ლამპრობა (სვანურად - ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა.
ლამპრობა (სვანურად - ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაულის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.
"ლამპრობის" აღნიშნვა დღეს უფრო სიმბოლურია და ძველებური დატვირთვა აღარ აქვს. ლეგენდაც არსებობს ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. თუმცა ქართულ ეთნოგრაფიაში ცნობილია, რომ ეს რიტუალი წარმართული ხანიდან იღებს სათავეს.
ზუსტად არავინ იცის, რას ნიშნავს "ლამპრობის" ტრადიცია და ყველა სხვადასხვანაირად ხსნის მის მნიშვნელობას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თქმულებით, "ლამპრობა" სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მამაკაცის, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში.
"ლამპრობის" სხვა მნიშვნელობებზედაც საუბრობენ: ერთი ვერსიით, "ლამპრობით" სვანები გაზაფხულის მოსვლას ეგებებოდნენ; არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ.
ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისგან გაკეთებულ "ლამპრებს" (ჩირაღდნებს) ანთებენ. ლამპრების რაოდენობა ოჯახში მამაკაცების სულადობით განისაზღვრება. ერთი კეთდება ოჯახის სახელზე და ამას ემატება იმდენი ლამპარი, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში. გათენებამდე მამაკაცებს ანთებული ლამპრები მიაქვთ წმინდა გიორგის სალოცავისკენ, სადაც ლოცვასა და წმინდა გიორგის საგალობელ "ჯგრაგიშს" ამბობენ. ამის შემდეგ რიტუალი გრძელდება გარეთ, კოცონის გარშემო, სხვადასხვა საგალობლისა და ფერხულის თანხლებით.
ზემო სვანეთში ლამპრობას "სვომონობასაც" ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა-ზეენობის - მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ "კეისარს", მის "ცოლებსა" და "ვეზირებს". მესტიის რაიონის სოფელ ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი "მესვიმნიშის" ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო. იქ მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული "ლამპრული". მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით ცის ლამპრობა იმართებოდა. ლამპრობა თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია. ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. სახელწოდება "სვომონობა" ამ დღესასწაულმა სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მიიღო (როდესაც დღესასწაულის გაქრისტიანების მიზნით მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა), რომლის დღეც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, 1-ლი თებერვალია.
თუმცა "ლამპრობა" მოძრავი დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და თითქმის ყოველთვის თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.
ყველა ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ - ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ.. დადგენილ ღამეს კონები ეკლესიის ეზოში სასაფლაოზე გაჰქონდათ დასაწვავად. ამ დღეს აცხობდნენ ლემზირებს (სალოცავი კვერი) და იმართებოდა საერთო დღესასწაული.
წელს ლამპრობა 9 თებერლის დილით გაიმართება.
https://www.facebook.com/ethnology / ethnography of georgia