მოგითხრობთ აჰმედ მელაშვილის თანამოაზრის, ვახტანგ მალაყმაძის (ჰაირი ჰაირიოღლუ) თანაკლასელის, ანკარის სამეცნიერო ლიცეუმის (Ankara Fen Lisesi) დამფუძნებლის აჰმედ დინჩერ ქოქოლაძის შესახებ
მოგითხრობთ აჰმედ მელაშვილის თანამოაზრის, ვახტანგ მალაყმაძის (ჰაირი ჰაირიოღლუ) თანაკლასელის, ანკარის სამეცნიერო ლიცეუმის (Ankara Fen Lisesi) დამფუძნებლის აჰმედ დინჩერ ქოქოლაძის შესახებ
2005 წელი იყო. სტამბოლში, ჰარბიეს რაიონში, ჟურნალ „ჩვენებურის“ რედაქციაში, ოსმან ნური მერჯანთან (ოთარ იმედაშვილი) ერთად ვისხედით. მასალების შესწავლის დროს, დავინტერესდით ენათმეცნიერ პროფესორ, შუშანა ფუტკარაძის მიერ გამოგზავნილი, ერთი დოკუმენტის ასლით. ქალბატონი შუშანა ფერიქოის (სტამბული) ქართული კათოლიკური ეკლესიის ბიბლიოთეკაში კვლევებს ატარებდა. ეს საბუთი იყო გერმანიაში, 1958 წელს, დავით საღარაშვილის მიერ გამოცემული ქართულენოვანი გაზეთის - “სამშობლოს განთავისუფლებისათვის” - ერთ ერთი გვერდის ასლი. გაზეთში, ერთ მოკლე ნარკვევში ეწერა, რომ ინეგოლის რაიონის სოფელ ჰაირიეს მკვიდრმა, სტამბულის სამეცნიერო ფაკულტეტის სტუდენტმა, 22 წლის აჰმედ დინჩერ ქოქოლაძემ, ქართული ანბანით წერა-კითხვა იცოდა და კულტურულ კვლებებს ატარებდა. იქვე ა. დინჩერის სურათიც იყო.
ქალბატონი შუშანა გვეკითხებოდა, ვიცნობდით თუ არა მას. დიახ, მე ვიცნობდი მას, 1977 წლიდან. იმ დროს ანკარაში იყო. დავურეკე და ვკითხე ნარკვევის შესახებ. „ძია აჰმედ, იცი ეს ნარკვევი?“ - ვკითხე. „კი, ვიცი“ - მიპასუხა. შენ გაქვს მეთქი - დავინტერესდი. არაო - მიპასუხა. რატომ არა გაქვს თქო - ისევ ვკითხე. „იმ გაზეთიდან ათი ეგზემპლარი მომცეს. თვების განმავლობაში თან დამქონდა, ვინახავდი, მერე ჯარში წასვლა მომიწია. ვიფიქრე, რომ შესაძლო იყო რაიმე არასასიამოვნო ისტორიაში გავხვეულიყავი და გავანადგურე. ამიტომაც ახლა არ მაქვს“ - ასე მიპასუხა და მთხოვა, იმ გაზეთის ერთი ასლი გამეგზავნა მისთვის. მე გავუგზავნე.
აჰმედ დინჩერ ქოქოლაძე დაიბადა 1936 წელს, ინეგოლის რაიონის სოფელ ჰაირიეში. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო. მე-5 კლასი და საშუალო სკოლა ინეგოლში დაამთავრა. დაწყებით სკოლაში, ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძე) და საშუალო სკოლაში, აჰმედ მელაშვილის მეგობრის - იუსუფ თუმერ კირკიტაძის თანაკლასელი იყო. ლიცეუმი ბალიქესირში, დაამთავრა, 1956 წელს კი, ნეჯათი ბეის სახელობის სამასწავლებლო საჯარო სკოლა და სტამბოლში, ჩაფას სახელობის უმაღლესი სამასწავლებლო სკოლის სამეცნიერო პროგრამით დაიწყო სწავლა.
