორედ ჩერქეზებზე შენიშნეს].[47]
ჩერქეზების სამოსის შესახებ მოსაზრებები აქვს გამოთქმული რუს კავკასიოლოგ ეთნოლოგს ლ. ლავროვსაც. ის აღნიშნავდა, რომ ადიღელებს XIII-XV საუკუნეებში არ ჰქონდათ „ჩერქეზკა”, რომელიც XIX-XX საუკუნეებში მთიელთა ნაციონალურ კოსტიუმად იქცა: «Судя по всему, XIII-XV вв. у адыгов не было ни черкески, ни того верхнего парадного женского платья («сай»), которое в XIX-XX вв. стало главным элементом национального костюма горянок...».
«Появление черкески, папахи, башлика, низкой войлочной шляпы с большими полями и других мужских и женских головных уборов в быту адыгов надо отнести к более позднему времени. В свете этих замечаний нельзя согласиться с авторами опубликованного «плана-конспекта» по истории Кабарды, которые в категорической форме заявляют, будто в XIV-XV вв. имело место «окончательное оформление типа костюма, ставшего общекавказским...».
«Одежда, по словам Масуди, изготавливалась из домотканного полотна. Мужщины носили, как это видно на рельефе каменного памятника так называемого Дука-бека, обнаруженного в районе Этоко, обтягивающую талию стеганую куртку или короткую рубаху со стоячим воротником и застежками на груди, перетянутую поясом. Эта одежда, напоминающая более поздние бешметы, бытовала у кабардинцев и балкарцев и XV в. ...».
«Интериано сообщает о «халате с широкими рукавами из холста». Адыгский халат XIII-XV вв. не похож на черкеску и сай (женское платье адыгских женшин в XIX в.). От них он отличается отсутствием талии, системы клиньев в нижней задней части и широкого выреза на груди...».
«Как видно из приведенных материалов, в XIV-XV вв. уже существовали прототипы таких позднейших видов кабардинского костюма, как бешмет, бурка, ноговицы и чувяки. Что касается пояса, то он напоминает нынешний лишь формой металлического набора. Черкеска, папаха, башлык, низкая войлочная шляпа с большими полями XIX в. не имеют прототипов среде известных фрагментов адыгской одежды XIV-XV вв. Появление их в быту кабардинцев относится к более позднему периоду» [როგორც ჩანს, XIII-XIV საუკუნეებში ადიღელებს არ ჰქონდათ არც „ჩერქეზკა”, არც ქალის სადღესასწაულო სამოსი „საი”, რომელიც XIX-XX საუკუნეებში მთიელი ქალების ეროვნული საოსის მთავარ ელემენტად იქცა...
ადიღელთა ყოფა-ცხოვრებაში „ჩერქეზკის”, ბოხოხის (ფაფახის), ყაბალახის და განიერ-ფარფლიანი დაბალი ნაბდის ქუდის და მამაკაცისა და ქალის სხვა თავსაბურავების გაჩენა უნდა ვივარაუდეთ გაცილებით გვიან პერიოდში. ამ შენიშვნის გათვალისწინებით ვერ დავეთანხმენბით ყაბარდოს ისტორიის „გეგმა-კონსპექტის” ავტორებს, რომლებიც კატეგორიულად აცხადებენ, რომ XIV-XV საუკუნეებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა სამოსის ეს ფორმა, რომელიც მალევე საერთოკავკასიური გახდა...
მასუდის განმარტებით, სამოსი იკერებოდა სახლში დართული ნაჭრიდან. ეტოკოს მიდამოებში აღმოჩენილი დუკა-ბეკის რელიეფულ გამოსახულებაზე კარგად ჩანს, რომ მამაკაცები ატარებენ წელზე მომდგარ მოგვირისტებულ ქურთუკს ან მოკლე მდგარ-საყელიან და მკერდზე ღილოკავებიან პერანგს, რომელზედახ შემორტყმული აქვთ ქამარი.[48]
ინტეროანო გვაწვდის ცნობას განიერ-სახელოაბიანი ტილოს ხალათის შესახებ. XIII-XV საუკუნეების ადიღური ხალათი არ ჰგავს არც „ჩერქეზკას” და არც „სია”-ს. მათგან იმით განსხვავდება, რომ წელში არ არის გამოყვანილი, ქვემო ნაწილში არ აქვთ კალთები, ხოლო მკერდზე ფართოდ ამოჭრილი...
განხილული მასალიდან კარგად ჩანს, რომ XIV-XV საუკუნეებში უკვე არსებობდა ყაბარდოული სამოსის გვიანდელი დორმების პროტოტიპები: ბეშმეტი (бешмет), ნაბადი, პაჭიჭები/წვივსაცმელები (ноговицы), და წაღები. რაც შეეხება ქამარს, იგი დღევანდელს მხოლოდ ლითონის ნაწილების ფორმებით წააგავს. XIX საუკუნეში გავრცელებული „ჩერქეზკას”, ბოხოხს (ფაფახს), ყაბალახს, თექის დაბალიფართო-ფარფლიანი ქუდის XIV-XV საუკუნეებში ცნობილ ადიღურ სამოსის ფორმებში ანალოგი არ მოეპოვება. ყაბარდოელ ყოფაში ისინი გაცილები გვიან გავრცელდა].[49]
უშუალოდ წყაროებსაც შეიძლება მივმართოთ. XV საუკუნის იტალიელი ავტორი იოან დე გალონიფონტიბუსი ჩერქეზების ჩაცმულობის შესახევ წერდა, რომ მათი მამაკაცები, წარჩინებულების გამოკლებით, საერთოდ ძლივს იფარავენ თავიანთ სიშიშველეს რაიმე ტანსაცმლით.[50] გენუელი ჯორჯო ინტერიანო (XV-XVI საუკუნე) წერდა, რომ ჩერქეზები ლაბადის (ნაბდის - ?) ქვეშ ატარებდნენ აბრეშუმის ან ტილოსაგან შეკერილ ე. წ. ტერილიჩს, რომლის განიერი ნაკეცები იმგვარად იყო წელს ქვემოთ შექუჩებული, ისევე როგორც რომაელებს აცვიათ. ... ატარებდნენ განიერ სახელოვან ხალატსა და განიერ შარვალს.[51] XVII საუკუნის ჰოლანდიელი ავტორი იან სტრეისიც საუბრობდა ჩერქეზების სამოსის შესახებ. ზამთარში აცვიათ ქურქი, ზაფხულში კი მხოლოდ ერთი პერანგის ამარა დადიოენენ, რომელიც ჭიპამდე ჩახსნილი ჰქონდათ. ხოლო ისინი კი ვინც უბრალო ხალხისაგან თავის თავს გამოარჩევდა, იმოსებოდნენ ვიწრო შარვლებით. შარვლის სიგრძე ან ნაკუთალამდე ან კოჭამდე აღწევდა. ზედატანზე იცვამდნენ ტანზე შემოტმაცნილ უსახელო ორ სამოსს [«Зимой они носят шубы, а летом ходят в одних рубахах _ желтых, красных, синих или зеленых, открытых до пупка, и так можно видеть все от шеи до пупка. Те, которые хотят показать, что они не из простого народа, носят узкие штаны, доходящие до икр или до косточки, поверх надевают две одежды без рукавов (как одежда наших детей), плотно обтягивающие тело»].[52]
აშქარაა, რომ არც ერთი და არც მეორე ავტორის მიერ აღწერლი ჩერქეზთა სამოსს არაფერი აქვსთ საერთო ე. წ. „ჩერქეზკასთან” და მის პროტოტიპადაც ვერ ჩაითვლება. არც XVII საუკუნის ფრანგი ჟან ბატისტ ტავერნიეს ჩერქეზების აღწერილ სამოსს აქვს რაიმე საერთო „ჩერქეზკასთან”. ის აღნიშნავს, რომ ორივე სქესის წარმომადგენელთა სამოსი ერთმანეთისაგან არ განსხვავდება; ქალები ისევე იცვამენ, როგორც მამაკაცები, გოგონები ისევე, როგორც ვაჟები. ეს სამოსი შედგება ბამბის ფერადი კაბისაგან და შარვალისაგან, რომელიც ძალიან განიერია. ისინი ატარებენ აგრეთვე პატარა დალიანდაგებულ ქურთუქს, რომელიც თეძომდე წვდებათ.[53]
1772 წელს კავკასიაში ნამყოფი პიტერ გენრი ბუსის თანახმად, ჩერქეზი მამაკაცების სამოსი ისეთივეა, როგორც ნოღაელებისო. მათი ზედა ტანსაცმელი წარმოადენს უხეშ ლაბადას (=ნაბადს?). ზაფხულში კი მათ სამოსს შეადგენდა პერანგი, რომელიც წინიდან იმდენად ჩახსნილი იყო, რომ შეიძლება სხეული ჭიპს ქვემოთ დაინახო.[54]
