ართვინის ვილაიეთის მურღულის რაიონის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ.
ართვინის ვილაიეთის მურღულის რაიონის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ
ტური მოწაფეთა მშობლებთან შეთანხმებით დაიგეგმა. ჯგუფს გიდობას მასწავლებელი, ფათიჰ მეიდანი უწევდა. 5-6 აგვისტოს, ტურის მონაწილეები ბათუმს სტუმრობდნენ. მოწაფეებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ გასცნობოდნენ სასწავლო წლის განმავლობაში წიგნებიდან შესწავლილი მეზობელი ქვეყნის, საქართველოს, კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ სამზარეულოს, ბუნებას, ისტორიასა და ადამიანებს. ამავდროულად, მათ გაიღრმავეს და პრაქტიკაში გამოიყენეს კლასში მიღებული ცოდნა.
თავდაპირველად, პატარა მოგზაურები ეწვივნენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მოწაფეებს, აგრეთვე უმასპინძლა ბათუმის საერო ელიტარულმა სკოლამ, სადაც სტუმრების საპატივცემულოდ გაიმართა კონცერტი, მათივე თანატოლების მონაწილეობით. სკოლის ადმინისტრაციასთან საზეიმო სადილის შემდეგ, პატარები ქალაქის დასათვალიერებლად გაემართნენ, მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმში დაესწრნენ დელფინთა შოუს, საღამოს კი მდ. მაჭახელას ნაპირზე ითამაშეს და წაიხემსეს, ტურის ბოლოს კი ზოოპარკს ესტუმრნენ. პატარა მოწაფეებიც და მშობლებიც, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ შინ.
მურღულელი მოწაფეები და მათი მშობლები გულითად მადლობას უხდიან ამ საინტერესო და შემეცნებითი გასეირნების ორგანიზატორებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ 2 დღის გალამაზებაში. მათი თქმით, კვლავაც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში.
თარგმანი: ოსმან შეიჰოღლუ