ქართული წერა-კითხვა, მას აჰმედ მელაშვილმა შეასწავლა. აჰმედი 1955 წელს სოფელ ჰაირიეში ნათესავის ქორწილში გაიცნო. აჰმედის მეუღლეც მისი ახლობელი იყო. აჰმედ ოზქან მელაშვილმა მას მოუთხრო ქართული ანბანის შესახებ და მერე ფოსტით გაუგზავნა. სტამბოლში ყოფნის დროს, ის მისულა ფერიქოის ქართულ კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც მამა პავლე აკოფაშვილმა და ეკლესიის სხვა წევრებმა თბილად მიიღეს და დახმარება აღმოუჩინეს. სტამბოლში ყოფნის პერიოდში, მისი ურთიერთობა ეკლესიასთან, გრძელდებოდა.
1958 წელს ჩაფას სახელობის უმაღლესი სამასწავლებლო სკოლა დაამთავრა და მასწავლებლად გაანაწილეს ყარსის ვილაიეთში, ჯილავუზის სახელობის დაწყებით სკოლაში. იქ ართვინელი მოსწავლეებიც იყვნენ. აჰმედ დინჩერი, განსაკუთრებით, ქართველი მოსწავლეებით ინტერესდებოდა. 56 წლის შემდეგ, მას ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაში შევხდი. საუბრისას ვკითხეთ, სადმე წასვლა ხომ არ სურდა. მან გვითხრა, რომ უნდოდა ჩიფლიქ ქოიში (სოფელი ჩიფლიქი), თავის დასთან წასვლა. სოფელი ჩიფლიქი ის სოფელია, სადაც მე დავიბადე და სამი წლის ასაკამდე ვიცხოვრე. მისი თხოვნით, გავემგზავრეთ სოფელ ჩიფლიქში. ჩიფლიქის ერთ-ერთი უბნის მკვიდრმა, ჩვენმა მეგობარმა, რეჯეფ სელჩუქმა დაგვპატიჟა ჩაიზე. რეჯეფის ეზოში, ჰასან ქანთარიც ჩაერთო საუბარში. ჯილავუზის სახელობის სკოლაზე საუბრისას, გაირკვა რომ ჰასან ქანთარიც აჰმეთ დინჩერის მოსწავლე ყოფილა. ისინი 56 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. ძალიან საინტერესო მოგონობები ჰქონდათ. მოგვიანებით ა. დინჩერი დავტოვეთ თავის დასთან და ჩვენ დავბრუნდით ინეგოლში.
ა. დინჩერმა, ჯილავუზის შემდეგ 1959-1961 წწ. სტამბოლში, პირველ არმიის ჯარში იმსახურა. ჯარის შემდგომ, ანკარაში გაანაწილეს. ანკარის სამეცნიერო ლიცეუმის დაფუძნებისათვის მუშაობის პერიოდში, ფორდის ფონდის სპონსორობით, 1964 წლის ივნისში, ამერიკაში გაემგზავრა. მან ფლორიდაში, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში სამეცნოერო კვლევები ჩაატარა. იქ, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდა. გაიცნო ალექსანდრე მანველიშვილი. თურქეთში დაბრინებისას, პარიზში შეჩერდა. მიკელანჟის უბანში გაიცნო კალისტრატე სალია, „ბედი ქართლისას“ გამომცემელი და პარიზში მცხოვრები სხვა ქართველები.