პირველად „ჩერქეზკის” ანალოგიური სამოსი ჩერქეზებში დადასტურებული აქვს 1793-1794 წლებში პეტერ-სიმონ პალასს: «Мужская одежда легкая, опрятная и скромная, во многих отношениях похожа на татарскую, но более элегантная. Верхняя одежда обычно с маленькими вышитыми карманами на каждой стороне груди, в которые они кладут патроны» [მამაკაცის სამოსი მსუბუქი, მოწესრიგებული და მოკრძალებულია. ძირითადად წააგავს თათრულს, თუმცა უფრო მოხდენილია. ზედა სამოსზე მკერდის ორივე მხარეს, როგორც წესი, მიკერებულია მცირე ზომის ნაქარგი ჯიბეები, რაშიც აწყობენ მასრებს].[55]
ამრიგად, XV საუკუნეების ჩერქეზული სამოსი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს XIX საუკუნის ე. წ. საერთოკავკასიური სამოსის პროტოტიპად. „ჩერქეზკა” არაა ადრინდელი ადიღეური სამოსის განვითარების შედეგად მიღებული და მისი სახელწოდებაც მხოლოდ სატყუარაა, რომელსაც ბევრი მკვლევარი შეცდომაში შეჰყავს და „ჩერქეზკას” ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელების შემოქმედებად, მათი კულტურის ელემენტად აცხადებენ და იმასაც აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ კავკასიის ხალხებში ის ადიღეელთაგან გავრცელდა. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ ვ. გუდაკოვი, რომელიც წერს: «Мужская одежда адыгов была распространена по всему Северному Кавказу и даже в Закавказье» [მამაკაცის ადიღური სამოსი გავრცელებული იყო მთელ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაშიც კი].[56] ასევე შეიძლება მოვიტანოთ კიდევ ერთი ციტატა: «Наряду с традиционным костюмом весьма популярной в Кахети и Картли была северокавказская черкеска из белого или желтого сукна с газырницами на груди» [ქართლსა და კახეთში საკმაოდ პოპულარული ტრადიციული სამოსის პარალელურად გავრცელებული იყო მკერდზე სამასრეებიანი თეთრი ან ყვითელი ქსოვილისგან შეკერილი ჩრდილოკავკასიური „ჩერქეზკა”].[57]
ვ. გუდაკოვი როდესაც კაზაკების მიერ „ჩერქეზკის” სესხებაზე საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ: «Началось постепенное заимствование того типа одежды, который был выработан Западным Кавказом в течение если не тысячилетий, то веков»
[დაიწყო იმ ტიპის ტანსაცმლის გავრცელება, რომელიც ათასწლეულების თუ არა საუკუნეთა განმავლობაში მაინც იყო შემუშავებული დასავლეთ კავკასიაში].[58]
ეს და სხვა ავტორები უფრო შორსაც მიდიან და ადიღეური სამოსის მსგავსებას სკვითურ და კაზაკების სამოსთან ნახულობენ.
ეს თუ მართლაც ასე იყო, ოსურ, ჩაჩნურსა და ინგუშურ ენებში „ჩერკესკის” აღნიშვნელი ტერმინები ქართულიდან რატომ არის შესული.
ე. სტუდენეცკაია აღნიშნავს: «Другая группа народов - осетины, чеченцы, ингуши называют черкеску терминами, которые являются вариантами названия чоха, чуха, распространенными в Закавказье, в том числе и в Грузии. Черкеска по-осетински цухъхъа, по-чеченски чоа, по-ингушски чохкий. Видимо, эти названия занесены из Грузии» [სახვა ხალხები – ოსები, ჩეჩნები, ინგუშები ჩერქეზკას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში გავრცელებული ტერმინების ჩოხა/ჩუხა-ს ვარიანტებით მოიხსენიებენ. ოსურად – цухъхъа, ჩეჩნურად – ჩუა, ინგუშურად – ჩოხკიი. როგორც ჩანს, ეს ტერმინი ნასესხებია საქართველოდან].[59]
რანაირად და როგორ შეიძლება, რომ ტერმინები ქართული ენიდან შეეთვისებინათ ოსებს, ინგუშებსა და ჩაჩნებს და სამოსი - ჩერქეზებისაგან? რა თქმა უნდა, სამოსის საქართველოდან გავრცელებასთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიის დასახელებულ ხალხებში ტერმინიც, შესაბამისად, ქართული ენიდან შევიდა. თუმცა დასახელებული ავტორი ოსებში, ჩაჩნებსა და ინგუშებში ჩოხა-ახალუხის/„ჩერქეზკას” დაჟინებით მაინც ადიღეელთაგან შეთვისებაზე საუბრობს.
ამასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ ქართულ სხვადასხვა სახეობის ჩოხა-ახალუხსა და ჩერქეზულ-ადიღეურ-ყაბარდოულ მამაკაცის სამოსს შორის არც ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება იყო და მეორე - მისსავე წიგნში მოყვანილი ოსების, ინგუშებისა და ჩაჩნების სურათები, რომლებზედაც ჩოხოსანი მამაკაცები არიან გამოსახული, არსებითად არაფრით განირჩევა მამაკაცის ქართული კაბისაგან/ჩოხისაგან. მაგალითად, 1790 წლის ერთერთი ნახატის მიხედვით ინგუშების ჩოხა ქართული ჩოხისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ის ზედატანზე მჭიდროდ მორგებული არაა და მკერდთან მხოლოდ ოთხ-ოთხი სამასრე აქვთ მიკერებული. ჩოხის შიგნით ინგუშებსაც ახალუხი აცვიათ.[60]
ჩოხა-ახალუხი/„ჩერქეზკა” მამაკაცის ქართული სამოსის/კაბის/ჩოხის განვითარების შედეგად რომაა ჩამოყალიბებული ეს კარგად ჩანს შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ფრესკებიდან, რომლებზედაც ამა თუ იმ ტაძრის ქტიტორები არიან გამოხატულნი და, ბუნებრივია, ეს მაშენებელნი საერო პირები და თანაც ზედაფენის წარმომადგენლები იყვნენ. ცნობილია, რომ საქართველოში ჩოხა-ახალუხი თავდაპირველად მხოლოდ ფეოდალური ზედაფენის სამოსი იყო. სამართლიანადაა შენიშნული, რომ წელში გამოყვანილი მოკლე კაბა (ჩოხაც სწორედ წელში გამოყვანილი კაბაა! _ რ. თ.) ქართველ უფლისწულთა და დიდებულთა ტრადიციულ, სადღესასწაულო სამხედრო შესამოსელს წარმოადგენდა.[61] მამაკაცი ასეთი წელში გამოყვანილი მოკლე კაბით, რომელიც წვივებამდე წვდება, გამოხატულია სვანეთში იენაშის ეკლესიის კედელზე. ის XIII-XIV საუკუნეების მიჯნით თარიღდება. მეცნიერთა წრეში საყოველთაოდ ცნობილია იმავე სვანეთში ლაღამის ეკლესიის ფრესკა, რომელიც შესანიშნავადაა ჩვენამდე მოღწეული და რომელზედაც გამოხატულია ქტიტორი, ადგილობრივი ფეოდალი შალვა ქირქიშლიანი (იხ. სურათი 1). ის ტრადიციული ქართული მამაკაცის კაბითაა შემოსილი. გრძელი კაბა ქტიტორს წვდება თითქმის კოჭებამდე (კოჭებს ზემოთ დაახლოებით 15 სანტიმეტრზე), ჩახსნილია და წელში გამოყვანილი. ზედატანი ტანზე მჭიდროდაა მორგებული და, რაც მთავარია, ისევე როგორც ჩოხას, მასაც გულისპირი ამოჭრილი აქვს და წელს ზედა ნაწილი ღილკილოებით აქვს შეკრული. კაბის შიგნით, ისევე როგორც გვიანი შუა საუკუნეების ჩოხის შიგნით, გრძელსახელოებიანი პერანგი/ახალუხი აცვია, რომელსაც ახალუხისაგან ის განასხვავებს, რომ ფეხზე მდგომი საყელო არა აქვს მიკერებული (კაბაა საყელოანი). წელზე, ისევე როგორც ჩოხის მმოსავთ, შალვა ქირქიშლიანს გრძელი და სწორი ხმალი აქვს შემორტყმული. წარწერის თანახმად, მესტიის თემის სოფელ ლაღამის მაცხოვრის ეკლესია, რომელშიც შალვა ქირქიშლიანის პორტრეტული გამოსახულებაა, XIV საუკუნეშია აგებული და მოხატული. ლაღამის ფრესკაზე გამოსახული ქირქიშლიანის ფრესკა ფაქტობრივად პირველი სამოსია, რომელზედაც მამაკაცის კაბა ჩახსნილია და მისი ზედა ნაწილი ღილკილოებითაა შეკრული. თუ ვახუშტის ზემომოყვანილ სიტყვებსაც გავიხსენებთ, რომ ერთმეფობისას „კაბა გრძელი კოჭამდე უღილოდ” იყო გავრცელებული, გამოდის, რომ სვანი ფეოდალის კაბა პირველი ჩახსნილი კაბაა, იგი ჩოხა-ახალუხის აშკარა პროტოტიპია (კაბის ქვეშ ქირქიშლიანს იმავე სიგრძის მოწითალო შიდა სამოსი - ახალუხი აცვია).
