რამდენიმე თვის წინ მონაწილეობა მივიღეთ ბეიოღლუზე მდებარე “ქართული კულტურის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ მე-3 საღამოში
მუსტაფა იაკუთ (გურამ ხიმშიაშვილი)
რამდენიმე თვის წინ მონაწილეობა მივიღეთ ბეიოღლუზე მდებარე “ქართული კულტურის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ მე-3 საღამოში, რომელიც ქართული სუფრის წესების სრული დაცვით წარიმართა. ტრადიციულად, სუფრას ხელმძღვანელობდა თამადა. და მაშინ, როცა საღამოს საპატიო სტუმრის, პროფკავშირების თავმჯდომარის, სულეიმან ჩელების მიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოებს სუფრის წევრები ერთხმად იტაცებდნენ და ქართული, ნატური ღვინით პირთამდე სავსე სასმისებს ერთმანეთს უჭახუნებდნენ, გამახსენდა ყველა ის წერილი, გადმოცემა თუ მოგონება, რომელიც კი ოდესმე საქართველოსა თუ თურქეთში თამადობის ტრადიციის შესახებ მსმენოდა.
თვალწინ დამიდგა 1987 წელი, თბილისი. მაშინ პირველად მოვხვდი ქართულ სუფრაზე. სწორედ იქ, სასტუმრო ივერიაში, შევიტყვეთ პირველად ქართული სუფრის ტრადიციების: თამადის ინსტიტუტის, სადღეგრძელოებისა და ალავერდის მნიშვნელობის შესახებ. ჩვენს სუფრას ხელმძღვანელობდა ცნობილი თამადა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, გიორგი ციციშვილი. იმავე წელს, რამდენიმე თვით ადრე, თბილისში ჩასულ, აწ უკვე გარდაცვლილ დემირთაშ ჯეიჰუნსაც ჰქონია მისი თამადის ამპლუაში გაცნობის ბედნიერება.
შემდგომში სწორედ ეს მოგონებები დაედო საფუძვლად დემირთაშ ჯეიჰუნის წიგნს სახელწოდებით: “სრულიად მსოფლიო ბოდიშს ვუხდი”. გ. ციცშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სუფრასა და მის მიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოებს იგონებს ჩემთვის გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში სათაურით: ”საქართველოს გახსენება? როგორ უნდა გაგახსენდეს ის, რაც არასოდეს დაგვიწყებია?”* ზემოთ მოცემულ ფრაზას ოდნავ სახეს უცვლის და ამბობს: “ქართველ ერს ბოდიშს ვუხდი.” შემდეგ კი ასე განაგრძობს:
“.....საყვარელო მეგობარო, კიდევ ერთი რამ, რაც საქართველოში ვნახე და რამაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს იყო ფიროსმანის ნახატები. შევყურებდი ამ საოცარ ნამუშევრებს და ვფიქრობდი: რა უბრალოდ, მაგრამ ამავდროულად ცხოვლად აუსახავს შემოქმედს ჭეშმარიტი ქართული სული. თითქოს სწორედ ამ უბრალოებაშია ფერწერის საიდუმლო. ფიროსმანის ტილოებში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ულამაზესი ქართული ბუნება და ადამიანური ღირსებანი. ჩემი აზრით, იმისათვის, რომ შეიცნო ქართველთა განთქმული სტუმართმოყვარეობა, ვაჟკაცური ბუნება, ყოფა-ცხოვრების თავისებურებანი და ქართველთა მისწრაფებანი საკმარისია ნახო ფიროსმანის ნახატები…
…სიმართლე გითხრა, სწორედ ჩვენი ძვირფასი მეგობრის, გ. ციციშვილის თამადობით ჩატარებულ იმ ლხინის სუფრაზე გადავწყვიტე ამ წიგნის დაწერა. მეტსაც გეტყვი, ამ იდეის ხორცშესხმა, შთამაგონა ერთმა შემთხვევამ, რომელიც საქართველოში, კავკასიის მწვერვალებზე აზიდული, დანგრეული, მაგრამ მაინც ამაყად მომზირალი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დათვალიერებისას გადამხდა თავს...”
ზემოთაღნიშნული წიგნის მოკლე შინაარსი თურქოლოგ ლია ჩლაიძის მიერ იქნა ნათარგმნი და 1990 წლის 28.02-ით დათარიღებულ “ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა. დემირთაშ ჯეიჰუნი ქართულ ენციკლოპედიაში შეიტანეს.
“მსოფლიო მშვიდობას გაუმარჯოს!”
შემდეგში კიდევ მრავალჯერ მოვხვდით ქართულ სუფრაზე. ხშირად ძალიან საპატივცემულო ადამიანები გვთამადობდნენ. მაგალითად, გვქონდა პატივი ფრიდონ ხალვაშის თამადობა გვეხილა. 1987 წლამდე პირველი პრაქტიკა თამადობისა და ქართული სუფრის წარმართვის საკითხში თურქეთში ჩამოსული სტუმრების წყალობით გავიარეთ. მოგეხსენებათ, თურქეთში მსგავსი ტრადიცია არ არსებობს. ამ წეს-ჩვეულების შესახებ საქართველოდან ჩამოსული სტუმრებისაგან შევიტყვეთ: სამწუხაროდ,ამ ტრადიციის განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვეცა აჰმეთ ოზკან მელაშვილის სიცოცხლის პერიოდში. თამადობასთან დაკავშირებული ჩემი პირველი მოგონება 1984 წლით თარიღდება. იმ წელს სტამბოლის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე საბჭოთა კავშირს თბილისის რადიო-ტელევიზიის ჯაზ-ორკესტრი წარმომადგენდა. ერთ საღამოს, ფერა პალასის სასტუმროში, ორკესტრის წევრებთან ერთად გავმართეთ ნამდვილი ქართული ლხინი.