1970 წელს, როდესაც მეორედ წავიდა ამერიკაში, ნიუ-იორკში გაიცნო გაზეთ „ქართული აზრის“ (Georgian Opinion) დამფუძნებელი ჯგუფი. მათ შორის იყვნენ - მიტო სინდიკელი, სანდრო ბარათელი და გივი ზალდასტანი. მაშინ, აჰმედ ოზქან მელაშვილმა, 1968 წელს გამოცემული წიგნი, „გურჯისტანი“, მათაც გაუგზავნა. ამ წიგნზე საუბრისას, ისინი ა. დინჩერით დაინტერესებულან. ამერიკიდან დაბრუნებისას, ა. დინჩერი მიუნჰენში, კარლო ინასარიძესა და ა. კალანდაძეს შეხვედრია. მიტო სინდიკელი 1973 წელს, ეწვია სტამბოლს და ა. მელაშვილსა და ა. დინჩერს შეხვდა. 1975 წელს კი, მდიდარი ვაჭარი, გივი ზალდასტანი ამერიკიდან ჩამოვიდა სტამბოლში. ის აჰმედ მელაშვილთან ერთად, ერთ-ერთ სოფელში, ქორწილში წაიყვანეს.
ა. დინჩერმა ა.მელაშვილის საშუალებით, ანკარაში, ოთარ გიგინეიშვილი გაიცნო. მათი ბოლო შეხვედრა 1979 წელს შედგა, იზმირის გამოფენაზე.
აჰმედ დინჩერი 1962 წელს, ანკარაში დასახლდა და ამჟამადაც ანკარაში ცხოვრობს. მან დიდი წვლილი შეიტანა ანკარის სამეცნიერო ლიცეუმის დაფუძნებაში, სადაც მრავალი წელი იმუშავა და იქიდან გავიდა პენსიაზე. ის სპეციალობით - ქიმიკოსია. ქიმიის დარგში, მისი ნაშრომები, მთელ თურქეთშია ცნობილი. მის მიერ დაწერილი ქიმიის სახელმძღვანელოებით, დღესაც სწავლობენ.
ა.დინჩერმა ა.მელაშვილისგან შეისწავლა ქართული ანბანი და სადაც უნდა წასულიყო, მუდამ ზრუნავდა, რომ ის ქართველებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ყველა ახლადგაცნობილ ქართველს, ანბანსა და აჰმედ მელაშვილის მისამართს აძლევდა, რომ მათთვის მიმოწერის საშუალება მიეცა. მინდა, ამის დასტურად ერთი მაგალითი მოგიყვეთ და დავასრულო თხრობა:
უნიელი მასწავლებელი, ემინ ალქან ხალვაში, 1977 წელს, ბურსაში, მასწავლებლად განაწილების შემდეგ, პირველად, აჰმედ ოზქან მელაშვილის ოფისში მისულა. ემინ ალქანმა თავი რომ გააცნო, ა. მელაშვილს წამოუძახებია: “ოოო ლამაზი წერილი, კეთილი იყოს შენი მობრძანება!” ის ემინ ალქანს იცნობდა ლამაზი, კორექტული წერილებით. თუ იკითხავთ, საიდან ისწავლა ე. ალქანმა ქართული წერა-კითხვა, გიპასუხებთ -ა. დინჩერისგან! 1975 წელს, ა. დინჩერს, ერთ-ერთი მოგზაურობისას, გირესუნში, სადაც ის მასწავლებლებს სემინარებს უტარებდა, ე. ალქანი გაუცვნია და მისთვის ანბანი და ა. ოზქან მელაშვილის მისამართი მიუცია.
ამჟამად, აჰმედ დინჩერი 78 წლისაა. ის დღემდე არ ჩასულა საქართველოში. ახლა, უნდა რომ ჩავიდეს და ახლო მომავალში წასვლას გეგმავს. გზა მშვიდობისა ძია აჰმედ! გელის დედა-სამშობლო, საქართველო!
მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი)
ინეგოლი, 2014
თურქულიდან თარგმნა; ერდოღან შენოლმა (ერეკლე დავითაძემ)
რედაქცია: მანანა გურგენიძე
წერილი გამოქვეყნებულია გაზეთ აჭარაში 2014 წლის 8 ნოემბერში და ისტორიანში 2014 დეკემბერში