საინტერესოა ქოლაგირის მთავარი ტაძრის ფრესკებიც: ყველა გამოსახულება კაბითაა შემოსილი, რომელთაგან ზოგიერთი გრძელი და ზოგიერთი მოკლე, მუხლებამდე მწვდომია. `შესამოსელის ამ სახეობას საქართველოში შუა საუკუნეების მთელს სიგრძეზე ვხვდებით. ... პორტრეტთა რიგში ყველა კაბა ერთი სახისაა - წელში გამოყვანილი, გვერდზე ჩახსნილი და საოლველით შემკული... ამ სახის შესამოსელის მაგალითები დღეს უკვე მრავლადაა ცნობილი ქართული კედლის მხატვრობის XI-XVI საუკუნეების ძეგლებში”.[62] ასეთივე კაბებით არიან შემოსილნი XIV საუკუნის დასაწყისის საფარის წმიდა საბას მონასტრის ქტიტორებიც.[63]
ყველა ეს ფრესკა მკვლევარის მიერ XI-XIII საუკუნეებითაა დათარიღებული. ყველა ამ კაბას საერთო აქვს გვიანდელი პერიოდის ზედაფენის სამოსთან - ჩოხა-ახალუხთან (სიგრძე, წელში გამოყვანილი, ზედა ტანი ტანზე მომჯდარი). განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ შემთხვევაში მამაკაცის ეს კაბები გვერდიდანაა ჩახსნილი. კაბებში არიან გამოწყობილი სორის ეკლესიის ფრესკებზე წარმოდგენილი ქტიტორებიც. მათ მოსავთ „ქართველ დიდებულთა ტრადიციული სამოსი - წელში გამოყვანილი, მოკლესახელოებიანი კაბა და გრძელი, ვიწროსახელოებიანი შიდა პერანგი, ე. წ. ფესუედი სამოსი”[64]. სორის ფრესკები XIV-XV საუკუნეებითაა დათარიღებული. კაბები წინიდან ჩახსნილი არაა, ისინი მუხლებს ოდნავ ქვემოთაა ჩამოშვებული და, როგორც აღინიშნა, წელში გამოყვანილია. სორის ეკლესიაზე გვიანდელი ხანის (XVI-XVIII საუკუნეების) პორტრეტული გამოსახულებებიცაა. გვიანდელი ფიგურების კაბები უკვე წინიდანაა ჩახსნილი, კაბა წელში დავიწროებულია, გულისპირი ღრმადა აქვს ამოჭრილი, სამკუთხედად ამოჭრილი გულისპირის შიგნით შიდა სამოსი ანუ ახალუხი მოუჩანთ.[65] რადგან რაჭის ძეგლებს შევეხეთ, უნდა აღინიშნოს, რომ აქ კაბით შემოსილი მამაკაცის სხვა ფრესკებიც გვხვდება. მაგალითად, შეიძლება დასახელდეს ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის ფრესკა. ფრესკაზე ჩრდილოეთის კედლის მეორე რიგში საკურთხეველთან ახლოს დახატულნი არიან დიდებულები, რომლებსაც მუხლს ქვემოთ ოდნავ ჩამოშვებული კაბები მოსავთ. კაბები წელში გამოყვანილია.[66] სოფელ ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ კედელზე ხუთი საერო პირია წარმოდგენილი (სამი ქალი და ორი მამაკაცი). XVI საუკუნის ამ ფრესკაზე ორივე მამაკაცი კაბაშია გამოწყობილი. სამოსს მხოლოდ მასრები აკლია, დანარჩენით ის არაფრით განსხვავდება ჩოხისაგან: კაბები წელში გამოყვანილია, ზედა მონაკვეთში ჩახსნილი და ღილკილოებით შეკრული. წელსზედა ნაწილი ტანზე მჭიდროდაა მომდგარი. საერო პირებს წელზე სარტყელი აქვთ შემორტყმული.[67] ამავე ეკლესიის კედელზე ზაზა ლასხიშვილისა და მისი მეუღლის კეკლუცას ფრესკაცაა. მამაკაცის ჩოხა მთლიანად ჩახსნილია, წელში გამოყვანილია და შიგნიდან ახალუხი აცვია, წელზე სარტყელი აქვს შემორტყმული.[68]
ქართული კოსტუმის ნიმუშების შესწავლა VI-VII საუკუნეებიდან ხერხდება. ამის საშუალებას პირველ ყოვლისა ჯვრის დიდი ტაძრის ქტიტორთა გამოსახულებები იძლევა. ქტიტორთა „კაბა წელში დავიწროებული, გრძელ და ვიწროსახელოებიანი, ქობისაკენ გაგანიერებულია, ქობა რკალისებურადაა შეჭრილი”[69]. ადრე შუა საუკუნეებს ეკუთვნის დავათის ქვასვეტი (ზოგიერთი მკვლევარი მას IV საუკუნის II ნახევრით ათარიღებს), რომლის ქვედა კომპოზიციაში გამოსახულია დიდებულთა სამოსში _ კაბაში გამოწყიბილი თავადხურული მამაკაცის ორი ფიგურა.[70] გრძელი კაბა აცვია ტბეთის დასავლეთის ფასადზე გამოსახულ აშოტ კუხსაც (X საუკუნე). მისი კაბაც ბოლომდე ჩახსნილია.[71] მეცნიერთათვის საყოველთაოდ ცნობილია მთიულეთის ხადის ხეობის სოფელ ქოროღოს ეკლესიის (მკვლევართა ერთი ნაწილი მას VIII-X საუკუნეებით, მეორე ნაწილი X-XI საუკუნეებით ათარიღებს) რელიეფები. ეკლესიის ფასადის ფრიზებზე აღბეჭდილი არიან მამაკაცები, როგორც ქტიტორები, ისე მშენებლები. აშკარაა, რომ ქტიტორებსაც და მშენებლებსაც წელში გამოყვანილი კაბები აცვიათ. მშენებელთა კაბები უფრო მოკლეა - ის მუხლებამდე წვდებათ, ხოლო ქტიტორებისა კოჭებამდე გრძელია. ლ. თავაძეს აზრით: „ღვთისმშობლისა და ქრისტეს მარჯვენა მხარეს მესამე სართულზე გამოსახულია უწვერო მამაკაცი. ჩაცმულობიდან გამომდინარე, ის დაბალი სოციალური სტატუსის მატარებელია, ხოლო სამოსი უბრალო ჩოხას წარმოადგენს - მისი ტანისამოსი ანალოგია სხვა მომუშავე პირების ჩაცმულობისა”.[72] ისევ რელიეფს უნდა შევეხოთ: 1957 წელს ეთნოლოგ ნ. რეხვიაშვილს ბოლნისის ახლო ნასოფლარიდან ჩამოუტანია გადატეხილი ქვასვეტი, რომლის ქვედა ნაწილზე მამაკაცის რელეფური გამოსახულებაა. „ქვასვეტზე გამოხატულ მამაკაცს აცვია მხედრული კაბა, რომელიც წინ გახსნილია და მორკალული კალთა მუხლქვემოთ სცემს. ის მკერდზე ამოჭრილია ჩოხის მსგავსად, კისერთან მრგვლად ამოჭრილი პერანგი მოჩანს. კაცს წელზე ქამარი არტყია, რომლიდანაც ჩამოსულ, სხვადასხვა სიგრძის ორ ზონარზე ქარქაშიანი სატევარია ჩამოკიდებული. მარჯვენა მხარეზე მოსასხამის ნაწილია დამაგრებული, რომელიც, ზურგს უკან გადადის...”[73] შუა საუკუნეების ამ რელიეფურ გამოსახულებაზე, რა თქმა უნდა, გვიანდელი თითქმის ჩოხის თარგთან გვაქვს საქმე. ჩვენამდე მოღწეულ V-VIII საუკუნეების სტელებზე გამოსახულ ყველა რელიეფური ქანდაკების მიხედვით, იმდროინდელი მამაკაცების აბსოლიტური უმრავლესობა კაბებით იყო შემოსილი.[74]
XI-XIII საუკუნეებში მრავლადაა წარმოდგენილი წელში დავიწროებული, მოკლე და ბოლოგანიერი კაბები.[75] ნ. ჩოფიკაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სორის ქტიტორისა და ლაღამის მაცხოვრის ეკლესიაზე მოთავსებულ ქირქიშლიანის გამოსახულებებს. სორის ქტიტორის კაბას გულისპირთან სამკუთხედად ჩაჭრილი აქვს. ისევე როგორც ჩოხოსანს მასაც შიგნიდან შიდა სამოსი აცვია. „ზედა სამოსის მოკლე სახელოების ქვეშიდან მეორე, გრძელი და ვიწროსახელოებიანი წითელი ფერისა უჩანს”.[76] მისივე აღნიშვნით, სორის ქტიტორთა ძირითადი თარგი XIII-XIV საუკუნეებში საქართველოში გავრცელებული სამოსისას იმეორებს, იმ განსხვავებით, რომ ჩაქშეჭრილი წელშიც ისე მკვეთრად დავიწროებული არაა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე გავრცელებული კაბებისაგან შალვა ქირქიშლიანის კაბა მთელი რიგი ნიშნებით განსხვავდება; ქირქიშლიანის კაბა გარდამავალი საფეხურია აქამდე გავრცელებულ კაბებსა და უკვე გვიან - XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან გავრცელებულ ჩოხას შორის. ისევე როგორც ჩოხას, მასაც შეჭრილი ჩაქები გააჩნია. ასეთი შეჭრილჩაქიანი კაბები კი საქართველოში XI საუკუნიდან გვხვდება.[77] გ. ჩიტაია სამართლიანად მიიჩნევდა, რომ შეჭრილი ჩაქი სამოსს მხედრულ დანიშნულებას ანიჭებს.[78] ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ მამაკაცის სამოსზე (კაბა/ჩოხა) ჩაქების შეჭრა არა მხოლოდ მეომარს, არამედ მიწისმომქმედსაც სჭირდებოდა.