დასამახსოვრებელი იყო 1986 წელიც. იმ წელს ერთ სუფრასთან თავი მოიყარა ნაღებმა ქართულმა საზოგადოებამ. აქ იყვნენ: სტამბოლის ხშირი სტუმარი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ჯანსუღ კახიძე, რეჟისორი თენგიზ აბულაძე, ღრმად მოხუცებული პავლე ზაზაძე (სიმონ ზაზაძის მამა) და ასევე 80 წელს მიტანებული ნინო რამიშვილი, სუხიშვილების ანსამბლთან ერთად. ეს იყო ამ ორი დიდი ადამიანის საპატივცემულოდ მოწყობილი შეხვედრა. გაიშალა ბარაქიანი ქართული სუფრა. ეს იყო მეტად შთამბეჭდავი, დაუვიწყარი საღამო.
ქართულ სუფრასა და თამადის ტრადიციებზე საკმაოდ ხშირად წერდნენ თურქი მწერლები. მაგალითად: ფაქირ ბაიქურთი, აზიზ ნესინი, ჰაიათი ასილიაზიჯი, სამი ქარაორენი, თუნჯერ ჯუჯენოღლუ, რეფიქ ერდურანი და სხვანი. ამათგან, ლიტერატურული თუ დოკუმენტური თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეულია ნეჯათი ჯუმალის წერილები. 1980 წელს გამომცემლობა “თექინის” მიერ დაიბეჭდა ნეჯათი ჯუმალის მოთხრობების კრებული “რევიზიონისტი”. აღნიშნულ კრებულში შეტანილი იყო 3 მოთხრობა საქართველოზე, რომელთაგან ერთ-ერთის სახელწოდება გახლდათ “თამადა”. ნაწარმოებში მწერალი მოგვითხრობს 1974 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს განცდილსა და ნანახზე. როგორც ირკვევა,ნეჯათი ჯუმალი სტუმრად სწვევია პოეტ ირაკლი აბაშიძეს მთაწმინდაზე მდებარე აგარაკზე. პოეტს საპატიო სტუმრისთვის სუფრა გაუშლია და უთამადნია. ჯუმალი ვრცლად საუბრობს იმ დაუვიწყარი საღამოს შთაბეჭდილებებზე, ქართულ სუფრასა და ტრადიციებზე.
და ბოლოს, წერილი აქ მოხსენიებულ მწერლებთან შედარებით ახალგაზრდა შემოქმედის, 1982 წელს დაბადებული ოზგე ჩ. დენიზჯის ციტატით მინდა დავსრულო წიგნიდან “ქართველები”**:
“ქართული სუფრა ფართო გაგებით, სუფრის კულტურის აღმნიშვნელი ტერმინია. ღვინო ქართული კულტურის ერთ-ერთი შეუცვლელი სასმელია. ღვინოს ქართველები მოვერცხლილი ან კიდევ მრავალფეროვანი განსხვავებული სასმისებით შეექცევიან. მაგ: ხარის, ირმის, ან, გარეული თხის რქებიდან დამზადებული სპეციფიკური სასმისებით, რომელსაც “ყანწი” ეწოდება.
სუფრას უძღვება საგანგებოდ შერჩეული ადამიანი, თამადა, რომელიც წარმოთქვამს სადღეგრძელოებს და ზოგადად, წარმართავს პურობას.
პირველი სადღეგრძელო, როგორც წესი,დღის მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად,თუ იმ დღეს განსაკუთრებული სტუმარი იმყოფება სუფრაზე, პირველ რიგში სტუმარს, შემდეგ კი მისი თამადობით სუფრის წევრებს ადღეგრძელებენ. სადღეგრძელოს პირველად თამადა წარმოთქვამს, შემდეგ სიტყვას თანამეინახეთ გადაულოცავს, თითოეული მათგანი წესისამებრ დაილოცება, სადღეგრძელოს ბოლოს კი ერთხმად შესძახებენ “გაუმარჯოს”, ზოგჯერ რიტმულადაც იმეორებენ და სასმისებს ბოლომდე დაცლიან.
სადღეგრძელოების წარმოთქმა ქართული სუფრისათვის დამახასიათებელი ტრადიციაა. სადღეგრძელოთა თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ ქართული სუფრა მშვიდობის სადღეგრძელოს გარეშე არ ჩაივლის. მეორე მნიშვნელოვანი სადღეგრძელო კი ქართველი მანდილოსნის სადიდებელი გახლავთ.”
*ჟურნალი “ჩვენებური”, 43, 2002 იანვარ
**გამომცემლობა “ჩივიაზილარი”, 2010