ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ტაო-კლარჯეთის კულტურულ მემკვიდრეობას

ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ტაო-კლარჯეთის კულტურულ მემკვიდრეობას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ოქსფორდის ბიზანტიური კვლევების ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლის 17-18 ივნისს, ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა...


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ოქსფორდის ბიზანტიური კვლევების ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლის 17-18 ივნისს, ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ტაო-კლარჯეთის კულტურულ მემკვიდრეობას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზანტიური კვლევების ცენტრი ერთ-ერთ უმძლავრესი სამეცნიერო დაწესებულებაა. ამ ცენტრში საქართველოს ისტორიული წარსულისა და ევროპის კულტურაში მისი როლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.

თურქეთის მრავაფეროვანი მემკვიდრეობის მდიდარ სპექტრში ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული ნიშა უკავია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე ქართველ და ბრიტანელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ თურქი მეცნიერები. ეს კი უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო მემკვიდრეობის სათანადო მოვლა-პატრონობას.

კონფერეცნია გახსენეს და დამსწრე საზოგადეობას მიესალმნენ პროფესორი ბრაიან ვარდ-პერკინსი და ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ალექსიძე, რომლებმაც მონაწილეებს ოქსფორდის უნივერსიტეტში Ertegun House-ის ბიზანტიური კვლევების ცენტრის დაფუძნების ისტორია გააცნეს. ასევე, ისაუბრეს აქ მიმდინარე ქართველოლოგიური კვლევებისა და კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობის შესახებ.

სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ნიკოლოზ ანთიძემ და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა - ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა.

•საინტერესო მოხსენებით თემაზე - „სამხრეთ კავკასია XII-XIII საუკუნეებში“ გამომსველთა წინაშე წარსდგა პროფესორი სკოტ რედფორდი (SOAS);

•ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ მნიშვნელოვანი კვლევა წარმოადგინა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მკვლევარმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა - ქალბატონმა ირინე გივიაშვილმა;

•პამუკკალეს უნივერსიტეტში ტაო-კლარჯეთის კვლევის თექვსმეტწლიანი გამოცდილება შეაჯამა ოქფორდის უნივერსიტეტის მიერ მოწვეულმა თურქმა პროფესორმა, ქალბატონმა ფაჰრეიე ბაირამმა;

•გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მარიამ დიდებულიძემ, მეტად საინტერესო მოხსენება წარმოადგინა თემაზე - „შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა ტაო-კლარჯეთში - აღმოსავლეთ ქრისტიანული ხელოვნების კონტექსტში“.

•ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა სხირტლაძემ, თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ქართული სამეფოს ქრონიკებზე, რომელიც ოშკის კედლის მხატვრობაშია გადმოცემული;

•დამსწრე საზოგადეობის წინაშე ტაო-კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ საინტერესო მოხსენებით წარსდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი დალი ჩიტუნაშვილი;

•კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა, ბატონმა ბუბა კუდავამ, ისაუბრა ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრებისა და თავდაცვის სისტემების შესახებ;

•და ბოლოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსის, ისტორიის დოქტორის, პროფესორ გიორგი ჭეიშვილის მიერ წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი კვლევა - „შუა საუკუნეების პერიოდის საქართველოს საზღვრებთან არსებული ქართული საეპისკოპოსოები“.

კონფერენციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია არა მხოლოდ სამეცნიერო წრეებში, არამედ სტუდენტებს შორისაც და საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიური ფორუმის უფრო გაფართოებული მასშტაბით დაფუძნებას. ეროვნული სააგენტო ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომავალ წლებში კვლავ გეგმავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე უფრო ფართომასშტაბიანი კონფერეცნიის ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურისადმი საერთაშორისო სამეცნიერო წრეების დაინტერესებას.

წლის ბოლოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ იგეგმება აღნიშნული კონფერენციის მასალების ქართულ-ინგლისური კრებულის გამოცემა და გავრცელება ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და სამეცნიერო წრეებში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა

23.06.2016 წ.

 

Kategorideki Diğer Yazılar