როგორც ირკვევა, ლაღამის ეკლესიაზე გამოსახულ მამაკაცის კაბასთან ბევრი რამ აქვს საერთო დმანისის ბარელიეფს: „კაბებიც მათ, საერთო შთაბეჭდილებით, ერთნაირი აცვიათ: საყელო-ამოჭრილი და გადაკეცილი, წინ შეკრული (მარცხენა ფიგურას კარგად ეტყობა ღილები სარტყლამდე), წელში ვიწრო, რკალად ამოჭრილი კალთით; კაბა მოკლეა, მხოლოდ მუხლებამდე ჩამოდის და მის ქვეშ ჩანს ისევე ამოჭრილი დაჭრელებული პერანგის არშია (ეს დეტალები უკეთ ჩანს მარცხენა ფიგურაზე). ორივეს წელზე სარტყელი აკრავს. ... მარჯვენა ფიგურას მარცხენა ხელის სახელო თითქოს ყურთმაჯიანი აქვს, მარჯვენა ხელზე კი სახელო ნორმალურია”.[79]
შალვა ქირქიშლიანის კაბასთან/ჩოხასთან ძალიან დიდი მსგავსება აქვს ქართლის სოფელ ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის (XV საუკუნის I ნახევარი) აღმაშენებელ ქუცნას ფრესკას. ქუცნას კაბაც წინიდან ჩახსნილია და წელში გამოყვანილი. ქირქიშლიანის კაბასავით, ქუცნას კაბასაც ფიგურები ამშვენებს. ქტიტორს შემორტყმული აქვს განიერი სარტყელიც. კაბის შიგნით ახალუხი აცვია. ქირქიშლიანის ჩოხისაგან ქუცნას კაბა მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მას საყელო არა აქვს.[80] ამრიგად, XVIII-XIX საუკუნეების ჩოხის თარგი XIV-XV საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებული იყო.
1628-1654 წლებში დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა იტალიელი მისიონერი დონ კრისტოფორო დე კასტელი, რომელმაც იმდროინდელი მამაკაცების ნახატები მნიშვნელოვანი რაოდენობით დაგვიტოვა. XVII საუკუნის პირველ ნახევარში ქართველ მამაკაცებს ძირითადად მუხლებამდე კაბა ეცვათ. კაბების უმეტესობა წელში გამოყვანილია და ზედა ნაწილი ღილკილოებით არის შეკრული.[81] ასე რომ, XVII საუკუნეში ჩოხა-ახალუხი თავისი სამასრეებით ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. ის მხოლდ XVIII საუკუნეში ფორმირდა. „1670 წლიდან კი, საზოგადოების ყველა ფენაში, ეროვნული ჩაცმულობა დამკვიდრდა საბოლოოდ. იმ ნახატზე, სადაც მოცემულია მაღალაძიანთ ოჯახი (1670 წ.) მოჩანს: ახალუხი, ქულაჯა, გრძელ სახელოიანი ჩოხა, კრავის ფაფახი, ვერცხლის ქამარი და სხვ.”[82] მაღალაანთ ფრესკის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებაც მიუთითებდნენ: „აღმაშენებელთა ეს სურათი, როგორც პ. იოსელიანმა აღნიშნა, საინტერესოა არა მარტო სამხატვრო, არამედ აგრეთვე ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც, ვინაიდან შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლიან აღვადგინოთ იმ დროინდელი, ე. ი. მე-XVII-ე საუკუნის, ჩვეულებანი ტანსაცმლის მხრით”.[83] აღნიშნულ ფრესკაზე დაკვირვება იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ XVII საუკუნის 70-იან წლებში ჯერ კიდევ არ იყო ჩოხა საბოლოო სახისა - მას სამასრეები არაა აქვს (ყოველ შემთხვევაში ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ), თუმცა თარგი მთლიანად უკვე შემდეგდროინდელი ჩოხის თარგია. ფრესკაზე წარმოდგენილ ერთი ოჯახის წევრებს სხვადასხვა ფერის ჩოხა აცვია. მათი სიგრძე კოჭებს ზემოთ დაახლოებით 15 სანტიმეტრზე ზემოთაა. არც ერთ მამაკაცს შარვალი არ აცვია. ისიც საყურადღენოა, რომ მაღალაძეების ოჯახის ყველა წევრის ფეხსამოსი მაღალქუსლიანი ქოშებია, გარდა სასულიერო პირისა. მამაკაცთა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (ქოშები) საზეიმო, გამოსასვლელი უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთი გარემოების შესახებ: ივ. ციციშვილი ფაფახის შესახებაც[84] საუბრობს. ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ, მაღალაძეების ოჯახის წევრებს უბრალოდ ზამთრის ქუდები ახურავთ. ამ ქუდებს, ერთის გამოკლებით, მხოლოდ შუბლის არეში სარტყლის სახით აქვთ ბეწვი, დანარჩენი დიდი ნაწილი კი ჩვეულებრივი ქსოვილი უნდა იყოს [ჩვენი ვარაუდით, ეს თავსაბურავი შეიძლება იყოს საზამთრო სპარსული ქუდი].
მამაკაცის სამოსის განვითარების შემდეგ ეტაპად უნდა მივიჩნიოთ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მამაკაცის სამოსი - ჩაქურა. ამგვარი თარგი უნდა შემუშავაბულიყო შარვლის დამკვიდრებით, რამაც წელის არეში კაბის/ჩოხის გადაჭრა გამოიწვია და მივიღეთ ფაქტობრივად ახალი სამოსი. ჩაქურას ზედა ნაწილს ქართველები „ჭონიას” უწოდებდნენ, ხოლო ქვედა ნაწილს, შარვალს - „ბუდიანს”. „ბუდიანი” ანუ „ჩაქურა შარვალი” ძალზე განიერუბიანი იყო. იკერებოდა სათავეში გაყრილი ლარით (ხვანჯრით). შეკერვისას შარვლის ზემო ნაწილი მრავალ ნაოჭს იყრიდა. ამ ნაოჭებს ჩაქები ეწოდებოდა. შარვლის ტოტები ზემოთ განიერი, ქვემოთ კი ვიწრო იყო. ზოგიერთ მხარეში (სამეგრელო, სამცხე, ზემო აჭარა) ასეთი თარგის შარვლის ქართული სახელწოდება „ძიგვა”/„ძიქვა” იყო. ჩაქურას ფართოდ გავრცელების მიუხედავად, გურიასა და აჭარაში ზედაფენის წარმომადგენლები ხშირად უპირატესობას ჩვეულებრივ ქართულ ჩოხას ანიჭებდნენ.
ამრიგად, როგორც ირკვევა მოკლე ჩოხა (ჩაქურა, ძიგვა ჩოხა) მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსათვის იყო დამახასიათებელი. გვიან პერიოდში ისინი უკვე კაბით/ჩოხით აღარ იმოსებოდნენ. ამის ირიბი გამოძახილი ისიც უნდა იყოს, რომ მარმარილოს ზღვის რეგიონში მცხოვრები ქართველები (მუჰაჯირად წასულები როგორც აჭარიდან, ისე შავშეთ-კლარჯეთიდან) მათ მეზობლად მცხოვრებ ასევე მუჰაჯირ აფხაზებს „კაბიანებს” უწოდებენ (XIX საუკუნის სურათებზე აფხაზები მხოლოდ ჩოხითა და წვივსაცმელებით/პაიჭებით არიან წარმოდგენილი). ბუნებრივია, ჩაქურიანი ქართველისათვის ცოტა უცნაური იყო მამაკაცი მხოლოდ კაბაში/ჩოხაში შარვლის გარეშე. როდის უნდა მომხდარიყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ანუ „ოსმალოს საქართველოში” ქართული ეროვნული სამოსის ჩოხა-ახალუხის გადაჭრა და ხონჯრიანი შარვლის/ძიგვას/ლაზურაის/ბუდიანის ჩაცმა? ვფიქრობთ, მაჰმადიანობის გავრცელების პარალელურად, ძირითადად XVIII საუკუნეში, უფრო ამ საუკუნის მეორე ნახევრიდან. ასეთი სამოსის პრაქტიკულობის გამო კი ის მეზობელ გურიასა და სამეგრელოშიც ადვილად და სწრაფად გავრცელდა.[85]
ამდენად, არაა გასაზიარებელი მოსაზრება, რომ მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში საქართველოში საეკლესიო არქიტექტურაზე გამოსახულ მამაკაცებს კაბის/ჩოხის ქვეშ შარვალი ეცვათ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მთელი რიგი უძველესი ქართული ეთნოგრაფიული რეალიები ხევსურეთში იყო დაკონსერვებული. ეთნოგრაფიულად ხელმისაწვდომი დროისათვის ხევსურული სამოსელისათვის შარვალი უცნობი იყო. ხევსური მამაკაცის ტანსაცმელში შედიოდა: პერანგი, ნიფხავი, ჩოხა, ქუდი, პაჭიჭები, საწვივეები, წინდები და ქურები.[86] ს. მკალათია მიუთითებდა, რომ მოხუცებს ეხლაც ახსოვთ, რომ ძველად გლეხები დადიოდნენ გრძელი პერანგით... უშარვლოდ.
როგორც ვხედავთ, ყველა მოსაზრების შეჯერებით დასტურდება, რომ საერთოკავკასიური ჩოხა/„ჩერქესკა” საქართველოში და ქართველი ხალხის მიერაა შექმნილი. ქართველთაგან კი ის, კულტურულ-ისტორიული კონტაქტების შედეგად, გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში. მამაკაცის ქართულმა კაბამ/ჩოხამ საბოლოო სახე მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ფართოდ გავრცელდა და მას სამასრეები მიეკერა. სამასრეების მიკერება კი უფრო ადვილად გამოსაყენებელს ხდიდა ცეცხლსასროლ იარაღს. ამავე დროს, სამასრეებმა კიდევ სხვა ფუნქციაც შეიძინა. ასეთი კაბით შემოსილი მამაკაცი უფრო ვაჟკაცურად და წარმოსადეგად გამოიყურებოდა. ასეთ სამოსში ის უფრო მოხდენილი იყო. ე. წ. „ჩერქეზკას” კი უფრო მეტი მსგავსება იმერულ ჩოხასთან (ანუ დასავლურ ქართულ, ტერიტორიულად უფრო მიმდგომ მხარესთან) ჰქონდა, ვიდრე აღმოსავლურ ქართულ ჩოხასთან, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ მამაკაცის აღნიშნული სამოსელი ჩერქეზთა შორის დასავლეთ საქართველოდან (იმერეთიდან) გავრცელდა, უფრო რომ დავაზუსტოთ, ის უშუალოდ აფხაზთაგან შეითვისეს. სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ „...ქართული ტანსაცმლის მრავალფეროვანი სახეების შემადგენელი ცალკეული ელემენტების ბაზაზე - ქართლ-კახეთში ყალიბდება ერთიანი ეროვნული ტანსაცმელი, რომელიც თავდაპირველად მთელ საქართველოს ბარში და შემდეგ ხანებში მთაშიც აღწევს”.[87] გ. ჩიტაიას ეს ლოგიკური დასკვნა, როგორც ჩანს, 1670-იანი წლების მაღალაანთ ფრესკამ გამოატანინა. მაგრამ, მაინც ვფიქრობთ, ამ საკითხს (მხედველობაში გვაქვს ჩოხის თავდაპირველად ქართლ-კახეთში ჩამოყალიბება) დამატებითი არგუმენტაცია სჭირდება. ფაქტი ერთია: „ჩერქეზკად” წოდებული ჩოხა-ახალუხი ქართველთა მიერაა შექმნილი და უძველესი ქართული სამოსელის თანდათანობითი განვითარების გზითაა შექმნილი. მამაკაცის კაბა, რაც მასრებიანი კაბის/ჩოხის პროტოტიპად იქცა, ჩერქეზებისათვის უცნობი იყო. კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ ზემოთ XV-XVI საუკუნეების მიჯნის იტალიელი ავტორის სიტყვებს, რომ ჩერქეზები ატარებდნენ განიერ სახელოებიან ხალათსა და განიერ შარვალს. შარვალი, თანაც განიერი, და კაბა ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. საამისოდ ისევ ჩაქურა/ძიგვა ჩოხა შეიძლება გავიხსენოთ - ხონჯრიანი შარვლის შემოსვლამ და გავრცელებამ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მამაკაცის კაბა/ჩოხა წელში გადაჭრა.
ამდენად არაა გასაზიარებელი ე. სტუდენეცკაიას დასკვნა: «Как видно из вышеизложенных материалов, в мужской одежде народов Северного Кавказа XVIII _ первой половины XIX в. имелось очень много общих черт, истоки которых уходят в более ранние периоды...» [ზემოთ განხილული მასალებიდან ჩანს, რომ XVIII-XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში გავრცელებულ მამაკაცის ტანსაცმლის ფორმებს შორის ბევრია ისეთი საერთო ნიშანი, რომელთა სათავეები გაცილებით ადრინდელ პერიოდებში უნდა ვეძიოთ].[88]
ავტორის მიერ მოხმობილი მონაცემები პირიქითი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა. პროტოტიპი მას ამ გეოგრაფიულ რეგიონში და თანაც წინა საუკუნეებში არ გააჩნია და ის საქართველოდანაა ნასესხები.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენში კაბის აღსანიშნად ტერმინი ჩოხა ადრეული შუასაუკუნეებიდან გამოიყენებოდა. პირველად მას ვხვდებით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”: „და იხილა დედუფალი იგი დიდსა შინა მონაზნობასა, რომელიცა იყო ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისაჲ რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოხაჲ...”.[89] „მატიანე ქართლისაჲ„-ში ვკითხულობთ: “გამოიღო თჳსი ხუასტაკი და ჩაიცუნა ჩოჴანი ლიპარიტ”.[90] სიტყვა ჩოხა ი. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონშიც” არის შეტანილი, რომელიც შესაბამისი ამონაწერებით აქვს შემაგრებული. ერთ-ერთი მათგანი „მამათა ცხოვრებიდანაა” მოყვანილი: „შეჰკერეა ჩოჴაჲ იგი? ... ჰე, მამაო, შევკერე იგი და შევკაზმე”. 1438 წლის ალექსანდრე მეფის ურდოელისადმი წყალობის სიგელში ვკითხულობთ: „...შენ, ურდოელმან და მერმე სულისა საქმე მოიკლე და ჩოჴანი ჩაიცუენ...”[91] ტაშირის ქობერის მონასტრის საფლავის ქვათა ქართულ წარწერებიდან ერთში, რომელიც XIII საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული და რომელიც შანშე და ხუაშაქ მხარგრძელების ეპიტაფიაა, ნახსენებია ჩოხა. რუსთველური შაირით შეთხზულ ლექს-ეპიტაფიაში ვკითხულობთ:
„გამოვედით სოფლისაგან ცუდ-ქმნილნი და გამომკრთალნი,
გულსა ცეცხლნი მომდებიან, ამომდიან პირით ალნი;
დიდთა ჩემთა შუებათაგან დარჩეს ჩოჴის ნაფერთალნი
და კურთხეულ ხარ, ქრისტე ღმერთო, შენ და შენი სამართალნი”[92]
საინტერესოა ასევე იმერეთში გავრცელებული გამოთქმა, რომლის თანახმადაც ივნისს და ოქტომბერ-ნოემბერს „ჩოხადამპალას” უწოდებდნენ, რადგან ამ თვეებში ხშირი წვიმა იცის და ხშირი ნალექი ჩოხოსან ქართველებს ჩოხის კალთებს უსველებდა, „ულპობდა”. „წიფობისთვე რავარა ჩოხდამპალაა ხანდახან, რავა ენდობი სახლის შენების დაწყებას”.[93] ჩოხა იმდენად დიდმნიშვნელოვანი სამოსი იყო საქართველოში, რომ ძველი თბილისელი დარბაისელი, გულმართალი, პატიოსანი და რაინდი მამაკაცები „ყარაჩოღ(ხ)ელებად” ანუ შავჩოხიანებად იწოდებოდნენ. უფრო მეტიც: ჩოხის ნაგლეჯსაც კი ქართულ ენაში თავისი აღმნიშვნელი ტერმინი გააჩნდა - სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, მის ძონძს „ჯინჯოთს” უწოდებდნენ.
მამაკაცის ქართული სამოსის - ჩოხა-ახალუხის - საბოლოო ფორმირება კი უშუალოდ განაპირობა ლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის - თოფის ფართოდ გავრცელებამ. საქართველოში ის XV-XVI საუკუნეებში გავრცელდა. XVI საუკუნის მეორე ნახევარში შიდა ქართლის ციხე-სიმაგრეებს სათოფურები აქვს[94]. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართველთა ლაშქრის 38% თოფებით იყო შეიარაღებული.[95] ანალოგიური ვითარება გვქონდა XVII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლში. „XVII-XVIII საუკუნეებიდან მოყოლებული კაჟიანი თოფი საქართველოშიც მზადდებოდა”.[96] შემორჩენილია ამ პერიოდის საამილახვროს დავთარი. დავთარში მოლაშქრეები აღრიცხული არიან მოლაშქრეობის წესის აღნიშვნით. მაგალითად, სოფელ ღრომში, სადაც ახლა ქართველები აღარ მკვიდრობენ, ყანჩაელის ყმები აღრიცხული არიან შემდეგნაირად: „ბათილაშვილი ბერი თოფით, იჩქითი ტეტია შუბით, იჩქითი მიქელი მშვილდით”.[97]. საამილახვროს მოლაშქრეებიდან 407 გამოდიოდა შუბით, 288 - მშვილდით და 420 - თოფით. ყველაზე მეტი, 37,7% თოფით უნდა გამოსულიყო.[98] თოფი იმდენად ორგანული გახდა ქართველთათვის, რომ ახალ წელსა და ვაჟის გაჩენას თოფის სროლით აღნიშნავდნენ. სამასრეები მხოლოდ სოციალურად დაწინაურებულის კაბას გააჩნია, რიგითის სამოსს ის არ ახლავს (მეომარი შუა საუკუნეების საქართველოში სწორედ თავად-აზნაურობა იყო. რიგითი ჩვეულებრივი ადამიანის - გლეხის საქმიანობას კი მხოლოდ მიწათმოქმედება თუ მესაქონლეობა წარმოადგენდა. ამიტომაც სამასრეები/საქილეები თავდაპირველად ზედაფენის წარმომადგენელთა ჩოხაზე გაჩნდა და არა გლეხისა. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, აქ ყველა მეთემე შეიარაღებული იყო, რადგან მათ ძირითად საქმიანობას თარეშები წარმადგენდა). ამასთანავე, სრულიად განსხვავებულია ჩერქეზის კაბა/ჩოხა გულმკერდის არეში. მას ამოჭრილი გულისპირი არ გააჩნია, აქვს ფეხზე მდგარი საყელო, რომელიც მთელ ყელისა და კისრის არეს უფარავს.[99]
ჩრდილოეთ კავკასიაში თოფის გავრცელების შესახებ არაერთგვაროვანი მონაცემები გვაქვს: ფაქტია, რომ XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის დასაწყისში არსებულ ჩერქეზთა სურათებზე მამაკაცები ცივი იარაღით არიან აღჭურვილნი, თოფი არსად ჩანს.
ჩნდება კიდევ ერთი კითხვა - რატომ გავრცელდა ჩრილოეთ კავკასიის ხალხებში სწრაფად ჩოხა-ახალუხი და რატომ გახდა ის ასე პოპულარული, რომლის რუსულმა სახელწოდებამ („ჩერქეზკა”) მკვლევარნი შეცდომაში შეიყვანა და ჩერქეზული/ადიღეური კულტურის შემადგენელ ნაწილად გამოაცხადეს?
პასუხი ერთმნიშვნელოვანია - იმის გამო, რომ ჩოხა-ახალუხი, თავისი სამასრეებით, მებრძოლისათვის ერთობ მოსახერხებელი სამოსი იყო. ხოლო ჩრდილოეთ კავკასიელი მამაკაცები კი ძირითადად დაკავებულნი იყვნენ თარეშებით, ახლო თუ შორეულ მეზობლებზე თავდასხმებით; მათი მთავარი საქმიანობა მეომრობა იყო. ადიღეელთათვის (ზედაფენის მეთაურობით) ლაშქრობა და ომი ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა: «Одежда черкесского война ... чрезвычайно тщательно пригонялос по фигуре, была удобна, не сковывала движений и была абсолютно функциональна в этой геополитической нише» [ჩერქეზ მეომარს ტანსაცმელს საგანგებოდ არგებდნენ რომ ყოფილიყო მოხერხებული, არ შეეზღუდა მისი მოძრაობები და აღნიშნულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ყოფილიყო აბსოლუტურად ფუნქციური (შესაბამისი)].[100]
ჩოხა-ახალუხის უტილიტარული ფუნქცია იმ დროისათვის უდავო იყო, რამაც განაპირობა საქართველოდან მისი ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩრდილოეთკავკასიელთაგან კაზაკთა შორის გავრცელება.
ამაზე მიუთითებდა თავის ნაწარმოებებში ლევ ტოლსტოიც. იგი საუბრობდა რა გრებენელი კაზაკების შესახებ აღნიშნავდა, რომ ისინი ცხოვრობდნენ რა დიდხანს ჩაჩნებთან ახლოს, „დაუნათესავდნენ მათ” და შეითვისეს მთიელთა წეს-ჩვეულებები და ცხოვრების წესი.[101] კაზაკების ძირითადი საქმიანობაც სამხედრო სფერო იყო.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში შეიცვალა ცეცხლსასროლი იარაღი და სამასრემ პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა ის ჩოხა-ახალუხს მაინც შერჩა, რადგან მორთულობის ატრიბუტად და მამაკაცობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ რჩებოდა.
დაბოლოს, შეუძლებელია არ დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ კავკასია როგორც ერთიანი რეგიონი მისი თანამედროვე კონფიგურაციით ძირითადად XVII-XVIII საუკუნეებიდან (აქ გამართლებული იქნებოდა მხოლოდ XVIII ბოლო პერიოდზე ყოფილიყო მითითება - რ. თ.) არსებობს, მას შემდეგ, რაც ქართული სამოსი ჩოხა-ახალუხი, რომელმაც ჩერქეზკის სახელწოდება მიიღო, საყოველთაო კავკასიურ სამოსად იქცა.[102] ჩერქეზკა სხვადასხვა კულტურის კავკასიის ხალხების ერთგვარ ზედაპირულ გამაერთიანებელ ფაქტორად იქცა. კავკასიელი ხალხების მენტალიტეტის ზოგიერთ ბაზისურ ნიშანს ს. არუთინოვი პირობითად „ჩერქეზკის მენტალიტეტს” უწოდებს. იგივე ავტორი აღნიშნავს, რომ კავკასიის ხალხები რამდენიმე სხვადასხვა ცივილიზაციაში არიან გადანაწილებული და აქედან გამომდინარე კავკასიურ ცივილიზაციას ფანტომად მიიჩნევს.[103]
სურათი 1 - ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის ფრესკა ქტიტორ შალვა ქირქიშლიანის გამოსახულებით (XIX საუკუნე). ფოტოს ავტორია მირიან კილაძე.
სურათი 2. - ჩერქეზები ხალხურ სამოსში. XVIII საუკუნე-XIX საუკუნის დასაწყისი. წყარო: Студенецкая Е. Н. Одежда народов Северного Кавказа. XVIII-XX вв. – М., 1989, С. 20.
[1] Фоссье Робер. Люды средневековья. Пер. с франц. (ROBERT FOSSIER. GES GENS DU MOYEN ÃGE) А. Ю. Карачинского, М. Ю. Некрасова, И. И. А. Эгипти) – СПб.: 2010, С. 74.
[2]შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპასა და, ბუნებრივია, საქართველოშიც სოციალური ფენები სამოსით გამოირჩეოდნენ ერთმანეთისაგან, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ის ნამდვილი უნიფორმა გახლდათ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა აქსესუარებს _ თავსაბურავს, ხელთათმანს, რომლებიც ზუსტად მიუთეთებდა რანგზე.
[3]აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველთა ეთნოგრაფიულმა ყოფამ უძველესი ქართული სამოსი _ ტალავარი ხევსურეთმა შემოინახა.
[4]ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 45-46.
[5] ალ. ჭინჭარაული. ხევსურული ლექსიკონი, თბ., 2005, გვ. 1019.
[6] პერანგის ამხანაგი/ნიფხავი შუა საუკუნეების ევროპაშიც საკმაოდ გვიან გავრცელდა _ იხ.: Ле Гофф Ж. Цивилизация средневекового Запада. – Екатеринбург, 2005, с. 437.
[7] ხევსურულ დიალექტზე: „ბაჭიჭი” („გუნებით კი ჴევსური ორ (ვარ - რ. თ.), ბაჭიჭებ აღარ მცავ ჭრელი” - ალ. ჭინჭარაული. ხევსურული ლექსიკონი, თბ., 2005, გვ. 91). ხევსურეთში ისეთ პაჭიჭებსაც ქსოვდნენ, რომლებიც მუხლისთავებს ზემოთ ადიოდა; მას „სამუÃლე ბაჭიჭს” უწოდებდნენ.
[8]ჰიპოკრატესი. ჰაერთა, წყალთა და ადგილთა შესახებ. - ანტიკური კავკასია. ენციკლოპედია, ტომი I, წყაროები, თბ., 2010, გვ.114.
[9]გ. ჩიტაია. შრომები ხუთ ტომად, ტომი IV, თბ., 2001, გვ. 183.
[10] მთხრობელი ოსმან ოსთურქი (ხოხოტაიშვილი). უნიეს რაიონის სოფელი ჩათალფუნაი, 2014 წელი). მაჭახლიდან მიგრირებულები კი განსხვავებულ ვარიანტს მღეროდნენ: `ჩოხა გეიხადე, ჩოხა, // ელეგი მიგიხდება, // ელეგი მიგიხდება, შენი ერთი დანახვა ჯენეთი გიმიხდება~ (კასტამონის ვილაეთი, ჩათალზეთის რაიონი, სოფელი ჰამიდიე).
[11] ეთნოლოგიური ლექსიკონი. ს. ჭანტურიშვილის რედაქციით, თბ., 2009.
[12]ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, ე. ნადირაძის რედაქციით, თბ., 2013, გვ. 155.
[13]ს.-ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, II, თბ., 1993, გვ. 316.
[14] ი. სამსონია. ხალხური ტანსაცმელი აჭარაში (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა), ბათუმი, 2005, გვ. 97.
[15]აქ კორექტურული შეცდომაა: „მ”-ს ნაცვლად უნდა იყოს „ძ”. აქედან გამომდინარე, ტერმინის „მიგვა”-ს ნაცვლად უნდა იკითხებოდეს „ძიგვა” - რ.თ.
[16]მასალები საქართველოს შინამრეწვეობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის საერთო რედაქციით. 5 ტომად, ტომი III, ნაწილი I, ტანისამოსი, თბ., 1983, გვ. 203 (შემდეგ: მასალები... ივ. ჯავახიშვილის რედაქციით.)
[17] ს. მაკალათია. მესხეთ-ჯავახეთი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბილისი, 1938, გვ. 89-90.
[18]ე. თაყაიშვილი. სამუსლიმანო საქართველო. დაბრუნება. მრავალტომეული. 1. გ. შარაძის რედაქციით. თბ. 1991. გვ. 224.
[19] ს. ბავრელი-ასლანიშვილი. წერილები „ოსმალოს საქართველოზე”. ლ. ქურდოვანიძისა და გ. საითიძის გამოცემა, თბ., თბ., 2008.
[20] მ. სვანიძე. ქართველები თურქეთში. ისმედზადე მეჰმედ არიფი. ქართული სოფლები (თურქეთში). თბ. 1996. გვ. 110.
[21]გ. ჩიტაია. შრომები ხუთ ტომად, ტომი IV, თბ., 2001, გვ. 185.
[22] „ძიქვა - ერთგვარი წელში ანაოჭებული და ტოტებმოვიწროვებული შარვალი, რომლის ჩაცმა შეიძლებოდა შებრუნებულადაც, რადგან წინაც და უკანაც ერთნაირი იყო; არ ჰქონდა ღილები, სარტყელი და წელზე მაგრდებოდა ხვანჯრით; უპირატესად იქსოვებოდა ხელით, ყაისნაღით, ძირითადად იცვამდნენ მოხუცები და ბალღები” (ა. ქობალია. მეგრული ლექსიკონი, თბ., 2010). სამხრეთ-დასალეთ საქართველოში ჩაქურას აღმნიშვნლი ტერმინი თუ „ძიკვა-ჩოხა” იყო, სამეგრელოში მას „ღართი დო ძიქვა”-ს უწოდებდნენ.
[23] Арутюнов С. А. Силуеты этничности на цивилизационном фоне. М., 2012, С.81.
[24]გ. ჩიტაია. შრომები ხუთ ტომად, ტომი IV, თბ., 2001, გვ. 188-189.
[25] ნ. აბესაძე. ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში (XIX ს. II ნახ. - XX ს. დასაწყისი), თბ., 1986, გვ. 25.
[26] გ. ჩიტაია. შრომები ხუთ ტომად, ტომი IV, თბ., 2001, გვ. 188-192.
[27] Народы Кавказа. I, М., 1960, С.169.
[28]Ле Гофф Ж. Цивилизация средневекового Запада. – Екатеринбург, 2005, с. 436.
[29]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 12.
[30]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 12.
[31]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 34
[32]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 34.
[33]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 34.
[34]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 169.
[35]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 211.
[36]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 213.
[37]მასალები... ივანე ჯავახიშვილის რედაქციით. გვ. 216.
[38]ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, ე. ნადირაძის რედაქციით, თბ., 2013, გვ. 538.
[39] Народы Кавказа. М., I, 1960, С.207.
[40] Народы Кавказа. М., I, 1960, С.169.
[41] Народы Кавказа. М., I, 1960, С.322.
[42] Студенецкая Е. Н. Одежда народов Северного Кавказа XVIII-XX вв. – М. 1989. С. 17-27.
[43] Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С.87.
[44] Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С. 87.
[45] Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С. 31.
[46]Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С. 20.
[47] Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С. 91.
[48]სხვათა შორის, ეს რელიეფი მკვლევართა მიერ XVII საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული (М. С. Гаджиев, В. А. Кузнецов, И. М. Чеченов. История в зеркале паранауки: Критика современной этноцентристской историографии Северного Кавказа – М., 20..... стр.139-140).
[49] Л. Л. Лавров. Избранные труды... Нальчик, 2009, стр. 180, 182, 343-344.
[50]И. Де Галонифонтибус. Сведения о народах Кавказа. – Кавказ: европейские дневники XIII-XVIII веков. – Нальчик, 2010. Вып. III, С. 15.
[51]Дж. Интериано. О быте и обычаях черкесов. – Кавказ: европейские дневники XIII-XVIII веков. – Нальчик, 2010. Вып. III, С. 27.
[52] Я. Стрейс. Три путешествия. – Кавказ: европейские дневники XIII-XVIII веков. – Нальчик, 2010. Вып. III, С. 73.
[53]Жан батист Тавернье. Шест путешествий в Турцию, Персию и Индию. – Кавказ: европейские дневники XIII-XVIII веков. – Нальчик, 2010. Вып. III, С. 59.
[54]Питер Генри Брус. Мемуары. – Кавказ: европейские дневники XIII-XVIII веков. – Нальчик, 2010. Вып. III, С. 108.
[55]П.-С. Паллас. Заметки о путешествии в южные наместничества российского государства в 1793-1794 годах. – Кавказ: европейские дневники XIII-XVIII веков. – Нальчик, 2010. Вып. III, С. 266.
[56]В. В. Гудаков. Северо-Западный Кавказ в системе межетнических отношений с древнейших времен до 60-х годов XIX века. –СПб, 2007, С. 458.
[57] Н. Г. Волкова, Г. Н. Джавахишвили. Бытовая культура Грузии XIX-XX веков: традиции и иновации, М., 1982. С. 62.
[58]В. В. Гудаков. Северо-Западный Кавказ в системе межетнических отношений с древнейших времен до 60-х годов XIX века. –СПб, 2007, С. 459-460.
[59] Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С. 91.
[60] Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С. 21.
[61]მ. ყენია. სამეფო პორტრეტი იენაშის იანის ეკლესიის მოხატულობაში. - საქართველოს სიძველენი, #2, 2002.
[62]ზ. სხირტლაძე. ისტორიულ პირთა პორტრეტები გარეჯის მრავალმთის ქოლაგირის მონასტერში, თბ,. 2000, გვ. 85.
[63]გ. ხუციშვილი. საფარის კედლის მხატვრობა. თბ., 1988.
[64]ზ. სხირტლაძე. სორის ეკლესია. ი. ჭიჭინაძის მონაწილეობით, თბ., 2009, გვ. 19.
[65] ი. ჭიჭინაძე. სორის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა, თბ., 2014, 49-50.
[66]გ. ბოჭორიძე. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994, გვ. 473, სურ. 55.
[67]გ. ბოჭორიძე. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994, გვ. 447, სურ. 29.
[68]თ. ბერაძე. რაჭა, თბ., 1983 (იხ. ტაბულა).
[69] ნ. ჩოფიკაშვილი. ქართული კოსტიუმი (VI-XIV სს.), თბ., 1964, გვ. 10.
[70] საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 2004, გვ. 244.
[71]ნ. ჩოფიკაშვილი. ქართული კოსტიუმი (VI-XIV სს.), თბ., 1964, გვ. 14.
[72]ლ. თავაძე. ფეოდალური საქართველოს სოციალური შემადგენლობა ქოროღოს რელიეფების მიხედვით. _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ინსტიტუტის შრომები, ტომი. IV, 2011, გვ. 44.
[73] დ. ბერძენიშვილი. “ხევი ბოლნისისა„. - დმანისი, IV, თბ., 2003, გვ. 209.
[74]გ. ჯავახიშვილი. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მცირე ქანდაკება (რელიეფური ქანდაკება სტელებზე. V საუკუნის ბოლო VIII საუკუნის დასაწყისი), თბ., 2014.
[75]ნ. ჩოფიკაშვილი. ქართული კოსტიუმი (VI-XIV სს.), თბ., 1964, გვ. 29.
[76]ნ. ჩოფიკაშვილი. ქართული კოსტიუმი (VI-XIV სს.), თბ., 1964, გვ. 37.
[77] ნ. ჩოფიკაშვილი. ქართული კოსტიუმი (VI-XIV სს.), თბ., 1964, გვ. 39.
[78]გ. ჩიტაია. წინასიტყვაობა ივ. ციციშვილის წიგნისა „მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის”, თბ., 1955, გვ. 24.
[79]ლ. მუსხელიშვილი. დმანისი, ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა. კრებული: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938, გვ. 317-318. იხ. აგრეთვე კრებული: დმანისი, II, 2000, გვ. 50.
[80]გ. ბოჭორიძე. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები. გამოსაცემად მოამზადეს ზ. სხირტლაძემ და ნ. ჩიტიშვილმა, თბ., 2011, ტაბ. XჩIV-2.
[81]დონ კრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. ბ. გიორგაძის გამოცემა, თბ., 1976, ნახატები ##33, 34, 43, 47, 48, 89, 224, 318, 319...
[82]ივ. ციციშვილი. მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიიდან, თბ., 1954, გვ. 37. იხ. აგრეთვე: ს. მაკალათია. კავთურას ხეობა, თბ., 1960, გვ. 7; გ. ბოჭორიძე. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები. გამოსაცემად მოამზადეს ზ. სხირტლაძემ და ნ. ჩიტიშვილმა, თბ., 2011, ტაბ. X-3; გ. ბოჭორიძე. ანდერძი პაპუა მაღალაძისა 1681 წლისა. _ საქართველოს მუზეუმის მოამბე, IX-B, ტაბ. IV, V.
[83] ლ. მელიქსეთ-ბეგი. არქეოლოგიური მოგზაურობიდან კავთურას ხეობაში 1923 წელს. - ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, No5, 1925, გვ. 139.
[84]ბოლო დროს ფაფახი ლამის ქართულ ეროვნულ თავსაბურავად გამოცხადდა. ფაფახი „ქართველ მთიელ მწყემსთა შორის საკმაოდ გვიან გავრცელდა. ფაფახი `ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონში” მოთავსებულ ქართული ქუდების საილუსტრაციო მასალაშიც არაა წარმოდგენილი. ფაფახი XVIII-XIX საუკუნეებში არც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში იყო საყოველთაოდ გავრცელებული. ე. სტუდენეცკაიას მონოგრაფიში მოთავსებულ ჩრდილოეთ კავკასიელთა XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის დასაწყისის სურათებზე არც ერთ მამაკაცს ფაფახი არ ახურავს. ის პირველად 1830-იანი და 1840-იანი წლების სურათებზე ჩანს. ჩერქეზები, ქალებიც და კაცებიც, ატარებდნენ ცილინდრული ფორმის ზემო ნაწილში მომრგვალებულ ქუდებს. ქუდს ქვედა ნაწილში შემოვლებული ჰქონდა სირმები, ზედა მომრგვალებულ ნაწილში კი სირმები რადიალურად დასდევდა. ქუდს ზემო ნაწილში ცენტრიდან ფოჩი ჰქონდა ჩამოშვებული. ოსურ და ინგუშურ მიწისზედა აკლდამებში უმეტესად ქსოვილისაგან შეკერილი ქუდებია აღმოჩენილი. XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ადიღეელებში გზას იკაფავს ქსოვილისა და ტყავის შეერთებით შეკერილი ქუდები; ესაა ე. წ. დაბალი ფაფახი. 1820-1830-იან წლებში საკმაოდ ფართო ძირისა და ზედა ნაწილში ამობურცულ ფაფახებს ატარებდნენ ჩაჩნები. იგივე შეიძლება ითქვას ნაბდის შესახებაც. როგორც ფაფახი, ისე ნაბადი ნომადური კულტურის ელემენტია, იმ ხალხთა მიერაა შექმნილი, რომლებიც მეურნეობის ფორმებიდან გამომდინარე (მეცხოველეობა) დროის დიდ პერიოდს ცის ქვეშ ატარებდნენ. ფაფახის ქართულ ეროვნულ თავსაბურავად მიჩნევა ეთნოლოგიისა და ქართული კულტურის დაბალი ცოდნის ცოდნის შედეგია. ქართველ ხალხს არ ჭირდება სხვათა კულტურის ელემენტების ქართულ კულტურად გასაღება.
[85]არაა მართებული XIX-XX საუკუნეების მიჯნის ფრანგი ავტორი, რომელსაც მიაჩნდა, რომ გურიაში „ჩაქურა” წინ უსწრებდა „ჩოხას”: „გურულებისა და ლაზების ტანსაცმელს შორის განსხვავება არ არის; მას ეწოდება ჩაქურა... სამწუხაროდ, ვლინდება ჩაქურას ჩოხით შენაცვლების ტენდენცია” (ბარონ დე ბაი საქართველოში, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლეილა მაღრაძემ, თბ., 2011. გვ. 102). პირიქით, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში ჩოხას ჩაქურა ჩაენაცვლა.
[86]გ. ჩიტაია. წინასიტყვაობა ივ. ციციშვილის წიგნისა `მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის~, თბ., 1955, გვ. 6.
[87]გ. ჩიტაია. შრომები ხუთ ტომად, ტომი IV, თბ., 2001, გვ. 184.
[88] Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С. 40.
[89] გიორგი მერჩულე. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. ქართული მწერლობა. ოცდაათ ტომად. ტ. I. თბ. 1987. გვ. 605.
[90]ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, თბ., 1955, გვ. 305.
[91] ქართული სამართლის ძეგლები, ტომი II, ი. დოლიძის გამოცემა, თბ., 1965, გვ. 125.
[92]ციტირებულია დ. ბერძენიშვილის ნაშრომიდან “დმანისხევი„ - დმანისი, თბ., 2000, გვ. 133.
[93]ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. შემდგენელი ალ. ღლონტი. მეორე გამოცემა. თბ. 1984.
[94]სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია: „XVI საუკუნეში საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის და კერძოდ თოფის ხმარება იმდენად ინტენსიურია, რომ მან თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა ციხე-სიმაგრეების მშენებლობაზე” (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული საჭურველი. - „ფრესკა”, 1985, გვ. 44).
[95]ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 4.
[96]კ. ჩოლოყაშვილი, მ. ქაფიანიძე. ქართული საჭურველი. _ ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. IV, თბ., 2010, გვ. 69.
[97]ს. კაკაბაძე. საამილახვროს დავთარი მე-17 საუკუნის მეორე ნახევრისა, ტფ., 1925, გვ. 7.
[98]ს. კაკაბაძე. საამილახვროს დავთარი მე-17 საუკუნის მეორე ნახევრისა, ტფ., 1925, გვ. V.
[99]Студенецкая Е. Н. Одежда народов СК XVIII-XX вв. – М., 1989. С. 19.
[100]Панеш Э. Х. Этническая психология и межнациональные отношения. Взаимодействие и особенности эволюции (На примере Западного Кавказа). СПб. : 1996, С. 164.
[101] მითითებულია ვ. გუდაკოვის წიგნიდან В. В. Гудаков. Северо-Западный Кавказ в системе межетнических отношений с древнейших времен до 60-х годов XIX века. – СПб, 2007, С. 458: Толстой Л. Н. Казаки. Кавказская повесть. М.: 1953, С. 17.
[102]Арутюнов С. А. Силуеты этничности на цивилизационном фоне. М., 2012, С. 36.
[103]Арутюнов С. А. Силуеты этничности на цивилизационном фоне. М., 2012, С.42.